სქოლიოზი - სიმპტომები და მკურნალობა

12/11/2026

სქოლიოზი - სიმპტომები და მკურნალობა

 

სქოლიოზი (ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხერხემალი გვერდით გადაიხრება და მალების მდებარეობაც იცვლება. ის ყველაზე ხშირად მოზარდობის პერიოდში ვლინდება. ადრეულ ეტაპზე მკურნალობა ხშირად კონსერვატიული მეთოდებით არის შესაძლებელი.

 

რა არის სქოლიოზი და რით განსხვავდება ტანადობის დარღვევისგან?

 

სქოლიოზი ხერხემლის სტრუქტურული ცვლილებაა, რომლის დროსაც ხერხემალს გვერდითი გამრუდება უვითარდება. ამის გამო ხერხემლის ფორმა იცვლება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში თვალითაც შესამჩნევია. 

 

სქოლიოზი და ტანადობის დარღევა ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. ტანადობის დარღვევას სხეულის არასწორ პოზიციაში დაჭერა იწვევს. მაგალითად, მხრების წინ წამოწევა, წელში მოხრა ან დიდხანს მოხრილ მდგომარეობაში ყოფნა. ამ დროს კუნთები იტვირთება და შესაძლოა მცირე ასიმეტრიაც გაჩნდეს, თუმცა სხეულის პოზიციის შეცვლისას ეს ცვლილებები შეიძლება შემცირდეს. აღსანიშნავია, რომ ცუდი ჯდომა და მოხრილი პოზა იდიოპათიური სქოლიოზის დადასტურებული მიზეზები არ არის.

 

სქოლიოზი სრულიად სხვა მდგომარეობაა. ამ დროს ხერხემლის აგებულება სტრუქტურულად იცვლება და მისი გვერდითი გამრუდება მხოლოდ სხეულის სწორი პოზიციის დაკავებით არ ქრება. 

 

მშობლისთვის ამ განსხვავების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბავშვს ერთი მხარი მეორეზე მაღლა აქვს, ბეჭი გამოკვეთილია ან წინ დახრისას ზურგის ერთი მხარე ამობურცულია, მიზეზი შეიძლება სქოლიოზი იყოს. ასეთ დროს ექიმის კონსულტაციაა საჭირო. 

 

სქოლიოზის ტიპები და ხარისხები

 

სქოლიოზის ტიპები სხვადასხვა ნიშნით იყოფა. ყველაზე გავრცელებულია იდიოპათიური სქოლიოზი, რომლის ზუსტი მიზეზიც უცნობია. ასევე არსებობს თანდაყოლილი, ნეირომუსკულური და სხვა მიზეზებთან დაკავშირებული ფორმები. ზრდასრულ ასაკში შეიძლება განვითარდეს დეგენერაციული სქოლიოზიც, რომელიც ხერხემლის ასაკობრივ ცვლილებებს უკავშირდება.

 

გამრუდების მდებარეობაც განსხვავებულია. მაგალითად, გულმკერდის სქოლიოზი გულმკერდის არეში ვითარდება. ზოგ ადამიანს ერთზე მეტი გამრუდებაც აქვს.

 

სქოლიოზის ხარისხები განისაზღვრება რენტგენოგრაფიული კვლევით და დამოკიდებულია გამრუდების ზომაზე. ექიმი ასევე ითვალისწინებს პაციენტის ასაკს, ზრდის პოტენციალს, გამრუდების მდებარეობას და პროგრესირების რისკს. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით ირჩევა მკურნალობის კურსი.

სქოლიოზის სიმძიმე გამრუდების კუთხის მიხედვით

სიმძიმე კუთხე მიდგომა
სქოლიოზად არ ითვლება 10°-მდე დიაგნოზი არ ისმება
მსუბუქი 20°-მდე დაკვირვება, ვიზიტი 6-12 თვეში ერთხელ
საშუალო 21°-35° 25°-დან, ზრდის პერიოდში, კორსეტი
საშუალოდან მძიმემდე 36°-40° ზრდის პერიოდში კორსეტი
მძიმე 41°-50° კორსეტი (45°-მდე) ან ოპერაციის განხილვა
მძიმედან ძალიან მძიმემდე 51°-55°

 

ოპერაციის განხილვა

ძალიან მძიმე 56° და მეტი

სიმძიმის კატეგორიები SOSORT-ის საერთაშორისო გაიდლაინის მიხედვით. მკურნალობის კურსს ექიმი ასაკისა და სიმპტომების გათვალისწინებით ადგენს.

 

სქოლიოზის სიმპტომები

 

სქოლიოზის სიმპტომები ბავშვებში ხშირად არ ვლინდება. მსუბუქი გამრუდების დროს ტკივილი ან სხვა ჩივილი შეიძლება საერთოდ ვერ იგრძნოთ. ცვლილებას მშობელი უფრო ხშირად სხეულის ფორმაზე დაკვირვებისას ამჩნევს.

 

საყურადღებო ნიშნებია:

 

  • თუ ერთი მხარი მეორეზე უფრო მაღლაა;
  • ბეჭების ასიმეტრია;
  • თეძოების ასიმეტრია;
  • წელის ხაზის ასიმეტრია;
  • ტანის ერთ მხარეს გადახრა;
  • თუ წინ დახრისას ზურგის ერთი მხარე უფრო მეტად ამოიბურცა. 

 

შესაძლოა ხერხემლის გამრუდების სიმპტომები ზრდასრულ ასაკში სხვანაირად გამოვლინდეს. ადამიანს შეიძლება ზურგი სტკიოდეს და სწრაფად იღლებოდეს როგორც დგომისას, ისე ფიზიკური აქტივობის შემდეგ. ზოგჯერ ტკივილს ნერვის გაღიზიანებაც ახლავს.

 

მდგომარეობას შეგიძლიათ სახლის პირობებში დააკვირდეთ. ბავშვს სთხოვეთ ფეხები ერთად დადგას და წინ ნელა გადაიხაროს. ამ დროს დააკვირდით, ხომ არ არის ზურგის ერთი მხარე უფრო ამობურცული. ეს მხოლოდ საწყისი დაკვირვებაა და დიაგნოზის დასასმელად, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მდგომარეობა ექიმმა უნდა შეაფასოს. 

 

სქოლიოზი და ზურგის ტკივილი

 

უმეტესწილად, ბავშვებსა და მოზარდებში სქოლიოზი ტკივილს არ იწვევს. მით უმეტეს, მსუბუქი გამრუდების დროს. 

 

ზრდასრულ ასაკში მდგომარეობა განსხვავებულია. ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც გამრუდებასთან, ისე ხერხემლის დისკების, სახსრებისა და სხვა სტრუქტურების ასაკობრივ ცვლილებებთან. ზოგჯერ ტკივილს ნერვის გაღიზიანებაც ახლავს.

 

ექიმმა უნდა დაადგინოს, კონკრეტულად რა იწვევს ტკივილს.

 

თუ ზურგის ტკივილს ფეხში გავრცელებული დისკომფორტი, დაბუჟება ან სისუსტე ახლავს, სხვა შესაძლო მიზეზებიც უნდა გამოირიცხოს. მათ შორის, დისკის თიაქარი. ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას გაეცნობით ბლოგში - ხერხემლის თიაქრის სიმპტომები. 

 

სქოლიოზი ბავშვებში და მოზარდებში

 

სქოლიოზი ბავშვებში ხშირად სწორედ ზრდის პერიოდში ვლინდება. სწრაფი ზრდის დროს გამრუდება შეიძლება უფრო ინტენსიურადაც პროგრესირდეს. ამიტომ თუ ცვლილება შენიშნეთ, ექიმს დროულად უნდა მიმართოთ. 

 

მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს მხრებისა და ბეჭების ასიმეტრიას, ტანის გადახრას და წინ დახრისას ზურგის ფორმის ცვლილებას.

 

ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტივობით დაკავდეს. სქოლიოზის დროს კი ვარჯიშის პროგრამა ექიმისა და ფიზიოთერაპევტის შეფასების შემდეგ უნდა შეირჩეს.

 

ასევე გაითვალისწინეთ, რომ თვითნებურად კორსეტის ტარება ან სპეციალური ვარჯიშების დაწყება საჭირო არაა. 

 

სქოლიოზი დიდებში

 

სქოლიოზი ზრდასრულ ადამიანებშიც გვხვდება. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვობაში დაწყებული გამრუდება ასაკთან ერთად ნარჩუნდება, ზოგჯერ კი ხერხემლის გამრუდება პირველად ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებები იყოს. 

 

ზრდასრულ ასაკში მკურნალობის მიზანი ყოველთვის ხერხემლის გამრუდების გასწორება არ არის. ხშირად მთავარი ამოცანა ტკივილის შემცირება, დაავადების პროგრესის შეჩერება და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. 

 

სქოლიოზის მკურნალობა ზრდასრულებში რა მეთოდებით წარიმართება, დამოკიდებულია სიმპტომებზე, გამრუდების თავისებურებებსა და ხერხემლის სხვა ცვლილებებზე. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაიგეგმოს ფიზიოთერაპია, ინდივიდუალურად შეირჩეს ვარჯიში ან სხვა კონსერვატიული მიდგომა. ოპერაცია მხოლოდ შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში განიხილება.

 

დიაგნოსტიკა - როგორ დგინდება სქოლიოზი?

 

დიაგნოზის დასასმელად ექიმმა უნდა შეაფასოს: ხერხემლის ფორმა, მხრებისა და მენჯის მდებარეობა, ტანის სიმეტრია და საჭიროების შემთხვევაში, ნევროლოგიური მდგომარეობაც.

 

სქოლიოზის დასადასტურებლად გამოიყენება რენტგენოგრაფია. ამის საშუალებით ექიმი აფასებს ხერხემლის გამრუდებასა და მის ხარისხს. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის შესარჩევად.

 

კვლევის ჩატარება შესაძლებელია თოდუას კლინიკის რენტგენოდიაგნოსტიკის განყოფილებაში.

 

აღსანიშნავია, რომ MRI ყველა პაციენტს არ სჭირდება. ის ინიშნება თუ პაციენტს აღინიშნება ნევროლოგიური ცვლილებები, ძლიერი ან უჩვეულო ტკივილი, არატიპური გამრუდება ან სხვა ნიშნები, რომლებიც დამატებით შეფასებას მოითხოვს.

 

ასეთ შემთხვევაში კვლევა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილებაში ტარდება.

 

პაციენტის მდგომარეობის მიხედვით მკურნალობის პროცესში შეიძლება ჩაერთონ ორთოპედი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი და ფიზიოთერაპევტი. ნევროლოგიური ჩივილების დროს პაციენტი მისამართდება ნევროლოგიის განყოფილებაში, ხოლო უფრო რთული შემთხვევებისას - ნეიროქირურგიის განყოფილებაში.

 

სქოლიოზის ვარჯიშები - რა შეიძლება და რა არა?

 

შეიძლება ითქვას, რომ ყველა პაციენტისთვის უნივერსალური სქოლიოზის ვარჯიშები არ არსებობს. პროგრამა უნდა შეირჩეს გამრუდების ტიპის, მდებარეობის, სიმძიმის, ასაკისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. სპეციალური ფიზიოთერაპიული პროგრამა მოიცავს ვარჯიშებს, რომლებიც პაციენტს სხეულის სწორად დაჭერასა და პოზის კონტროლში ეხმარება. ასევე, აუმჯობესებს კუნთების მუშაობას.

 

სქოლიოზის ვარჯიშები ბავშვებში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეირჩეს, რადგან ზრდის პერიოდში გამრუდების პროგრესირების რისკიც განსხვავებულია. ფიზიოთერაპევტმა ბავშვის ასაკი და ხერხემლის მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს. 

 

ვარჯიშისას ისეთი მოძრაობა არ უნდა შესრულდეს, რომელიც ტკივილს, დაბუჟებას ან სისუსტეს იწვევს. 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ მასაჟმა შეიძლება კუნთოვანი დაძაბულობა ან ტკივილი დროებით შეამციროს, მაგრამ სტრუქტურულ გამრუდებას ვერ გაასწორებს 

 

ინდივიდუალური პროგრამის შესარჩევად შეგიძლიათ მიმართოთ თოდუას კლინიკის ფიზიოთერაპიის განყოფილებას. 

 

სქოლიოზის მკურნალობა

 

მკურნალობის კურსის დაგეგმვისას ექიმი ითვალისწინებს პაციენტის ასაკს, ზრდის პოტენციალს, გამრუდების მდებარეობასა და ხარისხს. ასევე, პროგრესირების რისკსა და სიმპტომებს.

 

მსუბუქი გამრუდების დროს ზოგჯერ მხოლოდ დაკვირვებაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ ექიმი გარკვეული დროის განმავლობაში ამოწმებს ხერხემლის მდგომარეობას და აკვირდება, იცვლება თუ არა გამრუდების ხარისხი. დაკვირვება მკურნალობის პასიურ ფორმად არ უნდა ჩაითვალოს. ამ მიდგომის საშუალებით, მდგომარეობის ცვლილების დროულად გამოვლენაა შესაძლებელი. 

 

ზრდის პერიოდში, თუ ხერხემლის გამრუდების პროგრესირების რისკი არსებობს, ექიმმა შეიძლება კორსეტი დანიშნოს. ამის მიზანია გამრუდების პროგრესირების შეჩერება ან შენელება და არა ხერხემლის მყისიერად გასწორება. კორსეტის ტიპსა და გამოყენების ხანგრძლივობას სპეციალისტი ბავშვის ასაკისა და ხერხემლის მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს. 

 

ხერხემლის გამრუდების მკურნალობა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. მათ შორის, ზოგჯერ შესაძლოა საჭირო იყოს ოპერაცია. 

 

სქოლიოზის ოპერაცია შედარებით ცოტა ადამიანს სჭირდება. ოპერაცია იმ იშვიათ შემთხვევებში ინიშნება, როდესაც მდგომარეობა მძიმეა, მკურნალობის სხვა მეთოდები არ ჭრის და სქოლიოზი ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. გადაწყვეტილება თითოეული პაციენტის შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღება. 

 

სქოლიოზის პროგრესირება და შესაძლო გართულებები

 

სქოლიოზის ყველა ფორმა დროთა განმავლობაში არ პროგრესირებს. თუმცა ბავშვის ზრდის პერიოდში გამრუდების ხარისხმა შეიძლება მოიმატოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი მდგომარეობის დროული შეფასება. 

 

ზრდასრულ ასაკში მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს როგორც არსებული გამრუდების პროგრესირების, ისე ხერხემლის ასაკობრივი ცვლილებების გამო. მკურნალობის მიზანია ტკივილის შემცირება და თავისუფლად მოძრაობის უნარის შენარჩუნება. 

 

ძალიან მძიმე გამრუდებამ იშვიათად შეიძლება სუნთქვაც გაართულოს. თუმცა ეს ძირითადად მძიმე შემთხვევებში ხდება და სქოლიოზის მქონე ადამიანების უმეტესობას არ ემუქრება.

 

შენიშნეთ მხრების ასიმეტრია ან ტანადობის ცვლილება? თოდუას კლინიკაში შესაძლებელია მდგომარეობის შეფასება და ინდივიდუალური სარეაბილიტაციო გეგმის შედგენა. დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57 და დაჯავშნეთ კონსულტაცია. 

 

მომსახურების ზუსტი ფასის გასაგებად შეგიძლიათ Todua AI გამოიყენოთ.

 

ხშირად დასმული კითხვები

 

როგორ შევარჩიო ვარჯიშები სქოლიოზის დროს?

უნივერსალური ვარჯიშების კომპლექსი არ არსებობს. პროგრამა ექიმმა უნდა შეარჩიოს გამრუდების ტიპის, პაციენტის ასაკის, წონისა და სიმპტომების მიხედვით. 

 

იკურნება თუ არა სქოლიოზი?

სქოლიოზის მართვა შესაძლებელია, თუმცა მკურნალობის შედეგი ასაკისა და გამრუდების თავისებურებების მიხედვით განსხვავდება. ბავშვების შემთხვევაში მთავარი მიზანი პროგრესირების შენელებაა, ზრდასრულებში კი ხშირად ტკივილის შემცირება. მკურნალობის კურსს ექიმი ადგენს.

 

რომელ ასაკში უნდა შემოწმდეს ბავშვი სქოლიოზზე?

განსაკუთრებით საყურადღებოა ადრეული მოზარდობის პერიოდი. ამ დროს ბავშვი სწრაფად იზრდება და არსებული გამრუდება შეიძლება უფრო სწრაფად პროგრესირდეს. თუ მშობელი მხრების, ბეჭების, მენჯის ან ზურგის ასიმეტრიას ამჩნევს, მნიშვნელოვანია მდგომარეობა ექიმმა შეაფასოს.  

გაზიარება