კრეატინინი - რა არის და რამდენია ნორმა

01/06/2026

კრეატინინი ანალიზი და ნორმები

კრეატინინი კუნთების მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტია, რომელიც სისხლიდან თირკმელების მეშვეობით გამოიყოფა. კრეატინინის ნორმა სისხლში ქალებისთვის არის 0.5–0.9 მგ/დლ, ხოლო კაცებისთვის 0.7–1.2 მგ/დლ. მომატებული კრეატინინი თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებს და ექიმთან კონსულტაციას საჭიროებს.

 

როგორც წესი, კრეატინინის დონის ცვლილებას სპეციფიკური შეგრძნებები არ ახლავს. ეს მანამ, სანამ მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს. კრეატინინი თავისთავად ტოქსიკური არ არის, ის უბრალოდ „ინდიკატორია“.

 

მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ თირკმლები სხვა ტოქსინებსაც ვეღარ ფილტრავენ. შესაძლო სიმპტომებს სწორედ ამ სხვა ნივთიერებების დაგროვება იწვევს. 

 

კრეატინინის კონტროლი ხდება სისხლის ბიოქიმიური ანალიზით, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოიყენება შარდის კვლევა და eGFR-ის შეფასება.

 

ეს კვლევა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მაღალი წნევა ან დიაბეტი გაწუხებთ. ამ შემთხვევაში, სიმპტომების ლოდინი გამართლებული არ არის.

 

რა არის კრეატინინი? 

კრეატინინი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც კუნთებში ენერგიის გამოყენების დროს წარმოიქმნება. ის ორგანიზმის მეტაბოლიზმის ერთგვარი „ნარჩენი“ პროდუქტია და შარდით გამოიყოფა. გარკვეული რაოდენობის კრეატინინი ყველას სისხლში არის, თუმცა მისი ჭარბი დონე შესაძლოა თირკმლის პრობლემის ნიშანი იყოს. 

 

კონკრეტულად, რას წარმოადგენს ეს ნივთიერება, ახლა უფრო ვრცლად გაგაცნობთ. 

 

კუნთოვანი ენერგოცვლის პროდუქტი

ჩვენს კუნთებში არსებობს ნივთიერება კრეატინი, რომელიც ენერგიის სწრაფად წარმოქმნისთვისაა საჭირო. განსაკუთრებით, ფიზიკური დატვირთვისას. როდესაც კრეატინი იშლება და ენერგიას გამოყოფს, მიიღება საბოლოო პროდუქტი - კრეატინინი.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი მუდმივი და სტაბილურია. კრეატინინის წარმოქმნა უშუალოდ ადამიანის კუნთოვან მასაზეა დამოკიდებული. კუნთების მოცულობა დღიდან დღემდე მკვეთრად არ იცვლება. ამიტომ, ამ ნითიერების სისხლში მიწოდებაც მუდმივი და პროგნოზირებადია. სწორედ ეს აქცევს ამ მაჩვენებელს თირკმლის ფუნქციის შესაფასებელ საიმედო ორიენტირად.

 

ფილტრაცია და გამოყოფა

ორგანიზმისთვის კრეატინინი გამოსადეგი აღარაა. ამიტომ სისხლიდან მისი „გაფილტვრა“ და გარეთ გატანაა საჭირო. ამ ფუნქციას თირკმლები ასრულებენ.

  • კრეატინინი თირკმელში სისხლის მიმოქცევის მეშვეობით ხვდება;
  • ჯანმრთელი თირკმლები მას თითქმის სრულად ფილტრავენ;
  • საბოლოოდ, ის ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიყოფა.

კრეატინინი თირკმლის ფუნქციის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი ლაბორატორიული მარკერია და ხშირად გამოიყენება eGFR-ის გამოსათვლელად. რადგან eGFR, ალბუმინურია/ACR (ალბუმინ კრეატინინის თანაფარდობა შარდში) და შარდის ანალიზი ერთობლივად უფრო მნიშვნელოვანია. 

 

სტაბილურობა: კრეატინინი შედარებით სტაბილური მაჩვენებელია, კონკრეტული ინდივიდისთვის, თუმცა მასზე გავლენა შეიძლება ჰქონდეს კუნთოვან მასას, ჰიდრატაციას, კვებას, ფიზიკურ დატვირთვასა და ზოგ მედიკამენტს. 

 

ორგანიზმიდან ერთადერთი გზით გამოიყოფა: კრეატინინი ორგანიზმიდან პრაქტიკულად მხოლოდ თირკმელების საშუალებით გადის. თუ თირკმელი კარგად ვერ მუშაობს, ის სისხლში გროვდება.

 

პროპორციულობა: სისხლში კრეატინინის მცირედი მატებაც კი ხშირად იმაზე მიანიშნებს, რომ თირკმლების ფილტრაციის უნარი შემცირებულია. ამას სხვანაირად გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე - eGFR ეწოდება. 

 

თუ სისხლში კრეატინინის დონე მომატებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ თირკმელი თავის ფუნქციას სრულფასოვნად ვერ ასრულებს. 

 

კრეატინინის ნორმა - სისხლში და შარდში

 

კრეატინინი - ნორმა სისხლში

 

ადამიანის სისხლში კრეატინინის ნორმა სხვადასხვა მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია: სქესი, ასაკი და კუნთოვანი მასის მოცულობა. აღსანიშნავია, რომ კაცებს ოდნავ მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე ქალებს. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ, საშუალოდ, მეტი კუნთოვანი მასა აქვთ. კრეატინინის ნორმა სისხლში ქალებისთვის არის 0.5–0.9 მგ/დლ (44–80 მკმოლ/ლ), ხოლო კაცებისთვის 0.7–1.2 მგ/დლ (62–106 მკმოლ/ლ).  ბავშვებში ნორმა კიდევ უფრო დაბალია. 

 

კრეატინინი - ნორმა შარდში

 

არსებობს ორი სხვადასხვა ანალიზი: სისხლის კრეატინინი და კრეატინინი შარდში. 24 საათის განმავლობაში შეგროვილ შარდში კრეატინინის რაოდენობა გვიჩვენებს, რამდენს გამოყოფს ორგანიზმი.

 

eGFR გამოითვლება სისხლში კრეატინინის დონისა და სხვა მონაცემების საფუძველზე.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსი ისაა, რომ კრეატინინი სისხლში შესამჩნევად მხოლოდ მაშინ იზრდება, როდესაც თირკმლის ფუნქცია უკვე დაახლოებით განახევრებულია. სწორედ ამიტომ, კრეატინინის ნორმა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. ამის გამო, ექიმი ყოველთვის ორივე მაჩვენებელს, კრეატინინსა და eGFR-ს, ერთად განიხილავს.

 

შარდოვანა და კრეატინინი - პაციენტებისთვის საინტერესოა ხოლმე რა განსხვავებაა ამ ორ მაჩვენებელს შორის. 

 

ანალიზების ბლანკში კრეატინინს ხშირად შარდოვანა (BUN) ახლავს. ორივე თირკმლის ფუნქციის მარკერია, მაგრამ სხვადასხვა წარმოშობისაა. შარდოვანა ღვიძლში ცილის გარდაქმნის პროცესისას წარმოიქმნება. მასზე გაცილებით მეტ გავლენას ახდენს დიეტა. ბევრი ხორცის ჭამა, ან პირიქით ძალიან მცირე პროტეინი. ამ თვალსაზრისით, კრეატინინი უფრო სტაბილურია და თირკმლის ფუნქციის უფრო სპეციფიკური ინდიკატორია.

 

შარდოვანა კრეატინინი - ექიმები ხშირად ამ ორი მაჩვენებლის თანაფარდობით ხელმძღვანელობენ. 

 

რას ნიშნავს მაღალი კრეატინინი?

 

მომატებული კრეატინინი სისხლში ხშირად იმაზე მიანიშნებს, რომ ორგანიზმის „ფილტრაციის სისტემა“ შეფერხებით მუშაობს. აქვე გაითვალისწინეთ, რომ მაღალი მაჩვენებელი ყოველთვის თირკმლის დაავადებას არ ნიშნავს.

ახლა სწორედ ძირითად მიზეზებზე ვისაუბრებთ. 

  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როდესაც თირკმლის ფილტრაციის უნარი ქვეითდება, კრეატინინი სისხლში გროვდება;
  • დეჰიდრატაცია (გაუწყლოება): სითხისდეფიციტის დროს სისხლი კონცენტრირებული ხდება, რაც მაჩვენებელს ხელოვნურად ზრდის;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა: მძიმე ვარჯიში კუნთოვანი ენერგიის წვას აჩქარებს. ამას, თავის მხრივ, მეტი კრეატინინის გამოყოფა მოჰყვება;
  • კუნთოვანი ქსოვილის დაზიანება: კრეატინინის მატება მიუთითებს იმაზე, რომ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ერთბაშად დიდი რაოდენობით მეტაბოლური პროდუქტები მოხვდა;
  • მედიკამენტები: ზოგიერთი ანტიბიოტიკი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება თირკმლის მიერ კრეატინინის გამოყოფაზე მოქმედებს;
  • ქრონიკული დაავადებები: დიაბეტი და ჰიპერტენზია თირკმლის დაზიანების მთავარი რისკ-ფაქტორებია, რაც დროთა განმავლობაში კრეატინინის დონის მატებაში აისახება.

აშკარაა, რომ მაღალი კრეატინინი მხოლოდ თირკმელების პრობლემებზე არ მიანიშნებს და შეიძლება სხვა მიზეზებიც ჰქონდეს.

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

 

ნეფროლოგის კონსულტაცია აუცილებელია იმ შემთხვევაში თუ მაღალ კრეატინინს თან ახლავს შეშუპება, შარდვის რეჟიმის შეცვლა, დაღლილობა ან წნევის ცვალებადობა. 

 

რას ნიშნავს დაბალი კრეატინინი?

აღსანიშნავია, რომ კლინიკურ პრაქტიკაში დაბალი მაჩვენებელი უფრო იშვიათია, ვიდრე მაღალი. როგორც წესი, ის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე მიგვანიშნებს. ესენია: 

  • კუნთოვანი მასის შემცირება - კრეატინინის დაბალი დონე ხშირად ასაკოვან ადამიანებში ან კუნთოვანი ატროფიის დროს ფიქსირდება;
  • ორსულობა - ორსულობისას თირკმლის სისხლის მიმოქცევა და ფილტრაციის სიჩქარე იმატებს, რაც კრეატინინის დონის ფიზიოლოგიურ კლებას იწვევს;
  • ღვიძლის დაავადებები - ვინაიდან კრეატინი ღვიძლში სინთეზირდება, მისი მძიმე დაზიანება (მაგალითად, ციროზი) შესაძლოა დაბალი კრეატინინის მიზეზი გახდეს;
  • არასაკმარისი კვება - ცილების მკვეთრი დეფიციტი რაციონში მეტაბოლიზმს ამცირებს. 

 

როგორ დაწიოთ კრეატინინის დონე?

 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ კრეატინინი დაავადება არ არის. ის მხოლოდ ინდიკატორია. შესაბამისად, მისი დონის დასაწევად გამომწვევი მიზეზის მართვაა საჭირო.

 

შემდეგი ძირითადი ფაქტორები გაითვალისწინეთ:

 

  • წყლის ბალანსის მოწესრიგება - ადეკვატური ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია, თუმცა სითხის რაოდენობა ინდივიდუალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული;
  • რაციონის კორექტირება - თირკმლის ზოგიერთი დაავადების დროს ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გასცეს ცილოვანი კვების ინდივიდუალურ კორექციაზე;
  • ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია - კრეატინინის მაღალი მაჩვენებლის დროს რეკომენდებულია ინტენსიური, ძალისმიერი ვარჯიშების დროებითი შემცირება;
  • ძირითადი დაავადების კონტროლი - სისხლში შაქრისა და არტერიული წნევის სტაბილიზაცია თირკმლის შემდგომი დაზიანების პრევენციის მთავარი გზაა.
  • მედიკამენტური თერაპია - ნებისმიერი პრეპარატი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. ეს მნიშვნელოვანია, რათა თირკმლის ფუნქცია არ გაუარესდეს. 

 

დაიმახსოვრეთ, რომ თვითმკურნალობა და მაჩვენებლის თვითნებურად „დაწევის“ მცდელობა დაუშვებელია. ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის გეგმისთვის აუცილებლად სპეციალისტს მიმართეთ.

 

კრეატინინის ანალიზი თოდუას კლინიკაში - როგორ უნდა მოემზადოთ?

 

თუ ექიმმა კრეატინინი ანალიზი დაგინიშნათ, ამ პროცედურისთვის უნდა მოემზადოთ. 

  • ლაბორატორიის ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლოა კვლევა ჩატარდეს უზმოდ, განსაკუთრებით თუ სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლებიც იგეგმება;
  • წყლის დალევა დასაშვებია, თუმცა ყავა, ჩაი და სხვა სასმელი - არა; 
  • რეკომენდებულია ანალიზამდე ერთი-ორი დღე დიდი რაოდენობით ხორცი არ მიირთვათ, რადგან ცილოვანი საკვები კრეატინინის დონეს ამაღლებს; 
  • სასურველია, ანალიზამდე ერთი დღით ადრე ინტენსიური ფიზიკური დატვირთვაც შეამციროთ. 

 

ექიმები ხშირად ერთდროულად ამოწმებენ შარდოვანას (BUN), ელექტროლიტებს - კალიუმს, ნატრიუმს, ქლორს და საჭიროების შემთხვევაში, GFR-ის მაჩვენებლებს. ეს კომბინაცია მათ სრული სურათის დანახვაში ეხმარება. 

 

თოდუას კლინიკის ცენტრალური ლაბორატორია ბიოქიმიურ, ჰემატოლოგიურ და იმუნოლოგიურ ანალიზებს ატარებს. მათ შორის, კრეატინინი შარდში და ალბუმინ/კრეატინინის შეფარდების კვლევას. პაციენტებს კლინიკის სამივე ფილიალი შეუფერხებლად ემსახურება.

 

ჩააბარეთ კრეატინინის ანალიზი თოდუას კლინიკაში. დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 57 57 57.

 

 

ხშირად დასმული კითხვები: 

 

რატომ მატულობს სისხლში კრეატინინი? 

სისხლში კრეატინინის მომატების ყველაზე ხშირი მიზეზი თირკმლის ფუნქციის დარღვევაა. თირკმელები კრეატინინის ეფექტურ ფილტრაციას ვეღარ ახერხებენ. სხვა მიზეზებია: დეჰიდრატაცია, ინტენსიური ვარჯიში, კუნთების დაზიანება, ზოგიერთი მედიკამენტი, ასევე დიაბეტი და ჰიპერტენზია. მომატებული კრეატინინის შემთხვევაში რეკომენდებულია ნეფროლოგთან კონსულტაცია.

 

რამდენია კრეატინინის ნორმა სისხლში? 

კრეატინინი ნორმა ქალებში არის 0.5–0.9 მგ/დლ (44–80 მკმოლ/ლ), ხოლო კრეატინინი ნორმა კაცებში 0.7–1.2 მგ/დლ (62–106 მკმოლ/ლ). ბავშვებში ნორმა ასაკის მიხედვით განსხვავდება. ნორმიდან გადახრის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

როგორ დავწიოთ კრეატინინი? 

კრეატინინის დონის შესამცირებლად მნიშვნელოვანია სითხის რაოდენობის და ცილოვანი კვების კორექცია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც გაზრდის ასევე შემცირების მიმართულებითაც - ექიმი ნეფროლოგის რეკომენდაციის მიხედვით. ასევე, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემცირება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ძირითადი მიზეზის დადგენა და მკურნალობაა. თვითმკურნალობა რეკომენდებული არ არის.

გაზიარება