სიფილისი - სიმპტომები, ანალიზი და მკურნალობა
სიფილისი არის ბაქტერიული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც ბაქტერია Treponema pallidum იწვევს. ის ძირითადად სქესობრივი კონტაქტის დროს გადადის. ინფექცია შესაძლოა უმტკივნეულო წყლულის გაჩენით გამოვლინდეს. სიფილისი ანტიბიოტიკებით იკურნება. მკურნალობის დროულად დაწყება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას და შესაძლო გართულებების განვითარებას.
სიფილისზე ეჭვი ადამიანს ხშირად კანზე ან სასქესო ორგანოებზე გაჩენილი ცვლილების გამო უჩნდება. თუმცა დაავადება ყოველთვის თვალსაჩინო სიმპტომებით არ მიმდინარეობს. ზუსტი დიაგნოზის დასადგენად საჭიროა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.
რა არის სიფილისი?
სიფილისს იწვევს ბაქტერია Treponema pallidum, რომელსაც ქართულად მკრთალ ტრეპონემას უწოდებენ. ის სპიროქეტების ჯგუფს მიეკუთვნება და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სიფილისისთვის დამახასიათებელი ინფექციის განვითარება შეუძლია.
დაავადება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ნიშნები შეიძლება ჰქონდეს. ზოგჯერ სიმპტომები იმდენად მსუბუქია, რომ ადამიანი მათ ყურადღებას არც აქცევს.
ინფექცია ძირითადად სქესობრივი კონტაქტის დროს გადადის, როდესაც ჯანმრთელი ადამიანის კანი ან ლორწოვანი გარსი ინფიცირებულ უბანს ეხება. ბაქტერია შეიძლება დედიდან ნაყოფზეც გადავიდეს. ადამიანს სიფილისი შეიძლება ინფიცირებული სისხლის გადასხმითაც გადაეცეს. თუმცა, რადგან დონორის სისხლი სავალდებულო წესით მკაცრად მოწმდება ყველა ინფექციაზე, დღეს ამ გზით დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალია.
ინფექციის გადაცემის მიზეზი არ არის ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა ან საერთო ჭურჭლის გამოყენება.
სიფილისის სიმპტომები სხვადასხვა ეტაპზე კანის ან სხვა ინფექციური დაავადებების ნიშნებს ჰგავს. ამიტომ მხოლოდ სიმპტომების მიხედვით დიაგნოზის დასმა რთულია.
სიფილისის პირველი ნიშნები
სიფილისის ნიშნები ინფექციის ეტაპის მიხედვით იცვლება. თავდაპირველად, ინფიცირების ადგილას შესაძლოა ერთი ან რამდენიმე მცირე წყლული გაჩნდეს. მას შანკრი ეწოდება.
ეს წყლული, როგორც წესი, უმტკივნეულოა. ის შეიძლება სასქესო ორგანოებზე, საშოს ან ანუსის მიდამოში, პირში ან სხეულის სხვა ადგილას გაჩნდეს. წყლული ჩნდება იმ წერტილში, საიდანაც ინფექცია ორგანიზმში მოხვდა.
ამ პერიოდში შეიძლება ახლომდებარე ლიმფურმა კვანძებმა ზომაში მოიმატოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველადი წყლული გარკვეული დროის შემდეგ თავისით ქრება. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ინფექციისგან განიკურნა. მკურნალობის გარეშე დაავადება დროთა განმავლობაში მომდევნო ეტაპზე გადადის.
რისკის შემცველი სქესობრივი კონტაქტიდან პირველი ნიშნების გაჩენამდე გარკვეული დრო გადის, ამიტომ მნიშვნელოვანია, ექიმთან დროულად მიხვიდეთ.
სიფილისის სტადიები და გამონაყარი
სიფილისის მიმდინარეობა რამდენიმე ძირითად ეტაპად იყოფა. თავიდან ინფექციის შეჭრის ადგილას შეიძლება წყლული გაჩნდეს. დროთა განმავლობაში, თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ინფექცია მთელ ორგანიზმში ვრცელდება და სხვადასხვა სიმპტომი იჩენს თავს. მაგალითად, გამონაყარი სხეულზე.
მოგვიანებით დაავადება შეიძლება უსიმპტომო, ანუ ლატენტურ ფაზაში გადავიდეს. მკურნალობის კურსის გავლა აუცილებელია, რადგან წლების შემდეგ სიფილისმა შესაძლოა მძიმედ დააზიანოს შინაგანი ორგანოები, ტვინი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემა.
სიფილისის დროს გამონაყარი შეიძლება სხეულის სხვადასხვა არეში გაჩნდეს. მათ შორის, ხელისგულებსა და ტერფებზე. ის ხშირად ქავილს არ იწვევს და შეიძლება საკმაოდ შეუმჩნეველიც იყოს. სწორედ ამიტომ სიფილისის გამონაყარი ზოგჯერ ალერგიული რეაქცია ან კანის სხვა დაავადება ჰგონიათ ხოლმე.
მეორადი სიფილისის დროს შეიძლება პირის ღრუს ან სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანებებიც გამოვლინდეს. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს სიცხე, სისუსტე, ლიმფური კვანძების გადიდება ან თმის ცვენა. სიმპტომები შეიძლება მკურნალობის გარეშეც ალაგდეს, მაგრამ ინფექცია ამით არ ქრება.
შესაძლოა ლატენტურ ეტაპზე გარეგანი ნიშნები საერთოდ არ იყოს შესამჩნევი და ადამიანს ეგონოს, რომ პრობლემა აღარ არსებობს.
სიფილისის სტადიები და ძირითადი ნიშნები
| სტადია | პირველადი | მეორადი | ლატენტური | მესამეული (გვიანი) |
|---|---|---|---|---|
| ძირითადი ნიშნები | უმტკივნეულო წყლული (შანკრი) ინფექციის შეჭრის ადგილას, ახლომდებარე ლიმფური კვანძების გადიდება | გამონაყარი სხეულზე, მათ შორის ხელისგულებსა და ტერფებზე, ხშირად ქავილის გარეშე. შესაძლოა ლორწოვანის დაზიანება, სიცხე, სისუსტე, თმის ცვენა | გარეგანი ნიშნები, როგორც წესი, არ ვლინდება, თუმცა ინფექცია ორგანიზმში რჩება | შინაგანი ორგანოების, ტვინის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, რომელიც წლების შემდეგ ვითარდება |
| რა უნდა იცოდეთ | წყლული თავისით ქრება, მაგრამ ეს განკურნებას არ ნიშნავს | სიმპტომები შეიძლება მკურნალობის გარეშე ალაგდეს, ინფექცია კი ამით არ ქრება | ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ პრობლემა აღარ არსებობს | მკურნალობა ყოველთვის ვერ აღმოფხვრის უკვე განვითარებულ დაზიანებებს |
ცხრილი ზოგად ორიენტირს გაძლევთ. ზუსტ დიაგნოზს ექიმი სვამს.
სიფილისი ქალებში
სიფილისი ქალებში ზოგჯერ შეუმჩნევლად მიმდინარეობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველი წყლული საშოსა და საშვილოსნოს ყელის არეში ან სხვა ნაკლებად შესამჩნევ ადგილას ჩნდება.
ყურადღება უნდა მიექცეს სასქესო ორგანოებზე გაჩენილ უმტკივნეულო წყლულს, უჩვეულო გამონაყარს, ლიმფური კვანძების გადიდებას ან სხვა უჩვეულო ცვლილებებს. გახსოვდეთ, სიმპტომების არარსებობა ინფექციას ვერ გამორიცხავს.
ორსულობის დროს სიფილისზე შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ინფექცია შეიძლება დედიდან ნაყოფზე გადავიდეს. სიფილისზე სკრინინგი რეკომენდებულია ორსულობის ადრეულ ეტაპზევე.
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ თოდუას კლინიკის გინეკოლოგიის განყოფილებას მიმართოთ.
სიფილისი კაცებში
სიფილისი კაცებში ხშირად სასქესო ორგანოების არეში გაჩენილი უმტკივნეულო წყლულით შეიძლება გამოვლინდეს. გარდა ამისა, წყლული შეიძლება გაჩნდეს ანუსის არეში, პირის ღრუში ან სხეულის ნებისმიერ უბანზე, საიდანაც ინფექცია ორგანიზმში შეიჭრა.
მეორე ეტაპზე გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე შეიძლება გავრცელდეს. საყურადღებო სიმპტომია ხელისგულებსა და ტერფებზე გამონაყარის არსებობა, რომელსაც ხშირად ქავილი არ ახლავს.
ზოგჯერ პირველი წყლული რამდენიმე კვირაში შეიძლება თავისით შეხორცდეს და ადამიანს ეგონოს, რომ პრობლემა აღარ აქვს. სიმპტომის გაქრობა სიფილისის გამორიცხვის საფუძველი არ არის.
სასქესო ორგანოების ცვლილების ან სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. მდგომარეობის შესაფასებლად თოდუას კლინიკის უროლოგიის განყოფილებას მიმართეთ.
სიფილისის ანალიზი - რომელი, როდის და როგორ კეთდება?
სიფილისი ერთი კონკრეტული კვლევით არ დგინდება. დიაგნოზისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სისხლის ანალიზები. ძირითადად გამოიყენება ტრეპონემული და არატრეპონემული ტესტები.
არატრეპონემულ ტესტებს, მაგალითად RPR-ს ან VDRL-ს იყენებენ როგორც დიაგნოსტიკისთვის, ისე მკურნალობის პროცესის შესაფასებლად. ტრეპონემული ტესტები სისხლში მკრთალი ტრეპონემის (Treponema pallidum) მიმართ წარმოქმნილ ანტისხეულებს ამოწმებს.
რისკის შემცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ძალიან ადრე ჩატარებულმა კვლევამ შეიძლება ინფექცია ვერ გამოავლინოს. ამიტომ უარყოფითი პასუხი ინფექციას ყოველთვის ვერ გამორიცხავს. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება განმეორებითი ტესტირება დაგეგმოს, ოღონდ შესაბამისი დროის გასვლის შემდეგ.
სიფილისის სწრაფი ტესტები მოსახერხებელია, რადგან ინფორმაციის მიღება მალევეა შესაძლებელი. თუმცა, თუ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, ეს აუცილებლად ლაბორატორიული ანალიზით და ზოგადი მდგომარეობის შეფასებით უნდა გადამოწმდეს. სწრაფი ტესტი სრულფასოვან კვლევას ვერ ჩაანაცვლებს.
სიფილისის ტესტმა შეიძლება დადებითი პასუხი მაშინაც კი აჩვენოს, თუ ადამიანს ეს ინფექცია წარსულში ჰქონდა და მკურნალობის კურსი წარმატებით დასრულდა. ამიტომაც, ზოგჯერ დადებითი პასუხი არ ნიშნავს, რომ ინფექცია ამჟამად ისევ აქტიურია.
შესაძლებელია ცრუ-დადებითი შედეგიც დადგეს, რასაც სხვა ინფექციები, აუტოიმუნური დაავადებები, ორსულობა ან ზოგიერთი სხვა მდგომარეობა განაპირობებს. დიაგნოზი ექიმმა სრული სურათის საფუძველზე უნდა დასვას.
აღსანიშნავია, რომ სისხლის ანალიზისთვის განსაკუთრებული მომზადება, როგორც წესი, საჭირო არ არის.
სად კეთდება სიფილისის ანალიზი?
კვლევების ჩატარება შესაძლებელია თოდუას კლინიკაში. ჩვენი კლინიკური ლაბორატორია თანამედროვე სტანდარების შესაბამისადაა აღჭურვილი.
სიფილისზე ტესტირება და შესაბამისი სამედიცინო კონსულტაცია კონფიდენციალურად ტარდება. გაითვალისწინეთ, მკურნალობა თვითნებურად არ უნდა დაიწყოთ.
სიფილისის მკურნალობა
სიფილისი ანტიბიოტიკებით იკურნება. მკურნალობის კურსს ექიმი განსაზღვრავს დაავადების სტადიის, სიმპტომებისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში მკურნალობა ეფექტურია და ინფექციისგან განკურნება შესაძლებელია. დაგვიანებული მკურნალობის დროსაც შესაძლებელია სიფილისისგან განკურნება. თუმცა, ამ შემთხვევაში, მკურნალობა ყოველთვის ვერ აღმოფხვრის დაავადების შედეგად უკვე განვითარებულ დაზიანებებს.
მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის დაცვა. პრეპარატის დოზის ან მისი მიღების დროის თვითნებურად შეცვლამ შეიძლება მკურნალობის ეფექტურობაზე იმოქმედოს.
მკურნალობის შემდეგ ექიმმა შეიძლება განმეორებითი სისხლის ტესტები დაგინიშნოთ, რათა მდგომარეობა შეაფასოს.
პარტნიორი, ხელახალი ინფიცირება და პრევენცია
თუ სიფილისი დაგიდასტურდათ, მნიშვნელოვანია სქესობრივი პარტნიორის ინფორმირება და მისი გამოკვლევაც.
პრევენციისთვის აუცილებელია კონდომის სწორად და თანმიმდევრულად გამოყენება. თუმცა კონდომი ინფექციის გადაცემის რისკს სრულად ვერ გამორიცხავს. სიფილისის წყლული ან გამონაყარი შეიძლება ისეთ უბანზე იყოს, რომელსაც კონდომი არ ფარავს.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. მომსახურების ზუსტი ფასის გასაგებად კი შეგიძლიათ Todua AI გამოიყენოთ.
სიფილისის სიმპტომები გაქვთ ან რისკის შემცველი სქესობრივი კონტაქტი გქონდათ?
არ დაელოდოთ სიმპტომების გაქრობას. ჩააბარეთ სიფილისის ანალიზი თოდუას კლინიკაში - კონფიდენციალურად. შედეგებით კი დერმატო-ვენეროლოგიის განყოფილებას მიმართეთ, სადაც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავენ.
დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.
ხშირად დასმული კითხვები
იკურნება თუ არა სიფილისი?
დიახ, სიფილისი ანტიბიოტიკებით იკურნება. მკურნალობის სქემას ექიმი დაავადების სტადიისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ადგენს. მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის ჩატარება და შემდგომი კონტროლი.
რა არის სიფილისის პირველი ნიშნები?
პირველი ნიშნები ინფიცირებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვლინდება. ხშირად ეს არის უმტკივნეულო წყლული. წყლული შეიძლება თავისით გაქრეს, მაგრამ ეს განკურნებას არ ნიშნავს.
სად კეთდება სიფილისის ანალიზი და როგორ მოვემზადოთ?
სიფილისზე კვლევა თოდუას კლინიკაში ტარდება. კლინიკური ლაბორატორია ყოველდღიურად უამრავ ანალიზს ამუშავებს. ჩვეულებრივ, სისხლის ანალიზისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ტესტირების შედეგები კონფიდენციალურად განიხილება.
