ელექტროლიტები - ნორმა და ანალიზი

03/06/2026

ჩამონათვალი, ნორმა და ანალიზი

ელექტროლიტები არის მინერალები სისხლში, რომლებიც ელექტრულ მუხტს ატარებენ და ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს არეგულირებენ. ძირითადი ელექტროლიტები ჩამონათვალი ასეთია: ნატრიუმი (Na), კალიუმი (K), იონიზებული კალციუმი (Ca), ქლორიდი (Cl) და ბიკარბონატი. ელექტროლიტების ანალიზი სისხლის ბიოქიმიური კვლევის ნაწილია.

 

ელექტროლიტების დისბალანსს საწყის ეტაპზე მკვეთრი სიმპტომები არ ახლავს. ხშირად ცვლილებები ნელა ვითარდება და ორგანიზმი გარკვეული დროით მათ კომპენსირებას ახერხებს. ელექტროლიტები: ნატრიუმი, კალიუმი და სხვა მინერალები ნერვების, კუნთებისა და გულის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია.

 

ელექტროლიტების დონის დარღვევა ნიშნავს, რომ ორგანიზმში სითხისა და მინერალების ბალანსი შეცვლილია. სწორედ ეს იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები, გულის რიტმის ცვლილება ან თავბრუსხვევა. მძიმე შემთხვევებში, დისბალანსმა შეიძლება გულისა და ნერვული სისტემის მუშაობაზეც იმოქმედოს.

 

ელექტროლიტების კონტროლის ერთ-ერთი გზა სისხლის ანალიზია. მისი პერიოდულად ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ ხშირად გაქვთ ღებინება, დიარეა, ინტენსიურად ვარჯიშობთ ან შარდმდენ პრეპარატებს იღებთ. ელექტოლიტების გაზომვა შეიძლება საჭირო იყოს შარდშიც განსაკუთრებით თირკმლის ან გულის ზოგიერთი დაავადების და ელექტროლიტების ბალანსის გამოხატული დარღვევის დროს. 

 

რა არის ელექტროლიტები?

 

ელექტროლიტები არის მინერალები, რომლებსაც ელექტრული მუხტი აქვთ. ისინი სისხლში, შარდში, ქსოვილებსა და უჯრედებში იონების სახით არსებობენ.

 

ეს მინერალები ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ქიმიურ პროცესებში მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ელექტროლიტების გარეშე ჩვენი სხეული, როგორც „ელექტრონული სისტემა“, ფუნქციონირებას შეწყვეტდა. მათ რამდენიმე ძირითადი ფუნქცია აქვთ. ახლა სწორედ ამაზე მოგიყვებით. 

 

წყლის ბალანსის რეგულირება - რა რაოდენობის სითხე უნდა დარჩეს უჯრედის შიგნით და რა მის გარეთ - ამას ელექტროლიტები აკონტროლებენ. ეს პროცესი ჰიდრატაციისთვისაა მნიშვნელოვანი.

 

ნერვული იმპულსების გადაცემა - ჩვენი ნერვული სისტემა ელექტრული სიგნალების მეშვეობით მუშაობს. ელექტროლიტები ​გამტარობას უზრუნველყოფენ, რათა ტვინმა ორგანოებთან ბრძანებების გაგზავნა შეძლოს.

 

კუნთების შეკუმშვა - კალციუმი და კალიუმი აუცილებელია, რათა კუნთოვანმა ბოჭკოებმა შეკუმშვა და მოდუნება შეძლონ. ეს როგორც ჩონჩხის კუნთებს, ისე გულსაც ეხება.

 

გულის რითმის რეგულირება - კალიუმისა და მაგნიუმის სტაბილური დონე განსაზღვრავს, რამდენად თანაბრად და რიტმულად ცემს ჩვენი გული.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ბალანსი? 

 

ორგანიზმში ელექტროლიტების რაოდენობა ძალიან ვიწრო დიაპაზონში უნდა მერყეობდეს. უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი გადახრა სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

 

დეფიციტი - ხშირია ინტენსიური ოფლიანობის, ღებინების ან დიარეის დროს. სიმპტომებია: კუნთების სპაზმი, სისუსტე და თავბრუსხვევა.

 

სიჭარბე - ხშირად თირკმლის ფუნქციის დარღვევას უკავშირდება. ჭარბი ელექტროლიტების გამოდევნაზე სწორედ ეს ორგანოა პასუხისმგებელი. ამან შესაძლოა გულის რითმის დარღვევები ან არტერიული წნევის ცვლილება გამოიწვიოს.

 

ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საჭიროებს.

 

ელექტროლიტები - ჩამონათვალი და ნორმა სისხლში

 

ელექტროლიტების ნორმა

 

ელექტროლიტების დისბალანსის ნიშნები

 

როდესაც ელექტროლიტების ნორმა ირღვევა, ორგანიზმს თავისი პასუხი აქვს. პრობლემა ისაა, რომ სიგნალები ხშირად სხვა დაავადებებსაც ჰგავს. ამიტომ ელექტროლიტები ანალიზი აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ.

 

კალიუმის მომატება ან შემცირება გულის არითმიას, კუნთების არეში სისუსტეს და კრუნჩხვებს იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები შეიძლება უმნიშვნელო მოგეჩვენოთ, მაგრამ ელექტროკარდიოგრამაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩნდება. ამიტომ კალიუმის მომატების ან შემცირების დროს სასურველია კარდიოლოგთან ვიზიტი.

 

ნატრიუმი ორგანიზმში სითხის განაწილებას არეგულირებს. მისი დარღვევა უმეტესწილად ნევროლოგიური სიმპტომებით ვლინდება. ესენია: თავბრუსხვევა, დაბნეულობა, ორიენტაციის დაკარგვა. ნატრიუმის შემცირება ხშირად შეშუპებასაც იწვევს. მომატება კი, პირიქით, ძლიერ წყურვილსა და გამოფიტვის შეგრძნებას.

 

კალციუმი გულის მუშაობაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი დაბალი დონე კრუნჩხვებს, კუნთების ჩხვლეტა-დაბუჟებას და ძვლის სიმკვრივის დაქვეითებას იწვევს. მომატებას სისუსტის, გულისრევის, ზოგჯერ გულის რითმის დარღვევსის გამოწვევაც შეუძლია. კალციუმის დარღვევა ხშირად პარათირეოიდული ჯირკვლებისა და D ვიტამინის ცვლის პრობლემებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია სასურველია.

 

თუ ამ სიმპტომებიდან რამდენიმე ერთდროულად გაქვთ ან რომელიმე ჩივილი ძალიან გაწუხებთ, სპეციალისტს მიმართეთ. ელექტროლიტების ანალიზი მარტივი ტესტია, რომელიც სწრაფ პასუხს იძლევა.

 

სისხლის გაზები და ელექტროლიტები - რა ანალიზია?

 

ელექტროლიტების ჩვეულებრივი ანალიზი და სისხლის გაზების ანალიზი ერთი და იგივე არ არის, თუმცა ხშირად ერთად კეთდება.

 

რამდენად ეფექტურად ახერხებს ორგანიზმი ჟანგბადის გადატანას, ნახშირორჟანგის გამოყოფასა და სისხლის ქიმიური ბალანსის შენარჩუნებას - ამის გაგება სწორედ სისხლის გაზების (ABG) კვლევის საშუალებითაა შესაძლებელი.

 

ელექტროლიტების ანალიზისთვის ძირითადად ვენური სისხლი გამოიყენება. ვენური ან კაპილარული სინჯი გარკვეული პარამეტრების შეფასებისთვის გამოიყენება, თუმცა ჟანგბადის სტატუსის ყველაზე ზუსტ შეფასებას არტერიული სისხლი იძლევა. 

 

სისხლის გაზების ანალიზი ხშირად გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. მაგალითად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ასთმის გამწვავებისა და ფილტვის ემბოლიის დროს. იგი ასევე ინიშნება თირკმლის ქრონიკული დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის გართულებებისას, ასევე ინტენსიურ თერაპიაში პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისთვის.

 

გაზები და ელექტროლიტები ანალიზი როდისაა საჭირო ამას ექიმი განსაზღვრავს. 

 

ვის ესაჭიროება ელექტროლიტების ანალიზი?

 

ელექტროლიტების ბალანსის კონტროლი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვისას მნიშვნელოვანია. ეს კვლევა განსაკუთრებით რეკომენდებულია შემდეგი ჯგუფებისთვის:

 

  • თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტები - ელექტროლიტების ფილტრაციასა და ბალანსზე თირკმლებია პასუხისმგებელი. ამიტომ, ნებისმიერი დარღვევისას აუცილებელია ნეფროლოგის მეთვალყურეობა;
  • გულის დაავადებები და დიურეტიკების მიღება - გარკვეული მედიკამენტები (შარდმდენები) ორგანიზმიდან კალიუმსა და ნატრიუმს გამოდევნიან, რაც გულის რითმის დარღვევის რისკს ზრდის;
  • დიაბეტიანი პაციენტები - სისხლში შაქრის მაღალი დონე, შარდთან ერთად, სითხისა და ელექტროლიტების ჭარბ კარგვას იწვევს;
  • მწვავე დეჰიდრატაცია - ხშირი ღებინების, დიარეის ან მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმი სასიცოცხლო მინერალებს კარგავს. მათი აღდგენა კი საჩქაროა; 
  • სპორტსმენები - ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისა და ჭარბი ოფლიანობისას ელექტროლიტების მარაგი შესაძლოა სწრაფად შემცირდეს;
  • ხანდაზმულები - ასაკთან ერთად, წყურვილის შეგრძნება ქვეითდება, რაც დისბალანსის რისკს ზრდის;
  • ორსულები - ორგანიზმში სითხის მოცულობის ცვლილება ხშირად მინერალური ბალანსის მონიტორინგს მოითხოვს.

 

თუ ამ რომელიმე ჯგუფში ხართ, სასურველია, სამედიცინო ცენტრს მიმართოთ და კვლევები ჩაიტაროთ. 

 

ელექტროლიტების ანალიზი თოდუას კლინიკაში - როგორ უნდა მოემზადოთ?

 

თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ კვლევის სიზუსტე დიდწილად სწორ მომზადებაზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ უტყუარი შედეგი მიიღოთ, შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ:

 

  • კვების საკითხი - მისაღებია მსუბუქი უზმოობა, გადატვირთვის გარეშე;
  • სასმელი - წინა დღეებში ჩვეულებრივ უნდა იღებდეთ სითხეებს, რათა ბუნებრივი ფონი იყოს;
  • კომპლექსური შემოწმება - სრული სურათის დასანახად, ექიმები ხშირად გვირჩევენ, ელექტროლიტების ანალიზთან ერთად, ჩაბარდეს: კრეატინინი, შარდოვანა და სისხლის საერთო ანალიზი.

 

თოდუას კლინიკაში ელექტროლიტების კვლევა ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემებით სრულდება, რაც ანალიზის სანდოობას უზრუნველყოფს. ანალიზის ჩაბარება ნებისმიერ დროს, სამუშაო საათებში, შეგიძლიათ. პაციენტებს კლინიკის სამივე ფილიალი ემსახურება. 

 

ჩააბარეთ ელექტროლიტების ანალიზი თოდუას კლინიკაში. დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 57 57 57.

 

 

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ელექტროლიტები და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი შემოწმება? 

ელექტროლიტები სისხლში არსებული მინერალებია, რომლებიც წყლის ბალანსს, გულის რითმს, კუნთებისა და ნერვების მუშაობას არეგულირებენ. მათი დისბალანსი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. განსაკუთრებით კალიუმის მკვეთრი მომატება ან შემცირება. ქრონიკული დაავადებებისა და გარკვეული ტიპის მედიკამენტების მიღების დროს ელექტროლიტების რეგულარული კონტროლი მნიშვნელოვანია.

 

რა შედის ელექტროლიტების ანალიზში? 

როდესაც ჩვენთან პაციენტი შემოდის სისხლში ელექტროლიტების ანალიზისთვის კეთდება ნატრიუმი (Na), კალიუმი (K), იონიზებული კალციუმი (Ca) და ქლორიდი (Cl). მხოლოდ ის, რაც იონებია.  

 

რა ღირს ელექტროლიტების ანალიზი? 

ელექტროლიტები ანალიზი ფასი დამოკიდებულია კვლევის ტიპზე. ღირებულების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 57 57 57.

გაზიარება