დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა
თიაქარი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც გვხვდება როგორც ხანდაზმულ, ისე ახალგაზრდა პირებში. არცთუ იშვიათია თიაქარი ბავშვებში, მეტიც, არსებობს პათოლოგიის გარკვეული ფორმები, რომლებიც ძირითადად სწორედ ჩვილებსა და მცირეწლოვნებში ვითარდება.
ბლოგში შევეცდებით, უკეთ გაგაცნოთ დაავადების ძირითადი მახასიათებლები და მისი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ფორმა – დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი.
სარჩევი
რა არის თიაქარი?
ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში შესაძლოა არსებობდეს თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტი ხვრელის სახით, რომელთა გავლითაც მის სიახლოვეს მდებარე ორგანო კანქვეშა სივრცეში გამოდის ან დაზიანებული ქსოვილის შიგნით შედის. ამ პათოლოგიას თიაქარი ეწოდება. იმის მიხედვით, თუ სად არის ის ლოკალიზებული, განარჩევენ გარეთა და შიგნითა თიაქარს. გარეთა თიაქარი უმეტესად თვალისთვის ხილულია, რადგან ის ხშირად თავს გამობერილობის სახით იჩენს. შიგნითა თიაქარი კი არც თვალისთვის არის ხილული და არც ხელით გასინჯვით შეიგრძნობა, ამიტომ მისი დიაგნოსტირების ერთადერთი გზა ინსტრუმენტულ კვლევებია.
👉 ისარგებლეთ ჩექაფით და აღმოაჩინეთ დაავადება ადრეულ ეტაპზე
თიაქარი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ესენია: თიაქრის კარი, თიაქრის პარკი და თიაქრის შიგთავსი სხვადასხვა ორგანოს სახით.
თიაქარმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა არის ლოკაციები, რომლებზეც დაავადების წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია. ყველაზე გავრცელებული თიაქრების ჩამონათვალი კი ამგვარია:
- ეპიგასტრიუმის თიაქარი;
- საზარდულის თიაქარი;
- ჭიპის თიაქარი;
- ბარძაყის თიაქარი;
- ოპერაციის შემდგომი თიაქარი – წარმოიქმნება ოპერაციის შემდგომ დარჩენილი ნაწიბურის მიდამოში ან თავად თიაქარზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ;
- ხერხემლის თიაქარი;
- დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი და ა.შ.
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი
დიაფრაგმის საყლაპავი მილის თიაქარი შიგნითა თიაქრის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მის აღსანიშნავად ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა კუჭის თიაქარი, საყლაპავის თიაქარი და დიაფრაგმის თიაქარი.
იმის უკეთ გასაგებად, თუ რას წარმოადგენს კონკრეტულად დიაფრაგმის საყლაპავი მილის თიაქარი საჭიროა ადამიანის ანატომია მოვიშველიოთ. დიაფრაგმა მყეს-კუნთოვანი ძგიდეა, რომელიც გულმკერდის ღრუს მუცლის ღრუსგან გამოყოფს. იმისთვის, რომ ზედა და ქვედა სართულზე არსებულ ორგანოებს შორის კავშირი შენარჩუნდეს, დიაფრაგმის კუნთში რამდენიმე ხვრელია, რომლებშიც აორტა, ქვედა ღრუ ვენა და საყლაპავი გაივლის. სწორედ ხვრელიდან გამოსვლის შემდეგ უერთდება ზედა სართულზე მყოფი საყლაპავი მილი ქვედა სართულზე მყოფ კუჭს. სხვადასხვა მიზეზის გამო კუჭმა შესაძლოა ზემოთ ამოიწიოს და საყლაპავის ხვრელის გავლით გულმკერდში აღმოჩნდეს. ამ მდგომარეობას დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარს უწოდებენ.
👉 გაიცანით ჩვენი ექიმები და მიიღეთ კონსულტაცია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან.
განარჩევენ დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის სამ ტიპს – დაცურებულს, პარაეზოფაგურსა და შერეულს. პირველი მათგანი საყლაპავის ხვრელის თიაქრის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ დროს კუჭი საყლაპავითურთ ზემოთ მიცოცავს, რის გამოც შესაძლოა კუჭის ზედა ნაწილი საყლაპავის ხვრელის ზემოთ აღმოჩნდეს. პარაეზოფაგური თიაქარი უფრო იშვიათი, თუმცა შედარებით სახიფათოა. ამ შემთხვევაში საყლაპავი მილი და კუჭის ზედა ნაწილი თავის ადგილას რჩება, მაგრამ საყლაპავის ხვრელში ძვრება კუჭის ფუძე და საყლაპავის გვერდით იდებს ადგილს. აქედან მომდინარეობს მისი სახელიც, რადგან პარაეზოფაგური საყლაპავთან ახლოს მდებარეს ნიშნავს. ამ მდგომარეობის დროს შესაძლოა კუჭი შევიწროვდეს და დაირღვეს სისხლის მიწოდება, ამიტომ ასეთი დიაგნოზის დროს ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
რა იწვევს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარს?
დაავადების კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა გამოყოფენ მის ხელშემწყობ ფაქტორებს, ესენია:
- სხეულის ანატომიური თავისებურება – საყლაპავის ხვრელი ზოგჯერ ჩვეულებრივზე ფართოა;
- ასაკი – ის უმეტესად გავრცელებულია 50 წელს გადაცილებულ პირებში;
- მუცლის ღრუში წნევის მატება – ის შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ყაბზობით, ორსულობით, ჭარბი წონით,
- სიმძიმეების აწევით, ქრონიკული ხველით და ა.შ. ამ ფაქტორთა გავლენით მუცლის ღრუს ორგანოები ზემოთ ადის და დიაფრაგმას აწვება;
- დიაფრაგმის ტრავმა.
👉 მრავალპროფილური კლინიკა თოდუა გთავაზობთ სრულფასოვან დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ულტრათანამედროვე აპარატურით
თიაქრის სიმპტომები
საყლაპავის ხვრელის თიაქარი ზოგჯერ საერთოდ არ იწვევს ჩივილებს, ან იმდენად მსუბუქი და არასპეციფიკური სიმპტომებით ვლინდება, რომ შესაძლოა პაციენტს შეუმჩნეველი დარჩეს. მოზრდილი თიაქრის არსებობის შემთხვევაში კი, შემაწუხებელი ჩივილები გარდაუვალია. დიაფრაგმის საყლაპავის მილის თიაქრის ყველაზე ხშირ სიმპტომებს მიეკუთვნება:
- გულძმარვა – კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში მოხვედრის დროს ზიანდება ლორწოვანი გარსი და ქმნის წვის უსიამოვნო შეგრძნებას;
- ტკივილი გულმკერდის არეში – ის მკერდის ძვლის უკან შეიგრძნობა და ზოგჯერ შეტევითი ხასიათი აქვს. ტკივილი ძლიერდება წოლისას, მოხრისას, ფიზიკური დატვირთვისა და ჭამის შემდეგ. პაციენტმა შეიძლება ასევე იგრძნოს სიმძიმის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან;
- ბოყინი, სლოკინი, შებერილობა, ღებინება – საჭმლის მონელების დარღვევის მსგავსი სიმპტომები ხშირად ახლავს თან საყლაპავის ხვრელის თიაქარს;
- ყლაპვის გაძნელება ანუ დისფაგია – ამ დროს პაციენტს უჭირს ლუკმების გადაყლაპვა და უჩნდება წყლის დაყოლების მოთხოვნილება. ასევე, ჭამის დროს ხშირია გულზე დადგომის შეგრძნება;
- ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ქრონიკული ხველა, სუნთქვის გაძლება – ეს სიმპტომები უმეტესად დაავადების შორსწასულ ფორმას ახასიათებს.
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დიაგნოსტირება
დაავადებაზე ეჭვი კლინიკური ნიშნების საფუძველზე მიაქვთ, თუმცა ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ გამოვლენილი სიმპტომებით ვერ დაისმება. საქმე ისაა, რომ ჩივილები, რომლებიც საყლაპავის ხვრელის თიაქარს ახასიათებს, არასპეციფიკურია და ისინი შეიძლება მიანიშნებდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებსა და გულის პათოლოგიებზეც. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტირების პროცესს, რათა სწორად გამოირიცხოს მთელი რიგი დაავადებები. ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია ექიმის კვალიფიკაცია, ამიტომ გირჩევთ, თქვენი ჯანმრთელობა ანდოთ ჩვენი ცენტრის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებს. თუკი გსურთ, ვიზიტი კლინიკის ექიმთან გადადით ბმულზე და დაჯავშნეთ ის რამდენიმე წუთში.
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დიაგნოსტირებისთვის კომბინირებულად ორ ძირითად კვლევას მიმართავენ, ესენია რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმის სულფატით და ენდოსკოპია. პირველი კვლევის დროს პაციენტი სვამს სპეციალურ რენტგენოკონტრასტულ სითხეს, რომელიც გადაადგილდება საყლაპავიდან კუჭის მიმართულებით და სპეციალისტს რენტგენოლოგიურად არაკონტრასტული უბნების დანახვისა და შეფასების შესაძლებლობას აძლევს.
რაც შეეხება ენდოსკოპიას, ის არათუ საყლაპავის ხვრელის თიაქრის, არამედ სხვა მრავალი დაავადების დიაგნოსტიკის შეუცვლელი მეთოდია. ამ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დათვალიერება მცირე კამერით აღჭურვილი გრძელი მილის მეშვეობით ხდება, რომელიც ორგანიზმში პირის ღრუს გავლით ხვდება. თოდუას კლინიკა აღჭურვილია OLYMPUS-ისა და Fujifilm-ის უახლესი თაობის ენდოსკოპიური აპარატით, რომელიც იძლევა მაღალი გარჩევადობის სურათს და აქვს ისეთი ინოვაციური მახასიათებლები, რომლებიც სპეციალისტს დაავადების დეტალურად შესწავლასა და ზუსტი დიაგნოზის დასმაში ეხმარება. გარდა ამისა, თოდუას კლინიკაში თითოეული ენდოსკოპიური კვლევა და ოპერაცია CD დისკზე ვიდეოფაილისა და ფოტოსურათების სახით იწერება, რაც ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც უმნიშვნელოვანესია.
საჭიროების შემთხვევაში, საყლაპავის ხვრელის თიაქრის დიაგნოსტიკისთვის ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სხვა ტიპის გამოკვლევებიც, როგორებიცაა ეზოფაგომანომეტრია საყლაპავის შეკუმშვის თვისებების განსასაზღვრად ან/და სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად.
დაავადების მკურნალობა
თუ დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი არ იწვევს დისკომფორტს და არ უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხეს, შესაძლოა მკურნალობა საერთოდ არ ჩატარდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ თიაქარი შემაწუხებელია ან არის დიდი ზომის, აუცილებელია, მკურნალობის დანიშვნა.
თიაქარს მკურნალობენ როგორც მედიკამენტურად, ისე ქირურგიულად. როგორც წესი, პირველ ეტაპზე მჟავადამრთგუნველი პრეპარატები ინიშნება, რომლებიც მჟავიანობის დაქვეითებასთან ერთად, ხელს უწყობს საყლაპავის სფინქტერის გაძლიერებას. თუ მედიკამენტურმა მკურნალობამ სასურველი შედეგი არ გამოიღო, აუცილებელია, ქირურგიული ჩარევა. დიაფრაგმის საყლაპავის მილის თიაქრის ოპერაციას ფუნდოპლიკაცია ეწოდება, რა დროსაც ხდება კუჭის ფუნდალურ ნაწილზე (ფსკერზე) საყლაპავის შემოკრება და კუჭის ფიქსაცია. ოპერაციის შედეგად, ასევე, ვიწროვდება დიაფრაგმის ხვრელიც, რაც კუჭს ზემოთ ასვლაში უშლის ხელს. ფუნდოპლიკაცია ძირითადად ლაპარასკოპიულად ტარდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რეაბილიტაციისთვის საჭირო დროს.
👉 გადადით ბმულზე და იხილეთ სრულად თოდუას კლინიკის სამედიცინო სერვისები.
მკურნალობის პარალელურად აუცილებელია ცხოვრების წესის ცვლილება და სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინება. პირველ რიგში, სასურველია კვების მოწესრიგება – პაციენტმა უარი უნდა თქვას მჟავე, ცხიმიან და შემწვარ საკვებზე, ასევე, ძმარზე, ალკოჰოლზე, კოფეინზე, გაზიან სასმელებზე და სხვა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მჟავიანობის გაზრდას უწყობს ხელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხშირი და მცირე ულუფებით კვება. ჭამის შემდეგ კი არ არის მიზანშეწონილი წამოწოლა. წოლის დროს სასურველია თავი მაღალ სასთუმალზე მოთავსდეს, დაახლოებით 30 გრადუსით დახრილი კუთხით. პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ჭარბი წონა, მნიშვნელოვანია, იზრუნონ წონის დაკლებაზე. ასევე, თუ არსებობს ყაბზობისა და შებერილობის პრობლემა, აუცილებელია მისი მკურნალობა. გარდა ამისა, სპეციალისტები დიაფრაგმის საყლაპავის მილის თიაქრის მქონე პირებს ურჩევენ ერიდონ სიმძიმეების აწევას, უარი თქვან თამბაქოზე, არ ჩაიცვან მჭიდრო ტანსაცმელი და, ზოგადად, შეეცადონ თავიდან აიცილონ ყველა ის ფაქტორი, რაც თიაქრის განვითარების რისკს ზრდის.
👉 გაეცანით პარტნიორი სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალს და ისარგებლეთ თანაგადახდით
გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა წარმატებული იყოს მედიკამენტური თუ ქირურგიული მკურნალობა, მნიშვნელოვანია, შემდგომშიც დაიცვათ სპეციალისტების რეკომენდაციები და იზრუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაზე. ამგვარად შეძლებთ დაავადების რეციდივის თავიდან აცილებასა და ცხოვრების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.