პროსტატის კიბო, მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა
პროსტატა, იგივე წინამდებარე ჯირკვალი მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნაწილია. ის მენჯის ღრუში, შარდის ბუშტის ქვემოთ მდებარეობს. მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პროსტატის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, კაცებში გამოვლენილ ახალ სიმსივნურ პათოლოგიებში ის პირველ ადგილს იკავებს.
პროსტატის კიბო ეწოდება წინამდებარე ჯირკვალში არსებულ ავთვისებიან წარმონაქმნს. მას ნელი ზრდა ახასიათებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლოა სწრაფადაც განვითარდეს. როგორც წესი, საწყის სტადიაზე დაავადება იშვიათად ვლინდება სიმპტომებით. სწორედ ამიტომ, მამაკაცებმა, რომლებიც არ იტარებენ პროფილაქტიკურ კვლევებს, შესაძლოა მის შესახებ ათწლეულების განმავლობაშიც კი ვერ შეიტყონ.
სარჩევი
პროსტატის კიბოს სიმპტომები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროსტატის სიმსივნე უმეტესად ჩუმად მიმდინარეობს და სპეციფიკური სიმპტომებით იშვიათად ვლინდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მისი ჩივილები ძალიან ჰგავს პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას (პკჰ), რომელსაც ადენომასაც უწოდებენ. ასე რომ, კლინიკური ნიშნები, რომლებსაც ქვემოთ ჩამოვთვლით, აუცილებლად პროსტატის კიბოს არ ნიშნავს და მნიშვნელოვანია, ჩატარდეს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა.
პროსტატის კიბოს სიმპტომები მოიცავს:
- გახშირებულ შარდვას
- ნიქტურიას ანუ ღამის შარდვას
- დიზურიას ანუ მტკივნეულ შარდვას
- შარდის ნაკადის მოდუნებასა და წყვეტილ შარდვას
- შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნებას
მოგვიანებით მათ შეიძლება დაერთოს ისეთი ჩივილები, როგორებიცაა:
- შარდვის სრული შეკავება
- ჰემატურია ანუ სისხლიანი შარდვა
- ტკივილი წელის, მუცლის ქვედა მიდამოში, ასევე, თეძოსა და საზარდულის არეში
აღსანიშნავია, რომ სიმპტომთა გამოვლენა იწყება მაშინ, როდესაც კიბო უკვე დიდი ზომისაა და აწვება შარდსადენს. სწორედ ამის შედეგად იბლოკება შარდის ნაკადი ნაწილობრივ ან სრულად.
პროსტატის კიბოს მეოთხე სტადია ხასიათდება მეტასტაზების გავრცელებით სხვა ორგანოებზე, რაც იწვევს ტკივილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ხშირად მეტასტაზები ვრცელდება ძვლებში (მენჯი, ნეკნები, ხერხემალი). არის შემთხვევები, როდესაც დაავადება აზიანებს ზურგის ტვინსაც, რაც იწვევს წელის ტკივილს, დამბლას, საერთო სისუსტესა და შარდის შეუკავებლობას.
იპოვეთ უროლოგი თოდუას კლინიკაში, დაჯავშნეთ ვიზიტი და დროულად გამოიკვლიეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როგორია დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები?
წინამდებარე ჯირკვლის კობი უმეტესად შუახნის და ასაკოვან მამაკაცებშია გავრცელებულია. მისით ძირითადად 45-70 წლამდე ასაკის კაცები ავადდებიან. მიიჩნევა, რომ ახალგაზრდა ასაკში პროსტატაში არსებულ ავთვისებიან წარმონაქმნს უფრო სწრაფი ზრდა ახასიათებს, მიმდინარეობა კი შედარებით მძიმე.
დაავადების განვითარების რისკი 2-3-ჯერ უფრო მაღალია იმ ადამიანებში, რომელთა ახლო ნათესავებს (მამას, ძმას) აქვთ ან ჰქონიათ პროსტატის კიბო. გენეტიკური წინასწარგანწყობის გარდა, მისი ხელშემწყობი ფაქტორებია ქრონიკული ინფექციური დაავადებები, მწეველობა, ალკოჰოლის ხშირად და ჭარბად მოხმარება, არაჯანსაღი კვების რაციონი, ჰორმონალური ფონის დარღვევა და სხვა.
რა არის ონკოლოგია – გაიგეთ მეტი სიმსივნურ პათოლოგიებზე, მათ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე.
პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტირებისთვის მიმართავენ როგორც ინსტრუმენტულ, ისე ლაბორატორიულ კვლევებს. ეს უკანასკნელი მოიცავს სპეციალურ ტესტს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის PSA-ს განსასაზღვრად. აღსანიშნავია, რომ PSA არის ცილა, რომელსაც მხოლოდ პროსტატის უჯრედები გამოიმუშავებს. მისი მაჩვენებლის ზრდა სისხლის შრატში შესაძლოა მიანიშნებდეს როგორც კიბოზე, ისე ანთებით დაავადებებზე, პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიაზე და სხვა ტიპის დარღვევებზე. ამიტომ მისი მონაცემები აუცილებლად უნდა შეფასდეს უროლოგის მიერ და დაინიშნოს დამატებითი კვლევები.
პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებისთვის, ასევე, მიმართავენ ბიოფსიას, რექტალურ გამოკვლევას თითით, ულტრაბგერით ექოსკოპიას. ამასთან, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით და დაავადების გავრცელების შესაფასებლად შესაძლოა ჩატარდეს მცირე მენჯის ღრუს მრტ (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია) კონტრასტირებით, მუცლის ღრუს ექოსკოპია, გულმკერდის ღრუს კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ზოგჯერ, ასევე, აუცილებელია კტ (კომპიუტერული ტომოგრაფია) ან ძვლების სკანირება, რომელიც კვლევების შედეგებს აზუსტებს და სპეციალისტს დამატებით ინფორმაციას აწვდის.
დიაგნოსტირების პროცესში აუცილებელია დადგინდეს პროსტატის კიბოს სტადიები. მათი განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, ექიმს ჰქონდეს პასუხები შემდეგ კითხვებზე: რამდენად არის კიბო გავრცელებული პროსტატის შიგნით; არის თუ არა კიბო გავრცელებული პროსტატის ახლოს მდებარე ლიმფურ კვანძებში; არის თუ არა კიბო გავრცელებული პროსტატიდან შორს მდებარე ორგანოებში (მეტასტაზირებული კიბო).
აღსანიშნავია, რომ პროსტატის კიბოს პროფილაქტიკისთვის, სასურველია, 50-70 წლის მამაკაცებმა გარკვეული პერიოდულობით ჩაიტარონ PSA ტესტი, რისთვისაც მსურველებს შეუძლიათ საქართველოში არსებულ სკრინინგ პროგრამასაც მიმართონ.
პროსტატის კიბოს მკურნალობა
მკურნალობის დანიშვნამდე უროლოგი და მულტიდისციპლინური გუნდის სხვა წევრები (სამედიცინო ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი) ითვალისწინებენ პროსტატის კიბოს სტადიას, პაციენტის ასაკს, მისი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს.
ხშირად დაავადებას ადრეულ სტადიაზე ქირურგიულად მკურნალობენ, რა დროსაც ხდება სიმსივნური წარმონაქმნისა და მის ირგვლივ მდებარე ლიმფური კვანძების ამოკვეთა. საჭიროების შემთხვევაში, ოპერაცია შეიძლება შესრულდეს როგორც ღია წესით, ისე ლაპარასკოპიულად. აღსანიშნავია, რომ უროლოგიური ოპერაციების უმეტესობა თოდუას კლინიკაში ფირმა STORZ-ისა და OLYMPUS-ს უახლესი თაობის აპარატურით სრულდება, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ შედეგსა და რეაბილიტაციის ხანმოკლე ვადებს. ქირურგიული უროლოგიის განყოფილებას კი ხელმძღვანელობს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მაღალკვალიფიციური უროლოგი ზაალ კვირიკაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ წარმონაქმნი არ არის ლოკალიზებული და სიმსივნური პროცესები შორსწასულია, პროსტატის კიბოს მკურნალობა კონსერვატიული მიდგომით წარიმართება. ეს გულისხმობს მკურნალობაში სხივური თერაპიის, ჰორმონული თერაპიისა და ქიმიოთერაპიის ჩართვას. სხივური თერაპია ონკოლოგიური პაციენტებისთვის სიმსივნური უჯრედების განადგურებისა და მათი გამრავლების შეჩერების მიზნით ინიშნება. ჰორმონალური თერაპიის დანიშნულება კი ტესტოსტერონის მოქმედების დაქვეითებაა, ჰორმონის, რომელიც ხელს უწყობს პროსტატის სიმსივნური უჯრედების ზრდას. ქიმიოთერაპიის მიზანიც სიმსივნის ზრდის შეფერხება და სიმპტომების შემსუბუქებაა.
დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ პროსტატის კიბო ადრეულ სტადიაზე უმეტესად მარტივად იკურნება, ბევრ შემთხვევაში კი მიიღწევა ხანგრძლივი რემისია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროული აღმოჩენა, სრულფასოვანი დიაგნოსტირება და ეფექტიანი მკურნალობა. ამ ყველაფერს კი ერთ სივრცეში გთავაზობთ თოდუას კლინიკა. ჩვენთან შესაძლებელია სრული სამედიცინო დიაგნოსტირება და ყველა საჭირო სამკურნალო პროცედურის ჩატარება გამოცდილი და მაღალკვალიფიციური უროლოგების ხელმძღვანელობით.