ენდომეტრიოზი და მისი გართულებები – როგორ ამოვიცნოთ დაავადება?
ენდომეტრიოზი ქალების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტესად რეპროდუქციულ ასაკში – გვიანი თინეიჯერობიდან 40 წლამდე პერიოდში ვლინდება. მას ხშირად ასახელებენ უნაყოფობის მიზეზად, თუმცა, საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინის დახმარებით, ამ პრობლემის აღმოფხვრა დღეს შესაძლებელია. მთავარი სათანადო ყურადღება და დროული რეაგირებაა, რისთვისაც მნიშვნელოვანია, უფრო ახლოდან გავიცნოთ დაავადება.
სარჩევი
რა არის ენდომეტრიოზი?
ენდომეტრიოზი პათოლოგიური პროცესია, რა დროსაც ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოს ღრუს შიგნითა გარსის ქსოვილები უჩვეულო ადგილას გადაინაცვლებს და წარმოქმნის ერთგვარ „კვანძებს“. ჩანართები ისეთივე ცვლილებებს განიცდის, როგორც ენდომეტრიუმი მენსტრუალური ციკლის ფაზების დროს.
ლოკალიზაციის მიხედვით ექიმები განასხვავებენ დაავადების ორ ძირითად ფორმას – გენიტალურსა და ექსტრაგენიტალურ ენდომეტრიოზს. გენიტალურია ენდომეტრიოზი, როდესაც ენდომეტრიუმის ქსოვილები საკვერცხეზე, ფალოპის მილებზე, საშვილოსნოს ყელზე, მრგვალ იოგებზე, გარეთა სასქესო ორგანოებზეა გავრცელებული. ექსტრაგენიტალური კი ეწოდება ენდომეტრიოზს, როცა „კვანძები“ ქალის რეპროდუქციული სისტემის გარეთ, სხვა ორგანოებზე გვხდება, მაგალითად, შარდის ბუშტზე, ნაწლავზე, ფილტვზე, ცხვირის ლორწოვანსა, თვალზე და სხვა.
რა იწვევს დაავადებას?
ენდომეტრიოზის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია, რომელიც შეიძლება დაავადების განვითარებას იწვევდეს. ერთ-ერთია რეტროგრადული მენსტრუაცია, რა დროსაც ენდომეტრიული უჯრედებით სავსე მენსტრუალური სისხლი მცირე მენჯის ღრუში გროვდება და „კვანძების“ სახით მასში განთავსებულ ორგანოებს ეწებება. ისინი შესაძლოა სისხლისა და ლიმფური ნაკადის მეშვეობით შორეულ ორგანოებზეც გავრცელდეს.
ენდომეტრიოზის წარმოქმნაში გარკვეულ როლს ასრულებს გენეტიკური წინასწარგანწყობაც. დაავადების დიაგნოზის მქონე დედების შვილებს მისი განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ. ენდომეტრიოზი შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოების ტრავმამაც, მაგალითად, აბორტმა, საკეისრო კვეთამ და ა.შ.
👉 სრული გამოკვლევისთვის ეწვიეთ გვერდს: ჩექაფი - სრული გამოკვლევა.
ენდომეტრიოზის სიმპტომები
დაავადების კლინიკური ნიშნები განსხვავებულია და დამოკიდებულია ენდომეტრიოზის ფორმაზე, ლოკალიზაციასა და სიმძიმეზე. ზოგიერთ შემთხვევაში მას საერთოდ არ აქვს სიმპტომები. ასეთ დროს, შესაძლოა, ენდომეტრიოზული კერების აღმოჩენა ქალის ორგანიზმში სხვა მიზეზით ჩატარებული ოპერაციის დროს მოხდეს.
ენდომეტრიოზის გავრცელებული კლინიკური ნიშნებია:
- ტკივილი მენსტრუაციის დროს – ამ შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი და არა ჩვეული დისკომფორტი მენსტრუაციის დროს
- ხანგრძლივი და ჭარბი მენსტრუაცია
- ყავისფერი ჩამონაშალი მენსტრუაციის წინ და შემდგომ
- ქრონიკული ტკივილი მენჯის ღრუში
- ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს
- ტკივილი კუჭის მოქმედების და მოშარდვის დროს
ენდომეტრიოზის სიმპტომები შეიძლება, ასევე, მოიცავდეს ზურგისა და წელის ტკივილს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები თქვენთვისაც ნაცნობია, გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ თოდუას კლინიკის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გინეკოლოგ ირინა გაგუასთან, რომელსაც აქვს მდიდარი პრაქტიკა ენდომეტრიოზის მკურნალობაში.
ენდომეტრიოზი და ორსულობა
ენდომეტრიოზი შესაძლოა უშვილობის მიზეზად იქცეს. მას უმეტესად დაავადების ორი ფორმა – ადენომიოზი და საკვერცხის ენდომეტრიული კისტა იწვევს. ადენომიოზის დროს ენდომეტრიუმის უჯრედები საშვილოსნოს კედლის სიღრმეშია ჩაზრდილი. საკვერცხის ენდომეტრიული კისტა კი არის წარმონაქმნი, რომლის კედლის შიგნითა გარსი ამოფენილია ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილით, ხოლო შიგთავსი ბლანტი, სისხლნარევი სითხითაა სავსე. ენდომეტრიოზის ეს ფორმები განსაკუთრებით აზიანებს საშვილოსნოს მილებს, იწვევს მის გაუვალობას, რა დროსაც გაძნელებულია საშვილოსნოში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება და ორსულობის შენარჩუნება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ენდომეტრიოზით გამოწვეული უშვილობა ძირითად შემთხვევაში მარტივად გვარდება. მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დახმარებით დაავადების მატარებელი ქალები ორსულობას წარმატებით აღწევენ.
როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?
ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმისას სპეციალისტი კლინიკური ნიშნებით ხელმძღვანელობს. ასევე, ინიშნება მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა თოდუაში ფირმა Canon-ის პრემიუმ კლასის აპარატით კეთდება, რაც იძლევა მაღალი გარჩევადობის სურათს და ორგანოების დეტალურად შესწავლის საშუალებას. ღრმა და ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზის აღმოსაჩენად კი საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება. ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა სადიაგნოსტიკო ლაპაროსკოპიაც. ასევე, შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსიის ჩატარება ქსოვილის ნიმუშის ასაღებად.
ენდომეტრიოზის მკურნალობა
ენდომეტრიოზის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია მედიკამენტური. პაციენტს შესაძლოა დაენიშნოს ე.წ. სიმპტომური მკურნალობა, რომელიც ჩივილების შემსუბუქებისკენაა მიმართული და ე.წ. პათოგენეზური თერაპია, რომლის მიზანიც დაავადების განვითარების შეფერხებაა.
ენდომეტრიოზის დროს ოპერაცია შეიძლება დაინიშნოს ძლიერი ტკივილების, დიდი ზომის ენდომეტრიული კისტების არსებობის შემთხვევაში, ენდომეტრიოზული „კვანძების“ რეზექციის, ასევე, ენდომეტრიოზით განპირობებული შეხორცებების აღმოფხვრის მიზნით. ქირურგიული ოპერაციები ძირითადად ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება, საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილების მაქსიმალური შენარჩუნებით.
თოდუას კლინიკაში ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რაც გულისხმობს ზუსტ დიაგნოსტიკას მოწინავე აპარატურით, მკურნალობას თანამედროვე მეთოდებითა და პროცესის მონიტორინგს. ამასთან ერთად, ექიმები თოდუას კლინიკაში გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციითა და მრავალწლიანი გამოცდილებით, რაც ხარისხიანი მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
თუმცა შეგახსენებთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დროული მომართვიანობაა. ამიტომ მცირედი ეჭვის ან ენდომეტრიოზით დატვირთული ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში, გირჩევთ, ჩაიტაროთ Check Up – სამედიცინო გამოკვლევა, რათა დაავადების არსებობის შემთხვევაში შეძლოთ მისი გართულებების თავიდან აცილება და მისი უმტკივნეულოდ მკურნალობა.