რა არის ბარიატრია?
ბარიატრიული ოპერაცია ხშირად განიხილება როგორც მხოლოდ წონის კორექციის ეფექტური საშუალება, თუმცა ეს ასე არ არის. ჭარბი წონა ხშირად დაკავშირებულია ისეთ სიცოცხლისათვის საშიში გართულებების განვითარებასთან, როგორებიცაა არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ძილის აპნოე, კორონარული არტერიების დაავადება და ა.შ. რომელთა უკუგანვითარება აღნიშნული ჩარევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ბევრი პაციენტისათვის ბარიატრიული ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებას წინ წონის კლების მცდელობის ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პერიოდი უძღვის.
სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, ბუნებრივია, გიჩნდებათ უამრავი შეკითხვა: რა არის ბარიატრია? როგორ ტარდება ბარიატრიული ოპერაცია? რა რისკები ახლავს თან ამ ჩარევას? რა ხარჯებთან არის ეს ყველაფერო დაკავშირებული და რამდენად რეალურია მოსალოდნელი შედეგები?
მომდევნო აბზაცებში ჩვენ შევეცდებით თქვენს ყველა შეკითხვას ეტაპობრივად გავცეთ პასუხები, თუმცა მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ აღნიშნული სტატია არის ინფორმაციული ხასიათის და ვერ ჩაანაცვლებს სპეციალისტთან სრულფასოვან კონსულტაციას.
რა არის და რისთვის ტარდება ბარიატრიული ოპერაცია?
ჭარბი წონის სამკურნალოდ უამრავი მიდგომა არსებობს, მათ შორის დაბალკალორიული დიეტები, მედიკამენტოზური თერაპიები, ფიზიკური აქტივობისა და ყოველდღიური რუტინის ცვლილება, თუმცა პათოლოგიური სიმსუქნის ერთადერთ დამტკიცებულ და ხანგრძლივად ეფექტურ საშუალებას ბარიატრია წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი სასურველი ესთეტიური შედეგის მიღებასთან ერთად ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიცოცხლის ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესებაა.
წონის კლებასთან ერთად მნიშვნელოვნად მსუბუქდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ხშირად ადამიანები, რომელთაც უკვე გაიკეთეს ბარიატრიული ოპერაცია, აღნიშნავენ, რომ მეორედ დაიბადნენ. შესაბამისად ეს ოპერაცია არ არის მხოლოდ ქირურგიული ჩარევა, არამედ უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი და შანსი, რომ ადამიანს დაუბრუნდეს სიცოცხლის ხალისი და ენერგიითა და კმაყოფილებით სავსემ გააგრძელოს ცხოვრება.
როგორ ტარდება ბარიატრიული ოპერაცია?
ლაპაროსკოპიული ოპერაციისას ქირურგი მუცლის ღრუში შედის თროაკარების (ვიწრო მილისებური ინსტრუმენტების) საშუალებით, რომელთა მოსათავსებლად რამდენიმე მცირე ზომის განაკვეთს (0.5–1 სმ) იყენებს. ლაპაროსკოპი, რომელიც პატარა ზომის ვიდეო კამერაზეა შეერთებული, თავსდება თროაკარში. ვიდეოკამერის საშუალებით, რომელიც დიდ ეკრანზე იძლევა გამოსახულებას, ქირურგს მუცლის ღრუს ორგანოების დათვალიერების შესაძლებლობა ეძლევა. ოპერაციის შესასრულებლად დაახლოებით 4-6 მცირე ზომის განაკვეთია საჭირო. ოპერაცია იწყება მას შემდეგ, რაც მუცელი გაიბერება ნახშირორჟანგით (CO₂) (ოპერაციის დასრულების შემდეგ მუცელი იცლება სრულად).
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ოპერაციის ტიპის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად!
პაციენტთა გარკვეულ ჯგუფში ოპერაციის ჩატარება შესაძლოა ღია მეთოდით გახდეს საჭირო, მაგალითად: გადატანილი ქირურგიული ოპერაციების შედეგად ჩამოყალიბებული ნაწიბუროვანი ქსოვილები, ორგანოთა ვიზუალიზაციის გაძნელება ან სისხლდენა ოპერაციის მსვლელობისას. ღია მეთოდზე გადასვლის გადაწყვეტილებას იღებს ქირურგი ოპერაციამდე ან უშუალოდ ოპერაციის პროცესში. როდესაც ქირურგი თვლის, რომ ღია მეთოდზე გადასვლა მეტად უსაფრთხოა პაციენტისთვის, ეს არ ითვლება გართულებად, არამედ ქირურგიულ გადაწყვეტილებად, რაც მკაცრად დამოკიდებულია პაციენტის უსაფრთხოებაზე!
ოპერაციის ძირითადი ტიპები
ამ ჩარევას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “კუჭის დაპატარავების ოპერაცია”. უნდა ითქვას, რომ ბოლო 40–50 წლის განმავლობაში მრავალი ტიპის ბარიატრიული ოპერაცია შემუშავდა და დაიხვეწა. ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდებია: სლივ გასტრექტომია, კუჭის ბაიპასი (Roux-en-Y, Mini Gastric Bypass), კუჭის ბენდირება (რეგულირებადი ან არარეგულირებადი მეთოდებით), მალაბსორბციული ოპერაციები (ბილიოპანკრეატული დივერსია, დუოდენალური სვიჩი) და ვერტიკალური ბენდირებული გასტროპლასტიკა.
ქვემოთ ორ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე მოგიყვებით:
სლივ გასტრექტომია (Sleeve Gastrectomy) - ამ დროს ხდება კუჭის დაახლოებით 75%-ის ამოკვეთა, რითაც მნიშვნელოვნად მცირდება მისი მოცულობა და საკვების ათვისების უნარი. (სწორედ ამ ფორმაზე საუბრისას შეიძლება შეგხვდეთ ტერმინი “კუჭის დაპატარავების ოპერაცია”). აღნიშნული ოპერაციისას არ იცვლება საკვების გადაადგილების ფიზიოლოგიური გზა. შესაბამისად სლივ გასტრექტომია მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად და ხშირად ჩატარებულ ბარიატრიულ ოპერაციას წარმოადგენს.
შედეგად:
- მცირდება კუჭის მოცულობა
- მცირდება შიმშილის ჰორმონის, გრელინის გამომუშავება
- მცირე მოცულობის საკვების მიღებაც კი იწვევს კმაყოფილების შეგრძნებას
კუჭის ბაიპასი (Mini Gastric Bypass) - მოიცავს კუჭის გადაკვეთას მისი 50-75მლ მოცულობის დატოვებით და წვრილი ნაწლავის ერთი შერთულის ფორმირებას. შედეგად იცვლება საკვების გადაადგილების ფიზიოლოგიური გზა და შესაბამისად მისი ათვისების და შეწოვის უნარი. აღნიშნული ჩარევა განსაკუთრებით ეფექტურია რთულად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტის, პ და ძალიან მაღალი BMI-ის შემთხვევაში.
ორივე მეთოდის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პაციენტთან ერთად იღებს მულტიდისციპლინარული გუნდი. ისინი სამედიცინო შეფასების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რომელი ტიპის ჩარევა არის თქვენთვის ოპტიმალური და საუკეთესო არჩევანი სასურველი შედეგების მისაღებად.
ვინ არის ოპერაციის კანდიდატი?
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის, IFSO-ს და ASMBS-ის რეკომენდაციების მიხედვით ბარიატრიული ჩარევის კრიტერიუმებია:
- BMI ≥ 35 ან BMI ≥ 30-34.9 მინიმუმ ერთი თანმხლები დაავადებით (დიაბეტი, ჰიპერტენზია, ძილის აპნოე და/ან სხვა)
- პაციენტს უნდა ჰქონდეს ობიექტური მიზეზი, რაც მოიცავს: ჰიპერტენზიას (მაღალ არტერიულ წნევას), დიაბეტს (სისხლში შაქრის მაღალ დონეს), გულისმიერ დაავადებებს, სუნთქვის პრობლემებს ან ფილტვისმიერ დაავადებებს, ძილის აპნოეს (ხვრინვას), ართრიტს და ა.შ.
- პაციენტმა უნდა იცოდეს ოპერაციის მნიშვნელობა თავისი რისკებითა და შესაძლო გართულებებით
- გადამწყვეტ როლს თამაშობს პაციენტის ფსიქოლოგიური მზაობა
- პაციენტს წარსულში უნდა ჰქონდეს წონის კლების წარუმატებელი მცდელობა
რა არის საჭირო ოპერაციამდე?
ბარიატრიულ ოპერაციას წინ უძღვის საფუძვლიანი კვლევები. ერთი შეხედვით ანალიზების სია ძალიან გრძელია, მაგრამ სრული სამედიცინო შეფასებისთვის ეს აუცილებელია. პროცესში ენდოკრინოლოგების, ნუტრიციოლოგების და ფსიქოლოგებისგან შემდგარი მულტიდისციპლინარული გუნდია ჩართული.
ოპერაციამდე აუცილებელია:
- სრული სამედიცინო შეფასება, რათა ქირურგმა განსაზღვროს, თუ რამდენად შესაბამისია თქვენი კანდიდატურა ბარიატრიული ქირურგიული ჩარევისთვის
- დამატებითი გამოკვლევები
- ფსიქოლოგის შეფასება: არის თუ არა პაციენტი მზად ოპერაციის შემდგომი ცვლილებების მისაღებად?
- სამედიცინო ჩვენების მიხედვით ზოგჯერ საჭიროა სხვა დარგის სპეციალისტების კონსულტაცია
- საჭიროა წერილობითი ინფორმირებული თანხმობა მას შემდეგ, რაც ქირურგი თქვენთან განიხილავს ოპერაციის პოტენციურ რისკებსა და სარგებლებს
- მდგომარეობის მიხედვით შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ან სისხლის კომპონენტების გადასხმა
- რეკომენდებულია ოპერაციის წინა დღეს ან იმ დილით შხაპის მიღება
- ოპერაციის წინა დღეს ღამის 12 საათის შემდეგ არ შეიძლება საკვების და წყლის მიღება (გარდა მედიკამენტებისა, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ ექიმის რეკომენდაციით მხოლოდ ერთი ყლუპი წყლის მიყოლებით)
- მედიკამენტები, როგორიცაა ასპირინი, სისხლის გამათხელებლები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ვიტამინი E - უნდა შეწყდეს ოპერაციამდე ექიმის მიერ განსაზღვრული დღეებით ადრე
- წონის კლების პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული ოპერაციამდე 2 კვირით ადრე
- შეწყვიტეთ მოწევა ოპერაციამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე!
კონსულტაციისას ექიმი დეტალურად აგიხსნით იმ ეტაპებს, რასაც ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ გაივლით. აუცილებელია ზედმიწევნით გაითვალისწინოთ კვებასთან და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
რას უნდა ველოდო ოპერაციის დღეს?
- ოპერაციის დღეს უნდა მოხვიდეთ კლინიკაში დილით ადრე (06:30)
- ოპერაციისთვის მოსამზადებლად ჩაგაცმევენ სპეციალურ ხალათს და ელასტიურ წინდებს
- მედპერსონალი ჩაგიყენებთ ვენის კათეტერს, რათა ოპერაციის დროს მოხდეს მედიკამენტების შეყვანა და გადასხმების დაყენება
- ზოგჯერ საჭიროა პრეოპერაციულად მედიკამენტების გაკეთება
- ოპერაციის დროს იქნებით ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, რაც რამდენიმე საათს გაგრძელდება
- ოპერაციის შემდეგ გადაგიყვანენ პოსტოპერაციული დაკვირვების სივრცეში, ხოლო სრული გამოღვიძების შემდეგ - თქვენს პალატაში
- პაციენტი კლინიკაში რჩება: სლივ გასტრექტომიის შემთხვევაში 24სთ-ით, ხოლო ბაიპასის - 48-72სთ-ით (დღეების რაოდენობა განისაზღვრება საჭიროების მიხედვით).
ოპერაციის შემდეგი პერიოდი - შედეგები და რეკომენდაციები
წონის კლება
- ერთი წლის თავზე მოსალოდნელია წონის 50%-ის ან მეტის დაკლება
- წონაში კლება ოპერაციიდან 18-24 თვე გრძელდება
- წონაში მატება ყველაზე ხშირად ოპერაციიდან 2-5 წელიწადში ხდება
თანმხლები დაავადებების გაუმჯობესება
ბარიატრიული ოპერაცია აუმჯობესებს ისეთ თანმხლებ დაავადებებს როგორებიცაა: ძილის აპნოე, დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ლიპიდური დარღვევები და ა.შ. ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრი პაციენტი ოპერაციის შემდეგ ხასიათისა და ფსიქოსოციალური მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას აღნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ოპერაციები ითვლება უსაფრთხოდ, როგორც ყველა ჩარევის შემთხვევაში, აქაც არსებობს გართულებების რისკი!
ლაპაროსკოპიული ბარიატრიული ოპერაციების დროს სიკვდილიანობა აღწერილი შემთხვევების 2%-ზე ნაკლებს შეადგენს. სხვა გართულებების რისკი, როგორებიცაა ინტრა ან პოსტოპერაციული სისხლდენები, ჭრილობის ინფექცია, მისი გახსნა, აბსცედირება, სტეპლერის ხაზის/შერთულის უკმარისობა, სტრიქტურების განვითარება, ნაწლავის პერფორაცია, გაუვალობა, მარგინალური წყლულები, ფილტვისმიერი გართულებები და ღრმა ვენების თრომბოზები - შედარებით მაღალია.
პოსტოპერაციულ პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი პრობლემები, რაც დამატებით ჩარევას საჭიროებს. მაგალითად: დარჩენილი კუჭის დილატაცია (გაფართოება), გულისრევა/ღებინება, გულძმარვა ან წონის კლების გაძნელება. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი ჩარევა, რაც ბუნებრივია უფრო მაღალი რისკის შემცველია. ლაპაროსკოპიული ჩარევების გართულებების რისკი ღია ჩარევებთან შედარებით - ბევრად დაბალია, თუმცა როგორც ყველა ჩარევისას, გართულებების რისკი, რა თქმა უნდა, აქაც არსებობს.
ჭარბწონიან პაციენტებში ხშირია ნაღველკენჭოვანი დაავადება. ზოგიერთი ექიმის აზრით, რეკომენდებულია ბარიატრიულ ოპერაციასთან ერთად ქოლეცისტექტომიის გაკეთებაც, თუმცა ეს თქვენს ქირურგთან ერთად უნდა იყოს განხილული!
კუჭის ბაიპასის შემდეგ ხშირია B12, B9, D ვიტამინების, კალციუმის, თუთიის, ფერიტინის და რკინის დეფიციტის განვითარება, რისი პრევენციაც აღნიშნული ვიტამინებისა და დანამატების მიღებით არის შესაძლებელი. ბაიპასის შემდეგ ასევე ხშირია დემპინგ სინდრომის განვითარება. მუცლის ტკივილი, სპაზმები, ოფლდენა და დიარეა. ეს ის სიმპტომებია, რაც დემპინგ სინდრომს ნახშირწყლოვანი პროდუქტების მიღების შემდეგ ახასიათებს. აღნიშნული სინდრომის განვითარების პრევენცია შაქრის მიღების შეზღუდვითაა შესაძლებელი. მალაბსორბციული ტიპის ოპერაციების შემდეგ ასევე ხშირია ცილოვანი დეფიციტის განვითარებაც.
ორსული ქალები, რომელთაც ჩატარებული აქვთ ბარიატრიული ოპერაცია, სპეციალურ ყურადღებას საჭიროებენ!
რას უნდა ველოდე ოპერაციის შემდეგ?
- ოპერაციის დღეს მალევე დაიწყებთ ფიზიკურ აქტივობას და სუნთქვით ვარჯიშებს!
- ტკივილგამაყუჩებელი საჭიროების დროს აუცილებლად გაგიკეთდებათ
- ოპერაციიდან დაახლოებით 1-2 კვირა ექიმის რეკომენდაციის მიხედვით იქნებით თხიერ დიეტაზე
- აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. ასევე სუნთქვითი ვარჯიშების სახლში გაწერის შემდეგაც გაგრძელება
- პოსტოპერაციულად 2 კვირის თავზე ჩაგიტარდებათ საკონტროლო ვიზიტი ქირურგიულ გუნდათ. ასევე შეხვდებით ნუტრიციოლოგს, რათა სრულად მოხდეს თქვენი შემდგომი კვებითი რაციონის შედგენა
- ორსულობა დასაშვებია ოპერაციიდან 18 თვეში!
- ოპერაციის შემდეგ აუცილებელია, რომ მიყვეთ ექიმის მითითებებს.
- მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმრავლესობა თავს რამდენიმე დღეში ძალიან კარგად გრძნობს, უნდა იცოდეთ, რომ თქვენს ორგანიზმს სრული აღდგენისთვის გარკვეული დრო დასჭირდება!
- ოპერაციიდან 1-2 კვირაში შეძლებთ ნელ-ნელა დაუბრუნდეთ თქვენი ცხოვრების ჩვეულ რითმს (მანქანის მართვას, მუშაობას, მსუბუქ ვარჯიშს და ა.შ).
რა ღირს ბარიატრიული ოპერაცია - ფასი და მასზე მოქმედი ფაქტორები
ძალიან მნიშვნელოვანია ბარიატრიული ოპერაციის ფინანსური მხარეც:
- რა არის ბარიატრიული ოპერაციის ფასი საქართველოში და რა განსხვავებაა კლინიკებს შორის?
ოპერაციის ფასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს გავლენას. ერთ-ერთი მთავარი თავად ოპერაციის ტიპია - სლივ გასტრექტომია ტექნიკურად შედარებით მარტივი ოპერაციაა, ვიდრე ბაიპასი, შესაბამისად ხარჯებიც განსხვავებულია. ამიტომაც, თუკი პაციენტს აინტერესებს, რა ღირს კუჭის დაპატარავების ოპერაცია - ფასი სწორედ ოპერაციის ტიპზეა დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია კლინიკის სტანდარტები, სამედიცინო აღჭირვილობა, ქირურგიული გუნდი, ფასში აისახება ასევე ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობაც - ამიტომ, როცა გვაინტერესებს, რა ღირს ბარიატრიული ოპერაცია - ფასი განიხილება იმის მიხედვით, თუ რა შედის აღნიშნულ პაკეტში.
და ბოლოს…
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ოპერაცია არ არის საბოლოო მიზანი, არამედ ეს არის ცვლილებების საწყისი! პაციენტი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ოპერაციის შემდეგ მისი ცხოვრების სტილი სრულიად შეიცვლება!
გრძელვადიან პერსპექტივაში მთავარი ამოცანა შედეგის შენარჩუნებაა. ეს ნიშნავს, რომ ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა თქვენი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი უნდა გახდეს. ბარიატრიული ოპერაცია საწყისია, მაგრამ გზა, რომელიც შემდეგ უნდა გაიაროთ, მნიშვნელოვნად თქვენს სურვილსა და მოტივაციაზეა დამოკიდებული.
თუ ფიქრობთ ამ გზის არჩევას, პირველი ნაბიჯი სანდო სპეციალისტთან კონსულტაციაა: დაუსვით მას ყველა შეკითხვა, თხოვეთ დეტალურად აგიხსნათ ყველა ეტაპი, გაუზიარეთ თქვენი ყველა შიში, ეჭვი და ამის შემდეგ გააზრებულად მიიღეთ გადაწყვეტილება: არის თუ არა ეს გზა თქვენთვის სწორი?
