ბრაქითერაპია
ბრაქითერაპია სხივური თერაპიის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც სპეციალურ აპლიკატორებს პირდაპირ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში ან სიმსივნის ზედაპირზე ათავსებენ და მას დიდი დოზებით ასხივებენ. სწორედ ამის გამო მას კონტაქტურ რადიოთერაპიასაც უწოდებენ. დიდი დოზების გამოყენება მკურნალობას უფრო ეფექტურს ხდის, პროცედურების ხანგრძლივობას კი მნიშვნელოვნად ამცირებს. რაც მთავარია, სიმსივნის გარშემო არსებული ორგანოები და ქსოვილები არ ზიანდება, რადგან რადიაციული წყარო კონკრეტული უბნისკენაა მიმართული.
სარჩევი
ბრაქითერაპიის ფორმები
ბრაქითერაპია უმეტესად დისტანციურ სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში გამოიყენება. ის, შესაძლოა, დაინიშნოს ნეოადიუვანტურად ან ადიუვანტურად, მკურნალობის მიზნით ან პალიატიური დანიშნულებით. სამკურნალო ბრაქითერაპიის მიზანია, გაანადგუროს კიბოს უჯრედები და პაციენტი სრულად განკურნოს დაავადებისგან. ასეთ დროს დასხივება დიდი დოზებით მიმდინარეობს. პალიატიური ბრაქითერაპია კი პაციენტის მდგომარეობის შესამსუბუქებლად გამოიყენება – სისხლდენის შეჩერების ან/და ტკივილის გაყუჩების მიზნით. ამ შემთხვევაში, დოზები შედარებით მცირეა.
👉 კიბოს გამოკვლევა – გაიგეთ ყველაფერი თოდუას კლინიკაში წარმოდგენილ სადიაგნოსტიკო საშუალებებზე.
რომელი დაავადებების დროს გამოიყენება ბრაქითერაპია?
ბრაქითერაპია შეიძლება დაინიშნოს მთელი რიგი ონკოლოგიური დაავადებების დროს. ესენია:
- საშვილოსნოს ყელის კიბო, საშვილოსნოს ტანის, საშოსა და ვულვის სიმსივნე;
- სწორი ნაწლავის ამპულური ნაწილისა და ანალური არხის კიბო;
- პროსტატის კიბო;
- რბილი ქსოვილების სიმსივნეები (სარკომა);
- ძუძუს კიბო;
- საყლაპავის კიბო;
- ბრონქის კიბო;
- თავ-კისრის სიმსივნეები
- კანის სიმსივნეები;
როგორ ტარდება პროცედურა?
ბრაქითერაპიის ჩატარებამდე აუცილებელია, პაციენტი წინასწარ მომზადდეს და ჩაუტარდეს მას გაუტკივარება. კიბოს ლოკალიზაციის მიხედვით კეთდება ადგილობრივი, ზოგადი ან რეგიონული ანესთეზია. ასევე, წინასწარვე უნდა შედგეს დასხივების გეგმა რენტგენოლოგიური გამოსახულების დახმარებით, რაშიც უნდა განისაზღვროს დასასხივებელი უბნის საზღვრები და დოზები. ამისათვის, როგორც წესი, მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფებს იყენებენ.
👉 ჩაიტარე მრტ – MRI თოდუას კლინიკაში ზუსტი დიაგნოზის მისაღებად.
გეგმის შედგენის შემდეგ, დასხივება ვიზუალური ან ექოსკოპიური კონტროლით წარიმართება. ამასთან ერთად, აუცილებელია პაციენტის მეთვალყურეობა მთელი პროცედურის განმავლობაში.
თოდუას კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია Varian-ის ფირმის უახლესი თაობის ბრაქითერაპიული აპარატით GammaMedPlus iX-ით. ის უზრუნველყოფს დასხივების მაღალ სიზუსტესა და უსაფრთხოების მაღალ დონეს. ჩვენი ექიმები პროცედურებს სწორედ ამ უახლესი ტექნოლოგიის დახმარებით ატარებენ. აპარატის კიდევ ერთი უპირატესობა დაგეგმარების თანამედროვე და სწრაფი 3D სისტემაა, რაც საშუალებას იძლევა შედგეს ზუსტი გეგმა, კიდევ უფრო გაიზარდოს მკურნალობის ეფექტი და მოხდეს ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური დაცვა. თოდუას კლინიკა პაციენტებს გინეკოლოგიურ და კანის ბრაქითერაპიას სთავაზობს.
ბრაქითერაპია ამბულატორიულ რეჟიმში ტარდება. ერთი სესიის ხანგრძლივობა დაახლოებით 5-10 წუთია. პროცედურის დასრულების შემდე პაციენტი კლინიკაში რამდენიმე საათით ყოვნდება და ეწერება ბინაზე.
ბრაქითერაპიის უპირატესობები
ბრაქითერაპიას მრავალი უპირატესობა გააჩნია. პირველ რიგში, ის შესაძლებლობას იძლევა დასხივდეს დაზიანებული უბანი დიდი დოზებით. ეს კი აჩქარებს მკურნალობის პროცესს და ამცირებს საჭირო პროცედურების რაოდენობას. ამასთანავე, რადგანაც დასხივების პროცესი სპეციალისტის მიერ კონტროლდება, მინიმუმამდე იკლებს მიმდებარედ არსებული ჯანმრთელი ქსოვილებისა და სტრუქტურების დაზიანების რისკებიც. ბრაქითერაპიის კიდევ ერთი უპირატესობაა ისიც, რომ ის ამბულატორიულად ტარდება და არ ცვლის პაციენტის ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
საბედნიეროდ, დღეს მრავალი თანამედროვე მეთოდი არსებობს ისეთი სახიფათო დაავადებების ეფექტურად მკურნალობისთვის, როგორიც ავთვისებიანი სიმსივნეა. თუმცა კიბოს გართულებული ფორმების დროს, ხშირად, ვერც ამგვარი მეთოდებით მიიღწევა სასურველი შედეგები. გამოდის, რომ პროფილაქტიკასა და დაავადებების პრევენციას ალტერნატივა არ გააჩნია. ამიტომ ჩაიტარეთ სრული ჩექაფი თოდუას კლინიკაში და დროულად დაიწყეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.