დიაბეტური ტერფი და მისი მკურნალობა
შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და, ამასთან, თავიდან აცილებადი გართულებაა დიაბეტური ტერფი. ის შეიძლება დაიწყოს უმნიშვნელო ბზარით ან პატარა კოჟრით, მაგრამ მოუვლელობის შემთხვევაში გადაიქცეს ღრმა წყლულად, ინფექციად და მძიმე შემთხვევებში - კიდურის ამპუტაციის მიზეზად.
შესაბამისი მოვლა, სისხლში შაქრის დონის კონტროლი და დროული ვიზიტი ექიმთან განაპირობებს, თუ როგორ განვითარდება პროცესი: გართულდება თუ სრულად შეხორცდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დიაბეტიანმა პაციენტმა იცოდეს, რა არის დიაბეტური ტერფი, როგორ ვლინდება, როგორ ხდება დიაბეტური ტერფის მკურნალობა და რა შეიძლება გააკეთოს პროფილაქტიკისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რა არის დიაბეტური ტერფი?
დიაბეტური ტერფი არის შაქრიანი დიაბეტის გართულება, რომელიც ზემოქმედებს ტერფის კანზე, რბილ ქსოვილებზე, ნერვულ დაბოლოებებსა და სისხლძარღვებზე. შედეგად ვითარდება:
- ტკივილი ან, პირიქით, მგრძნობელობის თითქმის სრული დაკარგვა
- ჭრილობები, რომლებიც ნელა და რთულად ხორცდება
- წყლულები, ჩირქოვანი ინფექციები
- ძვლამდე და სახსრებამდე გავრცელებული დაზიანებები მძიმე შემთხვევებში
დიაბეტის ფონზე გლუკოზის მაღალი დონე აზიანებს ნერვულ დაბოლოებებს (დიაბეტური ნეიროპათია) და პერიფერიულ სისხლძარღვებს. ნერვების დაზიანებისას პაციენტი ხშირად ვეღარ გრძნობს ტკივილს, სიცხეს ან დისკომფორტს, ამიტომ მცირე ტრავმაც კი მაშინ იპყრობს მის ყურადღებას, როცა უკვე გართულებულია. სისხლძარღვების დაზიანებისას კი ტერფში სისხლის მიმოქცევა უარესდება და ჭრილობები უფრო ნელა ხორცდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიაბეტური ტერფი დიაგნოსტირდეს რაც შეიძლება ადრე, პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე. ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მკვეთრად ამცირებს ინფექციის გავრცელების, ძვლოვანი დაზიანებისა და ამპუტაციის რისკს.
როგორ ვლინდება დიაბეტური ტერფი - სიმპტომები და ადრეული ნიშნები
დიაბეტური ტერფი იშვიათად იწყება მოულოდენლად. უფრო ხშირად, პირველადი ნიშნები ნელა და თითქოს შეუმჩნევლად ფორმირდება. ეს შეიძლება იყოს: ტერფის დაბუჟება, სიცივე ან ჩხვლეტა. ასევე, ხშირია მგრძნობელობის დაქვეითება - ფეხი შეიძლება შეეხოს ცხელს, რაიმე დაიზინოთ, მაგრამ ნეიროპათიის გამო ტკივილი შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს, მიუხედავად მძიმე დაზიანებისა.
საყურადღებოა კანის სიმშრალე და აქერცვლა, ბზარები ქუსლზე ან თითებს შორის - მცირე ბზარებიც კი შეიძლება გახდეს ინფექციის წარმოშობის მიზეზი. დააკვირდით, ხომ არ გახასიათებთ ჭრილობების, კოჟრების ან ბუშტუკების ცუდად შეხორცება - ნაკაწრი, რომელიც ჯანმრთელ ადამიანთან რამდენიმე დღეში გაივლის, დიაბეტურ ტერფზე კვირებით რჩება.
თუ ამ ეტაპზე პაციენტი მიმართავს ექიმს, დიაბეტური ტერფის მკურნალობა გაცილებით მარტივი, ნაკლებად მტკივნეული და გაცილებით ეფექტურია.
გვიან სტადიებზე, როდესაც დიაბეტური ტერფი უკვე სერიოზული პრობლემაა, შეიძლება განვითარდეს:
- ღრმა წყლულები - ტერფის წვერზე, ქუსლზე ან თითების არეში ღრმა, ზოგჯერ მტკივნეული, ხანდახან თითქმის უმტკივნეულო ღია წყლულები;
- ჩირქოვანი დაზიანებები და ინფექცია - ჭრილობიდან ჩირქის გამოყოფა, გამომშრალი ან სველი ნეკროზი;
- ტერფის სიწითლე და შეშუპება - განსაკუთრებით ტერფის ერთ მხარეს, რაც ძლიერი ანთების ნიშანია;
- ტკივილი სიარულისას ან დასვენებისასაც - განსაკუთრებით სისხლძარღვების დაზიანებისას
- უსიამოვნო სუნი, რომელიც მძიმე ინფექციის ხშირი მაჩვენებელია
ამ სტადიაზე უკვე მაღალია ძვალში ინფექციის (ოსტეომიელიტის), სეფსისის და ამპუტაციის რისკი, ამიტომ დიაბეტური ტერფის მკურნალობა აუცილებელია. ასეთ დროს კი ოსტეომიელიტი ხშირად საჭიროებს ხანგრძლივ ანტიბიოტიკოთერაპიას და ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას.
დიაბეტური ტერფის მკურნალობა
დიაბეტური ტერფის მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადად მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ჭრილობის მოვლას, ინფექციის კონტროლს, ტერფზე დატვირთვის შემცირებას, სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციასა და საჭიროების შემთხვევაში - ქირურგიულ ჩარევას.
კონსერვატიული სამკურნალო გეგმა ხშირად მოიცავს ჭრილობის რეგულარულ მოვლას, რადგანაც საჭიროა დაზიანებული უბნის ყოველდღიური ან ექიმის მიერ გადაწერილი სიხშირით დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებითა და მალამოებით. ასევე, აუცილებელია ჭრილობის წმენდა, მკვდარი, ნეკროზული ქსოვილის ეტაპობრივი მოცილება, რათა კარგი, ჯანმრთელი ქსოვილი უკეთ შეხორცდეს.
სპეციალური სახვევები ასევე შეიძლება დაგინიშნონ, როგორც ტენიანობის ბალანსის შემნახველი, ანტიბაქტერიული ან შთანმთქმელი საშუალება, რომლებიც ხელს უწყობს შეხორცების პროცესს და იცავს ჭრილობას. სახვევის ტიპი შეირჩევა ჭრილობის ტენიანობისა და ინფექციის მდგომარეობის მიხედვით.
ტერფზე წნევის შემცირება კიდევ ერთი გზაა მდგომარეობის სამართავად - სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი, ზოგჯერ კი სპეციალური სახვევი ან თაბაშირის სისტემა, რომელიც ტერფის დაზიანებულ უბანზე წნევას ამცირებს.
საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, ძირითადად მაშინ, როცა ინფექცია ვითარდება. ანტიბიოტიკები შეიძლება იყოს როგორც ტაბლეტების, ისე ინექციების სახით - გამომწვევი მიკროორგანიზმისა და მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით.
დიაბეტის ნებისმიერი გართულების დროს გლუკოზის სტაბილური მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სწორედ ის განსაზღვრავს, როგორ მიმდინარეობს დიაბეტური ტერფის მკურნალობა - სწრაფად თუ ხანგრძლივი გართულებებით.
კონსერვატიული მეთოდები განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც დიაბეტური ტერფი დროულად არის აღმოჩენილი და ინფექცია არ არის ღრმად გავრცელებული.
თუმცა მძიმე, გახანგრძლივებული ან სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის დროს ხშირად საჭიროა ქირურგის ჩარევა:
- დაზიანებული ქსოვილების მოცილება - ამ დროს ქირურგი აშორებს მკვდარ, ინფიცირებულ ქსოვილს, რათა შემცირდეს ბაქტერიული დატვირთვა და გახსნას გზა შეხორცებისთვის;
- სისხლის მიმოქცევის აღდგენის ოპერაციები - ვასკულარული ქირურგიის ჩარევა (მაგალითად, სტენდირება, ბაიპასი), რომელიც მიზნად ისახავს პერიფერიული სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას და ჭრილობის შეხორცების დაჩქარებას;
- რეკონსტრუქციული ქირურგია - ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ქსოვილების გადანერგვა ან ტერფის ფორმის კორექცია, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ახალი წყლულები და ზედმეტი წნევა დაზიანებულ უბნებზე.
ყველა ქირურგიულ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალისტთა გუნდი, ინდივიდუალური რისკებისა და სარგებლის შეფასებით. ხშირად სწორედ სწორად დაგეგმილი ქირურგიული ჩარევა არის ის ფაქტორი, რომელიც პაციენტს კიდურის შენარჩუნებაში ეხმარება.
რას გულისხმობს დიაბეტური ტერფის მართვა მულტიდისციპლინური მიდგომით?
დღეს მსოფლიოში ოქროს სტანდარტად ითვლება მულტიდისციპლინური მიდგომა როდესაც პაციენტის მდგოამრეობის მართვაში მონაწილეობს რამდენიმე სპეციალისტი. მაგალითად, დიაბეტური ტერფის მართვაში შეიძლება მონაწილეობდეს:
- ენდოკრინოლოგი - დიაბეტის და გლოკუზის დონის მართვა;
- ქირურგი/ვასკულარული ქირურგი - ჭრილობის და სისხლძარღვოვანი პრობლემების გადაწყვეტა;
- ინფექციონისტი - რთული, გახანგრძლივებული ინფექციების მართვა;
- ორთოპედ-ტრავმატოლოგი, პოდოლოგი, ფიზიოთერაპევტი - ტერფის ბიომექანიკისა და დატვირთვის კორექცია, რეაბილიტაცია;
კვლევები აჩვენებს, რომ მულტიდისციპლინურ-გუნდური მიდგომა ამცირებს ამპუტაციების სიხშირეს და აუმჯობესებს პაციენტების შედეგებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიაბეტური ტერფის მკურნალობა ტარდებოდეს მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტებთან, მრავალპროფილურ, შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კლინიკაში.
როგორ ავიცილოთ დიაბეტური ტერფის განვითარება
დიაბეტური ტერფი, საბედნიეროდ, არ არის გარდაუვალი. სწორი პროფილაქტიკა ხშირად გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ყველაზე თანამედროვე მკურნალობა. აი, რამდენიმე რჩევა, რაც დიაბეტის მქონე პაციენტებს ყოველდღიურობაში შეუძლიათ, დანერგონ:
- ყოველდღიური ტერფის შემოწმება - დაბანის შემდეგ ყურადღებით შეამოწმეთ ტერფი, თითებს შორის არე, ქუსლები. თუ რთულია ყურება, გამოიყენეთ სარკე ან სთხოვეთ დახმარება ოჯახის წევრს.
- კომფორტული, რბილი ფეხსაცმლის ტარება - თავი აარიდეთ ვიწრო, არაკომფორტულ ფეხსაცმელს. სასურველია ორთოპედიული ფორმის, რბილი, კარგი ვენტილაციით.
- ტერფის კანის დატენიანება და ჰიგიენის დაცვა - გამოიყენეთ ნაზი საპონი, კარგად დაიბანეთ ფეხები, განსაკუთრებით თითებს შორის, შემდეგ დაიტენიანეთ ქუსლები და ტერფის ზედაპირი.
- მცირე ჭრილობების დაუყოვნებლივი დამუშავება - ნებისმიერი ნაკაწრი, ბუშტუკი ან ბზარი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით და დაიფაროს სუფთა სახვევით. თუ 1-2 დღეში შეხორცება არ შეიმჩნევა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
- შაქრის დონის რეგულარული კონტროლი - გლუკოზის სტაბილური მაჩვენებელი არის მთავარი ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად მაღალია გართულებების, მათ შორის, დიაბეტური ტერფის რისკი.
- პერიოდული ვიზიტი ენდოკრინოლოგთან ან ქირურგთან - რეგულარული პროფილაქტიკური კონსულტაციები, ტერფის პროფილაქტიკური შეფასება, საჭიროების შემთხვევაში - სისხლძარღვების გამოკვლევები.
პროფილაქტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვისაც ერთხელ უკვე ჰქონია დიაბეტური ტერფის ან წყლულის ეპიზოდი. ასეთი ადამიანები მომავალში კიდევ უფრო მაღალი რისკის ჯგუფში არიან.
დროული რეაგირების მნიშვნელობა
დიაბეტური ტერფი არის სერიოზული, მაგრამ მართვადი გართულება. ის არ იწყება ერთ დღეში - მის ჩამოყალიბებას წინ უძღვის ადრეული ნიშნები: ტერფის დაბუჟება, სიმშრალე, ბზარები, ნელა შეხორცებადი ჭრილობები. ამ ნიშნების დროული ამოცნობა და ექიმთან მიმართვა ყველაზე ეფექტური გზაა, რომ დიაბეტური ტერფის მკურნალობა არ დასრულდეს მძიმე ინფექციით ან ამპუტაციით.
დროული დიაგნოსტიკა, გლუკოზის დონის სტაბილური კონტროლი, ტერფზე დატვირთვის შემცირება, ჭრილობის სწორად მოვლა და მულტიდისციპლინური გუნდის ჩართვა - ეს არის ძირითადი ნაბიჯები, რომლებიც შანსს აძლევს პაციენტს, შეინარჩუნოს როგორც კიდური, ისე ცხოვრების ხარისხი.
საქართველოში თოდუას კლინიკაში შესაძლებელია დიაბეტური ტერფის დიაგნოსტიკა და მკურნალობა გამოცდილ ენდოკრინოლოგთა, ქირურგებისა და ინფექციონისტების გუნდთან ერთად. თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ და ტერფზე შეგინიშნავთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, ნუ დაელოდებით პრობლემის თავისთავად მოგვარებას - დროული კონსულტაცია სპეციალისტთან ყველაზე საიმედო ნაბიჯია თქვენი კიდურებისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
