კუჭის კიბო – გამომწვევი მიზეზები, პრევენცია და მკურნალობის გზები

02/10/2023

კუჭის სიმსივნე და მისი მკურნალობა

კუჭის კიბო ონკოლოგიურ პათოლოგიათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, მას სიმსივნეებს შორის გავრცელების თვალსაზრისით მე-5 ადგილი უჭირავს. კუჭის კიბოს შემთხვევები უფრო ხშირია კაცებში, ვიდრე ქალებში, რასაც, სავარაუდოდ, სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, რომელთა შორისაცაა ბიოლოგიური თავისებურებები, ჰორმონალური ფონი,  ცხოვრების წესი და კვებითი ჩვევები.

 

 

რით ხასიათდება კუჭის კიბო?

 

ამ დაავადების კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, დაზიანებული უბნის მოცულობასა და გავრცელების ხარისხზე. ზოგიერთი სახეობის კუჭის კიბოს ჩივილები საწყის ეტაპზევე ახასიათებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიმპტომატიკა მხოლოდ დაგვიანებულ სტადიაზე ვლინდება. ამასთან ერთად, ჩივილები სხვადასხვა ინდივიდში, შესაძლოა, განსხვავებულად გამოვლინდეს.

 

გავრცელებული სიმპტომებია:

  • საერთო სისუსტე
  • ადვილად დაღლა
  • მადის დაქვეითება
  • წონაში მკვეთრი კლება
  • სწრაფად დანაყრება და სისავსის შეგრძნება რამდენიმე ლუკმის შემდეგ
  • ზიზღი გარკვეული ტიპის საკვების, ხშირ შემთხვევაში, ხორცის მიმართ
  • დისკომფორტი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში, რომელიც ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ
  • გულისრევა და პირღებინება, რომელსაც შესაძლოა ახლდეს სისხლი
  • გულძმარვა
  • სისხლდენა და მუქი ფერის განავალი
  • ყლაპვის გაძნელება

 

რა იწვევს დაავადებას?

 

კუჭის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენა, ისევე როგორც სხვა ონკოლოგიური დაავადებებისა, არცთუ ისე მარტივია. თუმცა სპეციალისტები ასახელებენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც ხელს უწყობს მის განვითარებას. მათ შორისაა:

 

  • ჰელიკობაქტერ პილორი – კუჭის ინფექციის გამომწვევი ბაქტერია, რომელიც აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და აქვეითებს მის დამცავ ფუნქციას. მისით ინფიცირება იწვევს კუჭის წყლულს, რაც, შესაძლოა, კიბოს წინაპირობად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა მისი დროული მკურნალობა

 

კუჭის წყლულზე მეტის გასაგებად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს კუჭის წყლული – დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

 

  • ქრონიკული გასტრიტი – კუჭის შიდა კედლების ანთება
  • კუჭის პოლიპები – კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომელთა ზოგიერთი სახეობა შესაძლოა გადაიზარდოს ავთვისებიანში
  • მწეველობა
  • ალკოჰოლის მოხმარება
  • ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად იზრდება კუჭის კიბოს განვითარების რისკი
  • სქესი – როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, დაავადება მეტად გავრცელებულია კაცებში, ვიდრე ქალებში
  • ჭარბი წონა
  • შებოლილი საკვების, ნახევარფაბრიკატების, დამარილებული და თერმულად დამუშავებული პროდუქტების ხშირი მოხმარება
  • დიდი რაოდენობის ხორცი კვების რაციონში
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა

 

როგორ ხდება კუჭის კიბოს დიაგნოსტიკა?

 

კუჭის კიბოს დიაგნოსტირების პროცესში გამოიყენება როგორც ინსტრუმენტული, ისე ლაბორატორიული კვლევები.

 

ძირითადი ინსტრუმენტული კვლევებია:

 

  • კუჭის კონტრასტული რენტგენოლოგიური გამოკვლევა – ამ მეთოდით შესაძლებელია კუჭის კიბოს ზოგიერთი სახეობის გამოვლენა
  • ენდოსკოპია – კვლევის ეს მეთოდი საკმაოდ ინფორმატიულია. მისი მეშვეობით შესაძლებელია წარმონაქმნის ვიზუალიზაცია, მისი ზომისა და ადგილმდებარეობის დადგენა. ენდოსკოპია, ასევე, გამოიყენება ბიოფსიისთვის მასალის ასაღებად
  • მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა – ამ მეთოდით შესაძლებელია დადგინდეს მეტასტაზებით გამოწვეული დაზიანების ხარისხი
  • კომპიუტერული ტომოგრაფია კვლევის მეთოდია, რომელიც მოშორებით მყოფი მეტასტაზების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა

 

ძირითადი ლაბორატორიული კვლევებია:

 

  • სისხლის საერთო ანალიზის მეშვეობით დგინდება სისხლში ჰემოგლობინის მაჩვენებელი, რისი დაბალი ნიშნულიც შესაძლოა კუჭში არსებულ პრობლემაზე მიანიშნებდეს
  • სტანდარტული ბიოქიმიური ანალიზები – მათი დახმარებით შესაძლებელია შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების ხარისხის დადგენა
  • ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევები

 

იმისთვის, რომ შემუშავდეს კუჭის კიბოს მკურნალობის სწორი ტაქტიკა აუცილებელია დაისვას ზუსტი დიაგნოზი. დიაგნოსტიკის დროს უნდა დადგინდეს სიმსივნის ფორმა, ზომა, ლოკალიზაცია, კიბოს მიმართება ირგვლიმდებარე ქსოვილებთან და ა.შ.

 

რა მეთოდებით მკურნალობენ მას?

 

კუჭის კიბოს მკურნალობის მეთოდები, ინტენსივობა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, მის ლოკალიზაციაზე, სიმსივნის ტიპსა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. კუჭის კიბოს მკურნალობისას ძირითადად გამოიყენება ქირურგიული ოპერაცია, რადიაციული თერაპია და ქიმიოთერაპია.

 

ქირურგიული ჩარევის დროს ხდება კუჭის დაზიანებული ნაწილისა და იმ ლიმფური კვანძების ამოკვეთა, რომლებზეც მეტასტაზებია გავრცელებული. შესაძლოა, საჭირო გახდეს ორგანოს სრულად ამოკვეთაც. აღსანიშნავია, რომ ოპერაციული მკურნალობა ძირითადად ინიშნება მაშინ, როდესაც კიბო ლოკალიზებულია და არ არის გავრცელებული სხვა ქსოვილებსა და ორგანოებზე. ქირურგიული ჩარევა განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიაზე.

 

რადიაციული ანუ სხივური თერაპია, როგორც წესი, მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად გამოიყენება. პროცედურა ხშირად სრულდება ოპერაციის დროს, რათა მოხდეს რადიოაქტიური წყაროს პირდაპირ კუჭზე ზემოქმედება. ამ გზით სხვა ჯანმრთელი ორგანოები უფრო მეტადაა დაცული დასხივებისა და დაზიანებისგან.

 

წაიკითხეთ მეტი სხივურ თერაპიაზე ბლოგში სხივური თერაპია და მისი შესაძლებლობები.

 

ქიმიოთერაპია გულისხმობს მედიკამენტების გამოყენებას სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად ან მისი გამრავლების შესანელებლად. ის, სხივური თერაპიის მსგავსად, იშვიათად გამოიყენება მკურნალობის დამოუკიდებელ მეთოდად და ხშირად სხვა საშუალებებთან კომბინაციაში ინიშნება. ქიმიოთერაპია შეიძლება იყოს ნეოადიუვანტური, ანუ ოპერაციის წინ დანიშნული, რისი მიზანიც არის სიმსივნის გავრცელების ხარისხის შემცირება, ანუ ზომაში დაპატარავება. ის გამოიყენება ადიუვანტურ რეჟიმშიც, ანუ ოპერაციის შემდეგაც, პაციენტის დაავადებისგან თავისუფალი პერიოდის გასახანგრძლივებლად.

 

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ აუცილებელია დაავადების მონიტორინგი. სადიაგნოსტიკო პროცედურები პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე 3, 6 ან 12 თვეში ერთხელ ინიშნება. შუალედები დროთა განმავლობაში შეიძლება 3-5 წლამდეც გაიზარდოს.

 

როგორ შევამციროთ კუჭის კიბოს განვითარების რისკები?

 

იმისათვის, რომ კუჭის კიბოს განვითარების რისკი შემცირდეს, პირველ რიგში, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. მნიშვნელოვანია შეიზღუდოს არაჯანსაღი საკვები – ნახევარფაბრიკატები, შებოლილი, დამარილებული, თერმულად დამუშავებული პროდუქტები, ხორცი. ასევე, მნიშვნელოვანია, კვების რაციონი მეტად დაიტვირთოს ბოსტნეულითა და ხილით. არა მხოლოდ კუჭის კიბოს, არამედ სხვა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია უარის თქმა თამბაქოსა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარებაზე.

 

გახსოვდეთ, კუჭის კიბო ადრეულ სტადიაზე განკურნებადი დაავადებაა. მის გართულებასთან ერთად კი დადებითი შედეგების მიღწევა სულ უფრო რთულდება. ამიტომ, სასურველია, ყველა ადამიანმა გარკვეული ინტენსივობით ჩაიტაროს პროფილაქტიკური კვლევები, რათა გამოვლინდეს კიბოსწინარე დაავადებები და თავიდან იქნეს აცილებული ონკოლოგიური დიაგნოზი (მაგ., კუჭის წყლულის მალიგნიზაცია ანუ სიმსივნედ გადაგვარება). ჯანმრთელობის პრობლემების საწყის ეტაპზე აღმოჩენაში თოდუას კლინიკის Check-up სერვისი დაგეხმარებათ. კუჭის კიბოზე ეჭვის შემთხვევაში აქვე შეძლებთ ჩაიტაროთ ყველა დამატებითი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევა და სრულფასოვანი მკურნალობა.

გაზიარება