პოდაგრა - სიმპტომები და მკურნალობა
პოდაგრა არის სახსრების ანთებითი დაავადება, რომლის განვითარებაც ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვებას უკავშირდება. ჭარბი შარდმჟავა სახსრებში კრისტალების სახით ილექება და ძლიერ ტკივილს, შეშუპებასა და სიწითლეს იწვევს. ყველაზე ხშირად ზიანდება ფეხის ცერა თითი, თუმცა პრობლემა სხვა სახსრებზეც შეიძლება გავრცელდეს.
გახსოვდეთ:
- პოდაგრა ქრონიკული, თუმცა მართვადი დაავადებაა და სწორი მკურნალობით შეტევების შემცირება შესაძლებელია;
- მისი გავრცელებული ნიშანია სახსარში უეცარი და ძლიერი ტკივილი;
- გენეტიკური ფაქტორები, ჭარბი წონა, კვება და ზოგიერთი დაავადება პოდაგრის რისკს ზრდის;
- მხოლოდ დიეტის შეცვლა ყოველთვის საკმარისი არ არის;
- მნიშვნელოვანია ექიმის მიერ შერჩეული მკურნალობის კურსს მიჰყვეთ.
რა არის პოდაგრა?
პოდაგრა ართრიტის ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც სახსარში შარდმჟავას კრისტალები გროვდება. ამის შედეგად ვითარდება ანთება და ჩნდება ძლიერი ტკივილი.
შარდმჟავა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ორგანიზმი პურინებს შლის. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის უჯრედებსა და ზოგიერთ საკვებში გვხვდება. ჩვეულებრივ, შარდმჟავა ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით გამოიყოფა. თუ ის ზედმეტად წარმოიქმნება ან თირკმლები საკმარისად ვერ გამოდევნიან, სისხლში მისი დონე იზრდება.
თუმცა სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე ავტომატურად პოდაგრას არ ნიშნავს. ზოგ ადამიანს მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ დაავადების სიმპტომები არ უვითარდება. საბოლოოდ, დიაგნოზი ექიმმა უნდა დასვას.
პოდაგრის სიმპტომები
პოდაგრის სიმპტომები ხშირად უეცრად იწყება. შეტევა შეიძლება ღამით განვითარდეს და ძლიერი ტკივილის გამო ადამიანს ძილიც დაურღვიოს. დაზიანებული სახსარი შეიძლება გაწითლდეს, შეგისივდეთ და სიმხურვალე იგრძნოთ.
ხშირად შეტევა ერთ სახსარზე ვითარდება. ტკივილის პიკი პირველ საათებში დგება. შემდეგ დისკომფორტი შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს. შეტევებს შორის პერიოდში ადამიანი შესაძლოა საერთოდ არაფერს უჩიოდეს.
უეცრად გაწითლებული, ცხელი და ძლიერ მტკივნეული სახსარი ყოველთვის პოდაგრა არ არის. ანალოგიური სურათი შეიძლება სახსრის ინფექციას, სეპტიკურ ართრიტსაც ჰქონდეს, რომელიც გადაუდებელ შეფასებას საჭიროებს.
თუ სახსრის უეცარ ტკივილსა და შეშუპებას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, საერთო სისუსტე ან მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მსგავსი ნიშნები შესაძლოა სახსრის ინფექციაზე მიუთითებდეს და გადაუდებელ შეფასებას საჭიროებდეს.
პოდაგრა ფეხზე
ფეხზე პოდაგრა ყველაზე ხშირად ცერა თითის სახსარში ვლინდება. თუმცა შესაძლოა დაზიანდეს კოჭი, მუხლი ან ფეხის სხვა სახსრებიც. ტკივილი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ შეხებაც კი დისკომფორტს იწვევს.
მკურნალობას თუ დროულად არ დაიწყებთ, დაავადებამ შეიძლება სახსრებში მყარი კვანძების, ე.წ. ტოფუსების, წარმოქმნა გამოიწვიოს. დროთა განმავლობაში მათ სახსრის დაზიანებაც შეუძლიათ.
პოდაგრა ხელზე
პოდაგრა ხელის სახსრებშიც შეიძლება განვითარდეს, თუმცა უფრო იშვიათად. დაავადებამ შეიძლება დააზიანოს თითების, მაჯის ან იდაყვის სახსრები. ამ დროსაც დამახასიათებელია ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და მოძრაობის შეზღუდვა.
პოდაგრის მიზეზები და რისკ-ფაქტორები
პოდაგრის მთავარი მიზეზი ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვებაა. ამ პროცესზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. მათ შორისაა გენეტიკური მიდრეკილება, ასაკი, ჭარბი წონა და გარკვეული დაავადებები.
რისკს ზრდის თირკმლის ქრონიკული დაავადება, მაღალი წნევა, დიაბეტი და სიმსუქნე. მნიშვნელობა აქვს კვებასაც. ალკოჰოლის, ტკბილი სასმელებისა და პურინებით მდიდარი საკვების ხშირი ან დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება პოდაგრის განვითარების რისკი გაზარდოს.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა სისხლში შარდმჟავას დონის მატება გამოიწვიოს. ამიტომ მედიკამენტი ექიმთან შეთანხმების გარეშე არც უნდა მიიღოთ და არც შეწყვიტოთ.
პოდაგრა და მისი მკურნალობა
პოდაგრის მკურნალობა, პირველ რიგში, შეტევის დროს ტკივილისა და ანთების შემცირებას ითვალისწინებს. ასევე მნიშვნელოვანია ახალი შეტევების თავიდან აცილება და დაავადებით გამოწვეული გართულებების რისკის შემცირება.
მწვავე შეტევის დროს ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.
ხშირი შეტევების, ტოფუსების, სახსრის დაზიანების ან გარკვეული თანმხლები მდგომარეობების დროს შეიძლება საჭირო გახდეს შარდმჟავას დამწევი ხანგრძლივი მკურნალობაც. ასეთ პრეპარატებს ექიმი ინდივიდუალურად არჩევს.
თოდუას კლინიკაში პაციენტის მდგომარეობას ექიმი ინდივიდუალურად აფასებს. საჭიროების შემთხვევაში, ვგეგმავთ შესაბამის კვლევებს და ვარჩევთ მკურნალობის გზას. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მიმდინარე შეტევის შემსუბუქება, არამედ დაავადების კონტროლიც.
როგორ ხდება პოდაგრის დიაგნოსტიკა?
პოდაგრის დიაგნოსტიკა მხოლოდ სიმპტომების შეფასებას არ ეფუძნება. მსგავსი ჩივილები სხვა სახსრების დაავადებებსაც შეიძლება ახლდეს. ამიტომ ექიმი რამდენიმე მონაცემს ერთად აფასებს.
პირველ რიგში, ექიმი დეტალურად გკითხავთ ტკივილის, შეშუპებისა და სიწითლის შესახებ. მნიშვნელოვანია, როდის დაიწყო სიმპტომები, რამდენ ხანს გრძელდება და რომელი სახსარია დაზიანებული. ასევე ყურადსაღებია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, წარსულში გადატანილი მსგავსი შეტევების არსებობა და მიღებული მედიკამენტები.
ერთ-ერთი გავრცელებული კვლევაა სისხლში შარდმჟავას დონის განსაზღვრა. თუმცა მხოლოდ მაღალი მაჩვენებელი პოდაგრის დასადასტურებლად საკმარისი არ არის. ზოგჯერ შეტევის დროს შარდმჟავას დონე ნორმალურიც შეიძლება იყოს.
საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება სახსარში დაგროვილი სითხის გამოკვლევაც დანიშნოს. მისი საშუალებით შესაძლებელია შარდმჟავას კრისტალების აღმოჩენა, რაც პოდაგრის დასადასტურებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ზოგიერთ შემთხვევაში დამატებით ტარდება ულტრაბგერითი კვლევა ან სხვა გამოსახულებითი გამოკვლევა. ეს მეთოდები სახსარში დაგროვილი კრისტალებისა და დაავადებით გამოწვეული ცვლილებების აღმოჩენაში გვეხმარება.
თოდუას კლინიკაში პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ვარჩევთ საჭირო კვლევებს და ვაფასებთ მიღებულ შედეგებს. სწორი დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია, რადგან შესაბამისი მკურნალობა სწორედ ამის საფუძველზე უნდა შეირჩეს.
როგორ ვმართოთ პოდაგრა - პრაქტიკული ნაბიჯები
პოდაგრა ქრონიკული დაავადებაა. მისი ხანგრძლივი კონტროლი და ზოგ შემთხვევაში ხანგრძლივი რემისია შესაძლებელია. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დაავადების მართვა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ნაბიჯს არ მოიცავს.
პირველ რიგში, საჭიროა დიაგნოზის სწორად დასმა და ექიმის მიერ შერჩეული მკურნალობის დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება, ჯანსაღი წონის შენარჩუნება, ალკოჰოლის შეზღუდვა და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
შეტევის დროს დაზიანებულ სახსარზე დატვირთვა უნდა შეამსუბუქოთ. შეშუპების შესამცირებლად ზოგ შემთხვევაში ცივი კომპრესიც გამოიყენება. თუმცა ეს ზომები ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას ვერ ცვლის.
თუ სახსრის ძლიერი ტკივილი პირველად დაგეწყოთ, პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტი ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღოთ. მსგავსი სიმპტომები სხვა დაავადებებსაც შეიძლება ახლდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტი მიზეზის დადგენა.
თოდუას კლინიკაში შეგვიძლია სიმპტომების შეფასებაში, საჭირო კვლევების დაგეგმვასა და შესაბამისი მკურნალობის შერჩევაში დაგეხმაროთ.
დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.
პოდაგრა და დიეტა - რა ვჭამოთ და რას მოვერიდოთ?
პოდაგრა, დიეტა და ცხოვრების წესი ერთმანეთთან კარკვეულწილად დაკავშირებულია. თუმცა არ ნიშნავს, რომ ყველა საყვარელ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. კვების ცვლილებები დაავადების მართვის ერთ-ერთი ნაწილია, მაგრამ მხოლოდ დიეტა მედიკამენტურ მკურნალობას ვერ ჩაანაცვლებს.
სასურველია, შეზღუდოთ ალკოჰოლის, განსაკუთრებით ლუდის, მიღება. ასევე შეამცირეთ შაქრითა და ფრუქტოზით დატკბობილი სასმელები. ყურადღება მიაქციეთ პურინებით მდიდარი საკვების რაოდენობასაც, მათ შორის წითელი ხორცის, ორგანოების ხორცისა და ზოგიერთი ზღვის პროდუქტის.
კვების რაციონში შეიძლება გაიზარდოს ბოსტნეულის, ხილისა და სრულმარცვლოვანი პროდუქტების წილი. საკმარისი სითხის მიღებაც მნიშვნელოვანია, რადგან დეჰიდრატაციის თავიდან აცილება პოდაგრის მართვის ნაწილია.
თუ ჭარბი წონა გაქვთ, მისი ეტაპობრივი შემცირება შეიძლება სასარგებლო იყოს. სწრაფი და მკაცრი დიეტების ნაცვლად, მიზანშეწონილია მდგრადი ცვლილებები.
პოდაგრა და ვარჯიში
პოდაგრის განვითარების გამო ვარჯიშის სრულად შეწყვეტა არ მოგიწევთ. მოძრაობა მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისა და ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად. თუმცა მწვავე შეტევის დროს მტკივან სახსარზე დატვირთვა არ უნდა გაიზარდოს.
შეტევის დასრულების შემდეგ აქტივობა ეტაპობრივად შეგიძლიათ გაზარდოთ. სიარული, ველოსიპედით სეირნობა და ცურვა შედარებით დაბალი დატვირთვის აქტივობაა. შესაბამისად, სახსრებზე ზეწოლაც ნაკლები იქნება.
მთავარია, ვარჯიში თქვენი მდგომარეობის შესაბამისი იყოს. თუ მოძრაობისას ტკივილი ან შეშუპება ძლიერდება, დატვირთვა შეამცირეთ და ექიმს მიმართეთ.
დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.
ხშირად დასმული კითხვები
ინკურნება თუ არა პოდაგრა სრულად?
პოდაგრა ქრონიკული, თუმცა მართვადი დაავადებაა. შესაბამისი მკურნალობით შესაძლებელია შარდმჟავას სამიზნე დონის შენარჩუნება, შეტევების შემცირება და გართულებების პრევენცია. ზოგიერთ პაციენტს ამისთვის ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება.
მაღალი შარდმჟავა აუცილებლად პოდაგრას ნიშნავს?
არა. შარდმჟავას მაღალი დონე პოდაგრის განვითარების რისკს ზრდის, მაგრამ ბევრ ადამიანს მაღალი მაჩვენებელი აქვს და დაავადების სიმპტომები არ უვითარდება. დიაგნოზის დასმა მხოლოდ ამ ერთი მაჩვენებლით არ ხდება.
ვის უნდა მივმართოთ პოდაგრის სიმპტომების დროს?
პირველი შეფასება შეიძლება ოჯახის ექიმმა ან შესაბამისმა სპეციალისტმა ჩაატაროს. პოდაგრის დიაგნოსტიკასა და მართვაში ხშირად მონაწილეობს რევმატოლოგი. საჭიროების შემთხვევაში თოდუას კლინიკაში დაგეგმავთ შესაბამის კონსულტაციასა და კვლევებს.
