D ვიტამინის ნაკლებობა - სიმპტომები და რისკები
თუკი დილით უენერგიოდ იღვიძებთ მიუხედავად იმისა, რომ წესით საკმარისად გამოიძინეთ, არც დასვენების დღეები გყოფნით და ზოგადი სისუსტეც გაწუხებთ ხოლმე, შესაძლოა, თქვენი პრობლემა დ ვიტამინის ნაკლებობა იყოს.
ჩვენი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვები ნივთიერება არის D ვიტამინი, რომელსაც ხშირად "მზის ვიტამინსაც" უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი მიღება საკმაოდ მარტივია, მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დ ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. როგორ ამოვიცნოთ ეს პრობლემა და რა სიმპტომებს არ უნდა წავუყროთ? ამ ბლოგში ვისაუბრებთ, მაინც რა არის დ ვიტამინის ნაკლებობა, სიმპტომები, რაც თან ახლავს ამ მდგომარეობას და მისი მართვის გზები.
რატომ არის D ვიტამინი აუცილებელი ჯანმრთელობისთვის?
D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესში. იგი უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას, რაც აუცილებელია ძლიერი ძვლების ფორმირებისთვის. ამასთან, ის არეგულირებს იმუნურ სისტემას და აქტიურად მონაწილეობს უჯრედების ზრდასა და განვითარებაში.
დ ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაშიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მრავალმხრივ მნიშვნელობას ორგანიზმისთვის.
როდესაც ორგანიზმში დ ვიტამინის ნაკლებობა იწყება, თავს იჩენს სხვადასხვა დარღვევები, რომლებიც დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემებში გადადის.
რას იწვევს დ ვიტამინის ნაკლებობა?
დ ვიტამინის ნაკლებობა გავლენას ახდენს ორგანიზმში მოქმედ თითქმის ყველა სისტემაზე. ის იწვევს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც.
მაინც რას იწვევს დ ვიტამინის ნაკლებობა? დეფიციტის პირველი ნიშნები შეიძლება ძალიან ზედაპირული იყოს და ხშირად სხვა დაავადებების სიმპტომებს ჰგავდეს, რაც დიაგნოსტიკას ართულებს. თუმცა, არის რაღაც ნიშნები, რაც შეიძლება მიგვანიშნებდეს პრობლემის არსებობაზე.
როგორ უნდა ამოვიცნოთ დ ვიტამინის ნაკლებობა? - სიმპტომები, რომლებიც ამ პრობლემაზე მიანიშნებს, მრავალფეროვანია. მაგალითად, ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე - თუ მუდმივად დაღლილი ხართ და ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, ეს შეიძლება დ ვიტამინის დაბალი დონის ნიშანი იყოს. კვლევები აჩვენებს, რომ D ვიტამინი მონაწილეობს მიტოქონდრიების (უჯრედების "ელექტროსადგურების") ფუნქციონირებაში, ამიტომ მისი ნაკლებობა ენერგიის წარმოების შემცირებას იწვევს.
კიდევ ერთი ნიშანი, თუ რას იწვევს დ ვიტამინის ნაკლებობა, კუნთებისა და ძვლების ტკივილია, განსაკუთრებით წელის, თეძოს, ფეხების, ნეკნებისა და მხრების არეში. კუნთების სისუსტე და ტკივილი ასევე გავრცელებული სიმპტომია, რადგან D ვიტამინი აუცილებელია კალციუმის ათვისებისთვის, რომელიც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის.
შესაძლოა, ნაკლებობას თანს სდევდეს დეპრესია და გუნება-განწყობის ცვლილებები. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი დ ვიტამინის ნაკლებობასა და დეპრესიულ მდგომარეობას შორის. ტვინის უჯრედებს აქვთ D ვიტამინის რეცეპტორები, და სწორედ ეს უჯრედები მონაწილეობენ განწყობის რეგულირებაში. როდესაც დ ვიტამინის დონე დაბალია, ეს შეიძლება გამოვლინდეს მრავალი სიმპტომით მენტალურ ჯანმრთელობაშიც. ადამიანები ხშირად განიცდიან მუდმივ მოწყენილობას და მოტივაციის მკვეთრ შემცირებას. ასევე იზრდება გაღიზიანებაა და ვითარდება საერთო აპათია ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ. ეს ცვლილებები ხშირად თანდათანობით ვითარდება და ადამიანი შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს, რომ მისი განწყობის ცვლილება გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობით.
თუ ხშირად ავადმყოფობთ, განსაკუთრებით გაციებითა და რესპირატორული ინფექციებით, ესეც შეიძლება დ ვიტამინის ნაკლებობის ნიშანი იყოს. D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერებასა და პათოგენებთან ბრძოლაში.
რაც უნდა უცნაური იყოს, დ ვიტამინის ნაკლებობა და თავის ტკივილი ნამდვილად არის ერთმანეთთან კავშირში. მრავალი ადამიანი, რომელიც განიცდის დ ვიტამინის ნაკლებობას, ხშირად უჩივის ამ სიმპტომსაც. კვლევებმა აჩვენა კავშირი დ ვიტამინის დაბალ დონესა და ქრონიკულ თავის ტკივილს შორის, განსაკუთრებით შაკიკის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, დ ვიტამინის ნაკლებობა და თავის ტკივილი ხშირად თანმხლები სიმპტომებია და ერთდროულად უმჯობესდება ვიტამინის დონის ნორმალიზებით.
არც თუ იშვიათად დ ვიტამინის ნაკლებობა ჭრილობების ნელ შეხორცებასაც იწვევს. მიზეზი კი ისაა, რომ ეს ვიტამინი მონაწილეობს ანთების წინააღმდეგ მოქმედებაში და ხელს უწყობს ახალი ქსოვილის ფორმირებას.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც დ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ხოლმე, თმის ცვენაა. ხშირად გვგონია, რომ თმა სეზონურად გვცვივა, განსაკუთრებით გაზაფხულზე - თუმცა, სინამდვილეში, ეს უმეტესწილად ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული. D ვიტამინი მონაწილეობს თმის ფოლიკულების ციკლში და მისი ნაკლებობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ალოპეციასთან. ხოლო ზამთრის მიწურულს, გაზაფხულის დადგომისას დ ვიტამინის ნაკლებობა საკმაოდ გახშირებულია ნაკლებად მზიანი ამინდების გამო - ამიტომაც, ორგანიზმი შეიძლება სწორედ თმის ცვენით მიგანიშნებდეთ, რომ საჭირო ნივთიერებების დეფიციტი გაქვთ.
რა არის დ ვიტამინის ნორმა და მისი მიღების გზები?
ხშირად ისმის კითხვა, რა არის ე.წ. დ ვიტამინის ნორმა, ანუ ის ოპტიმალური დონე ორგანიზმისთვის, როცა ჩვენი სხეული სრულფასოვნად მუშაობს.
დ ვიტამინის ნორმა სისხლში იზომება 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს დონით და გამოიხატება ნანომოლებში ლიტრზე (nmol/L) ან ნანოგრამებში მილილიტრზე (ng/mL). სპეციალისტები ოპტიმალურ დონედ მიიჩნევენ 30-50 ng/mL (75-125 nmol/L) მაჩვენებელს. თუ თქვენი შედეგი 20-30 ng/mL (50-75 nmol/L) ფარგლებშია, ეს მიუთითებს არასაკმარის დონეზე და შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი D ვიტამინის მიღება. ხოლო როდესაც მაჩვენებელი 20 ng/mL-ზე (50 nmol/L-ზე) ნაკლებია, ეს უკვე მიუთითებს სერიოზულ დეფიციტზე, რომელიც აუცილებლად საჭიროებს შესაბამის მკურნალობას.
დ ვიტამინის ნორმა შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, სქესის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვითაც - ბავშვებს, ორსულებს და ხანდაზმულებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო მაღალი დონე.
ვთანხმდებით, რომ დ ვიტამინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებაში. მაშ, როგორ მივიღოთ საკმარისი D ვიტამინი? პირველ რიგში, შევიყვაროთ მზის სხივები - ჩვენი კანი D ვიტამინს მზის ულტრაიისფერი B (UVB) სხივების ზემოქმედებით წარმოქმნის. საშუალოდ, კვირაში 2-3-ჯერ 10-30 წუთიანი მზეზე ყოფნა (სახისა და ხელების გამოფენით) ბევრი ადამიანისთვის საკმარისიც არის ხოლმე.
ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას და ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც მდიდარია დ ვიტამინით. მაგალითად, ამ ნივთიერებით განსაკუთრებით მდიდარია ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, თინუსი და სკუმბრია. თევზის ღვიძლის ზეთი ასევე წარმოადგენს ამ ვიტამინის შესანიშნავ წყაროს. ყოველდღიურ კვებაში შეგიძლიათ ჩართოთ კვერცხის გული, რომელიც ასევე შეიცავს D ვიტამინს. არ დაგავიწყდეთ რძის პროდუქტები და წვენები, რომლებიც სპეციალურად არის გამდიდრებული ამ ვიტამინით. გარკვეული სახეობის სოკოც D ვიტამინის წყაროდ შესანიშნავი არჩევანია, განსაკუთრებით ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის.
თუ თქვენ ცხოვრობთ ისეთ რეგიონში, სადაც შეზღუდულია მზის შუქი, ან გაქვთ დ ვიტამინის ათვისების პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ დანამატების მიღებაც. ამისთვის მნიშვნელოვანია კონსულტაცია ექიმთან, რომელიც დაგეხმარებათ შესაფერისი დოზის შერჩევაში.
როდის მივმართოთ ექიმს?
ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც განიცდით ქრონიკულ დაღლილობას, რომელიც არ უმჯობესდება დასვენებით. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ მუდმივ კუნთებისა თუ ძვლების ტკივილს, რომელიც შეიძლება იყოს დ ვიტამინის დეფიციტის სიგნალი. თუ ბოლო პერიოდში შეამჩნიეთ განწყობის მნიშვნელოვანი ცვლილებები ან ხშირად ავადმყოფობთ ინფექციური დაავადებებით, ესეც შეიძლება მიუთითებდეს პრობლემაზე.
როგორც ვხედავთ, მარტივია ამოცნობა, გვაქვს თუ არა დ ვიტამინის ნაკლებობა - სიმპტომები მრავალფეროვანია და შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოვრების ხარისხზე. თუ შეამჩნიეთ ზემოთ აღწერილი ნიშნები, განსაკუთრებით რამდენიმე მათგანის კომბინაცია, მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს. უკეთეს შემთხვევაში კი, არ დაელოდოთ პრობლემის სიმპტომატურ გამოვლინებას და რეგულარულად ჩაიტარეთ კვლევები, რათა ცვლილებები თავის დროზე აღმოაჩინოთ.
სისხლის ანალიზი D ვიტამინზე არის მარტივი და ეფექტური გზა იმის დასადგენად, არის თუ არა თქვენი სიმპტომები დაკავშირებული ამ ვიტამინის ნაკლებობასთან.
დ ვიტამინი არის "ჩუმი მოთამაშე", რომელიც უზარმაზარ გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. მისი სათანადო დონის შენარჩუნება არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად.