ხერხემლის თიაქარი - სიმპტომები

09/06/2025

 

ხერხემლის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოპედიული პრობლემაა, რომელიც შეიძლება აწუხებდეს ნებისმიერი ასაკისა ადამიანს. ეს მდგომარეობა ჩნდება მაშინ, როდესაც ხერხემლის ხრტილოვანი დისკი იღუნება და აწვება ახლოს მდებარე ნერვებს. 

 

ხერხემლის თიაქარი, როგორც წესი, ფარულად ვითარდება და პირველი სიმპტომები ხანდახან ისეთი ზოგადია, რომ ადამიანები მათ უმნიშვნელოდ აღიქვამენ. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ტკივილი თავისით გაივლის, ან იყენებს სხვადასხვა ხალხურ მეთოდებს, რაც ხშირად ვითარების გაუარესებას იწვევს. თუმცა, თუ არ მოხდა დროული ჩარევა, ხერხემლის თიაქარმა შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე იქონიოს გავლენა.

 

მაინც რა არის ხერხემლის თიაქარი, სიმპტომები როგორ ვლინდება და როდის უნდა მივმართოთ ექიმს დახმარებისთვის? - ამ ბლოგში სწორედ აღნიშნულ კითხვებს ვუპასუხებთ.

 

რა არის ხერხემლის თიაქარი და როგორ ვითარდება ეს პრობლემა?

 

ხერხემლის თიაქრის არსის გასაგებად უნდა ავხსნათ ხერხემლის ანატომია. ხერხემალი შედგება ხერხემლის მალებისგან, რომელთა შორისაც მდებარეობს სპეციალური ხრტილოვანი დისკები (სწორედ აქედან მოდის დაავადების კიდევ ერთი სახელწოდება „დისკის ხერხემლის თიაქარი“). ეს დისკები ასრულებენ ერთგვარი ამორტიზატორის ფუნქციას და ხელს უწყობენ ხერხემლის მოძრაობას. თითოეული დისკი შედგება მყარი გარე ნაწილისგან, რომელსაც ფიბროზული რგოლი ეწოდება, და რბილი, ჟელისმაგვარი შინაგანი ნაწილისგან - ბირთვისგან.

 

თიაქარი ხერხემალზე ვითარდება მაშინ, როდესაც ფიბროზული რგოლი თანდათანობით ან მყისიერად დეფორმირდება და ბირთვის ნაწილი გარეთ გადმოდის, რითაც ნერვებს აწვება. ეს პროცესი შეიძლება მოხდეს ხერხემლის ნებისმიერ მონაკვეთზე, თუმცა ყველაზე ხშირად მოხდება წელის ქვედა ნაწილში (ლუმბალური მონაკვეთი) და კისრის მონაკვეთში (ყელის მონაკვეთი). ზურგის ზედა ნაწილში (გულმკერდის მონაკვეთი) თიაქარი იშვიათად ვითარდება, რადგან ეს მონაკვეთი უფრო სტაბილურია.

 

რა იწვევს ხერხემლის თიაქარს - ღრმა ანალიზი

 

ხერხემლის თიაქრის განვითარებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს, და ხშირად ეს ფაქტორები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ყველაზე ხშირი მიზეზი არის არასწორი ფიზიკური დატვირთვა, რაც მოიცავს მძიმე ნივთების არასწორად აწევას, ხანგრძლივ და ზედმეტ ფიზიკურ აქტივობას ან, პირიქით, მოძრაობის ნაკლებობას. თანამედროვე ცხოვრების რიტმმა, სადაც ადამიანები ხანგრძლივ დროს ატარებენ მჯდომარე მდგომარეობაში, განსაკუთრებით გაზარდა ამ პრობლემის რისკი.

 

სამუშაო ადგილზე არასწორი ერგონომიკა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორია. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ხანგრძლივ დროს ატარებენ კომპიუტერთან, არასწორ პოზაში, ან ისეთ სამუშაოს ასრულებენ, რომელიც მოითხოვს ხშირ დახრას, ტრიალს ან მძიმე ნივთების აღებას. ასეთი პრაქტიკა მართლაც ქმნის დისკებზე ზედმეტ ზეწოლას და თანდათანობით იწვევს მათ ცვეთას.

 

ასაკობრივი ცვლილებები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ხერხემლის თიაქრის განვითარებაში. დროის გასვლასთან ერთად, ხერხემლის დისკები კარგავენ ელასტიკურობას და ტენიანობას. ამ პროცესს დისკების დეგენერაცია ეწოდება და ის ბუნებრივი ასაკობრივი ცვლილებების ნაწილია. 

 

პრობლემებმა, როგორიცაა ავტოავარია, ვარდნა ან სპორტული ტრავმა, შეიძლება ძალიან სწრაფად განავითაროს დისკის ხერხემლის თიაქარი. ასეთ შემთხვევებში, სიმპტომები, როგორც წესი, სწრაფად ვითარდება და შეიძლება ძალიან ინტენსიურიც იყოს.

 

ცხოვრების სტილთან დაკავშირებული ფაქტორები, როგორიცაა თამბაქოს რეგულარული მოწევა, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, არასწორი კვება და საკმარისი ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ასევე ზრდის რისკს. 

 

ხერხემლის თიაქრის სიმპტომები -რა არ უნდა გამოგვრჩეს?

 

ხერხემლის თიაქრის სიმპტომები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: თიაქრის მდებარეობაზე, ზომაზე, იმაზე, რამდენად აზიანებს ის მახლობლად მყოფ ნერვულ სტრუქტურებს, და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. ყველაზე ხშირი და მახასიათებული სიმპტომია ტკივილი, რომელიც შეიძლება ლოკალიზებული იყოს ზურგის, წელის ან კისრის არეში. ეს ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული, მსუბუქი, მწვავე ან ქრონიკული.

 

მცირე ზომის თიაქრის შემთხვევაში, ტკივილი შეიძლება ლოკალური იყოს და შეეხოს მხოლოდ ზურგის კონკრეტულ ნაწილს. თუმცა, როგორც კი თიაქარი იწყებს ნერვებზე ზეწოლას, პრობლემის ნიშნება ნელნელა მძიმდება და მთელ ხერხემალზეც იწყებს გავრცელებას.

 

ტკივილი ხშირად ვრცელდება კიდურებშიც - თუ თიაქარი წელის მონაკვეთშია, ტკივილი შეიძლება ფეხებში გავრცელდეს, ხოლო კისრის თიაქრის შემთხვევაში - ხელებში. ამ ტიპის ტკივილი შეიძლება იყოს ძალიან ინტენსიური და მასზე საუბრისას პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს სხეულში „დენის გავლას“ ჰგავდა. დაბუჟება ან სისუსტეც კიდურებში ასევე ხშირი სიმპტომია, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს დროის გასვლასთან ერთად. ეს ხდება მაშინ, როდესაც თიაქარი აწვება ნერვზე, რომელიც განაგებს კუნთების ფუნქციონირებას.

 

სიმპტომების ინტენსივობა შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა პოზიციაში. ხანდახან ტკივილი იკლებს მწოლიარე მდგომარეობაში, ხოლო სხვა შემთხვევებში - პირიქით, უარესდება. შეიძლება ტკივილს იწვევდეს ძლიერი ხველაც კი.

 

მოძრაობის შეზღუდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომელიც ხშირად ყველაზე მეტად ამძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას. ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ წინ და უკან დადახრა ან მოტრიალება. ამ ტკივილმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა ფეხსაცმლის ჩაცმა, ნივთების აღება იატაკიდან ან ავტომობილიდან გადმოსვლაც კი.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

 

ხერხემლის თიაქრის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ, როდის არის აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიღება. მნიშვნელოვანია განვასხვავოთ რუტინული მკურნალობა და გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება საჭიროა, თუ ვლინდება ღია ნიშნები, როგორიცაა შარდის ან განავლის კონტროლის დაკარგვა, მკვეთრი სისუსტე კიდურებში. ეს იშვიათი, მაგრამ სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც სასწრაფო ქირურგიულ ჩარევასაც შეიძლება საჭიროებდეს. 

 

ასევე, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია, თუ ტკივილი პროგრესირებს და არ მიცრდება დასვენების, თუ გარკვეული გამაყუჩებლების მიღების შემდეგაც. თუ სიმპტომები მწვავეა, კონსულტაცია საჭიროა მაშინვე. 

 

თუ სიმპტომები ხელს გიშლით ყოველდღიურ აქტივობებში, მუშაობაშ ან ღამის განმავლობაში ძილს გიფრთხობთ, ეს ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. პროგრესირებადი ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა სისუსტის მატება, კიდურებში დაბუჟების გაძლიერება ან ახალი ნიშნების გამოჩენა, ასევე მნიშვნელოვანი ნიშანია და შეიძლება მიუთითებდეს ნერვის მზარდ დაზიანებაზე, რაც საჭიროებს სწრაფ ჩარევას.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, თუ ადამიანს ურთულდება სიარული, ან თუ შეინიშნება კოორდინაციის პრობლემები. ასეთი სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ხერხემლის ტვინის მნიშვნელოვან ნაწილზე ზეწოლაზე, რაც განსაკუთრებით საშიშია.

 

რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს - თვითმკურნალობას ყოველთვის ახლავს რისკები და შეიძლება პრობლემის გაუარესება გამოიწვიოს. პირველ რიგში, რთულია შესაბამისი სამედიცინო დიაგნოსტიკის გარეშე იმის ცოდნა, არის თუ არა სიმპტომები მართლაც ხერხემლის თიაქრით გამოწვეული. შესაძლოა, თვითმკურნალობამ და ე.წ. ხალხურმა მედიცინამ პრობლემის პროგრესირებას შეუწყოს ხელი - ამ დროს კი თითოეული დღე მნიშვნელოვანია. არ არის გამორიცხული, გარკვეულმა „ხალხურმა“ მეთოდებმა უკვე დაზიანებული დისკი კიდევ უფრო დააზიანოს და, შესაბამისად, გააუარესოს სიმპტომები.

 

როგორ ხდება ხერხემლის თიაქრის დიაგნოსტირება და შემდეგ - მკურნალობა?

 

ხერხემლის თიაქრის ზუსტი დიაგნოსტიკა რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას. ექიმი, პირველ რიგში, დეტალურად იკვლევს პაციენტის ისტორიას, ატარებს ფიზიკურ გამოკვლევას და აფასებს ნევროლოგიურ სიმპტომებს,  გამოსახულების დიაგნოსტიკა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა - რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას აძლევს ექიმს დაინახოს ხერხემლის სტრუქტურული ცვლილებები და თიაქრის ზუსტი მდებარეობა.

 

ზოგჯერ საჭირო ხდება დამატებითი ნეიროფიზიოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, რომლებიც ეხმარება ექიმს განსაზღვროს ნერვული სისტემის ფუნქციონირების ხარისხი და მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდის შერჩევა.

 

თანამედროვე მედიცინა ხერხემლის თიაქრის მკურნალობისთვის მრავალფეროვან მეთოდებს გვთავაზობს, რომლებიც ტრადიციული თუ თანამედროვე მიდგომების ფართო სპექტრს მოიცავს. კონსერვატიული მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტურ თერაპიას, ფიზიოთერაპიას, მასაჟსა და სპეციალურ ვარჯიშებს, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა.

 

თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა იქმნება, რომელიც ითვალისწინებს დაავადების განვითარების დონეს, პაციენტის ასაკს, ზოგად მდგომარეობასა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს.

 

ხერხემლის თიაქრის დროული მკურნალობის მნიშვნელობა

 

ხერხემლის თიაქარი სერიოზული დაავადებაა - თუ დროზე არ მივხედავთ, შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. როცა ვაგვიანებთ და ექიმთან არ მივდივართ, თიაქარი უფრო და უფრო ძლიერ აწვება ნერვებს. ამის გამო ტკივილი კი არ ნელდება, არამედ უფრო მეტად იწყებს თავის შეხსენებას. ბევრ ადამიანში იწყება ხელებისა და ფეხების დაუძლურება, ზოგჯერ ისეთი მწვავე ტკივილი ჩნდება, რომ პაციენტები ვერც სიარულს ახერხებენ და ვერც მოსვენებულ მდგომარეობაში გრძნობენ თავს უკეთ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში შეიძლება მგრძნობელობა სულ დაიკარგოს და ისეთი პრობლემებიც გაჩნდეს, როგორიცაა, მაგალითად, შარდის შეკავების ან ნაწლავის პრობლემები.

რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში ვერც კი წარმოვიდგენთ ნორმალურ ცხოვრებას. ადამიანი ვერ მუშაობს, ყველაფერი რთულდება და მთლიანად იცვლება ყოველდღიური ცხოვრება. სწორედ აქამდე შეიძლება მივიდეს ხერხემლის თიაქარი - სიმპტომები უფროდაუფრო დამძიმდეს და მთელი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. 

ეს ყველაფერი კი შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუ დროზე მივმართავთ ექიმს. ადრეულ ეტაპზე მკურნალობა უფრო მარტივია, ნაკლები ფინანსური რესურსი სჭირდება და შედეგიც უკეთესია. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ტკივილი თავისით გაივლის, მაგრამ ხერხემლის თიაქრის შემთხვევაში ლოდინი საშიშია. უმჯობესია დროულად მივიღოთ სამედიცინო დახმარება, ვიდრე დაგვიანების გამო წლების განმავლობაში ამ პრობლემას ვებრძოლოთ.

 

გაზიარება