C-რეაქტიული ცილა - ანალიზი და ნორმა

24/07/2026

ც რეაქტიული ცილა - ნორმა და ანალიზი

 

C-რეაქტიული ცილა (CRP) ღვიძლში გამომუშავებული ცილაა. სისხლში მისი დონე ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესის საპასუხოდ იზრდება. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლაბორატორიული მარკერია, რომელიც შეიძლება ინფექციაზე, ანთებაზე ან ქსოვილის დაზიანებაზე მიუთითებდეს. რეკომენდებულია, კვლევის შედეგები მკურნალმა ექიმმა, საერთო კლინიკური სურათის გათვალისწინებით, შეაფასოს.  

ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების აქტივობის განსაზღვრის გარდა, CRP-ის კვლევა ხშირად გამოიყენება დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგისთვის. მაჩვენებლის ცვლილების მეშვეობით, ექიმმა შესაძლოა პაციენტის მდგომარეობა შეაფასოს. მაგალითად, უმჯობესდება თუ უარესდება კონკრეტული დაავადების მიმდინარეობა და საჭიროა თუ არა დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება. 

 

რა არის C-რეაქტიული ცილა?

 

C-რეაქტიული ცილა მიეკუთვნება ე.წ. „მწვავე ფაზის ცილებს“, რომელთა დონე ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროს სწრაფად იზრდება. სწორედ ამიტომ, ეს მაჩვენებელი ფართოდ გამოიყენება ინფექციების, ქსოვილოვანი დაზიანებისა და სხვადასხვა ანთებითი დაავადების გამოსავლენად და მათი აქტივობის შესაფასებლად. 

CRP არასპეციფიკური მარკერია: მისი შედეგი ინფორმაციას გვაწვდის ანთებითი პროცესის არსებობის, ინტენსივობისა და დინამიკის შესახებ, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს ანთების მიზეზს ან კონკრეტულ დიაგნოზს. 

ანთებითი პროცესების შესაფასებლად ხშირად სხვა ლაბორატორიული კვლევებიც გამოიყენება. მათ შორის სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც ექიმს უფრო სრულყოფილი კლინიკური სურათის დანახვაში ეხმარება.

 

როდის ინიშნება CRP-ის ანალიზი?

CRP-ის ანალიზი დიაგნოსტიკური პროცესის ნაწილია. ის ინიშნება მაშინ, როდესაც საჭიროა ორგანიზმში მიმდინარე ანთების არსებობისა და ინტენსივობის შეფასება. კვლევის შედეგები სხვა კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად განიხილება, რაც ექიმს უფრო ზუსტი დასკვნის გამოტანის საშუალებას აძლევს. 

ექიმმა შესაძლოა კვლევა დანიშნოს შემდეგ შემთხვევებში:

  • ბაქტერიულ ან ვირუსულ ინფექციებზე ეჭვისას;
  • მაღალი ტემპერატურისა და გაურკვეველი წარმოშობის ცხელების დროს;
  • აუტოიმუნური დაავადებების მონიტორინგისთვის;
  • ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ ანთების შესაფასებლად;
  • ქრონიკული ანთებითი დაავადებების აქტივობის განსასაზღვრად;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გარკვეული რისკების შეფასებისას.

CRP ანალიზი თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დანიშვნად კვლევად მიიჩნევა.

 

რა არის ნორმალური მაჩვენებელი?

 

კლინიკაში მოსული ბევრი პაციენტი კითხულობს: C-რეაქტიული ცილა ნორმა რამდენია?

ზრდასრულებში ხშირად გამოყენებული რეფერენსული მნიშვნელობაა <5 მგ/ლ., რადგან
ნული რეფერენსული ინტერვალის კლინიკური ქვედა ზღვარი არ არის. ანალიზატორს აქვს რაოდენობრივი განსაზღვრის ქვედა ზღვარი და პასუხი შეიძლება გაიცეს, მაგალითად, როგორც <0.6 მგ/ლ.

სხვადასხვა მეთოდსა და ლაბორატორიას შეიძლება განსხვავებული ზღვარი ჰქონდეს. Roche CRP4-ის გაზომვის დიაპაზონი იწყება 0.6 მგ/ლ-დან, ხოლო ზრდასრულთა კონსენსუსური რეფერენსული ზღვარია <5 მგ/ლ.

მნიშვნელოვანია, რომ შედეგი ყოველთვის ექიმმა შეაფასოს. ვინაიდან, კლინიკური სურათის ცოდნის გარეშე, ცალკეული რიცხვები ხშირად არასაკმარის ინფორმაციას გვაძლევს.

 

 

ც რეაქტიული ცილა(CRP) - ნორმები - ცხრილი

 

რატომ იმატებს მაჩვენებელი?

 

თუ C-რეაქტიული ცილა მაღალია, ამ დროს, ორგანიზმში, სავარაუდოდ, ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.

არსებობს მაჩვენებლის მომატების რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მიზეზი. 

 

ინფექციები

CRP ხშირად იმატებს ინფექციური დაავადებების დროს. მაღალი კონცენტრაცია შესაძლოა უფრო მეტად შეესაბამებოდეს ბაქტერიულ ინფექციას, თუმცა მხოლოდ CRP-ის შედეგით ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების საიმედოდ გამიჯვნა შეუძლებელია. მნიშვნელობა აქვს სიმპტომებს, დაავადების ხანგრძლივობას, პაციენტის ასაკს და სხვა კვლევების შედეგებს. 

 

აუტოიმუნური დაავადებები

რევმატოიდული ართრიტი, სისტემური ვასკულიტები, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, სხვადასხვა გენეზის ართრიტები, ზოგიერთი სხვა სისტემური ანთებითი მდგომარეობა მუდმივ ან პერიოდულ ანთებით აქტივობას იწვევს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია რევმატოლოგის მეთვალყურეობა.

 

ტრავმა და ოპერაცია

ქირურგიული ჩარევის ან სერიოზული დაზიანების შემდეგ ორგანიზმი ბუნებრივ ანთებით პასუხს აყალიბებს, რაც მაჩვენებლის ზრდას განაპირობებს.

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

გულ-სისხლძარღვთაძარღვთა რისკის დამატებითი შეფასებისთვის გამოიყენება არა ჩვეულებრივი CRP, არამედ მისი განსაზღვრის მაღალი მგრძნობელობის მეთოდი - hs-CRP. 

კვლევა უნდა ჩატარდეს აქტიური ინფექციისა და მწვავე ანთების არარსებობისას და შედეგი მხოლოდ სხვა კარდიოვასკულურ რისკფაქტორებთან ერთად უნდა შეფასდეს.

 

რა არის საშიში ზღვარი?

 

C-რეაქტიული ცილის ზღვარი ყველა შემთხვევაში ერთნაირი არ არის. სინამდვილეში, კონკრეტული „საშიში რიცხვი“ არ არსებობს. კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს სიმპტომებთან, ასაკთან, თანმხლებ დაავადებებსა და სხვა კვლევების მონაცემებთან ერთად. 

მაგალითად:

  • მცირედ მომატება შესაძლოა მსუბუქ ანთებაზე მიუთითებდეს;
  • საშუალო მატება ხშირად ინფექციურ პროცესებთან არის დაკავშირებული;
  • ძალიან მაღალი მაჩვენებლები ზოგჯერ მძიმე ბაქტერიული ინფექციის ან ფართო ანთების მაჩვენებელია.

CRP-ის ერთი უნივერსალური „საშიში ზღვარი“ არ არსებობს. მაღალი შედეგი შეიძლება მიუთითებდეს უფრო ინტენსიურ სისტემურ ანთებით პასუხზე, თუმცა მაჩვენებლის სიდიდე დაავადების მიზეზსა და სიმძიმეს ყოველთვის პირდაპირ არ განსაზღვრავს. შედეგის შეფასებისას ექიმი ითვალისწინებს სიმპტომებს, დაავადების ხანგრძლივობას, თანმხლებ მდგომარეობებს და სხვა გამოკვლევებს. 

შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალისტების დამატებითი შეფასება. მათ შორის, კარდიოლოგია / რევმატოლოგია მიმართულებებით.

 

C-რეაქტიული ცილა ბავშვებში

 

მაღალი C-რეაქტიული ბავშვებში ყოველთვის სერიოზულ პრობლემაზე არ მიუთითებს.

ბავშვებში მაჩვენებლის მატება ხშირად დაკავშირებულია ინფექციებთან, განსაკუთრებით ზედა სასუნთქი გზების დაავადებებთან, ყურის ანთებასთან ან სხვა ბავშვთა ასაკისთვის დამახასიათებელ მდგომარეობებთან.

ბავშვებში CRP-ის მატების ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა, თუმცა მხოლოდ ამ მაჩვენებლით დაავადების გამომწვევისა და სიმძიმის განსაზღვრა შეუძლებელია. ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვანი ინფექციის დროსაც კი CRP შესაძლოა ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებში იყოს, ხოლო მაღალი შედეგი ყოველთვის ბაქტერიულ ინფექციაზე არ მიუთითებს. ამდენად CRP-ის პასუხი პედიატრმა ბავშვის ასაკის, სიმპტომების, საერთო მდგომარეობისა და სხვა კვლევების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს. 

 

შეიძლება თუ არა მაჩვენებელი დაბალი იყოს?

 

ზოგჯერ ლაბორატორიულ პასუხში ვხვდებით მინიმალურ ან თითქმის ნულოვან მაჩვენებელს. ამ დროს C-რეაქტიული ცილა დაბალი არის. 

ნორმალური ან დაბალი CRP შეიძლება გვიჩვენებდეს, რომ სისხლის აღების მომენტში გამოხატული სისტემური მწვავე ფაზის პასუხი არ აღინიშნება, მაგრამ ვერ გამორიცხავს:

  • ადრეულ ინფექციას;
  • ლოკალიზებულ ანთებას;
  • ზოგიერთ ქრონიკულ ან აუტოიმუნურ დაავადებას;
  • არასრულ პასუხს იმუნოსუპრესიის ფონზე.

CRP-ის სინთეზი ანთების დროს სწრაფად იწყება, მაგრამ 5 მგ/ლ-ზე მაღლა ჩვეულებრივ დაახლოებით ექვს საათში ადის და პიკს დაახლოებით 48 საათში აღწევს. ამიტომ დაავადების დასაწყისში მიღებული ნორმალური შედეგი ყოველთვის საბოლოო პასუხი არ არის.

დაბალი ან რეფერენსული ინტერვალის ფარგლებში მიღებული CRP უმეტეს შემთხვევაში ნორმალური შედეგია და მიუთითებს, რომ სისხლის აღების მომენტში გამოხატული სისტემური ანთებითი პასუხი არ აღინიშნება. 

თუმცა ნორმალური CRP ადრეულ ან ლოკალიზებულ ლოკალიზებულ ანთებით პროცესს სრულად ვერ გამორიცხავს. 

 

როგორ ტარდება კვლევა?

 

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლის აღება. პროცედურა სწრაფი და უსაფრთხოა.

ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დამატებით დანიშნოს:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ESR);
  • ბიოქიმიური კვლევები;
  • გამოსახულებითი კვლევები.

დიაგნოზის დასმა ყოველთვის კომპლექსურ შეფასებას მოითხოვს.

 

როგორია მკურნალობის გზები?

ტერმინი „C-რეაქტიული ცილის მკურნალობა“ სამედიცინო თვალსაზრისით არ გამოიყენება, რადგან CRP დამოუკიდებელი დაავადება არ არის. ის მხოლოდ ანთებითი პროცესის მაჩვენებელია. მკურნალობა მიმართულია არა თავად ამ მაჩვენებლის შემცირებაზე, არამედ იმ ძირითადი მიზეზის აღმოფხვრაზე, რომელმაც მისი მატება გამოიწვია. 

მაგალითად:

  • ბაქტერიული ინფექციის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკოთერაპია;
  • აუტოიმუნური დაავადებების დროს გამოიყენება შესაბამისი ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები;
  • ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში მკურნალობის გეგმა ინდივიდუალურად განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ძირითადი მიზეზი კონტროლდება, მაჩვენებელიც ჩვეულებრივ ნორმას უბრუნდება.

 

CRP-ის დინამიკური ცვლილება და მისი მნიშვნელობა

 

CRP-ის მაჩვენებელი ორგანიზმში სტატიკური არ არის და ხშირად დროში იცვლება. ამის გამო ექიმებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი ანალიზის შედეგი, არამედ მისი დინამიკა - როგორ იცვლება მაჩვენებელი რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. მაგალითად, მკურნალობის დაწყების შემდეგ მისი შემცირება ხშირად მიუთითებს თერაპიის ეფექტიანობაზე. მუდმივად მაღალი ან მზარდი მაჩვენებელი შეიძლება საჭიროებს დამატებით კვლევებს.

როდესაც ანთების გამომწვევი მიზეზი კონტროლდება, CRP თანდათან მცირდება; მუდმივად მაღალი ან მზარდი შედეგი კი როგორც წესი მიუთითებს მიმდინარე ანთებით პროცესზე და არაეფექტურ მკურნალობაზე. ამდენად, ექიმისთვის განმეორებითი კვლევის დინამიკა მეტად მნიშვნელოვანია მკურნალობის შედეგების მონიტორინგისა და ტაქტიკის შერჩევის დროს. 

 

C-რეაქტიული ცილის ანალიზი თოდუას კლინიკაში

 

CRP-ის კვლევის ჩატარება შესაძლებელია თოდუას კლინიკის ფილიალებში. კლინიკური ლაბორატორია მზად არის პაციენტების მისაღებად. 

C-რეაქტიული ცილის განსაზღვრისთვის საჭიროა ვენური სისხლის ნიმუში. მხოლოდ CRP-ის კვლევის შემთხვევაში უზმოდ ყოფნა, როგორც წესი, აუცილებელი არ არის, თუმცა სხვა ანალიზებთან ერთად ჩატარებისას მომზადების პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს.

თუ გაინტერესებთ, რამდენია C-რეაქტიული ცილის კვლევის ფასი ან მისი ჩატარების პირობები, სჯობს დაგვიკავშირდეთ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენი კლინიკური ლაბორატორია თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით მუშაობს.

ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანია ეფექტური დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. 

 

დაგვირეკეთ 032 2 57 57 57, ჩააბარეთ C-რეაქტიული ცილის (CRP) ანალიზი თოდუას კლინიკაში. შედეგით კი შესაბამის სპეციალისტს მიმართეთ.

 

ხშირად დასმული კითხვები

 

რას ნიშნავს მომატებული CRP?

მომატებული CRP მიუთითებს ორგანიზმის ანთებით პასუხზე, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია, ქსოვილის დაზიანება, ქირურგიული ჩარევა, აუტოიმუნური ან სხვა ანთებითი მდგომარეობა. უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ამ ანალიზით კონკრეტული მიზეზის ან დიაგნოზის დადგენა შეუძლებელია. 

 

საჭიროა თუ არა უზმოდ ანალიზის ჩაბარება?

მხოლოდ CRP-ის განსაზღვრისთვის უზმოდ ყოფნა, როგორც წესი, საჭირო არ არის. თუმცა თუ სისხლის იმავე ნიმუშიდან სხვა კვლევებიც ტარდება, შესაძლოა დამატებითი მომზადება გახდეს საჭირო. 

 

რამდენ ხანში მიიღება პასუხი?

როგორც წესი, პასუხი გაიცემა იმავე დღეს.

გაზიარება