ქუნთრუშა - სიმპტომები და მკურნალობა ბავშვებში
ქუნთრუშა A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ბაქტერიული ინფექციაა. მისი ძირითადი ნიშნებია სიცხე, ყელის ტკივილი და სპეციფიკური გამონაყარი. ქუნთრუშა ანტიბიოტიკებით იკურნება. დროული მკურნალობა გართულებებისა და ინფექციის გავრცელების რისკს ამცირებს.
როგორ ვრცელდება ქუნთრუშა?
ქუნთრუშა ძირითადად ახლო კონტაქტის დროს გადადის. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ხველისა და ცემინების დროს გამოყოფილი წვეთებით, ასევე ინფიცირებული ადამიანის ნერწყვთან ან ცხვირიდან გამონადენთან კონტაქტით. ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს დახურული და ხალხმრავალი გარემო. ამიტომაც სწრაფად ვრცელდება სკოლასა და ბაღში. დაავადება მხოლოდ ბავშვებში არ ვითარდება და ზრდასრულსაც შეიძლება დაემართოს.
ხალხურ მეტყველებაში ქუნთრუშა ზოგჯერ „ბატონების“ სახელითაც მოიხსენიება. მაგალითად, შეიძლება შეგხვდეთ ფრაზა „ქუნთრუშა ბატონები“. ეს სამედიცინო ტერმინი არ არის. ქუნთრუშა კონკრეტული ბაქტერიული ინფექციაა და მისი დიაგნოზი სიმპტომებისა და შესაბამისი კვლევების საფუძველზე უნდა დაისვას.
ქუნთრუშა ბავშვებში - როგორ იწყება ინფექცია?
ქუნთრუშა ბავშვებში ხშირად სიცხითა და ყელის ტკივილით იწყება. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს:
- ყლაპვის გაძნელება;
- თავის ტკივილი;
- საერთო სისუსტე;
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა;
- ღებინება.
ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ქუნთრუშასთვის დამახასიათებელი გამონაყარი.
თავდაპირველად, ქუნთრუშას სიმპტომები ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციის მსგავსია. გაითვალისწინეთ, ძლიერი ყელის ტკივილი, მაღალი სიცხე და მალევე გაჩენილი წვრილი გამონაყარი უყურადღებოდ არ დატოვოთ და ექიმის კონსულტაცია გაიარეთ.
ხველა, სურდო და თვალების სიწითლე უფრო ხშირად ჩვეულებრივ ვირუსებს ახასიათებს და არა სტრეპტოკოკით გამოწვეულ ყელის ინფექციას.
ქუნთრუშას სიმპტომები და გამონაყარი
ქუნთრუშას სხვადასხვა სიმპტომი აქვს. მათ შორის, შესაძლოა გამოვლინდეს:
- სიცხე;
- ყელის ტკივილი;
- ყლაპვისას დისკომფორტი;
- თავის ტკივილი;
- საერთო სისუსტე;
- კისრის ლიმფური კვანძების გადიდება;
- მუცლის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება;
- სპეციფიკური გამონაყარი.
ქუნთრუშასთვის დამახასიათებელია წვრილი, წითელი გამონაყარი. კანის ნაკეცებში სიწითლე ზოგჯერ უფრო მკვეთრად ჩანს. ხელისგულებსა და ტერფზე გამონაყარი, როგორც წესი, არ არის გამოხატული.
სახეზე კანი შეიძლება გაწითლდეს, თუმცა პირის გარშემო არსებული არე ხშირად შედარებით ფერმკრთალია. ენაზე თავდაპირველად შეიძლება თეთრი ნადები გაჩნდეს. შემდეგ ნადები ქრება და ენა მეტად წითლდება. ამ ცვლილებას „მარწყვისებრ ენას“ უწოდებენ.
გამონაყრის გაქრობის შემდეგ კანი შეიძლება აიქერცლოს. ეს განსაკუთრებით ხელის მტევნებსა და ტერფებზე შეიძლება იყოს შესამჩნევი.
ინკუბაციის პერიოდი და რამდენი ხანია ქუნთრუშა გადამდები
ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე გარკვეული დრო გადის. ამ პერიოდში ადამიანს შეიძლება არაფერი აწუხებდეს.
ქუნთრუშა ახლო კონტაქტის დროს განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება. ამიტომ ბავშვის ავადმყოფობის პერიოდში მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ხველისა და ცემინების დროს პირისა და ცხვირის დაფარვა. ასევე, აუცილებელია, რომ პირადი ნივთები სხვებს არ გაუზიაროს.
ქუნთრუშას ინკუბაციის პერიოდი ინფიცირებიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე დრო, ჩვეულებრივ, 2–5 დღეა. შესაბამისი ანტიბიოტიკით მკურნალობის დაწყების შემდეგ ინფექციის გადაცემის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. ბავშვი ბაღში ან სკოლაში უნდა დაბრუნდეს მაშინ, როცა პირველი დოზის მიღებიდან სულ მცირე 24 საათია გასული, სიცხე აღარ აქვს და თავს საკმარისად კარგად გრძნობს. დაბრუნებისას გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციაც. ანტიბიოტიკით მკურნალობის გარეშე ინფექცია სიმპტომების დაწყებიდან 2–3 კვირის განმავლობაში შეიძლება გადამდები დარჩეს.
ქუნთრუშა, წითელა თუ წითურა - როგორ გაარჩიოთ?
ქუნთრუშა, წითელა და წითურა შეიძლება ერთმანეთს ჰგავდეს, მაგრამ მათი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის კურსი განსხვავებულია. ქუნთრუშა ბაქტერიული ინფექციაა. წითელა და წითურა კი ვირუსული დაავადებებია. ქუნთრუშას უფრო ხშირად ახლავს ყელის ძლიერი ტკივილი და წვრილი, უხეში გამონაყარი. წითელასთვის დამახასიათებელია მაღალი სიცხე, ხველა, სურდო, თვალების სიწითლე და სახიდან დაწყებული გამონაყარი. წითურა ხშირად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და შეიძლება კისრისა და ყურის უკან ლიმფური კვანძების გადიდება გამოიწვიოს.
ცხრილის ადგილი: ქუნთრუშა / წითელა / წითურა - გამომწვევი მიზეზი და სიმპტომები
თითოეული დაავდების შემთხვევაში მკურნალობის კურსი განსხვავებულია. დადასტურებული ქუნთრუშა ანტიბიოტიკით მკურნალობას საჭიროებს. მსგავსი ჩივილების დროს ექიმმა უნდა განსაზღვროს, რა ინფექციასთან გვაქვს საქმე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბლოგებს - ანგინა და მონონუკლეოზი.
ქუნთრუშა დიდებში
ქუნთრუშა დიდებში უფრო იშვიათად ვლინდება, ვიდრე ბავშვებში. სიმპტომები შეიძლება იგივე იყოს: სიცხე, ყელის ტკივილი და გამონაყარი.
ქუნთრუშით განმეორებით დაავადებაც შესაძლებელია. ამიტომ ერთხელ გადატანილი ინფექცია მომავალში დაინფიცირების რისკს არ გამორიცხავს.
ქუნთრუშას მკურნალობა
ქუნთრუშის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები გამოიყენება. ეს იმ შემთხვევაში, თუ სტრეპტოკოკული ინფექცია დადასტურებულია. ანტიბიოტიკი ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, ამცირებს ბაქტერიის სხვებისთვის გადაცემას და გართულებების რისკსაც. გაითვალიწინე, ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება არ შეიძლება. მკურნალობის კურსს ექიმი განსაზღვრავს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა საკმარისი სითხე მიიღოს და დაისვენოს. რაც შეეხება კვებას, სჯობს, რომ მსუბუქი საკვები მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ ქუნთრუშამ შეიძლება გამოიწვიოს ყურის ინფექცია, ყელის მიდამოში ჩირქოვანი გართულებები, მწვავე რევმატული ცხელება ან თირკმლის ანთება. დროული დიაგნოზი და ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის გავლა ამ გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
რომელი პრეპარატი უნდა მიიღოთ და რა დოზით, ამას პაციენტის ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით ექიმი განსაზღვრავს. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ თოდუას კლინიკის პედიატრიის განყოფილებას მიმართოთ.
ქუნთრუშა და ბანაობა - შეიძლება თუ არა?
ქუნთრუშის დროს ბანაობა შეიძლება. მთავარია ბავშვი თავს შედარებით კარგად გრძნობდეს და ბანაობა დამატებით დისკომფორტს არ იწვევდეს.
სასურველია წყალი იყოს თბილი და არა ძალიან ცხელი. ხანგრძლივად ბანაობა არაა სასურველი. კანზე ძლიერი ზემოქმედება არ შეიძლება - ნაზად დაიბანეთ და ასევე შეიმშრალეთ.
თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ამცივნებს ან ძალიან სუსტად არის, სჯობს, ბანაობა გადაიდოს. შეგიძლიათ ბავშვი მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ აბანაოთ.
როდის მიმართოთ ექიმს?
თუ ბავშვს სიცხე და გამონაყარი აქვს, საჭიროა პედიატრის შეფასება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ყელიც ძლიერად სტკივა. გადაუდებელი შეფასებაა საჭირო, თუ ბავშვს სუნთქვა უჭირს, სითხეს ვერ სვამს, უჩვეულოდ მოდუნებულია, გაუწყლოების ნიშნები აქვს ან მდგომარეობა სწრაფად მძიმდება.
ქუნთრუშას დიაგნოზის დასადასტურებლად ექიმმა შეიძლება სხვადასხვა კვლევა დანიშნოს. მათ შორის, ყელის ნაცხიდან სწრაფი სტრეპტოკოკური ტესტი ან ბაქტერიოლოგიური კვლევა. აღსანიშნავია, რომ ბავშვებში სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დამატებით ბაქტერიოლოგიური კვლევა მოითხოვოს.
კვლევის ჩატარება შესაძლებელია მიკრობიოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიაში.
შესაძლოა, ექიმმა სისხლის საერთო ანალიზი საერთო მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნოს, თუმცა მხოლოდ ამ ანალიზით ქუნთრუშას დიაგნოზი არ ისმება. თოდუას კლინიკის კლინიკური ლაბორატორია შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად მზადაა.
ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად შეგიძლიათ მიმართოთ პედიატრიის განყოფილებას. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს შეაფასებს ინფექციური განყოფილება. მომსახურების ზუსტი ფასის გასაგებად შეგიძლიათ Todua AI გამოიყენოთ.
ბავშვს სიცხე და გამონაყარი აქვს? დიაგნოზის დროულად დასმა გართულებების რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ. ჩაეწერეთ თოდუას კლინიკის პედიატრთან, დარეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენი ხანია ქუნთრუშა გადამდები?
ქუნთრუშა გადამდებია აქტიური ინფექციის დროს. ანტიბიოტიკის დაწყების შემდეგ გადაცემის რისკი სწრაფად მცირდება. პრეპარატს ექიმი პაციენტის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე არჩევს.
შეიძლება თუ არა ქუნთრუშის დროს ბანაობა?
დიახ, შეიძლება, თუ ბავშვს მაღალი სიცხე არ აქვს და ბანაობა მისთვის დისკომფორტს არ იწვევს. წყალი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს და კანი ნაზად უნდა გაისუფთავოთ. თუ ბავშვი ძალიან სუსტად არის ან ამცივნებს, მისი დაბანა გადადეთ.
რით განსხვავდება ქუნთრუშა წითელასა და წითურასგან?
ქუნთრუშა ბაქტერიული ინფექციაა, ხოლო წითელა და წითურა ვირუსული დაავადებებია. ქუნთრუშასთვის დამახასიათებელია ყელის ტკივილი და წვრილი, უხეში გამონაყარი. წითელას ხშირად ახლავს ძლიერი სიცხე, ხველა და თვალების სიწითლე. წითურას კი შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა და ლიმფური კვანძების გადიდება ახასიათებს. განსხვავებული გამომწვევი მიზეზების გამო მკურნალობის კურსიც განსხვავებულია.
