წითელა - სიმპტომები, გავრცელების გზები და ვაქცინაციის მნიშვნელობა
წითელა ძლიერ გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი ძირითადი და ადრეული სიმპტომებია მაღალი სიცხე, ხველა, სურდო და თვალების სიწითლე. რამდენიმე დღეში ამას თან ერთვის სპეციფიკური გამონაყარი. ვირუსისგან და სერიოზული გართულებებისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური და სანდო გზა გეგმური ვაქცინაციაა.
რა იწვევს წითელას?
წითელას გამომწვევი ვირუსი სასუნთქ გზებში ხვდება და შემდეგ ორგანიზმში ვრცელდება. დაავადება ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. ინფიცირებული ადამიანი ვირუსს ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს. ის შეიძლება მაშინაც გადაგედოთ, თუ ინფიცირებულთან პირდაპირი კონტაქტი არ გაქვთ. ეს იმიტომ, რომ ვირუსი გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება ჰაერშიც დარჩეს.
სწორედ ამიტომ წითელა ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ ინფექციად ითვლება. ვინც აცრილი არ არის და წითელა არ გადაუტანია, ადვილად ინფიცირდება. დაავადება შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად არავაქცინირებულ ბავშვებში გვხვდება. ამ ვირუსის აღსაწერად ხალხურ მეტყველებაში ფრაზა: „წითელა ბატონები“ გამოიყენება ხოლმე.
გაითვალისწინეთ, წითელა კონკრეტული ვირუსით გამოწვეული ინფექციაა და დიაგნოზი მხოლოდ გამონაყარის არსებობის საფუძველზე არ დაისმება.
წითელას ადრეული სიმპტომები
საწყის ეტაპზე სიმპტომები გაციებას ჰგავს. პირველ დღეებში მისი ამოცნობა ამიტომაცაა შედარებით რთული.
წითელას ადრეული სიმპტომებია:
- მაღალი ტემპერატურა;
- ხველა;
- სურდო;
- თვალების სიწითლე და ცრემლდენა;
- საერთო სისუსტე.
წითელას სიმპტომები თანდათან ძლიერდება და გამონაყრის გაჩენინას, შეიძლება ტემპერატურა კიდევ უფრო მაღალი გქონდეთ.
წითელასთვის დამახასიათებელია პირის ღრუს ლორწოვანზე პატარა თეთრი ლაქების გაჩენაც. მათ კოპლიკის ლაქებს უწოდებენ. ზოგჯერ შეიძლება ისინი გამონაყრამდე გაჩნდეს, რაც ექიმს დიაგნოზის დასმაში ეხმარება.
წითელას გამონაყარი - როგორ გამოიყურება?
წითელას გამონაყარი ჩვეულებრივ სახისა და თმის ხაზის მიდამოში ჩნდება. შემდეგ ის კისერზე, ტანზე, ხელებსა და ფეხებზე ვრცელდება. თავდაპირველად კანზე ჩნდება წითელი ლაქები, რომლებიც თანდათან უფრო ფართოვდება და ზოგიერთ ადგილას ერთმანეთს უერთდება.
გამონაყარი სხეულის ქვედა ნაწილებისკენ თანდათან ვრცელდება. მისი გაქრობისას კი კანი დროებით შეიძლება უფრო მუქი იყოს და მსუბუქად იქერცლებოდეს.
ინკუბაციის პერიოდი და რამდენი ხანია წითელა გადამდები?
ინკუბაციის პერიოდის დროს ადამიანს სიმპტომები ჯერ არ აქვს. დაავადების ნიშნები ინფიცირებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ვლინდება.
ინფიცირებიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე, საშუალოდ, 11–12 დღე გადის. გამონაყარი, საშუალოდ, ინფიცირებიდან მე-14 დღეს ჩნდება, თუმცა ეს დრო 7–21 დღის ფარგლებში შეიძლება მერყეობდეს.
ჩვეულებრივ, წითელა გადამდებია გამონაყრის გაჩენამდე 4 დღით ადრე და მისი გაჩენიდან მომდევნო 4 დღის განმავლობაში. გამონაყრის დაწყების დღე ითვლება ნულოვან დღედ. ამ პერიოდში პაციენტი იზოლირებული უნდა იყოს. იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი დასუსტებისას გადამდებლობა შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს და იზოლაციის ვადას ექიმი განსაზღვრავს.
ინფიცირებულმა ადამიანმა თავი უნდა აარიდოს სხვა ადამიანებთან კონტაქტს. განსაკუთრებით უნდა მოერიდოს აუცრელ ბავშვებთან, ორსულებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებთან კონტაქტს.
ოჯახმა შესაძლო დაინფიცირების შესახებ უნდა აცნობოს იმ ადამიანებს, ვისთანაც ბავშვს ან ზრდასრულს ახლო კონტაქტი ჰქონდა. ბაღში, სკოლაში ან სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია მაშინ, როცა ვირუსი გადამდები აღარაა. ამის შესახებ რეკომენდაციას ექიმი გასცემს.
წითელა, წითურა, ქუნთრუშა თუ ჩუტყვავილა - როგორ გაარჩიოთ?
წითელას ახასიათებს მაღალი სიცხე, ხველა, სურდო, თვალების სიწითლე და შემდეგ სახიდან დაწყებული გამონაყარი. წითურა, როგორც წესი, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და ხშირად ახლავს კისრისა და ყურის უკან ლიმფური კვანძების გადიდება. ქუნთრუშას დროს დამახასიათებელია ყელის ტკივილი, სიცხე და წვრილი, ხორკლიანი გამონაყარი. ჩუტყვავილას გამონაყარი ხშირად ქავილს იწვევს. სხეულზე შეიძლება ერთდროულად გაჩნდეს წითელი ლაქები, სითხით სავსე ბუშტუკები და ფუფხები.
ცხრილის ადგილი: წითელა / წითურა / ქუნთრუშა / ჩუტყვავილა
ამ დაავადებებს განსხვავებული გამომწვევი მიზეზები აქვთ. დიაგნოზი ექიმმა სიმპტომებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კვლევების საფუძველზე უნდა დასვას.
წითელა ბავშვებში
წითელა ბავშვებში ხშირად იწყება სიცხით, ხველით და სურდოთი. შემდეგ ჩნდება დამახასიათებელი გამონაყარი. განსაკუთრებით დაუცველები არიან მცირეწლოვანი ბავშვები. მათ შორის ისინი, რომლებსაც ვაქცინაცია ჯერ არ ჩატარებიათ.
სახლის პირობებში მოვლისას ბავშვს საკმარისი სითხე უნდა მიეწოდოს და დასვენების საშუალება ჰქონდეს. სიცხის მართვა შესაძლებელია ასაკისთვის შესაბამისი სიცხის დამწევით. კონკრეტული პრეპარატის შესახებ რეკომენდაცია ექიმმა უნდა გასცეს.
თუ ბავშვს სუნთქვა უჭირს, ძალიან მოდუნებულია, ვერ სვამს სითხეს, აქვს კრუნჩხვა ან მდგომარეობა სწრაფად უარესდება, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
წითელა დიდებში
წითელა დიდებში შეიძლება უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს წითელაზე იმუნიტეტი არ აქვს. რისკი მაღალია ასევე ორსულობისა და იმუნური სისტემის დასუსტების დროს.
თუ ზრდასრულმა არ იცის, აქვს თუ არა იმუნიტეტი, აცრის ჩანაწერები უნდა გადაამოწმოს. საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა წითელას მიმართ ანტისხეულების შესაფასებლად სისხლის კვლევა შეიძლება დანიშნოს. შესაბამისი კვლევის ჩატარება შესაძლებელია თოდუას კლინიკაში. ჩვენი კლინიკური ლაბორატორია ყოველდღიურად სხვადასხვა ანალიზს ატარებს.
წითელას გართულებები
წითელა ყოველთვის მსუბუქად არ მიმდინარეობს. შესაძლო გართულებებს შორისაა:
- ყურის ინფექცია;
- დიარეა და გაუწყლოება;
- თვალის გართულებები;
- ფილტვების ინფექცია;
- ენცეფალიტი, ანუ თავის ტვინის ანთება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გართულებაა პნევმონია. ამ თემაზე დამეტებით ინფორმაციას გაეცნობით ბლოგში - ფილტვების ანთება.
მძიმე გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია მცირე ასაკის ბავშვებში, ორსულებში და იმ ადამიანებში, ვისაც იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ.
სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ თუ ბავშვს ან ზრდასრულს უჭირს სუნთქვა, აქვს ცნობიერების ცვლილება, კრუნჩხვა, ძლიერი სისუსტე, გაუწყლოების ნიშნები ან სწრაფად უარესდება მდგომარეობა.
წითელას აცრა - წითელა, წითურა, ყბაყურა
წითელასგან დაცვის ძირითადი საშუალება წითელა-წითურა-ყბაყურას კომბინირებული ვაქცინაა. საქართველოში ეროვნული იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით, წწყ ვაქცინის ორი დოზა ბავშვობის ასაკში კეთდება - 12 თვისა და 5 წლის ასაკში. არავაქცინირებულ ბავშვებსა და მოზარდებში ასევე შესაძლებელია გამოტოვებული აცრების შევსება შესაბამისი სქემით.
თუ აცრა გამოტოვებულია, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ასეთ შემთხვევაში ექიმი აცრის სტატუსს გადაამოწმებს და ასაკის მიხედვით დაგეგმავს შემდგომ დოზებს.
ზრდასრულებისთვის ვაქცინაციის საჭიროებაც ინდივიდუალურად ფასდება.
აცრის შემდეგ მაღალი ტემპერატურა, ინექციის ადგილზე ტკივილი ან მსუბუქი გამონაყარი შეიძლება გამოვლინდეს. ეს რეაქციები ჩვეულებრივ დროებითია. სუნთქვის გაძნელების, სახის შეშუპების, კრუნჩხვის ან სხვა მძიმე სიმპტომის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივი დაკავშირება.
წითელას აცრა და გართულებები
წითელას აცრის შემდეგ სერიოზული გართულებები იშვიათია. ვაქცინაციის სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მძიმე დაავადების რისკს. სწორედ ამიტომ აცრა დაავადების პრევენციის ძირითადი საშუალებაა.
მკურნალობა და როდის მიმართოთ ექიმს?
წითელა ვირუსული ინფექციაა და მის წინააღმდეგ კონკრეტული ანტივირუსული პრეპარატი რუტინულად არ გამოიყენება. მკურნალობა ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებას, სითხის მიღებას და გართულებების პრევენციას მოიცავს. ანტიბიოტიკი წითელას ვირუსზე არ მოქმედებს და თვითნებურად არ უნდა მიიღოთ. ექიმმა შეიძლება ანტიბიოტიკი მხოლოდ მაშინ დანიშნოს, თუ ბაქტერიული გართულება განვითარდა.
დიაგნოზის დასმისას ექიმი აფასებს სიმპტომებს, გამონაყრის ხასიათსა და დაავადების მიმდინარეობას. საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება ლაბორატორიული კვლევაც. წითელას დასადასტურებლად შეიძლება გამოიყენონ სისხლის კვლევა. ვირუსის გენეტიკური მასალის გამოსავლენად კი PCR. მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზი წითელას ვერ დაადასტურებს. მისი შედეგები ექიმს საერთო მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება.
თუ სიმპტომები ბავშვს აქვს, პირველადი შეფასებისთვის მიმართეთ თოდუას კლინიკის პედიატრიის განყოფილებას. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის მართვაში ჩაერთვებიან ინფექციური განყოფილების სპეციალისტები. მომსახურების ზუსტი ფასის გასაგებად შეგიძლიათ Todua AI გამოიყენოთ.
დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.
ხშირად დასმული კითხვები
რით განსხვავდება წითელა წითურასგან?
წითელა და წითურა სხვადასხვა ვირუსით გამოწვეული ინფექციებია. წითელასთვის უფრო დამახასიათებელია მაღალი სიცხე, ხველა, სურდო, თვალების სიწითლე და შემდეგ გავრცელებული გამონაყარი. წითურა ხშირად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და შეიძლება თან ახლდეს კისრის უკანა ნაწილის ლიმფური კვანძების გადიდება. წითელა, როგორც წესი, უფრო მძიმე დაავადებაა და გართულებების მეტი რისკი აქვს. საბოლოო დიაგნოზი ექიმმა უნდა დასვას.
როგორ უნდა მოიქცეს ოჯახი თუ ბავშვს წითელა აქვს?
თუ ბავშვს წითელასთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, საჭიროა სხვა ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვა და ექიმთან დაკავშირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ მიიყვანოთ ბავშვი ბაღში, სკოლაში ან სხვა ხალხმრავალ ადგილას. ექიმს ასევე უნდა აცნობოთ იმ ადამიანების შესახებ, ვისთანაც ბავშვს ახლო კონტაქტი ჰქონდა.
სავალდებულოა თუ არა წითელას აცრა და რა ასაკში კეთდება?
საქართველოში ეროვნული იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით, წითელა-წითურა-ყბაყურას კომბინირებული ვაქცინის ორი დოზა ბავშვებში 12 თვისა და 5 წლის ასაკში კეთდება. აცრის გამოტოვების შემთხვევაში ვაქცინაციის გაგრძელება მოგვიანებითაც შესაძლებელია. კონკრეტული სქემა აცრების ჩანაწერებისა და ასაკის გათვალისწინებით განისაზღვრება.
