ტაქიკარდია: სიმპტომები და დიაგნოსტიკა
ტაქიკარდია გულის რითმის დარღვევაა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გულისცემა დასვენების დროს წუთში 100 დარტყმას აღემატება. ნორმალურ მდგომარეობაში ეს მაჩვენებელი წუთში, საშუალოდ, 60–100-ის ტოლია. შესაძლებელია ტაქიკარდია როგორც ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქცია, ისე სერიოზული დაავადების ნიშანიც იყოს.
ტაქიკარდიისას ადამიანები გრძნობენ აჩქარებულ გულისცემას, გულის „ფრიალს“, ჰაერის უკმარისობას, სისუსტეს ან თავბრუსხვევას და ზოგჯერ გულმკერდის არეში დისკომფორტს.
ის ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური მიზეზებით არის გამოწვეული. უფრო კონკრეტულად, ფიზიოლოგიური მიზეზებია: ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, შფოთვა, პანიკური შეტევა, სიცხე ან დეჰიდრატაცია. პათოლოგიური მიზეზები კი არის: გულის რითმის დარღვევები, ანემია, ჰიპერთირეოზი და გულის დაავადებები (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი.
ტაქიკარდია შეიძლება იყოს საშიში, თუ მას თან ახლავს გულის არეში მწვავე ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა.
და მაინც კონკრეტულად, რა არის ტაქიკარდია; რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის; როგორ მიმდინარეობს ტაქიკარდია მოზრდებში, ბავშვებსა და ორსულებში; დიაგნოსტიკის რა გზები არსებობს - ამ და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას ბლოგში გაეცნობით.
ტაქიკარდიის ტიპები და მათი კლინიკური მნიშვნელობა
სინუსური ტაქიკარდია არის მდგომარეობა, როდესაც გული ჩვეულებრივზე სწრაფად მუშაობს, მაგრამ ელექტრული იმპულსები სწორი გზით ვრცელდება. ეს შეიძლება ორგანიზმის ფიზიოლოგიური პასუხი იყოს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, ცხელება ან დეჰიდრატაცია. თუმცა შესაძლოა დაკავშირებული იყოს პათოლოგიურ მდგომარეობებთანაც - მაგალითად, ანემიასთან ან ჰორმონულ დარღვევებთან. კლინიკური თვალსაზრისით, სინუსური ტაქიკარდია, უმეტეს შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ტაქიკარდიები წარმოშობის ადგილის მიხედვით სუპრავენტრიკულარულ და პარკუჭოვან ფორმებად იყოფა. სუპრავენტრიკულარული ტაქიკარდიები მოიცავს იმ არითმიებს, რომლებიც პარკუჭების ზემოთ - წინაგულებში ან ატრიოვენტრიკულურ კვანძში წარმოიქმნება.
როგორც წესი, მსგავსი ტიპის ტაქიკარდია სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მედიკამენტურ ან ინტერვენციულ მკურნალობას საჭიროებს.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვენტრიკულარულ ტაქიკარდიას, რომელიც პარკუჭებში წარმოიქმნება და პოტენციურად საშიში მდგომარეობაა. მას სხვანაირად პარკუჭოვანი ტაქიკარდია ეწოდება. ის შეიძლება გამოვლინდეს გულის ძლიერი აჩქარებით, თავბრუსხვევით, ჰაერის უკმარისობით, გულმკერდის ტკივილით და ზოგჯერ გონების დაკარგვით. ამ შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია, რადგან გულის გაჩერების (უეცარი კარდიული სიკვდილის) მაღალი რისკი არსებობს.
პარკუჭოვანი ტაქიკარდია ხშირად დაკავშირებულია გულის დაავადებებთან, განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებულ ცვლილებებთან. ის შეიძლება პროგრესირდეს კიდევ უფრო მძიმე არითმიად - ვენტრიკულარულ ფიბრილაციად.
ტაქიკარდიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კლინიკური ფორმაა პაროქსიზმული ტაქიკარდია, რომელიც უეცრად იწყება და სრულდება. ის შეიძლება რამდენიმე წამი ან საათი გაგრძელდეს.
საერთო ჯამში, ტაქიკარდიის კლინიკური მნიშვნელობა დამოკიდებულია მის ტიპზე, გამომწვევ მიზეზსა და თანმხლებ დაავადებებზე. ზოგი ფორმა ორგანიზმის ნორმალური ადაპტაციური რეაქციაა. ზოგიერთი კი შესაძლოა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვდეს.
როგორ ვლინდება ტაქიკარდია ბავშვებში?
აღსანიშნავია, რომ ბავშვებში ტაქიკარდიის ამოცნობა უფრო რთულია, რადგან მათი ნორმალური გულისცემის სიხშირე გაცილებით მაღალია, ვიდრე მოზრდილების. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო სწრაფად სცემს მისი გული.
სიმპტომები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბავშვის ასაკზე, რადგან ჩვილები ვერ გამოხატავენ იმას, რასაც გრძნობენ.
პატარებში ტაქიკარდია ხშირად არასპეციფიკური ნიშნებით ვლინდება. მშობელმა ყურადღება შემდეგ ჩივილებს უნდა მიაქციოს:
- გაღიზიანებადობა და ჭირვეულობა: ბავშვი მოუსვენარია და უმიზეზოდ ტირის;
- კვების გაძნელება: ბავშვი ჭამის დროს მალე იღლება ან ძუძუსა და ბოთლზე საერთოდ უარს ამბობს;
- ოფლიანობა: განსაკუთრებით ჭამის დროს;
- კანი ფერმკრთალია ან მოლურჯო ელფერი დაჰკრავს (ციანოზი);
- ძილიანობა: უჩვეულო ლეთარგია და სისუსტე.
ტაქიკარდია მოზარდებში გვხვდება. მათ უკვე საკუთარი შეგრძნებების აღწერა შეუძლიათ. ამიტომ, ჩივილებს ყურადღებით მოუსმინეთ. მაგალითად, შეიძლება გითხრან, რომ გული უცნაურად უცემთ. ამით ხშირად გულის ფრიალს აღწერენ.
მათ აქვთ გულმკერდის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის უკმარისობა და მოულოდნელი სისუსტე. თუ ბავშვი, დაღლილობის გამო, თამაშს წყვეტს და ჯდება ან წვება, მშობელმა ეს უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა ითვლება ნორმად. თუ ბავშვის გულისცემა წუთში 100 დარტყმაზე მეტია, ეს ყოველთვის პრობლემაზე არ მიუთითებს. ჩვილებისთვის წუთში, დაახლოებით, 100–160 დარტყმა ნორმაა - რა თქმა უნდა, ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.
ექიმს მიმართეთ თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს გული მოსვენებულ მდგომარეობაში უჩქარდება და ამას თან ახლავს: გულის წასვლა ან გონების დაბინდვა, გაფითრება და სუნთქვის გაძნელება.
ტაქიკარდია ორსულებში - ის, რაც ფეხმძიმეებმა უნდა იცოდნენ
ორსულობის დროს ქალის ორგანიზმი უზარმაზარ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს გადის. სწორედ ამიტომ, მათ გულისცემა ხშირად უჩქარდებათ, რაც უმეტესწილად ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა. შეიძლება ითქვას, რომ ორსულის გული „ორ ფრონტზე“ მუშაობს, რათა ჟანგბადითა და საკვებით როგორც დედა, ისე ნაყოფიც მომარაგდეს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ხშირად ტაქიკარდია სხვა თანმდევი მდგომარეობის ნიშანია. ამაზე სწორედ ახლა ვისაუბრებთ.
- ანემია (რკინადეფიციტი): ორსულებში ხშირია რკინის ნაკლებობა. როცა სისხლში ჰემოგლობინის დონე დაბალია, გული ამის კომპენსირებას სწრაფი მუშაობით ცდილობს;
- დეჰიდრატაცია: სითხის ნაკლებობა გულისცემის სიხშირეზე პირდაპირ აისახება;
- ემოციური ფონი: ორსულობას ხშირად შფოთვა და სტრესი ახლავს;
- საშვილოსნოს ზომა: ფეხმძიმობის ბოლო თვეებში საშვილოსნო ქვემო ღრუ ვენას აწვება, რაც სისხლის მიმოქცევას ართულებს და გულის აჩქარებას იწვევს.
ორსულები ხშირად კითხულობენ: როგორ მოვიქცეთ ტაქიკარდიის დროს? არსებობს პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ გამოადგებათ.
თუ იგრძენით, რომ გულისცემა აგიჩქარდათ, შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ:
- დაწექით მარცხენა გვერდზე: ეს პოზა ქვემო ღრუ ვენაზე ზეწოლას ხსნის, რაც სისხლის მიწოდებას აუმჯობესებს;
- აკონტროლეთ სითხის მიღება: დარწმუნდით, რომ დღის განმავლობაში საკმარის წყალს სვამთ;
- შეამოწმეთ რკინის დონე: გინეკოლოგთან კონსულტაცია გაიარეთ და ჩააბარეთ სისხლის საერთო ანალიზი ფერიტინზე;
- მოერიდეთ კოფეინს: ყავამ და ჩაიმ შეიძლება გაამძაფროს ტაქიკარდია;
- სუნთქვითი ვარჯიშები: ნელი, ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ტაქიკარდია ხშირად უსაფრთხოა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მას თან ახლავს: ძლიერი ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის წასვლა ან ძლიერი თავბრუსხვევა და შეშუპება.
როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
როგორ შევაჩეროთ ტაქიკარდია - ამ კითხვას ადამიანები ხშირად სვამენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ კლინიკის არითმოლოგიის დეპარტამენტს მიმართონ, სადაც კვალიფიციურ დახმარებას აღმოუჩენენ.
ტაქიკარდიის დიაგნოსტიკა რამდენიმე კვლევითაა შესაძლებელი. ესენია ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია), ჰოლტერ მონიტორინგი და ეფკ (ელექტროფიზიოლოგიური კვლევა). თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური როლი აქვს და ექიმს ეხმარება გაიგოს, რატომ და საიდან მოდის გულისცემის აჩქარება.
ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია) – ეს არის პირველი რიგის კვლევა. ის გვიჩვენებს გულის ელექტრულ აქტივობას მოცემულ მომენტში (ჩვეულებრივ, 10-15 წამის განმავლობაში).
ჰოლტერ მონიტორინგი - ეს არის პორტატული მოწყობილობა, რომელსაც პაციენტი ატარებს 24, 48 ან 72 საათის განმავლობაში. ის უწყვეტად იწერს ეკგ-ს თქვენი ყოველდღიური აქტივობის ფონზე.
ეფკ (ელექტროფიზიოლოგიური კვლევა) – ყველაზე ზუსტი ინვაზიური მეთოდია რთული არითმიების დიაგნოსტიკისთვის. გულის ღრუებში სპეციალური კათეტერები უშუალოდ სისხლძარღვების გავლით შეჰყავთ. ამ დროს, ექიმს შეუძლია ხელოვნურად გამოიწვიოს ტაქიკარდიის შეტევა, რათა ზუსტად იპოვოს ის წერტილი, საიდანაც არასწორი სიგნალი მოდის.
ზუსტი დიაგნოზის გასაგებად და მდგომარეობის სამართავად, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია.
დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 57 57 57, დაჯავშნეთ კონსულტაცია თოდუას კლინიკის არითმოლოგებთან.
ხშირად დასმული კითხვები - FAQ
გულის აჩქარება ყოველთვის ნიშნავს თუ არა დაავადებას?
არა. ტაქიკარდია ხშირად ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა ფიზიკურ დატვირთვაზე, სტრესზე, ძლიერ ემოციაზე, სიცხეზე ან კოფეინის მიღებაზე. მას ფიზიოლოგიური სინუსური ტაქიკარდია ეწოდება და საფრთხეს არ წარმოადგენს.
შეიძლება თუ არა ანემიამ გამოიწვიოს ტაქიკარდია?
დიახ, ეს ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. როდესაც სისხლში რკინის ან ჰემოგლობინის დონე დაბალია, ორგანოებს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. ამის კომპენსირებისთვის გული იძულებულია უფრო სწრაფად იმუშაოს.
როგორ მოქმედებს ყავა და ენერგეტიკული სასმელები ტაქიკარდიაზე?
კოფეინი და ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი მასტიმულირებელი ნივთიერებები ააქტიურებენ სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რაც პირდაპირ იწვევს გულისცემის სიხშირის მატებას. ადამიანებისთვის, რომელთაც არითმიისკენ მიდრეკილება აქვთ, მათი მიღება რეკომენდებული არ არის.
