HCG ანალიზი
ორსულობის დადგენისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ლაბორატორიული კვლევა არის სისხლში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა - HCG(ხეგე). ეს ჰორმონი ორგანიზმში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში მიმაგრების შემდეგ ჩნდება. მისი დონე ორსულობის პირველ კვირებში სწრაფად იზრდება.
კვლევები, რომლებიც ერთდროულად განსაზღვრავს ინტაქტურ hCG-სა და თავისუფალ β-სუბერთეულს, კარგად დამკვიდრებული სიმსივნური მარკერებია და გამოიყენება ტროფობლასტური სიმსივნეების მქონე პაციენტების მართვის დამხმარე საშუალებად. AFP-თან ერთად ისინი ასევე გამოიყენება სათესლისა და სხვა ჩანასახოვანუჯრედოვანი სიმსივნეების მქონე პაციენტების შეფასებისა და მონიტორინგისთვის.
სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნის დროს შრატში hCG+β-ის მომატებული მნიშვნელობების გამოვლენის სიხშირე (%) შემდეგნაირია:
- სათესლის ან პლაცენტის ქორიოკარცინომა - 100%;
- ჰიდატიდური მოლი, ანუ ბუშტნამქერი - 97%;
- სათესლის არასემინომური ჩანასახოვანუჯრედოვანი სიმსივნე - 48–86%;
- სემინომა - 10–22%;
- პანკრეასის ადენოკარცინომა - 11–80%;
- პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების კარცინომა - 22–50%;
- კუჭის კიბო - 0–52%;
- საკვერცხის ეპითელური კიბო - 18–41%;
- მსხვილი ნაწლავის კიბო - 0–37%;
- ფილტვის კიბო - 0–36%;
- სარძევე ჯირკვლის კიბო - 7–25%;
- ჰეპატომა, ღვიძლის კიბო - 17–21%;
- წვრილი ნაწლავის სიმსივნეები - 13%;
- თირკმლის კარცინომა - 10%.
რა არის HCG(ხეგე)?
ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (HCG) არის ჰორმონი, რომელსაც ორსულობის დროს პლაცენტის ქსოვილი წარმოქმნის. მისი გამოჩენა სისხლში ემბრიონის მიმაგრების შემდეგ იწყება. როგორც წესი, ჩასახვიდან დაახლოებით 6-12 დღეში.
ამ ჰორმონის განსაზღვრა შესაძლებელია როგორც სისხლში, ისე შარდში. თუმცა სისხლის კვლევა უფრო ზუსტ მეთოდად მიიჩნევა. როდესაც ორსულობის ადრეულ ეტაპზე დადასტურებაა საჭირო, ექიმები ხშირად სწორედ ამ ლაბორატორიულ კვლევას ნიშნავენ.
როდის უნდა ჩატარდეს კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია თუ ქალს აქვს ეჭვი ორსულობაზე, მენსტრუაცია დაუგვიანდა ან ექიმს სურს ორსულობის ადრეულ ეტაპზე დადასტურება.
სისხლის ანალიზით ჰორმონის აღმოჩენა ხშირად მენსტრუაციის გადაცდენამდე რამდენიმე დღით ადრეც შესაძლებელია, თუმცა ყველაზე სანდო შედეგი გადაცდენის შემდეგ მიიღება.
თუ შედეგი საეჭვოა ან ძალიან ადრეულ ეტაპზეა მიღებული, ექიმმა შესაძლოა კვლევის განმეორება 48-72 საათში გირჩიოთ. ეს იმიტომ, რომ ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს მაჩვენებელი პირველ კვირებში, როგორც წესი, იმატებს.
HCG(ხეგე) ანალიზი და მისი ფართო მნიშვნელობა
HCG ანალიზი გამოიყენება არა მხოლოდ ორსულობის დასადასტურებლად, არამედ გარკვეულ შემთხვევებში მისი მიმდინარეობის შესაფასებლადაც. ერთჯერადი მაჩვენებელი ყოველთვის სრულ სურათს არ იძლევა. ხშირად უფრო ინფორმაციულია ჰორმონის დინამიკის შეფასება - როგორ იცვლება მისი დონე რამდენიმე დღის ინტერვალში.
HCG-ის მომატებული მნიშვნელობები შეიძლება მიუთითებდეს:
- ქორიოკარცინომაზე;
- ჰიდატიდიფორმულ ნევუსზე - ბუშტნამქერზე;
- მრავალნაყოფიან ორსულობაზე.
შემცირებული მნიშვნელობები შეიძლება აღინიშნებოდეს:
- ორსულობის შეწყვეტის საფრთხის დროს;
- არაგანვითარებადი ორსულობის დროს;
- საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს;
- გესტოზის დროს;
- ნაყოფის საშვილოსნოსშიდა დაღუპვის დროს.
ორსულობის მეორე ტრიმესტრში HCG+β-ის განსაზღვრა, ალფა-ფეტოპროტეინთან - AFP-სთან და სხვა პარამეტრებთან, მათ შორის ორსულობის ზუსტ ვადასა და დედის სხეულის მასასთან ერთად, გამოიყენება 21-ე ქრომოსომის ტრისომიის - დაუნის სინდრომის რისკის შეფასებაში.
რამდენი უნდა იყოს HCG ორსულობის დროს?
რამდენი უნდა იყოს HCG ნორმა ორსულობის დროს? - ამ კითხვაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს, რადგან მაჩვენებელი ორსულობის ვადის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება.
მაგალითად, ორსულობის ძალიან ადრეულ ეტაპზე მნიშვნელობები შეიძლება იყოს შედარებით დაბალი, ხოლო მომდევნო კვირებში სწრაფად გაიზარდოს. სხვადასხვა ლაბორატორიას ასევე შეიძლება ჰქონდეს საკუთარი საცნობარო დიაპაზონები.
აღსანიშნავია, რომ ერთი და იმავე ვადის ორსულ ქალებს შორისაც შესაძლებელია მაჩვენებლების მნიშვნელოვანი განსხვავება შეიმჩნეოდეს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთი ანალიზის საფუძველზე დასკვნის გაკეთება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის.
თუ შედეგი მოსალოდნელ დიაპაზონს არ შეესაბამება, ეს ავტომატურად პრობლემის არსებობას არ ნიშნავს. საჭიროების შემთხვევაში ექიმი განმეორებით კვლევას, ულტრაბგერით გამოკვლევას ან დამატებით ლაბორატორიულ ტესტებს დაგინიშნავთ.
გახსოვდეთ, ანალიზის შედეგი ყოველთვის ექიმმა უნდა განიხილოს, რომელიც ორსულობის ვადასა და პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობას გაითვალისწინებს.
ზუსტი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია, რომ კვლევა სანდო გარემოში ჩატარდეს. ჩვენი თანამედროვე კლინიკური ლაბორატორია კი პაციენტებს სიზუსტესა და სისწრაფეს სთავაზობს.
HCG ნორმა - ცხრილი ორსულობის ვადის მიხედვით
რას ნიშნავს დადებითი HCG ?
დადებითი HCG უმეტეს შემთხვევაში ორსულობაზე მიუთითებს. თუმცა შედეგის შეფასებისას მნიშვნელოვანია მაჩვენებლის რაოდენობრივი მნიშვნელობის გათვალისწინებაც.
ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმს შეიძლება დასჭირდეს განმეორებითი კვლევა, რათა ჰორმონის ცვლილების ტემპი შეაფასოს. ასევე, ორსულობის დადასტურებისა და მისი ლოკალიზაციის შესაფასებლად ხშირად ინიშნება ულტრაბგერითი კვლევა.
დადებითი პასუხის მიღების შემდეგ რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია და შემდგომი მეთვალყურეობა.
მრავალნაყოფიანი ორსულობა და HCG მაღალი მაჩვენებელი
თუ HCG დონე თქვენი ორსულობის ვადისთვის მოსალოდნელ ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალია, ეს შესაძლოა მრავალნაყოფიან ორსულობაზე მიუთითებდეს. ამ დროს საშვილოსნოში ერთზე მეტი ემბრიონი ვითარდება და ჰორმონის გამომუშავებაც ბევრად უფრო მაღალი ტემპით ხდება. თუმცა, მკვეთრად მომატებული მაჩვენებელი ყოველთვის ტყუპების არსებობას არ ნიშნავს. ხშირად ეს უბრალოდ არასწორად გამოთვლილი გესტაციური ასაკის ბრალია, რასაც შემდგომში ულტრაბგერითი კვლევა საბოლოოდ აზუსტებს.
HCG ანალიზის როლი ინ ვიტრო განაყოფიერებისას (IVF)
ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის HCG ანალიზს განსაკუთრებული, სტრატეგიული დატვირთვა აქვს. ამ შემთხვევაში კვლევის ვადები მკაცრად არის დაცული და არ არის დამოკიდებული მენსტრუაციის სავარაუდო გადაცდენაზე. როგორც წესი, რეპროდუქტოლოგები ანალიზის ჩაბარებას ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანიდან ზუსტად მე-12 ან მე-14 დღეს ნიშნავენ. IVF პროტოკოლის დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰორმონის საწყისი ციფრებისა და მისი დინამიკის კონტროლი. ეს აუცილებელია, რათა ექიმმა ორსულობა დროულად დაადასტუროს და შემდგომი ნაბიჯები სწორად დაგეგმოს.
შარდის ორსულობის ტესტი და HCG ანალიზი - რა განსხვავებაა?
აფთიაქში ხელმისაწვდომი ორსულობის სწრაფი ტესტი შარდში HCG-ის არსებობას განსაზღვრავს და როგორც წესი, ხარისხობრივ პასუხს - დადებითს ან უარყოფითს, იძლევა. სისხლის ლაბორატორიული კვლევა კი HCG-ის ზუსტ კონცენტრაციას განსაზღვრავს, რის გამოც უფრო გამოსადეგია ორსულობის ადრეული დადასტურებისა და მაჩვენებლის დინამიკის კვლევით ორსულობის მიმდინარეობის შეფასებისთვის.
როგორ უნდა მოემზადოთ კვლევისთვის?
ამ კვლევისთვის სპეციალური მომზადება, როგორც წესი, საჭირო არ არის. ანალიზის ჩაბარება შესაძლებელია დღის სხვადასხვა მონაკვეთში.
თუმცა, თუ კვლევა ტარდება ექიმის რეკომენდაციით და პარალელურად იგეგმება სხვა ჰორმონული მაჩვენებლების შეფასებაც, სასურველია მისგან შესაბამისი ინსტრუქცია წინასწარ მიიღოთ. მაგალითად, შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს გადაამოწმოს ჰორმონალური მაჩვენებლები - პროგესტერონი და ესტრადიოლი.
პაციენტის ნიმუშში განსაზღვრული HCG-ის მნიშვნელობა შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენებული კვლევის მეთოდის მიხედვით. ამიტომ ლაბორატორიულ პასუხში ყოველთვის უნდა იყოს მითითებული HCG-ის განსაზღვრისთვის გამოყენებული მეთოდი. სხვადასხვა მეთოდით გამოკვლეულ პაციენტის ნიმუშებში მიღებული HCG-ის შედეგების ერთმანეთთან პირდაპირი შედარება დაუშვებელია, რადგან ამან შესაძლოა მცდარი სამედიცინო ინტერპრეტაცია გამოიწვიოს.
თუ თერაპიის მონიტორინგის პერიოდში იცვლება HCG-ის განსაზღვრის მეთოდი, ახალ მეთოდზე გადასვლისას მიღებული HCG-ის შედეგები უნდა დადასტურდეს ორივე მეთოდით ჩატარებული პარალელური გაზომვებით.
HCG ანალიზი თოდუას კლინიკაში - ფასი და სანდოობა
ზუსტი და სანდო შედეგისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიის არჩევა. ჩვენი კლინიკური ლაბორატორია პაციენტების მისაღებად და მათთვის ხარისხიანი მომსახურების გასაწევად მზადაა.
ორსულობის დაგეგმვის, დადასტურებისა და შემდგომი მეთვალყურეობისთვის სასურველია კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ. თოდუას კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი განყოფილება - გინეკოლოგია კვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ისინი მიღებულ შედეგებს სწორად შეაფასებენ და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით კვლევებს დაგეგმავენ.
ბუნებრივია, პაციენტები კვლევის ღირებულებით ხშირად ინტერესდებიან.
მომსახურების მიმდინარე ღირებულებისა და პასუხის მზადყოფნის ვადის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად უმჯობესია დაგვიკავშირდეთ. HCG-ს ფასი ჩვენთან დააზუსტეთ.
დაგვირეკეთ 032 2 57 57 57. ჩააბარეთ HCG ანალიზი თოდუას კლინიკაში და შედეგით მიმართეთ გინეკოლოგს.
ხშირად დასმული კითხვები
ჩასახვიდან რამდენ ხანში შეიძლება ორსულობის დადგენა?
სისხლში HCG-ის განსაზღვრა ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული დიაგნოსტიკური მეთოდია. ჰორმონის აღმოჩენა ხშირად შესაძლებელია ჩასახვიდან დაახლოებით 6-12 დღის შემდეგ, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელს მიემაგრება. თუმცა ყველაზე სანდო შედეგი, როგორც წესი, მენსტრუაციის გადაცდენის შემდეგ მიიღება. ძალიან ადრეულ ეტაპზე ჩატარებულმა კვლევამ შესაძლოა ჯერ კიდევ ვერ დააფიქსიროს ჰორმონის საკმარისი დონე.
საჭიროა თუ არა ანალიზის განმეორება?
ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება განმეორებითი კვლევა 48-72 საათში გირჩიოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ანალიზი ორსულობის ძალიან ადრეულ ეტაპზეა ჩატარებული ან საჭიროა ჰორმონის დინამიკის შეფასება. ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს HCG-ის დონე პირველ კვირებში, როგორც წესი, იზრდება, ამიტომ განმეორებითი კვლევა ექიმს დამატებით ინფორმაციას აწვდის ორსულობის მიმდინარეობის შესახებ.
შეიძლება თუ არა შედეგის დამოუკიდებლად შეფასება?
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში სხვადასხვა ცხრილი და საცნობარო მნიშვნელობებია ხელმისაწვდომი, შედეგის დამოუკიდებლად ინტერპრეტაცია სწორი არ არის. HCG-ის მაჩვენებელი დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე, ინდივიდუალურ თავისებურებებსა და ლაბორატორიის მიერ გამოყენებულ საცნობარო დიაპაზონებზე. რეკომენდებულია, რომ ანალიზის შედეგი მკურნალ ექიმთან განიხილოთ.
