გასტრიტი და მისი მართვის გზები
რთულია მოიძებნოს ადამიანი, რომელიც არასდროს შეუწუხებია მუცლის შებერილობას, კუჭის ტკივილს, გულძმარვას ან რაიმე სახის დისკომფორტს კუჭის არეში. ზოგიერთისთვის მსგავსი ჩივილები ჩვეულებრივიც კია, ზოგს კი მხოლოდ იშვიათად თუ ახსენებს თავს. რაც არ უნდა იყოს, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები თუ დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო მოსახლეობაში. მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გასტრიტის შემთხვევებია.
რა არის გასტრიტი, როგორ უნდა ამოვიცნოთ მისი ნიშნები და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი მის შემაწუხებელ ჩივილებს? – თოდუას კლინიკის ამ ბლოგში საჭმლის მომნელებელი სისტემის ამ გავრცელებულ პრობლემაზე დეტალურად მოგიყვებით.
სარჩევი
რა არის გასტრიტი?
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ატარებდეს ქრონიკულ ხასიათს. მწვავე გასტრიტი, როგორც წესი, მოულოდნელად და მძიმე ჩივილებით იჩენს ხოლმე თავს და გრძელდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ის შეიძლება უეცარმა სტრესულმა მდგომარეობამ, რაიმე ტიპის პროდუქტის მიღებამ, ბაქტერიით ინფიცირებამ ან სხვა ფაქტორებმა გამოიწვიოს.
ქრონიკული გასტრიტი კი გრძელვადიანი მდგომარეობაა – ხშირად ის თვეებისა და წლების განმავლობაში აწუხებს პაციენტს, ახასიათებს პერიოდული რემისიები და გამწვავებები. ქრონიკული გასტრიტი, უმეტესად, ნელ-ნელა ვითარდება, ხშირად ის ასოცირებულია ჰელიკობაქტერ პილორით გამოწვეულ ინფექციასთან, ავტოიმუნურ დაავადებებთან, კუჭის ლორწოვანი გარსის გამღიზიანებლების (როგორებიცაა ალკოჰოლი, თამბაქო, ზოგიერთი ტიპის საკვები) ხშირ და ხანგრძლივად მოხმარებასთან.
აქვე გაცნობებთ, რომ თოდუას კლინიკაში ხელმისაწვდომია სამედიცინო შემოწმების სერვისი - ჩექაფი (Check-Up). დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
რა იწვევს დაავადებას?
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის დამცველობითი ფუნქციის შესუსტების დროს ვითარდება. აღსანიშნავია, რომ დამცველობითი ფუნქციის მოშლა არა მხოლოდ ანთებით პროცესებს იწვევს, არამედ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ სხვა დაავადებებსაც.
გასტრიტის გამომწვევი მთავარი მიზეზებია:
- ჰელიკობაქტერ პილორი (Helicobacter Pylori) – ეს არის ბაქტერია, რომელიც ასუსტებს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცველობით ფუნქციას და ანთებით პროცესებს უწყობს ხელს.
- ჰელიკობაქტერ პილორის გარდა, გასტრიტის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს სხვა ტიპის ბაქტერიები და ვირუსებიც, როგორებიცაა სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, მარტივი ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი და სხვა.
- სტრესი – ის გასტრიტის ერთ-ერთი პირველი გამომწვევი მიზეზია. საქმე ისაა, რომ სტრესული ფაქტორები კუჭის მიერ მჟავის სეკრეციას აძლიერებს, რაც კუჭის ლორწოვანი შრის დაზიანებასა და მრავალი პრობლემის პროვოცირებას ახდენს. უკანასკნელ პერიოდში საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებისა და სტრესის ურთიერთკავშირის საკითხს სამეცნიერო წრეებში კიდევ უფრო ინტენსიურად შეისწავლიან.
- ალკოჰოლური სასმელები – მათი ხშირად და ჭარბად მოხმარება კუჭის გაღიზიანებას იწვევს, რამაც შეიძლება გასტრიტის ჩამოყალიბებამდე მიგიყვანოთ. ალკოჰოლთან ერთად დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მწეველობაც.
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები – ზოგიერთი ტიპის პრეპარატების ხანგრძლივად მოხმარება, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ამ მედიკამენტებს განეკუთვნება ასპირინი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი და სხვა.
გასტრიტის სიმპტომები
გასტრიტის ნიშნები და მისი სიმწვავე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. ზოგჯერ ის სიმპტომებით საერთოდ არ ვლინდება. მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით გამოწვეულ გასტრიტს კლინიკური ნიშნები ხშირად არ ახასიათებს.
სიმპტომები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება:
- კუჭის ტკივილი – ის გასტრიტის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. პაციენტები ხშირად მას, როგორც მღრღნელ ტკივილად, ისე აღწერენ. დაავადებისთვის, ასევე, დამახასიათებელია წვის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც შეიძლება იყოს საკვების მიღებამდე ან/და ღამით მშიერ კუჭზე.
- მუცლის შებერილობა და დისკომფორტი – გაზების დაგროვება, სისავსისა და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში გასტრიტს, ძირითადად, ჭამის შემდეგ ახასიათებს. საკვების მიღებამ შესაძლოა კუჭის ტკივილიც გაამწვავოს.
- გულისრევა და პირღებინება – გასტრიტი ხშირად იწვევს გულისრევის შეგრძნებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირღებინებაშიც გადაიზარდოს.
- მადის დაქვეითება – გარკვეული ტიპის გასტრიტს მადის დაქვეითება ახასიათებს. პაციენტს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს საკვების მიღების სურვილი.
- წონის მოულოდნელი კლება – მადის დაქვეითებასა და ჭამის გართულებას ხშირად მოჰყვება წონის კლება. ის უფრო მეტად ქრონიკულ გასტრიტს ახასიათებს.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი გასტრიტის სიმპტომები გახანგრძლივდა, აუცილებელია ეწვიოთ სპეციალისტს. გასტროენტეროლოგი დეტალურად შეისწავლის თქვენს შემთხვევას და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ გასტრიტის სადიაგნოსტიკო კვლევებს.
როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?
იმისათვის, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას, აუცილებელია გასტროენტეროლოგმა დაადგინოს დაავადების გამომწვევი მიზეზი და ზუსტად განსაზღვროს გასტრიტის ტიპი. სპეციალისტი დიაგნოსტირების პროცესს პაციენტის სამედიცინო ისტორიის დეტალური გამოკითხვით იწყებს, არკვევს აქვს თუ არა რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა, იღებს თუ არა სისტემატურად მედიკამენტებს, ასევე, ადგენს მის კვებით ჩვევებსა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს. კონსულტაციის შემდეგ კი გასტროენტეროლოგი ნიშნავს საჭირო ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს.
გასტრიტის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი ენდოსკოპიური გამოკვლევაა, რა დროსაც კუჭ-ნაწლავის დეტალურად დათვალიერება და ისეთი დარღვევების აღმოჩენაა შესაძლებელი, რომლებიც რენტგენული გამოკვლევის დროს არ ჩანს. ენდოსკოპიური კვლევები თოდუას კლინიკაში OLYMPUS-ის უახლესი თაობის აპარატით ხორციელდება, რომელიც იძლევა მაღალი გარჩევადობის სურათს და სპეციალისტს მთელი რიგი პათოლოგიების აღმოჩენის საშუალებას აძლევს. პროცედურის ჩატარების დროს შესაძლებელია ქსოვილის ნიმუშების შეგროვებაც ანუ ბიოფსია, რაც გასტრიტის დიაგნოსტირებისთვის ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია. დაავადების დიაგნოსტირების პროცესში შესაძლოა დაინიშნოს ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი ტესტი, ე.წ. ურეაზა.
მაღალკვალიფიციური კონსულტაციისა და სრულფასოვანი გამოკვლევისთვის დაჯავშნეთ ვიზიტი თოდუას კლინიკის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ გასტროენტეროლოგებთან, ანდრო მაჭავარიანთან და სულიკო ბილისეიშვილთან.
გასტრიტის მკურნალობა
აღსანიშნავია, რომ გასტრიტის დროულად მკურნალობა არა მხოლოდ შემაწუხებელი ჩივილების მარტივად მოხსნაში დაგეხმარებათ, არამედ თავიდან აგაცილებთ მის გართულებებსაც. გასტრიტის, ერთ-ერთი გართულებაა კუჭის წყლული, რომელიც კიბოსწინარე მდგომარეობად მიიჩნევა. ამიტომ მისი განვითარების შემთხვევაში, დროული რეაგირება და კუჭის წყლულის მკურნალობა კიდევ უფრო აუცილებელია.
მკურნალობის ტაქტიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გასტრიტის გამომწვევ მიზეზსა და ტიპზე. ხშირად ის მარტივად იკურნება ან იმართება, ზოგჯერ კი მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში მედიცინის დარგი გასტროენტეროლოგია დღეს სწრაფი ტემპით ვითარდება და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პაციენტებს გაუმჯობესებულ სამკურნალო მეთოდებს სთავაზობს.
გასტრიტის მკურნალობა, ძირითადად, საერთაშორისო გაიდლაინებს ეფუძნება. გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, ხშირად პაციენტს უწევს ცხოვრების წესის ცვლილება, უარის თქმა მავნე ჩვევებზე, როგორებიცაა ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება. ასევე, გასტრიტის დროს ხშირად ინიშნება სპეციალური დიეტა, რა დროსაც მნიშვნელოვანია საკვების ხშირად და მცირე ულუფებით მიღება, ისეთი პროდუქტების შეზღუდვა, რომლებიც კუჭის გაღიზიანებას იწვევს. მათ შორის შეიძლება იყოს ცხარე, მჟავე, ცხიმიანი საკვები, კოფეინი, გაზიანი სასმელები და სხვა. თუმცა გაითვალისწინეთ კუჭის გამღიზიანებლების ჩამონათვალი პაციენტებისთვის ხშირად განსხვავებულია და სპეციალისტი, როგორც წესი, დიეტას ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ ნიშნავს.
მკურნალობის დროს, ასევე, გამოიყენება მედიკამენტური თერაპია. ასეთ დროს ძირითადად ინიშნება ანტაციდები, H-2 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (PPI), რომლებმაც უნდა უზრუნველყონ კუჭში მჟავიანობის ნეიტრალიზაცია და მჟავის სეკრეციის დათრგუნვა. თუკი გასტრიტი ინფექციით არის გამოწვეულია, შეიძლება დაინიშნოს ანტიბიოტიკებიც. მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი სტრესის მართვაც ან/და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების შეზღუდვაც.
გახსოვდეთ, რომ წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა და სპეციალისტისგან სწორი დანიშნულება. თუ გსურთ ექიმთან ჩაწერა გადადით ბმულზე, თქვენ მოგემსახურებათ ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა რეგიონში, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.