ნეფროლოგია - რა არის და რას მკურნალობს ნეფროლოგი?
ნეფროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც თირკმელების ფუნქციასა და მათ დაავადებებს შეისწავლის. ნეფროლოგი თირკმლის ფუნქციას აფასებს, გამოვლენილი დარღვევების შესაძლო მიზეზებს ადგენს და შემდგომი კვლევისა და მკურნალობის გეგმას პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად განსაზღვრავს.
რას მოიცავს ნეფროლოგია და ნეფროლოგის საქმიანობა?
ნეფროლოგის მთავარი ამოცანა ქრონიკული პათოლოგიების მართვა და დაავადების პროგრესირების მაქსიმალური შენელებაა. იგი პაციენტებს ისეთი მდგომარეობების დროს მეთვალყურეობს, როგორებიცაა არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტური ნეფროპათია, თირკმლის უკმარისობა და მწვავე თუ ქრონიკული ანთებითი პროცესები. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტი ასევე მართავს ჩანაცვლებით თერაპიას (დიალიზს) ან ხელმძღვანელობს პაციენტის ტრანსპლანტაციისთვის მომზადების პროცესს.
მისი საქმიანობა მხოლოდ უკვე გამოვლენილი დაავადების მკურნალობით არ შემოიფარგლება. ნეფროლოგის ჩართულობა შეიძლება საჭირო გახდეს მაშინაც, როცა შარდის ან სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებაა, თუმცა ადამიანს ჩივილები არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ნეფროლოგია მოიცავს როგორც მწვავე მდგომარეობების მართვას, ისე ხანგრძლივ სამედიცინო მეთვალყურეობას.
რა ფუნქცია აქვს თირკმელებს?
თირკმელები ორგანიზმის ბუნებრივი ფილტრია, რომელიც სისხლს ნარჩენი ნივთიერებებისა და ჭარბი სითხისგან წმენდს. თუმცა ამ ორგანოების როლი მხოლოდ შარდის წარმოქმნით არ შემოიფარგლება. ისინი რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან პროცესშიც მონაწილეობენ:
- სისხლის ფილტრაცია: თირკმელები ორგანიზმიდან ნარჩენ ნივთიერებებსა და ჭარბ სითხეს გამოდევნის;
- წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი: არეგულირებს სითხისა და ისეთი მინერალების რაოდენობას, როგორიცაა ნატრიუმი და კალიუმი;
- არტერიული წნევის რეგულაცია: თირკმელები მონაწილეობს წნევის კონტროლში;
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსი: ხელს უწყობს სისხლში მჟავებისა და ტუტეების სათანადო თანაფარდობის შენარჩუნებას;
- ჰორმონული ფუნქცია: გამოიმუშავებს ნივთიერებებს, რომლებიც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნასა და ძვლების ჯანმრთელობაში მონაწილეობს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება იმოქმედოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, სისხლის შემადგენლობასა და ორგანიზმში სითხის ბალანსზე. ამასთან, მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტიც თირკმლის დაზიანების მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია.
ნეფროლოგიური დაავადებები
ნეფროლოგი სხვადასხვა ტიპის თირკმლის დაავადებას მართავს. ზოგი მათგანი უეცრად ვითარდება, ზოგი კი თანდათან პროგრესირებს. დაავადების დროული გამოვლენა მნიშვნელოვანია, რადგან თირკმლის ფუნქცია ზოგჯერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქვეითდება. თანაც, აშკარა სიმპტომების გარეშე.
ძირითადი მდგომარეობებია:
- თირკმლის მწვავე დაზიანება: თირკმლის ფუნქცია მოკლე დროში უარესდება. მიზეზი შეიძლება იყოს გაუწყლოება, მძიმე ინფექცია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ან ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება;
- ქრონიკული თირკმლის დაავადება: თირკმლის სტრუქტურის ან ფუნქციის ცვლილება ხანგრძლივად ნარჩუნდება. მკურნალობა მიზეზისა და დაავადების სტადიის მიხედვით განისაზღვრება;
- გლომერულური დაავადებები: აზიანებს თირკმლის იმ მცირე სტრუქტურებს, რომლებიც სისხლის ფილტრაციაში მონაწილეობს. ამ დროს შარდში შეიძლება გამოჩნდეს ცილა ან სისხლი;
- ნეფრიტული და ნეფროზული სინდრომები: ნეფრიტული სინდრომი ხშირად თირკმლის ფილტრაციული სტრუქტურების ანთებას უკავშირდება და შეიძლება შარდში სისხლის არსებობით, შეშუპებითა და წნევის მატებით გამოვლინდეს. ნეფროზული სინდრომისთვის კი დამახასიათებელია შარდში ცილის მნიშვნელოვანი რაოდენობით დაკარგვა, რაც სისხლში ალბუმინის შემცირებასა და შეშუპებას იწვევს;
- დიაბეტით გამოწვეული თირკმლის დაზიანება: სისხლში გლუკოზის ხანგრძლივად მაღალმა დონემ შეიძლება თირკმლის ფილტრაციული სტრუქტურები დააზიანოს;
- ჰიპერტენზიული დაზიანება: მაღალი არტერიული წნევა აზიანებს თირკმლის სისხლძარღვებს, ხოლო თირკმლის დაავადებამ, თავის მხრივ, შეიძლება წნევის კონტროლი გაართულოს. ასეთ შემთხვევებში ნეფროლოგი და კარდიოლოგიის განყოფილება შესაძლოა ერთობლივად მართავდნენ პაციენტს;
- ინტერსტიციული, ტუბულური და სისხლძარღვოვანი დაავადებები: აზიანებს თირკმლის სხვადასხვა სტრუქტურას და შეიძლება მოქმედებდეს ფილტრაციასა და ორგანიზმში სითხისა და ელექტროლიტების ბალანსზე;
- მედიკამენტებით გამოწვეული დაზიანება: ზოგიერთმა წამალმა შეიძლება თირკმლის ფუნქცია გააუარესოს. რისკი განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ადამიანს თირკმლის დაავადება უკვე აქვს;
- სისტემური და რევმატოლოგიური დაავადებების ფონზე განვითარებული ცვლილებები: ზოგიერთი იმუნური დაავადება თირკმელსაც აზიანებს;
- ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევები: თირკმლის ფუნქციის ცვლილებამ შეიძლება სისხლში კალიუმის, ნატრიუმისა და სხვა ნივთიერებების დონეზე იმოქმედოს.
ნეფროლოგი თუ უროლოგი - ვის მიმართოთ?
ნეფროლოგი და უროლოგი საშარდე სისტემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას მართავენ. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ნეფროლოგი თირკმლის ფუნქციის დარღვევებსა და მათ არაქირურგიულ მკურნალობაზეა სპეციალიზებული. უროლოგი კი საშარდე სისტემის დაავადებებს მკურნალობს და საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევასაც ატარებს.
თუ შარდში ცილა ან ალბუმინი აღმოჩნდა, სისხლში კრეატინინი მომატებულია ან თირკმლის ფილტრაციის მაჩვენებელი შემცირებულია, საჭიროა ნეფროლოგის შეფასება. ეს ცვლილებები შეიძლება თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებდეს.
თირკმლის კენჭის, შარდვის გაძნელების, საშარდე გზების ზოგიერთი ინფექციის ან პროსტატის პრობლემის დროს კი, მდგომარეობის მიხედვით, შესაძლოა უროლოგის კონსულტაცია იყოს საჭირო. ამ დროს პაციენტებს უროლოგიის განყოფილება მოემსახურება.
ზოგ შემთხვევაში ორივე სპეციალისტის ჩართვაა საჭირო. მაგალითად, თირკმლის კენჭმა შეიძლება შარდის გადინება შეაფერხოს და თირკმლის ფუნქციაზეც იმოქმედოს. ასეთ დროს უროლოგი უშუალოდ საშარდე გზების პრობლემას მართავს, ნეფროლოგი კი თირკმლის ფუნქციას აფასებს.
როდის უნდა მიმართოთ ნეფროლოგს?
ნეფროლოგთან კონსულტაციის საფუძველი შეიძლება იყოს არა მხოლოდ თირკმლის დაავადებების სიმპტომები, არამედ ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც. ექიმის შეფასება საჭიროა, თუ:
- შარდში ცილა ან ალბუმინი აღმოჩნდა;
- შარდის ანალიზში სისხლი გამოვლინდა;
- სისხლში კრეატინინი მომატებულია ან eGFR შემცირებულია;
- დარღვეულია ელექტროლიტების დონე;
- შარდის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა;
- სახეზე, ხელებსა ან ფეხებზე შეშუპება შეინიშნება;
- არტერიული წნევის კონტროლი გართულდა.
გაითვალისწინეთ, ამ ნიშნების არსებობა ყოველთვის თირკმლის დაავადებებზე არ მიუთითებს. შესაძლო მიზეზის დასადგენად ექიმი პაციენტის ისტორიას, ჩივილებსა და კვლევების შედეგებს ეცნობა.
როდის არის საჭირო გადაუდებელი დახმარება? - თუ შარდის გამოყოფა უეცრად მკვეთრად შემცირდა ან შეწყდა, გაქვთ ძლიერი ქოშინი, სწრაფად მოიმატა შეშუპებამ ან აღინიშნება გონების დაბინდვა, საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო შეფასება.
ვინ უნდა აკონტროლოს თირკმელების მდგომარეობა რეგულარულად?
საწყის ეტაპზე, თირკმლის დაავადებები ყოველთვის აშკარა სიმპტომებით არ ვლინდება. ამიტომ ზოგიერთმა ადამიანმა მდგომარეობა რეგულარულად უნდა შეამოწმოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონტროლი, თუ ადამიანს აქვს:
- შაქრიანი დიაბეტი;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადება;
- თირკმლის დაავადების ოჯახური ისტორია;
- ადრე გამოვლენილი ალბუმინურია, პროტეინურია ან ჰემატურია;
- უკვე დადგენილი თირკმლის დაავადება.
კონტროლის სიხშირე ყველასთვის ერთნაირი არ არის. ექიმი მას ინდივიდუალურად განსაზღვრავს თირკმლის ფუნქციის, თანმხლები დაავადებებისა და წინა კვლევების შედეგების მიხედვით. რეგულარული შეფასება ცვლილებების დროულად აღმოჩენისა და დაავადების პროგრესირების რისკის შემცირების საშუალებას იძლევა.
ნეფროლოგის კონსულტაცია - როგორ მიმდინარეობს?
ნეფროლოგის კონსულტაციაზე სასურველია თან იქონიოთ წინა კვლევების პასუხები და მიღებული მედიკამენტების სია. ასევე, თუ გაქვთ, არტერიული წნევისა და სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების ჩანაწერები.
ვიზიტის დროს ექიმი გაეცნობა ჩივილებს, ჯანმრთელობის ისტორიასა და არსებულ კვლევებს. შემდეგ განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.
თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად შეიძლება დაინიშნოს:
- შარდის საერთო ანალიზი - ავლენს შარდის შემადგენლობის ცვლილებებს, მათ შორის ცილისა და სისხლის არსებობას;
- შარდში ალბუმინისა და კრეატინინის თანაფარდობა - გამოიყენება შარდში ალბუმინის რაოდენობის შესაფასებლად;
- სისხლში კრეატინინი და eGFR - ეს ეხმარება ექიმს თირკმლის ფილტრაციული ფუნქცია შეაფასოს. საკითხზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბლოგში კრეატინინი - რა არის და რამდენია ნორმა;
- შარდოვანა და ელექტროლიტები - აჩვენებს სისხლში გარკვეული ნივთიერებების დონეს;
- თირკმლის ექოსკოპია - გამოიყენება თირკმლის ზომის, სტრუქტურისა და შესაძლო ცვლილების შესაფასებლად;
- თირკმლის ბიოფსია - საჭიროების შემთხვევაში იკვლევენ თირკმლის ქსოვილის მცირე ნიმუშს. ბიოფსიის საჭიროება ინდივიდუალურად განისაზღვრება.
თოდუას კლინიკის კლინიკური ლაბორატორია შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად მზადაა. ექიმი მკურნალობის გეგმას, საჭირო მეთვალყურეობასა და შემდგომი კვლევების პერიოდულობას კონსულტაციის შემდეგ, პაციენტთან ერთად, განსაზღვრავს.
ნეფროლოგი თბილისში - თოდუას კლინიკის ნეფროლოგიის დეპარტამენტი
თოდუას კლინიკის ნეფროლოგიის დეპარტამენტი კვალიფიციური ექიმებითაა დაკომპლექტებული. დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს თირკმლის დაავადებების დიაგნოსტიკას, მათი პროგრესირების პრევენციას და არაქირურგიულ მკურნალობას.
პაციენტის მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევებისა და თირკმლის ექოსკოპიის ჩატარება. თუ დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევაა საჭირო, ექიმი შესაბამის გეგმას შეადგენს.
ნეფროლოგი თოდუას კლინიკაში პაციენტის მდგომარეობას ინდივიდუალურად აფასებს და მდგომარეობის მართვის გეგმას განსაზღვრავს. მომსახურების ზუსტი ფასის გასაგებად შეგიძლიათ Todua AI გამოიყენოთ.
დაგვირეკეთ 032 2 57 57 57 და ჩაეწერეთ ნეფროლოგის კონსულტაციაზე თოდუას კლინიკაში.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ნეფროლოგია და რას მკურნალობს ნეფროლოგი?
ნეფროლოგი რას ნიშნავს ზოგიერთმა პაციენტმა ზუსტად არ იცის. ნეფროლოგი თირკმლის დაავადებებს იკვლევს და მკურნალობს. ის ეხმარება პაციენტებს თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაზიანების, გლომერულური დაავადებებისა და დიაბეტის ან მაღალი არტერიული წნევის შედეგად განვითარებული თირკმლის პრობლემების დროს. საჭიროების შემთხვევაში, ნეფროლოგი დამატებით კვლევებს ნიშნავს და მკურნალობის გეგმას ადგენს.
თირკმლის პრობლემით ნეფროლოგს მივმართო თუ უროლოგს?
ნეფროლოგს მიმართავენ თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. მაგალითად, შარდში ცილის ან სისხლში კრეატინინის მომატების შემთხვევაში. უროლოგი კი მკურნალობს საშარდე გზების პრობლემებს, მათ შორის კენჭებს, შარდვის დარღვევებსა და პროსტატის დაავადებებს. ზოგჯერ ორივე სპეციალისტის კონსულტაციაა საჭირო.
როგორ მოვემზადო ნეფროლოგთან ვიზიტისთვის?
ნეფროლოგთან ვიზიტისას თან იქონიეთ წინა ანალიზების პასუხები და ინფორმაცია იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ. თუ არტერიულ წნევას ან სისხლში გლუკოზის დონეს აკონტროლებთ, სასურველია, შესაბამისი ჩანაწერებიც გქონდეთ. დამატებით კვლევებს ნეფროლოგი თქვენი მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს.
