ჰორმონალური ბალანსი ქალებში
ქალის ორგანიზმი ყოველდღიურად იმაზე ბევრად უფრო რთულად მუშაობს, ვიდრე ხშირად წარმოგვიდგენია. ჰორმონალური ბალანსი აკონტროლებს პრაქტიკულად ყველაფერს - განწყობას, ენერგიას, ძილს, მენსტრუალურ ციკლს, წონას, თმისა და კანის მდგომარეობასაც კი. როცა ეს ბალანსი ირღვევა, ცვლილებები ყოველთვის არ ჩანს ერთდროულად და მკვეთრად - ხშირად იწყება მცირე ნიშნებით: მომატებული დაღლილობა, გაღიზიანება, ციკლის ცვლილება და ა.შ.
ამ ნიშნების იგნორირება მარტივია - „სტრესი მაქვს“, „საკმარისად არ მძინავს“, „ასაკობრივია“. მაგრამ ხანგრძლივი დისბალანსი შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემებში: ქრონიკულ დაღლილობაში, უნაყოფობის რისკებში, ძვლების, გულ–სისხლძარღვთა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებში.
ეს ბლოგი დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, რას ნიშნავს ჰორმონალური ბალანსი, რა იწვევს მის დარღვევას, რა სიმპტომები არ უნდა უგულებელყოთ და როდის არის აუცილებელი სპეციალისტთან ვიზიტი.
რა იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს ქალებში?
ჰორმონალური ბალანსი უმიზეზოდ არ ირღვევა. ხშირად რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს:
ქრონიკული სტრესი – სტრესის ჰორმონი კორტიზოლი პირდაპირ მოქმედებს ქალის რეპროდუქციულ ჰორმონებზე. ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ციკლის გახანგრძლივება, მენსტრუაციის დღეების შემცირება ან საერთოდ შეწყვეტაც კი.
უძილობა და არარეგულარული ძილი - გვიან დაძინება, ხშირი ღამის თენება და 5-6-საათიანი ძილი იშვიათად არის საკმარისი. ძილის უკმარისობა არღვევს მელატონინის, კორტიზოლის, შიმშილისა და ენერგიის რეგულირების ჰორმონების მუშაობას.
არასათანადო კვება - ძალიან დაბალკალორიული დიეტები, ჭარბი რაოდენობით შაქრის, გადამუშავებული საკვების მოხმარება ან პირიქით, მკაცრი შიმშილობა არღვევს ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს. ეს ვლინდება როგორც წონის ცვლილებით, ისე მენსტრუალური ციკლის დარღვევით.
გენეტიკური ფაქტორები – პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS), თირეოიდული დაავადებები და სხვა ენდოკრინული პრობლემები ხშირად გენეტიკური განწყობის გამო ვლინდება.
ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ამ პერიოდებში ჰორმონალური ბალანსი ბუნებრივად იცვლება. ზოგჯერ ორგანიზმს სჭირდება მეტი დრო, რომ „დაბრუნდეს“ წინა რეჟიმზე.
პერიმენოპაუზა და მენოპაუზა – ასაკთან ერთად ესტროგენისა და პროგესტერონის დონე იცვლება, რაც საერთო ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებს.
მედიკამენტები – ჰორმონული კონტრაცეპტივები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, სტეროიდები და სხვა პრეპარატები შეიძლება გავლენას ახდენდეს მენსტრუალურ ციკლზე, განწყობასა და წონაზე.
როცა ამ ფაქტორებიდან რამდენიმე ერთდროულად თანხვდება, ჰორმონალური ბალანსი ნელ-ნელა ირღვევა და ქალის ორგანიზმი ამას სხვადასხვა ნიშნებით გამოხატავს.
მთავარი ნიშნები, რომლებიც უგულებელყოფილი არ უნდა დარჩეს
სხვადასხვა სიმპტომის გაჩენისას ხშირად გვჩვევია მოთმენა და ფიქრი, რომ „ეს ნორმალურია“, „ყველას ასე აქვს“ და „თავისით გაივლის”. თუმცა ჰორმონალური ბალანსის დარღვევის რამდენიმე ნიშანი ნამდვილად არ უნდა გამოგვეპაროს:
თუ ციკლის დღეები მოულოდნელად შემცირდა, გახანგრძლივდა, გახშირდა, ძალიან მტკივნეული გახდა ან მენსტრუაცია ზოგჯერ საერთოდ არ მოვიდა - ეს სიგნალია, რომ ჰორმონალურმა სისტემამ გაჩერება მოითხოვა. ასეთი ცვლილებები შეიძლება იყოს როგორც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის, ისე სტრესის, წონის მკვეთრი ცვლილების ან სხვა ენდოკრინული მდგომარეობის შედეგი.
- ქრონიკული დაღლილობა
როცა დასვენების შემდეგაც გრძნობთ, რომ ძალა არ გაქვთ, გიჭირთ კონცენტრაცია, გონებას ნისლი აქვს გადაკრული და ყოველდღიური საქმეები ზედმეტად დამღლელია, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ასევე რკინის, B12–ის დეფიციტს ან სხვა ჰორმონულ პრობლემებს.
- განწყობის ცვალებადობა
შფოთვა, უხასიათობა, გაღიზიანება, მოტივაციის დაკარგვა, ემოციური ფონი - ეს მხოლოდ „ხასიათი“ არ არის. ესტროგენის, პროგესტერონის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და სტრესის ჰორმონების დისბალანსი პირდაპირ მოქმედებს ნერვულ სისტემასა და ემოციურ ფონზე.
- თმის ცვენა და კანის სიმშრალე
თუ თმა უფრო მეტად გცვივათ, გახდა თხელი, ან კანი უცებ გამოშრა, გაქვთ ქავილი, სიწითლე, ეს ხშირად ჰორმონალური ფონის ცვლილებაზე მიუთითებს - განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ან ესტროგენის დეფიციტზე.
- წონის უეცარი ცვლილება
მოულოდნელად წონის მომატება ან კლება, როცა კვების და ფიზიკური აქტივობის რეჟიმი არ შეგიცვლიათ, სერიოზული სიგნალია. ჰორმონალური ბალანსის დარღვევა პირდაპირ მოქმედებს მადასა და მეტაბოლიზმზე, ამიტომ „უბრალოდ მეტი ვჭამე“ ან „სტრესისგან გავხდი“ ხშირად მხოლოდ ნაწილობრივი ახსნაა.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და მათი გავლენა
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (T3 და T4) ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი მესენჯერებია - ისინი არეგულირებენ მეტაბოლიზმის სიჩქარეს, ენერგიის ხარჯვას, გულის ცემას, ტემპერატურის შეგრძნებასა და მენსტრუალურ ციკლს.
როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ნაკლები რაოდენობით ჰორმონებს გამოყოფს (ჰიპოთირეოზი), ხშირად ვხედავთ:
- მუდმივ დაღლილობასა და ძილის ნაკლულობას
- წონის მომატებას, მიუხედავად რაციონის უცვლელობისა
- ციკლის გახანგრძლივებას, ჭარბ მენსტრუაციას ან ციკლის ჩავარდნებს;
- კანის სიმშრალეს, თმის ცვენას, შეშუპებას.
როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ჭარბად გამომუშავდება (ჰიპერთირეოზი), სიმპტომები ხშირად საპირისპიროა:
- მოულოდნელი წონის კლება
- გაძლიერებული გულისცემა, შფოთვა, ხელის კანკალი
- მუდმივად სიცხის შეგრძნება
- ციკლის გახშირება ან მენსტრუაციის დღეების შემცირება
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ისე მჭიდროდ უკავშირდება რეპროდუქციულ ჰორმონებს, რომ ციკლის დარღვევის, უნებლიე წონის ცვლილების ან გამუდმებული დაღლილობის პირველივე ეტაპზე ხშირად სწორედ ფარისებრი ჯირკვალი ხდება ძირითადი საეჭვო მიზეზი და კვლევებიც შესაბამისად ინიშნება.
დიაგნოსტიკა და სპეციალისტის კონსულტაცია
ჰორმონალური პრობლემების თვითდიაგნოსტიკა ინტერნეტით და თვითმკურნალობა ჰერბალური საშუალებებით ან შემთხვევითი ჰორმონული პრეპარატებით შეიძლება სახიფათო იყოს.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, ვიპოვოთ ენდოკრინოლოგი —- სწორედ ის სპეციალისტი, რომელიც აკონტროლებს ჰორმონალური ბალანსის სრულ სურათს.
ენდოკრინოლოგი დეტალურად კრებს ანამნეზს, განიხილავს თქვენს სიმპტომებს, სწავლობს მენსტრუაციის ისტორიას, წონის ცვლილებას, ქრონიკულ სტრესს, კვებას და ცხოვრების წესს. შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს სისხლის ანალიზებს: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (TSH, FT4, ხშირად FT3), სასქესო ჰორმონები (ესტროგენი, პროგესტერონი, FSH, LH), პროლაქტინი, ზოგჯერ კორტიზოლი და ინსულინი. შესაძლოა, საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია, ან ისეთი დამატებით გამოკვლევები, როგორიცაა გინეკოლოგიური შეფასება, ვიტამინ D-ის, რკინის, B12–ის დონის განსაზღვრა და სხვა.
მხოლოდ ამ ინფორმაციის ერთობლივად შეფასების შემდეგ შეიძლება სწორად დადგინდეს, არის თუ არა პრობლემა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებში, საკვერცხის ფუნქციაში, ჰიპოფიზის ჰორმონებში თუ სხვა სისტემაში.
ბალანსის აღდგენის გზები
ტერმინი „ჰორმონალური ბალანსი“ ზოგადი ცნებაა - მის უკან ხშირად ძალიან კონკრეტული დიაგნოზები დგას და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ექიმმა და არა Google–მა ან ნაცნობების გამოცდილებამ.
ჰორმონალური ბალანსის მართვა ყოველთვის მხოლოდ ტაბლეტებით არ იწყება და არ მთავრდება. ხშირად ეს არის კომპლექსური ცვლილება, სადაც მედიკამენტურ თერაპიას ცხოვრების წესის კორექცია ერთვის.
სწორი კვება და რეგულარული ძილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეცადეთ, რომ დღეში 3-4 თანაბრად განაწილებული კვება გქონდეთ, დაბალკალორიულ დიეტებს კი თავი აარიდოთ. ქრონიკული ენერგოდეფიციტი ჰორმონალურ სისტემას ერთგვარ დაპაუზებას აიძულებს, რაც ციკლის დარღვევამდე და ჰორმონალური ბალანსის სერიოზულ ცვლილებამდე მიდის. ამასთან, პრიორიტეტი მიანიჭეთ სრულფასოვან ცილებს, ბოსტნეულს, ჯანსაღ ცხიმებსა (თევზი, თხილეული, ავოკადო,ზეითუნის ზეთი), ნაკლები რაოდენობით შაქარს, მარილს და მათ შემცველ პროდუქტებს. მიიღეთ 1.5-2ლ წყალი დღის მანძილზე. ეცადეთ, ყოველ ღამე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გქონდეთ 7-9 საათი ხარისხიანი ძილი.
ისწავლეთ სტრესის კონტროლი - მისგან სრულად ვერავინ გავიქცევით, მაგრამ შეგვიძლია ვმართოთ:
- სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია, იოგა
- საქმესა და პირად ცხოვრებას შორის საზღვრების გამოკვეთა
- ფსიქოთერაპია ან ფსიქიატრის კონსულტაცია, თუ სტრესი უკვე გავლენას ახდენს ძილზე, კვებასა და ურთიერთობებზე.
სტრესის შემცირება რეალურად ეხმარება ჰორმონალურ სისტემას „გათავისუფლებაში“ და ციკლის დარეგულირებაში.
ფიზიკური აქტივობა - რეგულარული, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა (სეირნობა, ცურვა, ცეკვა, პილატესი, ძალოვანი ვარჯიშები) აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, ამცირებს სტრესის ჰორმონების რაოდენობას და ეხმარება ორგანიზმს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში. მთავარი წესია, არც უკიდურესი უმოძრაობა და არც გადაჭარბებული, დამქანცველი ვარჯიში, რომელმაც პირიქით, ციკლის შეწყვეტაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
ექიმის რეკომენდაციების დაცვა და პერიოდული შემოწმება ჩვენი ერთგვარი რუტინა უნდა გახდეს. თუ ენდოკრინოლოგმა ან გინეკოლოგმა დაგინიშნათ მკურნალობა, იქნება ეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია, ჰორმონალური კონტრაცეფტივი, პროლაქტინის კორექცია ან სხვა სქემა, ძალიან მნიშვნელოვანია:
- მედიკამენტების რეგულარული მიღება დანიშნულებისამებრ
- კონტროლის მიზნით ანალიზების დროულად ჩაბარება
- დოზების თვითნებური შეცვლისგან თავის შეკავება
ჰორმონალური ბალანსი დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ ერთხელ გაკეთებული ანალიზი „სამუდამო პასუხი“ არ არის - პერიოდული კონტროლი საუკეთესო დაცვაა.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე დღეს
ქალებში ჰორმონალური ბალანსი არის საფუძველი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ჯანმრთელობისთვის. ციკლის რითმი, ენერგიის დონე, განწყობა, კანი, თმა და წონა - ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ხშირად სწორედ ჰორმონები მართავენ.
თუ შეამჩნიეთ, რომ მენსტრულური ციკლი დაირღვა მუდმივად დაღლილი ხართ, წონა უცნაურად იცვლება, თმა უფრო მეტად გცვივათ ან განწყობა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის - ეს არის მიზეზი, რომ მიმართოთ ენდოკრინოლოგს, ჩაიტაროთ გამოკვლევები და გაიგოთ, რა ხდება თქვენი ჰორმონალური ბალანსის დონეზე.
როცა საკუთარ სხეულს ვუსმენთ, ცვლილებებს დროს არ ვაკარგვინებთ და რეგულარულად ვსტუმრობთ სპეციალისტებს, ბევრ პრობლემას ვაგვარებთ მანამდე, სანამ ისინი სერიოზულ დაავადებად იქცევიან.
