ინფარქტი - ის, რაც უნდა იცოდეთ
ინფარქტი არის მდგომარეობა, როდესაც სხეულის რომელიმე ორგანოს ან ქსოვილს სისხლის მიწოდება უეცრად შეუწყდება ან მნიშვნელოვნად შეუმცირდება. შედეგად, უჯრედები ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს ვეღარ იღებენ, რაც მათ დაზიანებას ან კვდომას (ნეკროზს) იწვევს. ინფარქტი შეიძლება სხვადასხვა ორგანოში განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირია მიოკარდიუმის ინფარქტი - გულის კუნთის დაზიანება და ტვინის ინფარქტი - ტვინის ქსოვილის დაზიანება.
უმეტეს შემთხვევაში, მთავარი მიზეზი თრომბით ან ემბოლით სისხლძარღვების დახშობაა. ინფარქტი მძიმე მდგომარეობაა, რომელიც სწრაფ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საჭიროებს. დროული ჩარევა გართულებებისა და სიკვდილიანობის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
საინტერესოა, მდგომარეობის - მიოკარდიუმის ინფარქტი სტატისტიკა. აღსანიშნავია, რომ ის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია. ინფარქტი ადამიანების სიკვდილის მიზეზი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ინფარქტი ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ემართება. ასაკის მატებასთან ერთად კი, რისკი კიდევ უფრო იზრდება.
რა არის ინფარქტი; რომელი სიმპტომები მიუთითებს მასზე; როგორია დიაგნოსტიკის გზები და მდგომარეობის - ინფარქტი განმარტება - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხებს ბლოგში წაიკითხავთ.
გულის ინფარქტი - რა იწვევს მას?
ყველაზე ხშირი მიზეზი კორონარულ არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების დაგროვებაა - მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც გულის იშემიური დაავადება. ფოლაქი ყველაზე საშიშია მაშინ, როდესაც მისი ზედაპირი ზიანდება ან სკდება, რადგან ამ ადგილას თრომბები გროვდება. თრომბმა შესაძლოა სისხლის ნაკადი ნაწილობრივ ან სრულად დაახშოს.
ასევე შესაძლებელია, ათეროსკლეროზული ფოლაქი იმდენად გაიზარდოს, რომ სისხლის გასასვლელად ძალიან მცირე ადგილი დარჩეს. ეს მკვეთრი შევიწროება გულის სისხლმომარაგებას ამცირებს და ინფარქტს იწვევს.
სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- კორონარული არტერიების ანომალიები: თანდაყოლილი მდგომარეობა, როდესაც არტერიები არასწორ ადგილასაა განლაგებული;
- კორონარული არტერიის სპაზმი: არტერიის უეცარი შევიწროება, რაც სისხლის ნაკადს ზღუდავს;
- კორონარული ემბოლია: სხეულის სხვა ნაწილიდან წამოსული თრომბი ან ჰაერის ბუშტუკი გულის არტერიაში ხვდება;
- ჰიპერტენზიული კრიზი: სახიფათოდ მაღალი არტერიული წნევა;
- მიკროვასკულარული დაავადება: კორონარული არტერიებიდან გამომავალი მცირე სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევა;
- კორონარული არტერიის სპონტანური დისექცია: არტერიის კედლის გასრევა (გაგლეჯა), რაც სისხლის მიწოდებას აჩერებს;
- ტაქიარითმია: ხანგრძლივი დროის განმავლობაში გულის ძალიან სწრაფი და რიტმიდან ამოვარდნილი ცემა.
სწორედ ეს მიზეზები იწვევს გულის შეტევის განვითარებას. მდგომარეობას, რომელსაც დაუყოვნებლივი ყურადღება სჭირდება.
ინფარქტი სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ დროულად?
გულის შეტევა ყოველთვის გულმკერდის არეში გამჭოლი ტკივილით არ იწყება. პაციენტს შესაძლოა ზეწოლის, მოჭერის ან სიმძიმის შეგრძნება ჰქონდეს. ზოგჯერ დიაგნოსტიკა ბევრად უფრო რთულდება. შეიძლება ისეთი სიმპტომები გამოვლინდეს, რომლებიც ერთი შეხედვით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებზე ან გულძმარვაზე მიუთითებდეს. გულმკერდის არეში დისკომფორტი, როგორც წესი, სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში გრძელდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ სიმპტომები შეიძლება უცაბედად არ გამოვლინდეს - ზოგჯერ გამაფრთხილებელი ნიშნები თანდათან იჩენს თავს. მაგალითად, მსუბუქი დისკომფორტი ისეთი ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვისას, როგორიცაა კიბეზე ასვლა ან სწრაფი სიარული.
მიოკარდიუმის ინფარქტი - ტიპური ნიშნები შემდეგია:
- ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცეს ყბას, კისერს, მხარს, მკლავს ან ზურგს;
- ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება;
- ძლიერი დაღლილობა ან სისუსტე, რომელსაც უმიზეზოდ გრძნობთ;
- დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა ან ღებინება;
- შფოთვა ან „ცუდი წინათგრძნობა“;
- ჭარბი ოფლიანობა;
- თავბრუსხვევა;
- გონების დაკარგვა.
შესაძლებელია ინფარქტი გულმკერდის ტკივილის გარეშეც განვითარდეს. ზოგიერთ პაციენტს მხოლოდ სუნთქვის უკმარისობა, გულისრევა ან ოფლიანობა აღენიშნება. ამას ჩუმი ინფარქტი ეწოდება, რადგან ტრადიციული სიმპტომები არ ახასიათებს, თუმცა სიცოცხლისთვის საშიშია და ექიმის ჩარევას დაუყოვნებელ საჭიროებს.
რისკ-ფაქტორები - როდის იზრდება გულის შეტევის რისკი?
გულის შეტევის რისკ-ფაქტორები შეგვიძლია პირობითად ორ ჯგუფად დავყოთ. ესენია ფაქტორები, რომელთა კონტროლიც შეგვიძლია (ცხოვრების წესი და თანმხლები დაავადებები) და ფაქტორები, რომელთაც ვერ ვცვლით (გენეტიკა და ასაკი).
შედეგად, ინფარქტის რისკი იზრდება, თუ:
- ხართ 45 წელზე მეტი ასაკის (მამაკაცებისთვის);
- ხართ 50 წელზე მეტი ასაკის ან გადალახეთ მენოპაუზა (ქალებისთვის);
- გაქვთ გულის დაავადებების ოჯახური ისტორია;
- გაქვთ დიაბეტი, მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი ან ჭარბი წონა;
- ეწევით ან მოიხმართ თამბაქოს სხვა პროდუქტებს;
- მიირთმევთ მარილით, შაქრით ან ნაჯერი ცხიმებით მდიდარ საკვებს;
- მოიხმართ ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით;
- ხართ ფიზიკურად პასიური;
- მოიხმართ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, განსაკუთრებით ამფეტამინებს ან კოკაინს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ხშირად გულის შეტევა რამდენიმე რისკ-ფაქტორის კომბინაციით არის გამოწვეული. მაგალითად, მაღალი წნევა და მოწევა ერთდროულად უფრო საშიშია, ვიდრე ცალ-ცალკე.
თქვენს ასაკსა ან გენეტიკას ვერ შეცვლით, თუმცა ჯანსაღი კვებითა და რეგულარული ვარჯიშით რისკის საგრძნობლად შემცირება შეგიძლიათ. გარდა ამისა, დიაბეტის მკურნალობა და წნევის კონტროლი პირდაპირ დაკავშირებულია ინფარქტის პრევენციასთან.
გართულების თავიდან აცილების საუკეთესო გზა კარდიოლოგთან რეგულარული ვიზიტია, რათა მნიშვნელოვანი პარამეტრები გააკონტროლოთ.
მწვავე ინფარქტი - შესაძლო გართულებები
მწვავე ინფარქტი არის გადაუდებელი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები როგორც დაუყოვნებლივ, ისე მოგვიანებით გამოიწვიოს. ახლა სწორედ მსგავს შესაძლო პრობლემებს განვიხილავთ.
არითმიები - გულის რიტმის დარღვევა, განსაკუთრებით პარკუჭოვანი არითმიები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია და შეიძლება გულის გაჩერებით დასრულდეს.
კარდიოგენული შოკი - მძიმე მდგომარეობა, როდესაც გული ორგანოების საკმარის სისხლს ვერ აწვდის და გადაუდებელ ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს.
გულის უკმარისობა - გულის ტუმბოს ფუნქციის დაქვეითება, რომელიც შეიძლება როგორც მწვავედ, ისე ქრონიკულად განვითარდეს.
მარცხენა პარკუჭის თრომბი - სისხლის კოლტი, რომლის მოწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია ინსულტი ან სხვა ემბოლიური გართულებები წარმოიშვას.
ფსიქოლოგიური გართულებები - გულის შეტევის შემდეგ დეპრესიისა და შფოთვის რისკი იზრდება, რაც რეაბილიტაციის პროცესს აფერხებს.
სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი - რა განსხვავებაა?
სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ არსებითად განსხვავებული მდგომარეობებია. სტენოკარდია გულის კუნთის დროებითი ჟანგბადდეფიციტით არის გამოწვეული და ძირითადად ფიზიკური დატვირთვის ან სტრესის დროს ვლინდება. მისი მთავარი სიმპტომია გულმკერდის ტკივილი, რომელიც, როგორც წესი, დასვენების ან მედიკამენტის მიღების შემდეგ ქრება.
მიოკარდიუმის ინფარქტი კი უკვე გულის კუნთის ნაწილის შეუქცევად დაზიანებას ნიშნავს, რაც სისხლის მიწოდების სრული ან ხანგრძლივი შეწყვეტით არის განპირობებული. ამ დროს ტკივილი უფრო ინტენსიურია და არ გადის მარტივად.
სტენოკარდია ხშირად აღიქმება, როგორც „გაფრთხილება“, რადგან იგი მიუთითებს კორონარული არტერიების შევიწროებაზე და ინფარქტის განვითარების რისკს ზრდის.
რა არის თავის ტვინის ინფარქტი?
თავის ტვინის ინფარქტი არის მდგომარეობა, როდესაც ტვინის გარკვეულ უბანს სისხლი აღარ მიეწოდება. შედეგადაც ნერვული უჯრედები ზიანდება ან კვდება. ის ყველაზე ხშირად სისხლძარღვში თრომბის ან ემბოლის წარმოქმნის გამო ვითარდება, რაც არტერიას ახშობს და ჟანგბადის მიწოდებას წყვეტს.
ეს მდგომარეობა - იშემიური ინსულტი, ინსულტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ ტვინის რომელი ნაწილი დაზიანდა. ამის მიხედვით, შეიძლება შემდეგი პრობლემები გამოვლინდეს: სხეულის ერთ მხარეს სისუსტე ან დამბლა, მეტყველების დარღვევა, სახის ასიმეტრია და კოორდინაციის დაკარგვა.
თავის ტვინის ინფარქტის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის დროული ჩარევა. ჩვენი კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტი იმ პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ.
მიკრო ინფარქტი - არსებობს თუ არა ასეთი დიაგნოზი?
აღსანიშნავია, რომ ტერმინი „მიკრო ინფარქტი“ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ხშირად გამოიყენება, თუმცა ოფიციალურ მედიცინაში იგი ცალკე დიაგნოზად არ ითვლება. რეალურად, ამით, უმეტეს შემთხვევაში, მცირე ზომის მიოკარდიუმის ინფარქტი იგულიხსმება. ეს არის შემთხვევა, როდესაც დაზიანება გულის კუნთის შედარებით მცირე უბანს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შეიძლება შედარებით მსუბუქი იყოს, ეს მდგომარეობა მაინც სერიოზულია.
მისი იგნორირება საშიშია, რადგან დროთა განმავლობაში განმეორებითი ინფარქტის, არითმიების ან გულის უკმარისობის განვითარების საფრთხე არსებობს. გარდა ამისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მცირე დაზიანებაც კი სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს.
დიაგნოსტიკა - როგორ დგინდება ინფარქტი?
ინფარქტის დიაგნოსტიკა სწრაფ და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, რადგან დროის ფაქტორი მკურნალობის ეფექტურობას პირდაპირ განსაზღვრავს. როგორც წესი, პირველ რიგში, კარდიოლოგიურ ცენტრში ელექტროკარდიოგრამა ტარდება. ის გულის ელექტრულ აქტივობას აფიქსირებს და ექიმს მიოკარდიუმის ინფარქტის ამოცნობაში ეხმარება.
მნიშვნელოვანია ასევე სისხლის ანალიზები, განსაკუთრებით ტროპონინის განსაზღვრა. ეს არის ბიომარკერი, რომელიც გულის კუნთის დაზიანების დროს იზრდება და ერთ-ერთი ყველაზე სანდო მაჩვენებელია.
დამატებით გამოიყენება გამოსახულებითი კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). მათი საშუალებით, ექიმი გულისა და სხვა ორგანოების მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებს.
სისხლძარღვების შესაფასებლად და იმის დასადგენად, თუ სად არის არტერია დაზიანებული ან დახშული, კორონაროგრაფია და ანგიოგრაფია ტარდება.
თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური ექიმები, გულისხმიერი მიდგომა - ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რატომაც პაციენტები ჩვენს კლინიკას ენდობიან.
დაგვიკავშირდით და დაგეგმეთ ვიზიტი კარდიოლოგთან: 032 2 57 57 57
ხშირად დასმული კითხვები - FAQ
რამდენად სწრაფი უნდა იყოს რეაგირება ინფარქტის დროს?
ინფარქტის სიმპტომების გამოჩენისთანავე სასწრაფო დახმარებას უნდა დაუკავშირდეთ. დროული ჩარევა გადარჩენის შანსს ზრდის და გართულებების რისკი მცირდება.
როგორ შეიძლება პრევენცია?
მნიშვნელოვანია, ჯანსაღი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მოწევის შეწყვეტა, ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება, არტერიული წნევის და ქოლესტერინის კონტროლი. ასევე, კარდიოლოგის რეგულარული კონსულტაცია.
როგორია რეაბილიტაციის პროცესი ინფარქტის შემდეგ?
რეაბილიტაციის აუცილებელია კარდიოლოგის მეთვალყურეობა, მედიკამენტების მიღება და ცხოვრების წესის ცვლილება. გარდა ამისა, დეპრესიის თავიდან ასაცილებლად, ხშირად ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია.
