ძლიერი ხველა და გულმკერდის ტკივილი
ყოველ ჩვენგანს გვქონია დღეები, როდესაც წვიმიან ამინდში ქუჩიდან დაბრუნებულს ყელი აგვტკივდა და მეორე დილით ხველაც დაგვეწყო. ხშირად გვგონია, რომ ყველაფერი უბრალო გაციებაა და ცოტა ჩაი, თბილი შალი, ორი დღე დასვენება საკმარისი იქნება. მაგრამ როდესაც სიმპტომებს ემატება გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის აჩქარება ან მაღალი სიცხე, სურათი სულ სხვაა: ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს პნევმონია, მწვავე ბრონქიტი, ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
სწორად შეფასებული ნიშნები და დროული კონსულტაცია ექიმთან გვეხმარება, რომ პატარა პრობლემა დიდ გართულებად არ იქცეს.
ხველა, როგორც სხეულის დამცავი მექანიზმი
ხველა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია, რომლითაც ორგანიზმი სასუნთქ გზებს „ასუფთავებს“. როდესაც ბრონქების ან ყელის ლორწოვანში გროვდება მტვერი, ალერგენები ან მიკროორგანიზმები, ნერვული რეფლექსი ამუშავებს მკვეთრ ამოსუნთქვას და ამ გზით სხეული ცდილობს გამღიზიანებლის გამოძევებას.
ეს მექანიზმი ხშირად ზოგადადაც სასარგებლოა: სწორედ ასე ვიცილებთ საფრთხეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა თუ გაღიზიანება მუდმივია, მაგალითად, მწეველებში, ალერგიის სეზონზე, ან ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში, რეფლექსი დღეებისა და კვირების განმავლობაში არ მშვიდდება და უკვე ცხოვრების ხარისხს ართულებს.
ასეთ დროს, განსაკუთრებით თუ სიმპტომს ახლავს გულმკერდის ტკივილი ან ტემპერატურა, საკუთარი თავის დამშვიდება რომ „ეს ჩვეულებრივი ამბავია“, სარისკოც კი შეიძლება იყოს.
როდის ხდება ხველა საშიში სიმპტომი?
არის რამდენიმე სიგნალი, რომელიც გვანიშნებს, რომ ექიმთან ვიზიტის გადადება აღარ შეიძლება. თუ სიმპტომი გრძელდება ორი კვირაზე მეტხანს, თუ ტემპერატურა 38-39°C-მდე იწევს, თუ ნახველში სისხლის კვალია - ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ საქმე მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანებასთან არ გვაქვს.
ასევე საყურადღებოა სუნთქვის გაძნელება, სიმძიმის შეგრძნება ჰაერის ჩასუნთქვისას, მკვეთრად გამოხატული სისუსტე და ის, თუ კიბეზე ასვლისას ან მცირე მოძრაობისასაც პულსი ზედმეტად გიჩქარდებათ. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ასაკოვნებს, ორსულებს, ბავშვებს, კარდიოლოგიური ან ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს - ამ ჯგუფებში რიგითი ინფექციაც კი უფრო ადვილად იძენს რთულ მიმდინარეობას, ხოლო გულმკერდის ტკივილი ხშირად უკვე სიღრმისეული ანთების ნიშანია.
გაციება და მისი გართულებები
ხშირად დასაწყისი მართლაც ძალიან უწყინარია: ცემინება, მსუბუქად ყელის გაღიზიანება, სურდო - სწორედ ასე იწყება ყველაზე გავრცელებული სეზონური გაციება. მაგრამ ყველა ეს სიმპტომი ერთნაირად გამოხატული არ არის. ზოგჯერ ვირუსი გადადის ქვედა სასუნთქ გზებამდე, ლორწო სქელდება და ჩნდება ქოშინი - ამ დროს საქმე უკვე ბრონქიტთან შეიძლება გვქონდეს.
თუკი სიმპტომებს თავიდანვე არ მივაქცევთ ყურადღებას, შესაძლოა, პრობლემა ბევრად უფრო რთულ ფორმებში გადავიდეს და პნევმონია- ფილტვების ანთება - განვითარდეს. ამიტომაცაა, რომ „ახლა უკეთ ვარ, იმდენად აღარ მახველებს“ მიდგომა არასწორია და სიმტპომების შემსუბუქება ყოველთვის არ ნიშნავს რეალურ გამოჯანმრთელებას. თუ გაციება პირველ დღეებში მსუბუქია, მაგრამ მესამე-მეოთხე დღეს დაემატა სიცხე, ღამით ოფლიანობა, სახსრების ტკივილი, ან მოძრაობისას გაძლიერდა გულმკერდის ტკივილი, აუცილებელია მდგომარეობის შეფასება სპეციალისტთან.
დიაგნოსტიკა და კვლევები - ვის მივმართოთ?
როცა საქმე სასუნთქი გზების პრობლემებს ეხება, პირველი სპეციალისტი, ვინც გვჭირდება, პულმონოლოგია. ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც ფილტვებისა და ზოგადად სასუნთქი გზების დაავადებებს შეისწავლის და კურნავს.
ზემოთ განხილული სიმპტომების შემთხვევაში, პულმონოლოგის მიზანია, გაარჩიოს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება უფრო სერიოზული მდგომარეობისგან. ამ დროს ექიმი შეიძლება დაინტერესდეს, რამდენი დღეა გრძელდება სიმპტომები, რაიმე მედიკამენტს ხომ არ იღებდით სიმპტომების შესამსუბუქებლად, გაქვთ თუ არა თანმხლები დაავადებებიდა ა.შ. გამოკვლევისას მნიშვნელოვანია ჟანგბადის სატურაციის გაზომვა, ფილტვებზე მოსმენა, გულისცემის სიხშირისა და ტემპერატურის შეფასება.
ამის შემდეგ უკვე, საჭიროებისამებრ, ინიშნება ლაბორატორიული ანალიზები - სისხლის საერთო, C-რეაქტიული ცილა (CRP), PCR ტესტები სხვადასხვა ვირუსის გამოსარიცხად და ა.შ. ვიზუალურ დიაგნოსტიკაში ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია რენტგენი - მკერდის რენტგენული სურათი ეხმარება ექიმს, დაინახოს, ხომ არ არის ფილტვის ქსოვილში ჩრდილოვანი ცვლილებები, ბრონქების გასქელება, სითხე პლევრის ღრუში ან სხვა ნიშანი, რომელიც პნევმონიას, ბრონქიტს ან სხვა პათოლოგიას ადასტურებს.
ზოგჯერ, თუ კლინიკური მდგომარეობა რთულია, ან საჭიროა დეტალების გამოკვეთა, ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია (ე.წ. კატე კვლევა). ქრონიკული შემთხვევებისას ან ასთმის ეჭვისას შეიძლება ჩაერთოს სპირომეტრია, რათა გაირკვეს, როგორ „მუშაობს“ ფილტვის ვენტილაცია. სწორი კვლევითი გზის არჩევა თავიდან გვარიდებს ზედმეტ წამლებსა და ხანგრძლივ გაურკვევლობას.
მკურნალობა და ექიმის რეკომენდაციები
მკურნალობის N1 პრინციპი მარტივია: თერაპია უნდა იყოს მიზეზზე მორგებული. თუ საქმე ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს, რომლის ფონზეც სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, მთავარი არის დასვენება, სითხეების ჭარბი მიღება, ოთახის რეგულარული განიავება და საჭიროებისამებრ მედიკამენტოზური ჩარევა.
როდესაც კვლევები მიუთითებს ბაქტერიულ პროცესზე: მაღალი ტემპერატურა, მკვეთრი სისუსტე, რენტგენზე ანთებითი კერები, მაშინ ანტიბიოტიკი შეიძლება გახდეს აუცილებელი, ოღონდ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და სრულ კურსად. ასეთ დროს სიმპტომურ თერაპიაში ხანდახან ინიშნება ხველის დამთრგუნველი პრეპარატები ღამით, რათა პაციენტმა უკეთ დაისვენოს და გამოიძინოს, დღისით კი - ამოსახველებლები და ის საშუალებები, რომლებიც ნახველს ათხელებს.
თუ გამოხატულია სუნთქვის გაძნელება, ბრონქოდილატატორები ინჰალაციის სახით ამცირებს ბრონქების შევიწროებას და ამ სიმპტომზე მოგგვრით შვებას. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ექიმის დანიშნულებით, განსაკუთრებით ასთმის ან COPD-ის ეჭვისას გამოიყენება, გულმკერდის ტკივილი, რომელიც მოდის კუნთების ზედმეტი მუშაობიდან ხანგრძლივი შეტევების ფონზე, ხშირად კარგად რეაგირებს ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლებზე, თბილ კომპრესებზე და სუნთქვით სავარჯიშოებზე.
ამ ყველაფერთან ერთად კი ძალიან მნიშვნელოვანია ნელ-ნელა ყოველდღიურ რეჟიმში დაბრუნება: მსუბუქი მოძრაობა, სუფთა ჰაერზე გასეირნება, სუნთქვითი ვარჯიშები - ეს ყველაფერი აჩქარებს ფილტვების „დაბრუნებას“ მათ ბუნებრივ რიტმზე.
თვითმკურნალობის რისკები
ხშირად ადამიანები თვითნებურად იღებენ წამლებს. მაგალითად, ანტიბიოტიკს, რომ გართულება "აიცილონ თავიდან". თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს: ანტიბიოტიკი ვერ იმოქმედებს ვირუსზე, გაზრდის რეზისტენტობის რისკს და გამოიწვევს გვერდით ეფექტებს. იგივე ეხება ხველის ძლიერი დამთრგუნველების ან ეთერზეთების უკონტროლო გამოყენებასაც: ამან, შესაძლოა, ალერგია ან ანთების პროგრესირება გამოიწვიოს. თვითმკურნალობის ნაცვლად, ნებისმიერი ძლიერი ან ხანგრძლივი სიმპტომისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობა.
რეკომენდირებულია ოჯახის ექიმთან და პულმონოლგთან ერთად მოქმედების გეგმის შედგენა, რათა იცოდეთ, როდის არის საკმარისი სახლის პირობებში მკურნალობა და როდის უნდა მიმართოთ კლინიკას. ასეთი წინასწარი გეგმა კრიტიკულ სიტუაციებში ზედმეტ რისკებს აგარიდებთ თავიდან.
არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი
ჩვენ ხშირად ვუყურებთ სასუნთქ სისტემას ისე, თითქოს ის ყოველთვის “გადაირჩენს” თავს - ცოტა დრო, ცხელი ჩაი, თბილი პლედი და მალე დავუბრუნდებით ყოველდღიურობას. მაგრამ, როცა ერთ ჩვეულებრივ დილას სუნთქვა გვიძნელდება და სიმპტომი არა და არ მსუბუქდება, როცა ძლიერდება გულმკერდის ტკივილი, როცა სუნთქვა ქოშინში გადადის და ძალაც გვეკარგება - ეს ის მომენტებია, როცა საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. მართლაც, მარტივი გაციება შეიძლება მალევე დასრულდეს ცხელი ჩაითა და დასვენებით, მაგრამ იგივე ნიშნების გამძაფრება უკვე სხვა პრობლემამდე მიდის.
სწორი გზა იწყება დაკვირვებით: რამდენი ხანია, გაწუხებთ და როგორი დინამიკა აქვს სიმპტომებს, ემატება თუ არა ტემპერატურა, ქოშინი ან სისხლიანი ნახველი. თუკი ამ ყველაფერზე, ან რომელიმე კითხვაზე პასუხი დადებითია, ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი კვლევებია საჭირო. ეს შეიძლება იყოს რენტგენი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე სწორი დიაგნოზის დასასმელად პულმონოლოგიაში. საჭიროების შემთხვევაში, სხვა, უფრო დეტალური ვიზუალური კვლევები და, რაც მთავარია, დიაგნოზის დასმის შემდეგ ინდივიდუალური მკურნალობა, დასვენება და რეაბილიტაცია იმისთვის, რომ მტკივნეული დღეები სწრაფად დასრულდეს.
ამისთვის მთავარია, გააკეთოთ ყველაზე პრაქტიკული არჩევანი: არ შეეგუოთ სიმპტომებს „გამივლის“ ფიქრით, როდესაც დისკომფორტი აშკარაა. თუ ძლიერი ხველა და გულმკერდის ტკივილი ერთდროულად გაწუხებთ, ეს უკვე სიგნალია - მიაქციეთ ყურადღება საკუთარ სუნთქვას, ნუ გადადებთ კონსულტაციას და მიეცით ორგანიზმს შანსი, რომ დაცვითი მექანიზმი არ გადაიქცეს გართულებად. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველაზე მოკლე გზა არის ჯანმრთელობისკენ დაბრუნებისთვის.
