პროლაქტინი და მისი როლი ორგანიზმში
პროლაქტინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰორმონია, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე მრავალი პროცესის გამართულად ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. მისი მთავარი დანიშნულება რეპროდუქციული სისტემის რეგულირებაა – ის აკონტროლებს ლაქტაციის დაწყებასა თუ შენარჩუნებას და უშუალო გავლენას ახდენს ქალის შვილოსნობაზე. სწორედ ამიტომ პროლაქტინი ერთ-ერთი მთავარი ჰორმონია, რომლის კვლევაც პირველ რიგში ინიშნება გინეკოლოგიური პრობლემის გამორიცხვის მიზნით.
პროლაქტინის სეკრეციის ძირითადი წყარო ჰიპოფიზია. ის ადამიანის ჯირკვლოვანი ორგანოა, რომელიც თავის ქალას ღრუში მდებარეობს და სხვადასხვა ჯირკვლოვანი ორგანოს გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. პროლაქტინი, ჰიპოფიზის გარდა, წარმოიქმნება თავის ტვინის ნეირონებში, სასქესო და სარძევე ჯირკვლებში, საშვილოსნოს მიომეტრიუმში და სხვა ქსოვილებში.
პროლაქტინის რეგულირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვადასხვა ჰორმონიც. მაგალითად, დოფამინი ამცირებს პროლაქტინის წარმოქმნას, ესტროგენი კი, პირიქით, ასტიმულირებს მას. ამიტომ, პროლაქტინის ნორმის ფარგლებში შესანარჩუნებლად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ და სხვა ჰორმონების ბალანსიც.
👉გინეკოლოგია - გაეცანით თოდუას კლინიკის გინეკოლოგიურ განყოფილებას და შეიტყვეთ მეტი ცენტრში ხელმისაწვდომ სერვისებზე
სარჩევი
პროლაქტინის მომატება და სიმპტომები
სისხლში პროლაქტინის მაღალ დონეს ჰიპერპროლაქტინემია ეწოდება. ამ პათოლოგიური პროცესის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი სარძევე ჯირკვლებიდან, ლაქტაციის პერიოდის არარსებობისას, რძის გამოყოფა და მენსტრუალური ციკლის დარღვევა – ამონერეა ანუ მისი შეჩერება ან შემცირებაა. მენსტრუალური ციკლის მოშლამ კი, თავის მხრივ, შეიძლება ანოვულატორული უნაყოფობა გამოიწვიოს. ჰიპერპროლაქტინემიის დროს ქალებს ხშირად აღენიშნებათ ვაგინალური სიმშრალე, რაც სქესობრივი აქტის დროს ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს. მისთვის დამახასიათებელია, ასევე, თავის ტკივილი, მხედველობის პრობლემები და სხვა ტიპის სიმპტომებიც. ზოგიერთ შემთხვევაში კი ის სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ჰიპერპროლაქტინემია უმეტესად ქალებშია გავრცელებული, იშვიათად ის უვითარდებათ კაცებსაც. მამაკაცების შემთხვევაში, პაციენტი უჩივის ლიბიდოს დაქვეითებას, ფრიგიდულობას, ერექციულ უკმარისობას, ორგაზმის უქონლობასა და სხვა მსგავს სიმპტომებს. შეიძლება სახეზე იყოს კუნთოვანი მასის შემცირება და გინეკომასტია ანუ მკერდის გაზრდაც. ამასთანავე, პათოლოგია, ქალების მსგავსად, მამაკაცების რეპროდუქციულ სისტემაზეც ახდენს გავლენას და იწვევს უშვილობას.
თუ გეცნოთ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები, ჩაეწერეთ ექიმთან და დროულად ჩაიტარეთ შესაბამისი ანალიზი.
ჰიპერპოლაქტინემიის გამომწვევი მიზეზები
ჰიპერპროლაქტინემიას შესაძლოა განსხვავებული მიზეზები იწვევდეს. ის არის განპირობებული როგორც ფიზიოლოგიური ფაქტორებით, ისე პათოლოგიური პროცესებით. მისი გამომწვევი მთავარი მიზეზებია:
- პროლაქტინომა – ეს არის ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომლის დროსაც ჰორმონის სეკრეცია განსაკუთრებით აქტიურდება და, შესაბამისად, პროლაქტინი სისხლში მკვეთრად მატულობს;
- ჰიპოფიზის სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეები, ასევე, ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის დაზიანებები;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ანუ ჰიპოთირეოზი;
- თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა;
- ღვიძლის ციროზი;
- პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი;
- სხვადასხვა მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენება – მაღალი წნევის, კუჭის წყლულისა და დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, ასევე, შეიძლება იწვევდეს პროლაქტინის სეკრეციის გააქტიურებს. მას მედიკამენტური ჰიპერპროლაქტინემია ეწოდება.
- გულმკერდის კედლის დაზიანებები;
- ჰერპეს ვირუსული ინფექცია;
ხშირად სისხლში ჭარბი პროლაქტინი შეიძლება განპირობებული იყოს ორსულობით, ასევე, მისი სეკრეცია აქტიურდება ბავშვის ძუძუთი კვებისა და სარძევე ჯირკვლის დვრილების გაღიზიანების შედეგად. ჰიპერპროლაქტინემია შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა სტრესმა (ფსიქოგენური ჰიპერპოლაქტინემია), ალკოჰოლის ხშირად და ჭარბად მოხმარებამ (ალკოჰოლური ჰიპერპროლაქტინემია), ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, მარიხუანას მოხმარებამ, ძლიერმა და რეგულარულმა ფიზიკურმა დატვირთვამ, უძილობამ და ა.შ. ზოგჯერ ჰიპერპროლაქტინემია იდიოპათიურადაც ვითარდება, ანუ მისი მიზეზი უცნობი გახლავთ.
პროლაქტინის ნორმა
პროლაქტინის ნორმა სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანისთვის განსხვავებულია. მისი დასაშვები მაჩვენებლები იხილეთ შესაბამის ცხრილში:
პროლაქტინის ანალიზი და რეკომენდაციები
შესაბამისი ჩივილებით ენდოკრინოლოგთან ან გინეკოლოგთან ვიზიტისას, ანამნეზის შეკრების შემდეგ, ექიმი ნიშნავს კვლევას. პროლაქტინის ანალიზი საკმაოდ მგრძნობიარე გამოკვლევაა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაცული იყოს შესაბამისი რეკომენდაციები.
ანალიზის ასაღებად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით მითითებულ ბმულზე: კითხვის დასმა ექიმთან.
სისხლის შრატის აღება მნიშვნელოვანია მოხდეს მშვიდი და სრულყოფილი ძილის შემდეგ, დილით ადრე, უზმოზე, გაღვიძებიდან არაუმეტეს 2-3 საათამდე. თუ ქალი მეძუძურია, მან არ უნდა აწოვოს ძუძუ ბავშვს გამოკვლევამდე 24 საათის განმავლობაში, რადგან, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, დვრილების გაღიზიანების დროს პროლაქტინი ჭარბად გამოიყოფა, რამაც შესაძლოა, ცრუ დადებითი შედეგი მოგვცეს. ასევე, სასურველია, პაციენტი მოერიდოს მცირე დატვირთვასაც კი და ანალიზამდე 30 წუთის განმავლობაში იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ ქალებისთვის ანალიზის ჩატარება შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ ფაზაში.
სისხლში პროლაქტინის მაღალი შემცველობის დაფიქსირების შემთხვევაში, აუცილებელია, გამოირიცხოს მაკროპროლაქტინი, რომელიც პროლაქტინის არაბიოაქტიური ფორმაა. ის მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა მისი სისხლში დაფიქსირებამ შეიძლება არასწორი მონაცემები მოგვცეს. სპეციალისტმა უნდა გამორიცხოს ორსულობაც.
ამასთანავე, შესაძლოა, დაინიშნოს კვლევა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ჰიპოთირეოზის დიაგნოსტირებისთვის, რომელიც ზოგჯერ ჰიპეროლაქტინემიის მეორადად განვითარების მიზეზია. უნდა დადგინდეს ისიც, აქვს თუ არა პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები, ასევე, იღებს თუ არა ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უწყობს პროლაქტინის სეკრეციას და ა.შ. კვლევის პროცესში, შესაძლოა, საჭირო გახდეს მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის ჩატარებაც ადენომის გამოსარიცხად.
👉 გაიცანით ჩვენი კვალიფიციური ექიმები და დაჯავშნეთ ვიზიტი შესაბამისი პროფილის სპეციალისტთან.
ჰიპერპროლაქტინემიის მკურნალობა
ჰიპერპროლაქტინემიის მკურნალობისთვის, პირველ რიგში, მედიკამენტურ თერაპიას მიმართავენ. პროლაქტინომით ანუ ჰიპოფიზის სიმსივნით განპირობებული ჰიპერპროლაქტინემიის დროს, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა ან საქმე გვაქვს მხედველობის ველის დაზიანებასთან და დიდი ზომის სიმსივნესთან. თუ სასურველი შედეგი ვერც ქირურგიულმა მიდგომამ გამოიღო, პროლაქტინომის მკურნალობის პროცესში განიხილება სხივური თერაპიაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოსავალი, უმეტესად, კეთილსაიმედოა, რადგან პროლაქტინომა მკურნალობას მარტივად ექვემდებარება.
იმ შემთხვევაში, თუ ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზი გარკვეული მედიკამენტია, უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება ან დამატებითი პრეპარატის დანიშვნა პროლაქტინის სეკრეციის რეგულირებისთვის. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული ჰიპეპროლაქტინემიის შემთხვევაში კი, აუცილებლად უნდა მოხდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალიზება.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აღენიშნება სიმპტომები, შესაძლოა, მკურნალობა არ დაინიშნოს, თუმცა მნიშვნელოვანია პათოლოგიაზე დაკვირვება და მდგომარეობის დინამიკაში შეფასება.
ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია, დროულად გამოვლინდეს ჰიპერპროლაქტინემია და დადგინდეს მიზეზები, დროული და ეფექტური მკურნალობისთვის.