რას მკურნალობს პულმონოლოგი?
ვინ არის პულმონოლოგი და რას ნიშნავს პულმონოლოგია?
პულმონოლოგი არის ფილტვების ექიმი, რომელიც სპეციალიზებულია სასუნთქი სისტემის დაავადებებში - ფილტვების, ბრონქების, ტრაქეის, ზოგჯერ კი ძილის დროს სუნთქვის დარღვევებშიც. პულმონოლოგის ამოცანაა როგორც მწვავე, ისე ქრონიკული სუნთქვითი პრობლემების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და გრძელვადიანი მონიტორინგი.
პულმონოლოგია არის მედიცინის ის დარგი, რომელიც სწავლობს ფილტვების და მთლიანად სასუნთქი სისტემის ფუნქციას, დაავადებებს, მათი პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ამ სპეციალისტთან შეიძლება მივიდეს როგორც პაციენტი, რომელსაც აქვს ხანგრძლივი ხველა ან ქოშინი, ასევე ისინი, ვისაც სურს პროფილაქტიკურად ფილტვების გამოკვლევა, მაგალითად, ხანგრძლივი მწეველები ან მავნე საწარმოო გარემოში მომუშავე ადამიანები.
სხვა სიტყვებით, პულმონოლოგი არის ის ექიმი, ვისთანაც მივდივართ, როდესაც გვაწუხებს ხანგრძლივი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან უბრალოდ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ფილტვები ჯანმრთელია.
როდის გვჭირდება პულმონოლოგის კონსულტაცია?
ფილტვების დაავადებები ყოველთვის არ იწყება მძიმე სიმპტომებით. ზოგჯერ გამოვლინებები ნელ-ნელა ძლიერდება და პაციენტი ეჩვევა ქოშინს ან ხველას, რასაც ნელ-ნელა „ჩვეულებრივ მდგომარეობად“ აღიქვამს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის არის საჭირო პულმონოლოგის კონსულტაცია.
სიმპტომები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. პულმონოლოგთან ვიზიტი რეკომენდირებულია, თუ გაჩნდება შემდეგი ნიშნებიდან ერთ-ერთი მაინც:
- ხანგრძლივი ან განმეორებადი ხველა;
- თუ ხველა გრძელდება 3 კვირაზე მეტხანს;
- ხველა ხშირად მეორდება ან დროთა განმავლობაში მძიმდება;
- სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი
- გულმკერდის ტკივილი სუნთქვისას
- ხვრინვა ან სუნთქვის გაძნელება ძილში
- ხშირი რესპირატორული ინფექციები
აუცილებელია ფილტვების ექიმი ჩავრთოთ და მისი შეფასება მოვისმინოთ. განსაკუთრებით საყურადღებოა ხველა სისხლიანი ნახველით ან ღამით გამწვავებით. თუმცა, ყურადღებით იყავით სხვა სიმპტომების მიმართაც. მაგალითად, თუკი ქოშინი ჩნდება ფიზიკური დატვირთვისას, კიბეზე ასვლისას ან თუნდაც მოსვენების მდგომარეობაში. ეს შეიძლება იყოს ასთმის, ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების (COPD), გულის პრობლემების ან სხვა პათოლოგიის ნიშანი.
სიღრმისეულ ჩასუნთქვაზე ან ხველის დროს გაძლიერებული ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება მიუთითებდეს ფილტვების ან პლევრის (ფილტვის გარსი) ანთებაზე, ფილტვის ემბოლიაზე ან სხვა სერიოზულ მდგომარეობაზე.
ხშირი და ხმამაღალი ხვრინვა, დილით დაღლილობა, დღის განმავლობაში სისუსტე, გაღვიძება სუნთქვის გაძნელების შეგრძნებით - ეს შეიძლება იყოს ძილის აპნოეს გამოვლინება, რომელიც ხშირად საჭიროებს პულმონოლოგისა და ძილის სპეციალისტის მართვას.
სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები, ბრონქიტი, პნევმონია, გაციება, რომელიც „ყოველ სეზონზე“ გიმეორდებათ, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ სასუნთქი სისტემა დასუსტებულია ან არსებობს ფონური ქრონიკული დაავადება.
პულმონოლოგთან მისვლა მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როდესაც უკვე გვაქვს გამოხატული პრობლემა. ზოგიერთ ჯგუფში რეკომენდირებულია პრევენციულად პულმონოლოგის კონსულტაცია:
- ადამიანები, რომლებსაც აქვთ მოწევის ხანგრძლივი ისტორია - განსაკუთრებით თუ ეწევიან 10-15 წელი ან მეტი;
- პაციენტები ალერგიული ფონით - ალერგიული რინიტი, ატოპიური დერმატიტი, ბრონქული ასთმა ოჯახის წევრებში;
- პირები, რომლებიც მუშაობენ მტვრიან, ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ან საშიშ საწარმოო გარემოში;
- ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა ან იმუნური დაავადებების მქონე პაციენტები, სადაც ფილტვების მდგომარეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
პრევენციული ვიზიტი საშუალებას იძლევა დაავადება გამოვლინდეს ადრეულ სტადიაზე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება ან გამწვავდება.
რა დაავადებებს მკურნალობს პულმონოლოგი?
ფილტვების დაავადებები მრავალფეროვანია - დაწყებული მწვავე ინფექციებიდან, დასრულებული ქრონიკული, პროგრესირებადი პათოლოგიებით. პულმონოლოგის კომპეტენციაში შედის, მათ შორის, შემდეგი დიაგნოზები:
ასთმა - ქრონიკული ბრონქული ანთება, რომელსაც ახასიათებს ქოშინი, „სისინიანი“ სუნთქვა, ხველა (ხშირად ღამით ან დილას) და სუნთქვის გაძნელება. პულმონოლოგია ადგენს ასთმის ტიპს, სიმძიმეს, ინიშნება ინჰალაციური პრეპარატები, ალერგენების თავიდან არიდების სტრატეგია და გრძელვადიანი კონტროლის გეგმა.
ბრონქიტი - ბრონქების ანთება შეიძლება იყოს მწვავე (ხშირად ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის ფონზე) ან ქრონიკული, რომელიც ხშირად დაკავშირებულია მოწევასთან ან მავნე გამონაბოლქვებთან. პულმონოლოგი არჩევს, სჭირდება თუ არა პაციენტს ანტიბიოტიკი, ინჰალაციები, დამატებითი გამოკვლევები და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ გამწვავებები.
პნევმონია - ფილტვების ანთება, რომელიც ხშირად ვლინდება მაღალი ტემპერატურით, ხველით, გულმკერდის ტკივილითა და ზოგადი საერთო სისუსტით. პნევმონია სერიოზული დიაგნოზია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას და ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს. პულმონოლოგი წყვეტს, საჭიროა თუ არა სტაციონარი, რომელი ტიპის თერაპიაა ოპტიმალური და ა.შ.
ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადება (COPD) - ეს არის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად მრავალწლიან მწეველებში ვითარდება. ახასიათებს ქოშინი, ხანგრძლივი ხველა, ნახველი, დატვირთვაზე სუნთქვის გაძნელება. ამ დროს ფილტვის ექიმი განსაზღვრავს დაავადების სტადიას, ინიშნება ინჰალაციური პრეპარატები, ჟანგბადით მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციები მოწევის შეწყვეტაზე და რეაბილიტაციაზე.
ტუბერკულოზი - ინფექციური დაავადება, რომელიც საჭიროებს სპეციალურ, გრძელვადიან თერაპიას. ფილტვების ექიმი მონაწილეობს ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მართვაში, განსაზღვრავს დამატებით კვლევებს, კონტროლსა და კომპლექსურ მკურნალობას.
ფილტვის ემბოლია და ფილტვის ფიბროზი - ემბოლია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, როდესაც სისხლის შედედებული მასა ფილტვის არტერიას ახშობს; ფიბროზი კი ფილტვის ქსოვილის ნაწიბუროვანი ცვლილებაა, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას და ჟანგბადის დეფიციტს. მსგავსი შემთხვევები აუცილებლად საჭიროებს პულმონოლოგის, ხშირად კი მრავალპროფილური გუნდის ჩართვას.
ამ და სხვა ფილტვების დაავადებების მართვა ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ თვითმედიკაცია ან მხოლოდ „გაციებად“ ჩათვლა შეიძლება სარისკო იყოს. სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ სპეციალისტს.
როგორ ტარდება ფილტვების გამოკვლევა?
ფილტვებთან დაკავშირებული ჩივილების დროს ექიმი კვლევას იწყებს დეტალური გასაუბრებითა და ფიზიკური დათვალიერებით, შემდეგ კი საჭიროებისამებრ ნიშნავს დამატებით ანალიზებს. ყოველი გამოკვლევა შერჩევით ინიშნება, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.
დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია:
- ფილტვების რენტგენი - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სწრაფი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ ფილტვების სტრუქტურა, დავინახოთ პნევმონიის, ქრონიკული ბრონქიტის, ტუბერკულოზის, სიმსივნური წარმონაქმნების ან სხვა პათოლოგიების ნიშნები.
- სპირომეტრია - სასუნთქი ფუნქციის ტესტი, რომელიც ამოწმებს ფილტვის მოცულობას და ჰაერის ჩასუნთქვა-ამოსუნქთვის სიჩქარეს. მისი დახმარებით პულმონოლოგი აფასებს, რამდენად კარგად მუშაობს ფილტვი.
- ბრონქოსკოპია - ინვაზიური, მაგრამ ძალიან ინფორმატიული კვლევა, როდესაც სპეციალური ოპტიკური მილი შეჰყავთ სასუნთქ გზებში. ამ მეთოდით შესაძლებელია ბრონქების შიდა ზედაპირის დათვალიერება, უცხო სხეულის პოვნა, ქსოვილის ბიოფსიის აღება ან სისხლდენის წყაროს დადგენა.
- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) - მაღალი რეზოლუციის გამოსახულება, რომელიც დეტალურად გვაჩვენებს ფილტვების, ბრონქებისა და მიმდებარე სტრუქტურების მდგომარეობას. გამოიყენება რთულ, არაერთმნიშვნელოვან ან საეჭვო შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ რენტგენი ვერ გვაძლევს ამომწურავ ინფორმაციას.
კვლევის ტიპის შერჩევა ყოველთვის ხდება პულმონოლოგის რეკომენდაციით და იმის მიხედვით, რა სიმპტომები გაქვთ, რა ასაკის ხართ, რა ფონური დაავადებები და რისკ-ფაქტორები არსებობს.
ფილტვის დაავადებების მკურნალობა და პრევენცია
ფილტვის დაავადებების მკურნალობა მრავალმხრივი პროცესია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია მედიკამენტური თერაპია – ანტიბიოტიკები, ანტივირუსული საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ბრონქოდილატატორები (ბრონქების გამაფართოებლები), ინჰალაციური სტეროიდები და სხვა. იმის მიხედვით, თუ რა გართულებები აღგენიშნებათ, შესაძლოა, ექიმმა მიმართოს ინჰალაციებს როგორც ნებულაიზერით, ისე დოზირებული ინჰალატორებით, რაც საშუალებას იძლევა მედიკამენტმა პირდაპირ სასუნთქ გზებში იმოქმედოს.
ჟანგბადით მკურნალობაც ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია, განსაკუთრებით მძიმე ან ქრონიკული დაავადებების დროს, როდესაც სისხლში ჟანგბადის დონე დაქვეითებულია. მიმართავენ ფიზიოთერაპიასა და რეჰაბილიტაციასაც. ეს არის სპეციალური სავარჯიშოები, სუნთქვითი ფიზიოთერაპია, ფილტვის რეაბილიტაციის პროგრამები, რომლებიც აუმჯობესებს სუნთქვის ეფექტურობას.
მკურნალობის პარალელურად უმნიშვნელოვანესია ცხოვრების წესის კორექცია. სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- მოწევის სრული შეწყვეტა - აქტიური და პასიური მოწევის თავიდან არიდება;
- ალერგენებისა და გამღიზიანებლების მინიმიზაცია - მტვერი, ცხოველის ბეწვი, ქიმიური აეროზოლები;
- სუფთა ჰაერზე ყოფნა და ფიზიკური აქტივობა - ზომიერი მოძრაობა, სეირნობა, სუნთქვითი ვარჯიშები;
- სასურველია პროფილაქტიკური შემოწმება წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში მყოფებისთვის (მწეველები, ალერგიული პირები, მავნე წარმოებაში მომუშავეები).
პრევენცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მკურნალობა. ხშირად ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება ბევრად უკეთესად კონტროლდება და არ გადადის მძიმე ფორმაში.
არ გადადოთ ვიზიტი
პულმონოლოგი არის ის სპეციალისტი, რომელიც ზრუნავს ჩვენი სუნთქვის ჯანმრთელობაზე - ივკლევს, სვამს დიაგნოზს, მკურნალობს და აკონტროლებს როგორც მწვავე ინფექციებს, ისე ქრონიკულ დაავადებებს. ხანგრძლივი ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი სუნთქვისას ან ხშირი რესპირატორული ინფექციები ის სიგნალებია, რომ დროა ექიმს მიმართოთ და ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ გადადოთ.
თუ მსგავსი სიმპტომები გაწუხებთ ან განეკუთვნებით რისკ-ჯგუფს, მნიშვნელოვანია არ დახარჯოთ დრო თვითმკურნალობაზე და დროულად მიმართოთ სპეციალისტს.
მაგალითად, თოდუას კლინიკაში შეგიძლიათ როგორც გამოცდილ პულმონოლოგთან კონსულტაცია, ისე სრული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილტვების გამოკვლევა - რენტგენული და ინსტრუმენტული კვლევები, სპირომეტრია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა დიაგნოსტიკური მომსახურება.
თუ სუნთქვა სირთულედ იქცა, პირველი ნაბიჯი სწორედ სპეციალისტთან დროული ვიზიტია - ზუსტი დიაგნოზი და სწორად შერჩეული მკურნალობა საუკეთესო გზაა ფილტვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
