ლიმფომა - სიმპტომები და მკურნალობა

14/11/2026

ლიმფომა - სიმპტომები, ტიპები და მკურნალობა

 

ლიმფომა არის ონკოლოგიური დაავადება, რომელიც ლიმფური სისტემის უჯრედებიდან ვითარდება. არსებობს ორი ძირითადი ტიპი: ჰოჯკინის და არაჰოჯკინის ლიმფომები. მათი მკურნალობის მეთოდები განსხვავებულია და დაავადების მართვა მთლიანად მის ტიპსა და გავრცელებაზეა დამოკიდებული. 

 

გაითვალისწინეთ, გადიდებული ლიმფური კვანძის არსებობა ავტომატურად ლიმფომაზე არ მიანიშნებს. ასეთი ცვლილების ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა. თუმცა, თუ კვანძი დიდხანსაა გადიდებული ან სხვა საეჭვო სიმპტომებიც ახლავს, ექიმთან კონსულტაციაზე უნდა მიხვიდეთ. 

 

რა არის ლიმფომა?

 

ლიმფური სისტემა იმუნური სისტემის ნაწილია. მასში შედის ლიმფური კვანძები, ლიმფური ძარღვები, ელენთა, თიმუსი, ძვლის ტვინი და სხვა ლიმფური ქსოვილები. ის ორგანიზმს ინფექციებისგან დაცვაში ეხმარება.

 

ლიმფომა მაშინ ვითარდება, როდესაც ლიმფური სისტემის უჯრედებში, უმეტესად ლიმფოციტებში, პათოლოგიური ცვლილებები იწყება და ისინი უკონტროლოდ მრავლდება. დაავადება შეიძლება ლიმფურ კვანძებში დაიწყოს, თუმცა ზოგჯერ სხვა ორგანოები და ქსოვილებიც მოიცავს.

 

აღსანიშნავია, რომ ლიმფომა ლეიკემიისგან განსხვავდება. ლიმფომა ლიმფურ სისტემასთან დაკავშირებული სიმსივნური დაავადებაა. ლეიკემია სისხლმბად ქსოვილში ვითარდება. ის ძვლის ტვინსა და სისხლში პათოლოგიური უჯრედების უკონტროლო წარმოქმნას იწვევს. თუმცა ამ დაავადებებს შორის გარკვეული გადაკვეთა მაინც არსებობს.

 

ლიმფომა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს. მაგალითად, ჰოჯკინის ლიმფომა ყველაზე ხშირად ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებში ვლინდება. არაჰოჯკინის ლიმფომის განვითარების ალბათობა კი ასაკის მატებასთან ერთად უფრო იზრდება. თუმცა მისი გაჩენა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. 

 

ლიმფომის სიმპტომები

 

ლიმფომის სიმპტომები ყველა პაციენტში ერთნაირად არ ვლინდება. ხშირად პირველი ნიშანი კისერზე, იღლიაში ან საზარდულში გადიდებული ლიმფური კვანძია. 

 

შესაძლებელია ასევე გამოვლინდეს:

 

  • მაღალი ტემპერატურა, რომელსაც აშკარა მიზეზი არ აქვს;
  • ღამის განმავლობაში ძლიერი ოფლიანობა;
  • ამოუხსნელი წონის კლება;
  • მუდმივი დაღლილობა;
  • კანის ქავილი;
  • ზოგადი სისუსტე.

 

ლიმფომის დროს გადიდებული კვანძი ხშირად უმტკივნეულოა. ინფექციის დროს კი ლიმფური კვანძი, პირიქით, მტკივნეული და მგრძნობიარეა. ის ინფექციის დასრულებისთანავე ზომაშიც იკლებს. 

 

თუ კვანძის ზომა რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მცირდება ან იზრდება, საჭიროა, ექიმს მიმართოთ. მით უმეტეს მაშინ, თუ ამ ყველაფერს ერთვის ღამით ოფლიანობა, წონის კლება ან მაღალი ტემპერატურა. ერთი სიმპტომის არსებობა ლიმფომის დიაგნოზს არ ნიშნავს. მსგავსი ჩივილები შესაძლოა სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.

 

ჰოჯკინის და არაჰოჯკინის ლიმფომა - რა განსხვავებაა?

 

ჰოჯკინის ლიმფომა ლიმფომის ერთ-ერთი ძირითადი ჯგუფია, რომლის ზოგიერთი ფორმაც სპეციალური სიმსივნური უჯრედების - რიდ-შტერნბერგის (Reed-Sternberg) უჯრედების არსებობით გამოირჩევა. დაავადება ხშირად ლიმფური კვანძების გადიდებით ვლინდება.

 

ჰოჯკინის ლიმფომის სიმპტომები შეიძლება იყოს უმტკივნეულო გადიდებული კვანძი, ღამით ძლიერი ოფლიანობა, მაღალი ტემპერატურა, წონის კლება, დაღლილობა და ქავილი. გაითვალისწინეთ, რომ ეს სიმპტომები მხოლოდ ჰოჯკინის ლიმფომისთვის დამახასიათებელი არ არის და შესაძლოა სულ სხვა მიზეზით ვლინდებოდეს. 

 

არაჰოჯკინის ლიმფომა ერთი კონკრეტული დაავადება არ არის. ის ლიმფური სისტემის სიმსივნური დაავადებების დიდი ჯგუფია. ზოგი ფორმა ნელა მიმდინარეობს, ზოგი კი სწრაფად იზრდება. ამიტომ სხვადასხვა ტიპის არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა სხვადასხვა გზით შეიძლება წარიმართოს. 

 

ამ ჯგუფში შედის სხვადასხვა იშვიათი ფორმაც. მაგალითად, ბერკიტის ლიმფომა, რომელიც სწრაფად მზარდი B-უჯრედული ლიმფომაა. რაც შეეხება კანის ლიმფომებს, ისინი კანის T ან სხვა იმუნურ უჯრედებთან დაკავშირებული ფორმებია. ზოგიერთი ტიპი ნელა მიმდინარეობს და თავიდან ცვლილებები, ძირითადად, კანზე შეიმჩნევა.

 

ლიმფომის სტადიები

 

დაავადების სტადია აჩვენებს, თუ რამდენად არის ის გავრცელებული. ამის დასადგენად ექიმი აკვირდება, რომელ ლიმფურ კვანძებს შეეხო პროცესი და გასცდა თუ არა სიმსივნე ლიმფური სისტემის საზღვრებს. ზუსტად ამ ინფორმაციის მიხედვით დგება მკურნალობის გეგმა.

 

ადრეულ სტადიაზე, როგორც წესი, დაავადება ფართოდ არ არის გავრცელებული. შემდგომი სტადიები კი მიუთითებს, რომ პროცესმა სხეულის უფრო მეტი უბანი მოიცვა. თუმცა ეს მაჩვენებელი მკურნალობის შედეგს წინასწარ ვერ განსაზღვრავს.

 

მაგალითად, ჰოჯკინის ლიმფომის მე-4 სტადია ნიშნავს, რომ დაავადება გასცდა ლიმფური სისტემის ფარგლებს და შესაძლოა სხეულის სხვა ორგანოებსაც შეეხოს. მაგალითად, ძვლის ტვინს, ღვიძლს ან ფილტვის გარკვეულ უბნებს. ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობა შეუძლებელია. მკურნალობის შედეგი მთლიანად დამოკიდებულია ლიმფომის ტიპზე, მის თავისებურებებსა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.

 

ლიმფომა და სისხლის ანალიზი

 

ლიმფომა სისხლის ანალიზით არ დგინდება. სისხლის საერთო ანალიზმა შეიძლება აჩვენოს სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილება. კვლევები ექიმს ზოგადი მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება.

 

ზოგიერთი პაციენტის სისხლის ანალიზის პასუხები ნორმის ფარგლებშია. ამიტომ ამ კვლევის საფუძველზე ლიმფომის გამორიცხვა ან დადასტურება შეუძლებელია.

 

დამატებით, კვლევებით შეიძლება შეფასდეს ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ლაქტატდეჰიდროგენაზა, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი მაჩვენებელი და სხვა ლაბორატორიული მონაცემები. კონკრეტულ კვლევებს ექიმი პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ნიშნავს. მეტი ინფორმაციის გასაგებად გაეცანით ბლოგს: სისხლის საერთო ანალიზი.

 

როგორ დგინდება ლიმფომის დიაგნოზი?

 

დიაგნოსტიკა გასინჯვითა და ანამნეზის შეფასებით იწყება. ექიმი ყურადღებას აქცევს ლიმფური კვანძების მდებარეობას, ზომას, დინამიკას და სხვა სიმპტომებს.

 

შემდეგ შეიძლება დაინიშნოს სისხლის კვლევები და გამოსახულებითი კვლევები. საჭიროების მიხედვით გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია ან PET/CT. PET კვლევა აჩვენებს იმ უბნებს, სადაც მეტაბოლური აქტივობა მომატებულია.

 

ლიმფომის დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია ბიოფსია ჩატარდეს. ამ დროს ქსოვილის ნიმუშს ლიმფური კვანძიდან ან სხვა საეჭვო უბნიდან იღებენ და მიკროსკოპის ქვეშ იკვლევენ. ეს კვლევა ექიმს ლიმფომის ტიპის განსაზღვრაშიც ეხმარება.

 

დიაგნოზის დასმა მხოლოდ ერთი ანალიზის საფუძველზე შეუძლებელია. 

 

PET კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბლოგს - პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია PET. აღსანიშნავია, რომ თოდუას კლინიკაში შესაბამისი კვლევები ტარდება ბირთვული მედიცინის განყოფილებაში.

 

იკურნება თუ არა ლიმფომა?

 

ზოგიერთი ლიმფომა სრულად იკურნება, ზოგ შემთხვევაში კი მთავარი მიზანი დაავადების ხანგრძლივი კონტროლი და მართვაა. საბოლოო შედეგი ბევრ რამეზეა დამოკიდებული - ლიმფომის ტიპზე, მის თავისებურებებსა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.

 

რემისია ნიშნავს, რომ მკურნალობის შემდეგ დაავადების ნიშნები აღარ ვლინდება ან მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სრული რემისიის დროს დაავადების აქტიური ნიშნები აღარ ჩანს. ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ დაავადება მომავალში ისევ არ გამოვლინდება. ამიტომ მკურნალობის დასრულების შემდეგაც საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.

 

ჰოჯკინის ლიმფომის მრავალი ფორმა წარმატებით იკურნება. არაჰოჯკინის ლიმფომის დროს სურათი განსხვავებულია - ყველაფერი მის ზუსტ ტიპსა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

 

ლიმფომის მკურნალობა

 

ლიმფომის მკურნალობის გეგმა მთლიანად ინდივიდუალურია. ექიმი მას ლიმფომის ტიპის, გავრცელების არეალისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით ადგენს.

 

მკურნალობის მეთოდებს შორის შეიძლება იყოს ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, იმუნოთერაპია და მიზნობრივი თერაპია. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში შესაძლებელია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაც განიხილებოდეს.

 

ყველა ლიმფომა დაუყოვნებლივ მკურნალობას არ საჭიროებს. ზოგჯერ ექიმმა შეიძლება აქტიური დაკვირვების ტაქტიკაც აირჩიოს. ასეთ შემთხვევაში პაციენტს რეგულარულად ამოწმებენ და მკურნალობა მხოლოდ მაშინ იწყება, როცა სიმპტომები ან დაავადების აქტივობა იცვლება.

 

მკურნალობის დასრულების შემდეგაც საჭიროა პერიოდული კონტროლი. ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმმა უნდა შეაფასოს და საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი კვლევები დანიშნოს.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

 

ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ, თუ კისერზე, იღლიაში ან საზარდულში გადიდებული ლიმფური კვანძი გაქვთ და მისი ზომა რამდენიმე კვირის შემდეგაც არ მცირდება.

 

განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ კვანძის გადიდებას ერთვის:

 

  • ღამის განმავლობაში ძლიერი ოფლიანობა;
  • წონის უმიზეზო კლება;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • გამოხატული დაღლილობა;
  • ქავილი ან სხვა ახალი უჩვეულო ჩივილები.

 

ასეთი ნიშნების არსებობა ავტომატურად ლიმფომაზე არ მიუთითებს. ლიმფური კვანძების გადიდების უფრო ხშირი მიზეზი ინფექციაა. თუმცა მუდმივი ან პროგრესირებადი ცვლილება ექიმმა უნდა შეაფასოს.

 

კონსულტაციაზე სასურველია თან იქონიოთ ყველა არსებული ანალიზისა და კვლევის პასუხი. თუ გამოსახულებითი კვლევა ან ბიოფსია ჩაიტარეთ, შედეგები ექიმს აჩვენეთ. 

 

ლიმფომაზე ეჭვის ან უკვე დადგენილი დიაგნოზის შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა გააკონტროლოს. თოდუას კლინიკის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილება კვალიფიციური ექიმებითაა დაკომპლექტებული. მომსახურების ზუსტი ფასის გასაგებად შეგიძლიათ Todua AI გამოიყენოთ.

 

იმ შემთხვევაში, თუ ლიმფური კვანძი ერთ თვეზე მეტია გადიდებული, უმჯობესია ექიმს დროულად მიმართოთ. დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57 და დაჯავშნეთ კონსულტაცია თოდუას კლინიკაში. 

 

ხშირად დასმული კითხვები

 

რა სიმპტომები ახასიათებს ლიმფომას?

ლიმფომის ძირითადი ნიშნებია: უმტკივნეულოდ გადიდებული ლიმფური კვანძი, ღამის განმავლობაში ძლიერი ოფლიანობა, წონის უმიზეზოდ კლება, მაღალი ტემპერატურა და მუდმივი დაღლილობა. თუმცა, მსგავსი ჩივილები სხვა ბევრ მდგომარეობასაც შეიძლება ახლდეს. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ლიმფური კვანძის ან სხვა საეჭვო უბნის ბიოფსია. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართეთ.

 

ჩანს თუ არა ლიმფომა სისხლის ანალიზში?

ლიმფომის დიაგნოზი მხოლოდ სისხლის ანალიზით არ ისმება. სისხლის საერთო ანალიზმა შეიძლება უბრალოდ უჯრედების რაოდენობის ცვლილება აჩვენოს, რაც ექიმს ზოგადი სურათის დანახვაში ეხმარება. 

 

იკურნება თუ არა ლიმფომა?

დიახ, ლიმფომის ზოგი ფორმა სრულად იკურნება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია მდგომარეობის ხანგრძლივად კონტროლი. მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია ლიმფომის ტიპზე, სტადიაზე, დაავადების თავისებურებებსა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

გაზიარება