ჰერპესი - სიმპტომები და მკურნალობა

28/08/2026

ჰერპესი

 

ჰერპესი არის ვირუსული ინფექცია, რომელსაც ჰერპეს სიმპლექსის ვირუსი (HSV) იწვევს. ამ დროს კანზე ან ლორწოვან გარსზე მტკივნეული ბუშტუკები და წყლულები ჩნდება. ვირუსის ორი ძირითადი ტიპი არსებობს. ესენია HSV-1 და HSV-2. მკურნალობით სიმპტომების შემცირება და გამწვავებების კონტროლი შესაძლებელია, თუმცა ინფექცია ორგანიზმში რჩება.

მნიშვნელოვანია იცოდეთ:

  • ჰერპესი ზოგჯერ საერთოდ არ იწვევს სიმპტომებს;
  • გამწვავების დროს ხშირად ჩნდება მტკივნეული ბუშტუკები ან წყლულები;
  • HSV-1 უმეტესად პირის ირგვლივ ჰერპესთან არის დაკავშირებული, თუმცა გენიტალურ ინფექციასაც იწვევს;
  • HSV-2 ძირითადად გენიტალურ ჰერპესს იწვევს და სქესობრივი კონტაქტით ვრცელდება;
  • ანტივირუსული პრეპარატები სიმპტომების შემცირებასა და გამწვავებების მართვაში გვეხმარება.

 

რა არის ჰერპესი?

ჰერპესი არის ვირუსული ინფექცია, რომელსაც ჰერპეს სიმპლექსის ვირუსი იწვევს. ამ დროს კანზე, ტუჩებზე, პირის ღრუში ან გენიტალურ მიდამოში მტკივნეულ ბუშტუკები და წყლულები ჩნდება. 

 

HSV-1 ხშირად ვრცელდება პირის მიდამოს კანთან, წყლულთან ან ნერწყვთან კონტაქტით და შეიძლება ორალურ-გენიტალური კონტაქტითაც გადაეცეს. HSV-2 ძირითადად სქესობრივი კონტაქტით ვრცელდება. გადაცემა უსიმპტომო პერიოდშიც შესაძლებელია. 

 

მარტივი ჰერპესი ორგანიზმიდან მთლიანად არ ქრება. ინფექციის შემდეგ ვირუსი ნერვულ უჯრედებში რჩება და მოგვიანებით შეიძლება კვლავ გააქტიურდეს. მის გამწვავებას შეიძლება სხვადასხვა ფაქტორმა შეუწყოს ხელი. მათ შორის არის ავადმყოფობა, სტრესი, მზის ზემოქმედება ან ჰორმონული ცვლილებები.

 

ჰერპესის სიმპტომები

ჰერპესის სიმპტომები ხშირად გამონაყარის გაჩენამდე იწყება. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ქავილი, წვა ან ჩხვლეტის შეგრძნება იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ბუშტუკები ჩნდება.

 

შემდეგ ჩნდება პატარა, ერთმანეთთან ახლოს მყოფი ბუშტუკები. ისინი შეიძლება გასკდეს და მტკივნეულ წყლულებად იქცეს. რამდენიმე დღის შემდეგ დაზიანებული ადგილი ქერქით იფარება და თანდათან ხორცდება.

 

პირველად გამოვლენილი ინფექციის დროს ზოგ ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს სიცხე, სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი ან ლიმფური კვანძების გადიდება. ინფექციის განმეორებითი გამწვავებები, როგორც წესი, უფრო ხანმოკლე და მსუბუქია.

 

განსხვავება მარტივ ჰერპესსა და ჰერპეს ზოსტერს შორის 

სხეულზე ბუშტუკოვანი გამონაყარი ხშირად ჰერპეს ზოსტერს უკავშირდება, რომელსაც HSV-ისგან განსხვავებული ვირუსი იწვევს. 

 

ზოსტერისთვის დამახასიათებელია მტკივნეული გამონაყარი, რომელიც ხშირად სხეულის ერთ მხარეს, ნერვის გასწვრივ ჩნდება. ამიტომ ტანზე ან მუცელზე გამონაყარის შემთხვევაში ზუსტი მიზეზის დასადგენად ექიმთან ვიზიტია საჭირო.

 

მაგალითად, ჰერპესი მუცელზე შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. თუ გამონაყარს წვა და ტკივილი ახლავს და სხეულის ერთ მხარესაა, ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ჰერპეს ზოსტერია. მხოლოდ გამონაყარის ადგილით დიაგნოზის დასმა არ შეიძლება.

 

გენიტალიური ჰერპესი - სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

გენიტალიური ჰერპესი შეიძლება გამოიწვიოს როგორც HSV-2-მა, ისე HSV-1-მა. ყველაზე ხშირი ნიშნებია მტკივნეული ბუშტუკები, წყლულები, ქავილი და წვა გენიტალურ ან ანალურ მიდამოში. პირველი ეპიზოდი ზოგჯერ სიცხითა და ლიმფური კვანძების გადიდებითაც მიმდინარეობს.

 

ვირუსი სხვა ადამიანს შეიძლება მაშინაც გადაეცეს, როდესაც გამონაყარი ხილული არ არის. ამიტომ ინფექციის დადასტურების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდაციებს მიიღებთ და ჰერპესის პარტნიორისთვის გადაცემის რისკსაც შეამცირებთ. 

 

სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება საჭიროა არა მხოლოდ ბუშტუკებისა და წყლულების, არამედ გამონაყარის წინამორბედი წვის, ქავილის ან ჩხვლეტის დროსაც. პრეზერვატივის რეგულარული გამოყენება და დამთრგუნველი ანტივირუსული მკურნალობა გადაცემის რისკს ამცირებს, მაგრამ სრულად ვერ გამორიცხავს. მნიშვნელოვანია პარტნიორის ინფორმირებაც. 

 

ტუჩის ჰერპესი

ტუჩის ჰერპესი უმეტესად HSV-1-ს უკავშირდება. პატარა ბუშტუკები შეიძლება გაჩნდეს ტუჩზე, ტუჩის ირგვლივ ან პირის მიდამოში. ხშირად თავდაპირველად წვა ან ჩხვლეტა იგრძნობა. შემდეგ ჩნდება ბუშტუკები, რომლებიც შეიძლება გასკდეს და ქერქით დაიფაროს.

 

თვალის ჰერპესი

თვალის ჰერპესი განსაკუთრებით საყურადღებოა. ჰერპეს სიმპლექსის ვირუსმა შეიძლება რქოვანას ინფექცია გამოიწვიოს. მისი ნიშნებია თვალის ტკივილი, სიწითლე, სინათლის აუტანლობა, ცრემლდენა და მხედველობის დაბინდვა.

 

ასეთი სიმპტომების შემთხვევაში საჭიროა, რომ ეფთალმოლოგს რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ. ჰერპესული კერატიტი გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს, რადგან შესაძლოა მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს.

 

ჰერპესი ბავშვებში

ბავშვებში პირველადი ინფექცია ზოგჯერ სიცხით, ყელის ტკივილით, ღრძილების ანთებითა და პირის ღრუში მტკივნეული ბუშტუკებით ან წყლულებით მიმდინარეობს. საჭიროა ყურადღება მიექცეს სითხის მიღებას, რადგან პირის ტკივილმა შეიძლება გაუწყლოება გამოიწვიოს. 

 

განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა მაშინ, თუ ბავშვს ატოპიური დერმატიტი აქვს და მოულოდნელად მრავალი მტკივნეული ბუშტუკი უჩნდება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ეგზემა ჰერპეტიკუმი, რომელიც სწრაფ სამედიცინო შეფასებას საჭიროებს.

 

ახალშობილში ჰერპესი შეიძლება სწრაფად გართულდეს. თუ ახალშობილს უჩნდება ბუშტუკები, სიცხე ან დაბალი ტემპერატურა, უჭირს კვება, მოდუნებულია ან უჩვეულოდ გაღიზიანებულია, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო შეფასება. აქტიური ტუჩის ჰერპესის მქონე ადამიანმა ახალშობილს არ უნდა აკოცოს და მასთან შეხებამდე ხელები უნდა დაიბანოს. 

 

ჰერპესის მკურნალობა

ინფექციის ორგანიზმიდან სრულად გამოდევნა დღეს არსებული მკურნალობის მეთოდებით შეუძლებელია. ანტივირუსული პრეპარატები დაავადების სამართავად გამოიყენება.

 

თოდუას კლინიკაში პაციენტის ჩივილებსა და მდგომარეობას ინდივიდუალურად ვაფასებთ. საჭიროების შემთხვევაში ვგეგმავთ შესაბამის კვლევებს და ვარჩევთ მკურნალობის მეთოდს.

 

ჰერპესის გამწვავების პრევენცია

ჰერპესის ვირუსის ორგანიზმიდან სრულად გაქრობა შეუძლებელია, თუმცა გარკვეული ჩვევები გამწვავებების რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტორებს, რომლებიც კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში სიმპტომების ხელახლა გამოვლენას უკავშირდება.

 

ზოგჯერ ჰერპესი ძლიერი სტრესის ან გადაღლის გამო მწვავდება. ამიტომ მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი, დასვენება და ყოველდღიური სტრესის მართვა. ტუჩის ჰერპესის გამწვავებას შესაძლოა მზის ინტენსიურმა ზემოქმედებამაც შეუწყოს ხელი.

 

თუ ჰერპესის ეპიზოდები ხშირად მეორდება, ექიმთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია. სპეციალისტი შეაფასებს გამწვავებების სიხშირესა და სიმძიმეს. საჭიროების შემთხვევაში კი პროფილაქტიკური ანტივირუსული მკურნალობის დანიშვნას განიხილავს. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხშირი ან მძიმე ეპიზოდები აქვთ.

 

ჰერპესის მკურნალობა სახლის პირობებში

ჰერპესის დროს სახლის პირობებში მკურნალობა ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებასა და დისკომფორტის შემცირებას გულისხმობს. ტუჩზე ან პირის ღრუში გამონაყარის დროს, დისკომფორტის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ცივი სითხეების მიღება. ტკივილის შემთხვევაში ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით ტკივილგამაყუჩებლის გამოყენებაც დასაშვებია.  

 

მნიშვნელოვანია გამონაყარს ზედმეტად არ შეეხოთ და ხელები ხშირად დაიბანოთ. ბუშტუკების ხელით შეხებამ ვირუსის სხეულის სხვა ნაწილზე, განსაკუთრებით თვალზე, გადატანის რისკი შეიძლება გაზარდოს.

 

სახლის პირობებში მიღებული ზომები ექიმის მიერ დანიშნულ ანტივირუსულ მკურნალობას ვერ ჩაანაცვლებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული კონსულტაცია, იმ შემთხვევაში თუ: გამონაყარი პირველად გაჩნდა, ძალიან მტკივნეულია, ხშირად მეორდება ან თვალის მიდამოში შეინიშნება. 

 

თოდუას კლინიკაში შეგვიძლია დაგეხმაროთ სიმპტომების შეფასებასა და შესაბამისი მკურნალობის შერჩევაში. 

 

დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 57 57 57 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.

 

ხშირად დასმული კითხვები

 

ორგანიზმიდან ჰერპესის სრულად გაქრობა შესაძლებელია?

ჰერპესის ვირუსი ორგანიზმიდან სრულად არ ქრება. სიმპტომები შეიძლება გაქრეს, მაგრამ ვირუსი სხეულში რჩება და მოგვიანებით შესაძლოა კვლავ გააქტიურდეს.

 

შეიძლება თუ არა ჰერპესის გადადება მაშინ, როდესაც გამონაყარი არ შეინიშნება?

დიახ. ვირუსი შეიძლება გავრცელდეს მაშინაც, როდესაც ბუშტუკები ან წყლულები ხილული არ არის. თუმცა აღსანიშნავია, რომ გადაცემის რისკი აქტიური გამონაყარის დროს უფრო მაღალია.

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაზიანება თვალთან ახლოსაა ან მხედველობა შეიცვალა; გამონაყარი სწრაფად ვრცელდება; ახლავს ძლიერი თავის ტკივილი, კისრის დაჭიმულობა, დაბნეულობა ან მაღალი სიცხე; პაციენტი ახალშობილია, ორსულია ან იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს. 

გაზიარება