საკვერცხის კიბო (სიმსივნე) - დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენცია

17/09/2024

საკვერცხის კიბო და სიმსივნე

საკვერცხის კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო ქალის მცირე მენჯის სასქესო ორგანოების სიმსივნეებს შორის, საშვილოსნოს ტანის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემდეგ, მესამე ადგილზეა. ის სიმპტომებით გვიან სტადიაზე ვლინდება, თანაც ჩივილები არასპეციფიკურია, რაც ართულებს მასზე ეჭვის მიტანასა და მის ადრეულ დიაგნოსტირებას. სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებებსა და პროფილაქტიკური გამოკვლევების სისტემატურად ჩატარებას. 

 

საკვერცხის კიბოზე ბლოგში დეტალურად მოგიყვებით და გაგაცნობთ მის პრევენციულ ღონისძიებებს, დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის გზებს.

 

👉 რა არის ონკოლოგია? – გაიგეთ მეტი სიმსივნეების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე საშუალებებზე

 

 

 

როგორ ვლინდება საკვერცხის კიბო? 

 

აღსანიშნავია, რომ საკვერცხის კიბოს ჩივილები არასპეციფიკურია, ამიტომ დიდი ალბათობაა, რომ პაციენტმა ისინი უგულებელყოს ან სხვა ნაკლებად სერიოზულ პათოლოგიას მიაწეროს. ამასთანავე, ხშირად სიმპტომები საკვერცხის კიბოს განვითარების მესამე ან მეოთხე სტადიაზე ვლინდება.

 

საკვერცხის სიმსივნე შემდეგი ჩივილებით გამოიხატება:

  • მუცლის შებერილობა 
  • მუცლის ზომაში მომატება
  • ასციტი
  • მუცლის ტკივილი
  • ყაბზობა
  • სისუსტე და დაღლილობა
  • გულისრევის შეგრძნება
  • ბოყინი 
  • გულძმარვა
  • სუნთქვის გაძნელება
  • ზოგადი სისუსტე 

 

საკვერცხის კიბო შეიძლება იშვიათად ახალგაზრდებში მენსტრუალური ციკლის დარღვევით ან ასაკოვან ქალებში მენოპაუზის შემდეგ სისხლიანი გამონადენითაც გამოვლინდეს. 

 

👉 საშვილოსნოს ყელის კიბო და სკრინინგი – გაეცანით ბლოგს და შეიტყვეთ მეტი ქალთა რეპროდუქციული სისტემის კიდევ ერთ გავრცელებულ დაავადებაზე.

 

საკვერცხის სიმსივნის დიაგნოსტიკა

 

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება რამდენიმე საფეხურისგან შედგება. პირველ რიგში, პაციენტს ულტრაბგერითი კვლევა უტარდება. იმ შემთხვევაში, თუ ულტრაბგერითი კვლევით მცირე მენჯში ქსოვილოვან-კისტოზური წარმონაქმნები გამოვლინდა, დიაგნოზის დაზუსტებისათვის აუცილებელია მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიის ჩატარება. ასევე, მოწმდება საკვერცხის ონკომარკერები.

 

👉 დაჯავშნეთ ვიზიტი თოდუას კლინიკაში და ჩაიტარეთ ექოსკოპია პროფესიონალებთან

 

იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა კუჭის კიბოს დროს მეტასტაზი საკვერცხეშიც ვრცელდება. ამ დროს კუჭისა და საკვერცხის სიმსივნეების სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს. ამ დაავადებათა დიფერენცირებისთვის და კიბოს წარმომავლობის დასადგენად,  შეიძლება პაციენტს ჩაუტარდეს გასტროსკოპიაც. 

 

საკვერცხის კიბოს მკურნალობა

 

დაავადების მკურნალობის ტაქტიკა კვლევის შედეგებისა და სიმსივნური პროცესის შეფასების შემდეგ განისაზღვრება. მკურნალობა თითქმის ყოველთვის კომბინირებულია და ის ქირურგიულ ჩარევასა და ქიმიოთერაპიას მოიცავს.

 

ქირურგიული მკურნალობის დროს ე.წ. ციტორედუქციულ ოპერაციები ტარდება, რომლის დროსაც სიმსივნური ქსოვილისა და ხილული დაზიანების ამოკვეთა ხდება.

 

ქიმიოთერაპიის კურსი და ტიპი სიმსივნის გავრცელების მიხედვით განისაზღვრება. ოპერაციის წინ შესაძლოა დაინიშნოს ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია, რისი მიზანიც ოპერაციამდე სიმსივნური წარმონაქმნის ზომაში შემცირებაა. ადიუვანტური ქიმიოთერაპია კი ქირურგიული მკურნალობის შემდეგ ინიშნება. ის უმეტესად პროფილაქტიკური ხასიათისაა და მიმართულია თვალისთვის უხილავი მიკრომეტასტაზების განადგურებისკენ. დამატებით მიმართავენ ტარგეტული თერაპიასაც.

 

თუმცა, რაც არ უნდა წარმატებული იყოს მკურნალობის კურსი, საკვერცხის კიბოს რეციდივის მაღალი რისკი ახასიათებს. ამიტომ, სპეციალისტები პაციენტებს მის მუდმივი მონიტორინგისკენ მოუწოდებენ. ექიმთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება თავიდან მიზანშეწონილი 3 თვეში, შემდეგ კი 6 თვეში ერთხელაა. საბოლოოდ ეს პერიოდი შეიძლება ერთ წლამდე გაიზარდოს.

 

👉 საკვერცხის კისტის მკურნალობა – რა უნდა იცოდეთ მასზე?

 

დაავადების პრევენციული ღონისძიებები 

 

საკვერცხის კიბოს განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება და ავადდებიან ძირითადად პოსტმენოპაუზალურ ასაკში მყოფი ქალები. თუმცა, ბოლო დროს შეინიშნება სიმსივნის გაახალგაზრდავების ტენდენცია.

 

საკვერცხის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორებია: 

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • სიმსუქნე
  • უშვილობა
  • თამბაქოს მოხმარება
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • ადრეული მენარხე
  • გვიანი მენოპაუზა

 

ამ რისკ-ფაქტორთა ნაწილის თავიდან ასაცილებლად, სასურველია, პაციენტმა დაიცვას ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამავე დროს, აუცილებელია, ქალებმა გინეკოლოგს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც მიმართონ და ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევა. 

 

თუ პაციენტის ორ ან მეტ პირველი რიგის ნათესავს ჰქონდა საკვერცხის ან ძუძუს კიბოს დიაგნოზი და, შესაბამისად, არსებობს დაავადების გენეტიკური წინასწარგანწყობა, მას მეტ სიფრთხილე მოეთხოვება. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩატარდეს  გენეტიკური მუტაციების — BRCA1-სა და BRCA2-ს კვლევა. თუკი, პაციენტში BRCA1-ს მუტაცია აღმოჩნდა, საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მას 39-58%-ით, ხოლო BRCA2-ს შემთხვევაში 13-29%-ით ეზრდება. მუტაციების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტთან გასაუბრება, რათა დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის განიხილება ბილატერალური ოოფორექტომია ან რეგულარული გამოკვლევები, რაც პაციენტის არჩევანზეა დამოკიდებული. 

 

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ პროფილაქტიკური გამოკვლევები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამგვარად, შესაძლებელია დაავადებების ადრეული აღმოჩენა, რაც დრამატულად ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს. ჩაიტარეთ  სრული ჩექაფი თოდუას კლინიკაში და თავიდან აიცილეთ დაავადების რთული ფორმები. 

 

 

გაზიარება