ვინ არის საუკეთესო ონკოლოგი?

10/11/2025

ონკოლოგიური დაავადებები მხოლოდ სტატისტიკა არ არის - ეს პრობლემა უამრავ ოჯახს ეხება და ჩვენ გარშემო ბევრის ყოველდღიური პრობლემა ხდება. მსოფლიო მასშტაბით კიბო კვლავ სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, 2022 წელს დაახლოებით 20 მილიონი ახალი შემთხვევითა და 9.7 მილიონი ლეტალური შედეგით. სხვადასხვა პროგნოზით, 2050 წლისთვის ახალი შემთხვევები 35 მილიონს გადააჭარბებს. 

ეს ნიშნავს, რომ "საუკეთესო ონკოლოგი საქართველოში" აღარ არის მხოლოდ საძიებო სიტყვა, არამედ საჭიროება, რადგან სწორი სპეციალისტის დროულად პოვნა მკურნალობის შედეგებს პირდაპირ განსაზღვრავს.

ონკოლოგიური დაავადებების ზრდა და სპეციალისტის შერჩევის სირთულე ქართული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი გამოწვევაცაა. საქართველოში სიმსივნით დაავადებულთა სტატისტიკა მზარდია. ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, 2021 წელს რეგისტრირებული იყო 10 432 ახალი შემთხვევა (სიხშირე - 281.3 შემთხვევა  100 000 მოსახლეზე), ხოლო იმავე წელს კიბოთი გარდაიცვალა 7 388 ადამიანი. ჩვენს ქვეყანაში პირველ ადგილს იკავებს ფილტვის სიმსივნე, შემდეგ მოდის ძუძუს კიბო. ასეთი სურათი კი მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ადრეული აღმოჩენა და სწორ ექიმთან მოხვედრა არა მხოლოდ რეკომენდაცია, არამედ გადარჩენისთვის აუცილებლობაცაა.

რატომ არის სწორი ექიმის პოვნა გადამწყვეტი?  კიბოს მკურნალობა ინდივიდუალური გზაა და ამ გზაზე საუკეთესო სპეციალისტის ყოლა ერთ-ერთი მთავარი იარაღია. დიაგნოზის სიცხადე, სტადია, თანმხლები დაავადებები და თავად პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთად განსაზღვრავს თერაპიის მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ყველაზე ძლიერი ონკოლოგი არ არის მხოლოდ ის, ვინც ყველაზე მეტ ოპერაციას ან მედიკამენტს ნიშნავს; ეს არის სპეციალისტი, რომელიც საერთაშორისო გაიდლაინებს ეყრდნობა, მულტიდისციპლინარული მიდგომის ძალას იყენებს და გადაწყვეტილებებს პაციენტთან ერთად იღებს. 

 

ვინ არის ონკოლოგი და რას მოიცავს ტერმინი „ონკოლოგი ექიმები“?

 

ონკოლოგი ფართო პროფილის ექიმია. მისი მუშაობა არ შემოიფარგლება, მაგალითად, მხოლოდ ქიმიოთერაპიის დანიშვნით: ის საზღვრავს, როდის სჯობს ქირურგიული ჩარევა, როდის - რადიოთერაპია, როდის - იმუნოთერაპია ან მიზნობრივი მკურნალობა, და როგორ უნდა გამოიყენოს ეს მეთოდები ერთად. ონკოლოგია გუნდური სამუშაოა. ქირურგი, ქიმიოთერაპევტი და რადიოთერაპევტი ერთად ადგენენ გეგმას, პათოლოგი და რადიოლოგი უზრუნველყოფენ ბიონიშნებისა და გამოსახულების საიმედო ინტერპრეტაციას, რეაბილიტოლოგი და პალიატიური მზრუნველობის გუნდი კი მოკლე და გრძელვადიან შედეგებზე ზრუნავენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი მრავალპროფილური მიდგომა? - მრავალპროფილურობა განსაკუთრებით კრიტიკულია მაშინ, როცა საჭიროა მკურნალობის თანმიმდევრობის დაგეგმვა: როდის ჩატარდეს ოპერაცია, როდის ან საერთოდ გამოიყენონ თუ არა რადიოთერაპია, როდის იმუშავებს სისტემური თერაპია და ა.შ. 

როცა ქირურგი, ქიმიოთერაპევტი, რადიოთერაპევტი ერთ გუნდში იკრიბებიან, პაციენტი იღებს მკურნალობის მკაფიო გზას - რა მოხდება პირველ ეტაპზე, რა რისკებია და როგორ გავზომავთ პროგრესს. ეს მიდგომა პაციენტში ნდობის გაჩენას უწყობს ხელს და ქმნის რეალისტურ მოლოდინებს გაიდლაინების ჩარჩოში. 

 

როგორ შევარჩიოთ კარგი ონკოლოგი - რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას?

 

როცა გვინდა, ვიპოვოთ საუკეთესო ონკოლოგი საქართველოში, ვეძებთ არა რომელიმე კონკრეტულ ექიმს, არამედ უბრალოდ სპეციალისტს, ვინც მუშაობს თანამედროვე მეთოდებით, იღებს კლინიკურ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და აქვს ინდივიდუალური მიდგომა. 

ექიმის კლინიკური გამოცდილება მაშინ არის ფასეული, როცა ის თანამედროვე მეთოდოლოგიით არის გამყარებული. ონკოლოგიის გლობალური გაიდლაინები ხშირად ახლდება და მკურნალობის გეგმები ამ სტანდარტებს უნდა დაეფუძნოს - იქნება ეს ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის ქირურგიული მართვა თუ ფილტვის კიბოში ბიომარკერებზე დაფუძნებული თერაპია. სწორედ ამიტომ, ყველაზე ძლიერი ონკოლოგი ნიშნავს იმასაც, რომ ექიმი მუშაობს მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად და კოლეგებთან: ქირურგთან, რადიოთერაპევტთან, პათოლოგთან, რადიოლოგთან ერთად იღებს მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებებს. 

პირველი, რასაც პაციენტი ეძებს, პროფესიული კომპეტენციაა - შესაბამისი უმაღლესი განათლება, მუშაობის ლიცენზია, სერტიფიკატები იმის დასტურად, რომ ექიმი მუდმივად ეცნობა სიახლეებს და მონაწილეობს პროფესიულ ტრენინგებში, სპეციალიზაციაში გავლილი სტაჟირებები და ა.შ. როგორც წესი, ქვეყნებში ექიმების ლიცენზირება და რეგულაციები განსაზღვრულია კანონით, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოები, რომელთა მიზანია, კლინიკური პრაქტიკა იყოს კანონთან და ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი შერჩევისას ადამიანური დამოკიდებულება და კომუნიკაციაა. ონკოლოგიური დიაგნოზი რთული მოსასმენია და პაციენტს სჭირდება კარგი ონკოლოგი, ვინც არამხოლოდ მკურნალობის გეგმას, არამედ ემოციურ მზრუნველობასაც სთავაზობს საკმაოდ რთულ გზაზე. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც ექიმი მიმართავს მკურნალობის გზების ერთობლივ განხილვას, პაციენტს უკეთ ესმის რისკები და სარგებელი. სწორედ ასეთ დროს ჩანს, რას ნიშნავს, იყო კარგი ონკოლოგი პრაქტიკაში - პროცესის გამჭვირვალობა, დროის დათმობა, დეტალურად ახსნა და პაციენტის არჩევანის პატივისცემა.

წარმატება ონკოლოგიაში მხოლოდ პროცესის მენეჯმენტის უნარებით არ იზომება. მთავარი ხომ დაავადების დამარცხება, მისი შემდგომი კონტროლი, გვერდითი ეფექტების მინიმიზაცია და პაციენტის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაა. კვლევები მიუთითებს, რომ როცა გადაწყვეტილებები პაციენტთან ერთად მიიღება (Shared Decision Making), მკურნალობისას არჩევანი უფრო მკაფიოა, იზრდება პაციენტის თერაპიისადმი ერთგულება და მცირდება გაურკვევლობით გამოწვეული შფოთვა. კარგი ონკოლოგი სწორედ ამ წესებსაც იცავს: დროს უთმობს ახსნას, გვაჩვენებს ალტერნატივებს, აფასებს პრიორიტეტებს. 

მართალია, “საუკეთესო ონკოლოგი საქართველოში“ ხშირად პირად რეკომენდაციებშიც გვხვდება, მაგრამ სანდო არხებით გადამოწმება აუცილებელია. პირველ რიგში, არსებობს სამართლებრივი ჩარჩო - „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები და რეგულირების სააგენტოს მანდატი; საჯარო სერვისების ელექტრონულ სისტემებში შესაძლებელია სტატუსის, ლიცენზიისა და სერტიფიკატის გადამოწმება. 

რაოდენ პრაგმატულადაც არ უნდა ვუყურებდეთ, პაციენტის გამოცდილება მაინც რჩება ძალიან მნიშვნელოვან საზომად. თუმცა, ონლაინ ნანახი შეფასებები საკმარისი არ არის: ყურადღება მიაქციეთ, როგორ ხსნის ექიმი დიაგნოზს, გთავაზობთ თუ არა ალტერნატივებს, გაძლევთ თუ არა დროს კითხვებისთვის და წყაროებისთვის; ითვალისწინებს თუ არა თქვენს პერსონალურ მიზნებს - ყოველდღიურობას, სამუშაო რეჟიმს, ოჯახის საჭიროებებს. 

დიდია თანამედროვე კლინიკების როლიც და ეს მხოლოდ ტექნოლოგია არ არის. ეს არის პროცესი - როგორ ხდება ანატომოპათოლოგიური პასუხების დროული მიწოდება, როგორ მუშაობს სამედიცინო ფიზიკა რადიოთერაპიაში, როგორ იზომება პაციენტის მიერ მოხსენებული შედეგები და რამდენად გამჭვირვალეა ხარისხის მაჩვენებლები. თუმცა, ისეთი რთული პროცესის სამართავად და დიაგნოზისთვის, როგორიც ონკოლოგიური პათოლოგიებია, ტექნოლოგიური აღჭურვილობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ექიმის არჩევისას დიდ როლს ასრულებს ის, თუ როგორ დაწესებულებაში მუშაობს სპეციალისტი და რამდენად აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, თანამედროვე მეთოდებით მართოს დაავადება.

 

გაწუხებთ სიმპტომები? - მოიძიეთ ონკოლოგი და არ გადადოთ ვიზიტი

 

თუკი რაიმე სახის სიმპტომები გაწუხებთ, არ დააიგნოროთ და არ გადადოთ კლინიკაში ვიზიტი. შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები სპეციალისტი და პირველ რიგში, მასთან გაიარეთ დიაგნოსტირების ეტაპები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ჩართეთ ონკოლოგი.

სწორი არჩევანი ონკოლოგიური პრობლემების მკურნალობაში კრიტიკულია. ყველაზე ძლიერი ონკოლოგი ის არის, ვისი სანდოობაც რეგულაციებითა და ლიცენზიებით დასტურდება, მულტიპროფილურ გუნდში მუშაობს და გადაწყვეტილებებს პაციენტთან ერთად იღებს. ექიმის შემოთავაზებული მკურნალობის გეგმა უნდა ეყრდნობოდეს თანამედროვე გაიდლაინებს და ადგილობრივად ხელმისაწვდომ სისტემურ პროგრამებს. 

საქართველოში არსებული მონაცემები გვახსენებს, რომ კიბო კვლავ სერიოზული გამოწვევაა, ხოლო გლობალური პროგნოზები მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ეს გამოწვევა უახლოეს წლებში კვლავ პრიორიტეტებში დარჩება. მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ვის ვანდოთ ჩვენი ჯანმრთელობა. როცა გვინდა, ვიპოვოთ საუკეთესო ონკოლოგი საქართველოში, ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ ვინაობას ან კლინიკის სახელს; ეს არის მიდგომა, რომელიც აერთიანებს ცოდნას, გუნდს, კომუნიკაციასა და პაციენტის პრიორიტეტებს.

გაზიარება