მელანომა: როგორ ამოვიცნოთ კანის ყველაზე ვერაგი სიმსივნე?
კანის სიმსივნეებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნე მელანომაა. ის, კანის სხვა ონკოლოგიებთან შედარებით, უფრო აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მელანომის ადრეულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობის დროულად დაწყებას.
ბლოგში გაგაცნობთ ნიშნებს, რომლებიც, შესაძლოა, მელანომაზე მიუთითებდეს და მოგიყვებით მისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გზებზე.
სარჩევი
რა არის მელანომა?
როგორც აღვნიშნეთ, მელანომა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრელებული კანის აგრესიული სიმსივნე, რომელიც ვითარდება კანში არსებული პიგმენტური უჯრედების – მელანოციტების უკონტროლო გამრავლებით. მელანომა, ძირითადად, კანზე წარმოიქმნება და შეიძლება თავი იჩინოს სხეულის ნებისმიერ ადგილზე.
განარჩევენ მელანომის სხვადასხვა ფორმებს, რომელთა შორისაა:
- ზედაპირული გავრცელების მელანომა – ყველაზე გავრცელებული ფორმაა და მოიცავს დიაგნოსტირებული მელანომების 70%.
- ნოდულარული, იგივე კვანძოვანი მელანომა - უმეტესწილად კანის ზედაპირზე ჩნდება მუქი ფერის კვანძოვანი წარმონაქმნი.
- აკრალური მელანომა – წარმოიქმნება ხელისა და ფეხის გულებზე.
- ფრჩხილის მელანომა - ამ დროს ზიანდება ფრჩხილის მატრქისი და აღინიშნება მოყავისფრო-მოშავო ხაზი ფრჩხილის სიგრძეზე.
- ოკულარული, იგივე თვალის მელანომა – ის ყოველთვის ხილული შეიძლება არ იყოს, ამიტომ მისი აღმოჩენა უმეტესად ოფთალმოლოგიური გასინჯვისას ხდება
რა იწვევს დაავადებას?
მელანომას კონკრეტული გამომწვევი მიზეზები არ აქვს, თუმცა შემთხვევათა დიდი ნაწილი ე.წ. BRAF გენის მუტაციის შედეგია. დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს როგორც მზის, ისე სოლარიუმის ულტრაიისფერმა გამოსხივებამაც. სოლარიუმის მოხმარება 75% ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.
მელანომის განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობაც.
მელანომის ნიშნები
მელანომა შეიძლება სხეულზე უკვე არსებული წარმონაქმნის გადაგვარების შედეგად განვითარდეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაავადების შემთხვევათა 95% ახალი პიგმენტური ლაქით ან წანაზარდით ვლინდება.
სახლის პირობებში მელანომის ამოცნობაში ე.წ. ABCDE წესი დაგეხმარებათ. ის ნიშანთა ერთობლიობაა, რომელთა მიმართაც ყურადღება გვმართებს.
A – Asymmetry – გაითვალისწინეთ, რომ ნორმალური ხალი უმეტესად მრგვალი ან ოვალური ფორმისაა, ამიტომ უყურადღებოდ არ დატოვოთ წარმონაქმნი, რომელიც ასიმეტრიულია
B – Border – საფრთხილოა ხალები, რომლებსაც არ აქვს კარგად გამოყოფილი საზღვრები
C – Color – ყურადღება მიაქციეთ ხალს, რომელსაც არ აქვს ერთგვაროვანი ფერი
D – Diameter – თუ არსებული წარმონაქმნი ზომაში გაიზარდა და დიამეტრით 6მმ გადააჭარბა.
E – Evolution – მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ხალი, რომელმაც დროთა განმავლობაში განიცადა ფერის, ზომისა და ფორმის ცვლილება ანუ განიცადა მთლიანად ევოლუცია.
ასევე ყურადღებამისაქცევია თუ წარმონაქმნი გახდა სისხლმდენი, არ ხორცდება, გაჩნდა წიწკვნის, ქავილის ან ტკივილის შეგრძნებები.
ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ნიშნის არსებობის შემთხვევაში, დაჯავშნეთ ვიზიტი სპეციალისტთან, რათა დროულად შეფასდეს წარმონაქმნი და მოხდეს კანის დათვალიერება.
ამ დაავადებას თოდუას კლინიკაში ონკოლოგიის დეპარტამენტში მკურნალობენ.
დაავადების დიაგნოსტიკა
მელანომის დიაგნოსტირების ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი დერმატოსკოპიაა, რომელიც სპეციალისტს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს კანის შეუიარაღებელი თვალით უხილავი შრეები და სტრუქტურები. ამგვარი გასინჯვის შემდეგ დერმატოლოგი წარმონაქმნს მიაკუთვნებს რომელიმე ჯგუფს – კეთილთვისებიანს, საეჭვოს ან ავთვისებიანს.
საეჭვო წარმონაქმნის შემთხვევაში, აუცილებელია მისი მონიტორინგი რამდენიმე თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ბიოფსია და პასუხიდან გამომიდნარე შეიძლება გაღრმავდეს კვლევები თუნდაც რადიოლოგიური კუთხით, შესაძლებელია საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება და ა.შ.
კანის სიმსივნეების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ანამნეზს მაგ. მიუღია თუ არა მას მზეზე დამწვრობა ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ასაკში მიღებულმა დამწვრობამ, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს მომავალში მელანომის განვითარებაში.
მელანომის მკურნალობა
მელანომის მკურნალობის მეთოდის შერჩევისას მნიშვნელობა აქვს დაავადების რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე, რამდენადაა ის გავრცელებული სხვა ორგანოებზე და რამხელაა დაზიანებული უბნის სიღრმე.
👉 აქვე შეგახსნებთ, რომ თოდუას კლინიკა წარმატებით მკურნალობს სხვადსხვა ონკოლოგიურ დაავადებებს, ძუძუს კიბოს, პროსტატის სიმსივნეს, ფილტვის კიბო და სხვა.
თუ მელანომა კანის ზედაპირზეა გავრცელებული, არ არის კანის ღრმა შრეში გავრცელება და არამეტასტაზურია, საკმარისია მისი ქირურგიული ამოკვეთა. ოპერაციის შემდეგ აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი. იმ შემთხვევაში თუკი დაავადება შორსწასულია და მეტასტაზური ფორმაა, შესაძლოა, ქირურგიული მკურნალობის გარდა, პაციენტს დაენიშნოს იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია, ქიმიოთერაპია ან საფუძვლიანი სხივური თერაპია. მკურნალობის ტაქტიკას შემდგომ ონკოლოგი განსაზღვრავს.
პრევენცია
მელანომის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, თავი დავიცვათ ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, რისთვისაც აუცილებელია მოვერიდოთ მწველ მზეს და უარი ვთქვათ სოლარიუმის მოხმარებაზე. ამასთან ერთად, აუცილებელია, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები მაშინაც კი, როდესაც ამინდი ღრუბლიანია, ანუ წელიწადის ნებისმიერ დროს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მელანომის განვითარების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კანის ზედაპირი დროთა განმავლობაში საფუძვლიანად დავითვალიეროთ, არსებულ ხალებზე ცვლილებების ან ახალი საეჭვო წარმონაქმნის შემჩნევის შემთხვევაში კი, დროულად მივმართოთ სპეციალისტს.
თოდუას კლინიკა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და დაკომპლექტებულია სპეციალისტთა გამოცდილი გუნდით, დაგეხმარებათ სრულფასოვნად გამოიკვლიოთ თქვენი კანის მდგომარეობა, დროულად აღმოფხვრათ ნებისმიერი პრობლემა და თავიდან აიცილოთ მელანომით გამოწვეული გართულებები.