ჰიპერტენზია - დიაგნოსტიკა და მკურნალობა

24/04/2026

ჰიპერტენზია - დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ჰიპერტენზია - მაღალი არტერიული წნევა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სისხლის წნევა არტერიების კედლებზე მუდმივად მომატებულლია, რაც გულის ზედმეტად დატვირთვასა და სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ ის ხშირად შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაციაზე რეგულარულად მიხვიდეთ. 

არტერიული ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს ზრდის და მკურნალობის გარეშე შეიძლება მძიმე შედეგებით დასრულდეს. ის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უმარავ ადამიანს აწუხებს. ხშირად მას „ჩუმ მკვლელსაც“ უწოდებენ, რადგან უსიმპტომოდ მიმდინარეობს ხოლმე. 

ჰიპერტენზიის განვითარება ხშირად დამოკიდებულია როგორც გენეტიკურ ფაქტორებზე, ისე ცხოვრების სტილზე. სწორედ ამიტომ, რისკების შემცირება მხოლოდ ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებითა და რეგულარული სამედიცინო კონტროლითაა შესაძლებელი.

რა არის ჰიპერტენზია, როგორია დიაგნოსტიკია და მკურნალობის გზები, მდგომარეობის - ჰიპერტენზია სიმპტომები, როდის უნდა მიმართოთ ექიმს - ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებს პასუხი ბლოგში გაეცემა. 

 

არტერიული ჰიპერტენზია სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ დროულად?

 

აღსანიშნავია, რომ ჰიპერტენზია ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომაც, დროული დიაგნოსტიკა რეგულარული კონტროლითაა შესაძლებელი. მაღალი წნევის იგნორირება ისეთი სერიოზული გართულებების რისკს ზრდის, როგორიცაა მაგალითად, ინსულტი, გულის დაავადებები და თირკმლის დაავადებები.

არსებობს სიმპტომები, რომლებიც ძალიან მაღალი წნევის დროს (როგორც წესი, 180/120 ან მეტი) შესაძლოა გამოვლინდეს. ესენია:

  • ტკივილი გულმკერდში;
  • თავბრუსხვევა და სუნთქვის გაძნელება;
  • გულისრევა და ღებინება;
  • ხმაური ყურებში და ცხვირიდან სისხლდენა;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • შფოთვა და გონების არევა;
  • მხედველობის გაუარესება ან ცვლილება;
  • გულის რიტმის დარღვევა.

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დროული დიაგნოსტიკა და სპეციალისტის ჩარევა გართულებების რისკს თავიდან აგაცილებთ. 

ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არტერიული წნევა იწერება ორი ციფრით. პირველი (სისტოლური) ციფრი აღნიშნავს წნევას სისხლძარღვებში გულის შეკუმშვის დროს, ხოლო მეორე (დიასტოლური) ციფრი აღნიშნავს წნევას სისხლძარღვებში გულის მოსვენების დროს (შეკუმშვებს შორის).

 

რა არის ესენციური ჰიპერტენზია და რით განსხვავდება მეორადისგან?

 

ესენციური ჰიპერტენზია (იგივე პირველადი ჰიპერტენზია) არის მაღალი არტერიული წნევის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელსაც ერთი კონკრეტული, მკაფიოდ იდენტიფიცირებადი სამედიცინო მიზეზი არ გააჩნია. ის ხშირად გენეტიკური წინასწარგანწყობით, ცხოვრების სტილით, არაჯანსაღი კვებით ან სტრესითაა გამოწვეული.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის წნევა, რომელიც დროთა განმავლობაში თავისით ვითარდება და სხვა რომელიმე ორგანოს (მაგალითად, თირკმლის ან ფარისებრი ჯირკვლის) დაავადება არ განაპირობებს.

მეორეს მხრივ, მეორადი ჰიპერტენზია არის არტერიული წნევის მომატება, რომელსაც ისეთი კონკრეტული მიზეზი აქვს, როგორიცაა თირკმლის დაავადება, ჰორმონალური დარღვევები ან სისხლძარღვთა პრობლემები. ამ ტიპის ჰიპერტენზია შეიძლება დადგინდეს სპეციალური კვლევებით. ასევე შესაძლოა დაინიშნოს თირკმლის ექოსკოპია (მეორადი ჰიპერტენზიის გამოსარიცხად). ეს ყველაფერი ექიმს მიზეზების გაგებაში ეხმარება. 

უფრო კონკრეტულად, ესენციური ჰიპერტენზიის გამომწვევი შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს:

  • გენეტიკა - ოჯახში ჰიპერტენზიის შემთხვევების არსებობა;
  • ცხოვრების წესი – მარილიანი საკვების მიღება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, სტრესი.

ესენციური ჰიპერტენზიის დროული მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი გართულებების რისკს, როგორიცაა გულის ინფარქტი, ინსულტი და თირკმლის პრობლემები.

 

არტერიული ჰიპერტენზია მკურნალობა და დიაგნოსტიკა 

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არტერიული ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.  სწორედ ამიტომ, მისი დროული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველი ნაბიჯი არტერიული წნევის რეგულარულად გაზომვაა. თუ წნევის მაჩვენებელი განმეორებით მაღალია, ექიმი დამატებით კვლევებს დაგინიშნავთ, რათა მიზეზები დადგინდეს და გართულებების რისკი შეფასდეს.

კონსულტაციის დროს ექიმი - თერაპევტი ან კარდიოლოგი კომპლექსურ შეფასებას ატარებს. ის პაციენტის გენეტიკას, ცხოვრების წესს და კვების ჩვევებს იკვლევს. შემდეგ კი, ფიზიკურად სინჯავს მას - უსმენს გულსა და ფილტვებს, ამოწმებს პულსს. გარდა ამისა, რისკებსაც აფასებს. კერძოდ, ადგენს პაციენტს ისეთი დაავადებები ხომ არ აქვს, რომლებიც წნევაზე მოქმედებს.

როგორც წესი, შემდეგი კვლევები ინიშნება: 

რაც შეეხება ჰიპერტენზიის მკურნალობას, ის ცხოვრების სტილის შეცვლას, მედიკამენტურ კონტროლს და რეგულარულ მონიტორინგს მოიცავს. უფრო კონკრეტულად, ცხოვრების წესის ცვლილება მარილის შემცირებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, ალკოჰოლის შეზღუდვას და სტრესის კონტროლს გულისხმობს. მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება დიურეტიკების, ACE ინჰიბიტორებს ან ბეტა-ბლოკატორების გამოყენებას მოიცავდეს. გაითვალისწინეთ, რომ ისინი ინდივიდუალურად, ექიმის მეთვალყურეობით ინიშნება.

 

როგორ აკონტროლოთ წნევა ყოველდღიურად?

 

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰიპერტენზიის კონტროლი გართულებების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. არსებობს რამდენიმე რამ, რაც შეიძლება გააკეთოთ.

დიეტა - მარილის შემცირება

წნევის ეფექტური კონტროლისთვის აუცილებელია მარილის შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ დღე-ღამეში მარილის 5 გრამზე ნაკლები რაოდენობის მიღებაა რეკომენდებული. მნიშვნელოვანია ასევე საკვების ბალანსი. საკვებ რაციონში ბევრი ხილი, ბოსტნეული და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები უნდა ჩართოთ.

ფიზიკური აქტივობა

რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, როგორიცაა სირბილი ან სწრაფი სეირნობა, ხელს უწყობს წნევის შემცირებას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას.

სტრესის მართვა

არტერიულ წნევას ხშირად სწორედ სტრესი ზრდის. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სტრესის მართვა ისწავლოთ, საკმარისად გამოიძინოთ და საჭიროების შემთხვევაში, სუნთქვითი ვარჯიშები გააკეთოთ.

რეგულარული კონტროლი

ხშირად, წნევის მუდმივი მონიტორინგი გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, ჰიპერტენზიის დიაგნოზს ერთჯერადი მაღალი მაჩვენებლის საფუძველზე არ სვამენ. საჭიროა, წნევის გადამოწმება. 

 

როდის უნდა მიმართოთ კარდიოლოგს?

 

არტერიული ჰიპერტენზია დროულ შეფასებას და სპეციალისტის ჩართულობას საჭიროებს, რადგან უყურადღებოდ დატოვებულმა მაღალმა წნევამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. არსებობს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც კარდიოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ისეთი მუდმივი სიმპტომები გაქვთ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი ან სისუსტე. ეს ნიშნები შეიძლება როგორც ჰიპერტენზიაზე, ისე მის გართულებებზე მიუთითებდეს.

ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მაღალ მაჩვენებლებს. თუ არტერიული წნევა განმეორებით აღემატება 140/90 მმ ვწყ. სვ. ეს უკვე პროფესიონალურ შეფასებასა და შესაბამის მკურნალობას საჭიროებს.

დროული კონსულტაციის საშუალებით, შესაძლოა თავიდან აირიდოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა ინფარქტი ან ინსულტი.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თოდუას კლინიკის კარდიოლოგიური დეპარტამენტი კვალიფიციური, გულისხმიერი ექიმებითაა დაკომპლექტებული. ადამიანებით, რომლებმაც თავიანთი საქმე კარგად იციან და პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

დაგვიკავშირდით და დაგეგმეთ ვიზიტი კარდიოლოგთან: 032 2 57 57 57

 

ხშირად დასმული კითხვები - FAQ

 

შესაძლებელია თუ არა ჰიპერტენზიის სრული განკურნება?

ესენციური ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. მისი სრული „მოცილება“ უმეტესწილად შეუძლებელია, თუმცა სწორი მართვის პირობებში პაციენტი ცხოვრობს სრულფასოვნად, ნორმალური წნევის მაჩვენებლებით. მეორადი ჰიპერტენზიის დროს კი, გამომწვევი დაავადების განკურნებამ შესაძლოა წნევის ნორმალიზება გამოიწვიოს.

 

თუ თავს კარგად ვგრძნობ, შემიძლია თუ არა წნევის წამლის შეწყვეტა?

არა. ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომ კარგად ყოფნა არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქრა. წამლის თვითნებური შეწყვეტა წნევის მკვეთრ მატებას იწვევს, რაც კრიტიკული გართულებების რისკს ზრდის. ასევე გახსოვდეთ, რომ კონკრეტული მედიკამენტის დოზის ცვლილება მხოლოდ ექიმის კომპეტენციაა.

 

როგორ განისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა და რას გვეუბნება არტერიული ჰიპერტენზია გაიდლაინი?

თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების მიხედვით, არტერიული ჰიპერტენზია გაიდლაინი განსაზღვრავს მკურნალობის კონკრეტულ ეტაპებს პაციენტის რისკ-ფაქტორების მიხედვით. თუ წნევა 140/90-ზე მაღალია, გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს, ცხოვრების წესის შეცვლასთან ერთად, მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყებას. ეს მნიშვნელოვანია, რათა თავიდან აიცილოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთი გართულებები, როგორიცაა ინსულტი და ინფარქტი.

გაზიარება