სარკომა და მისი მკურნალობა
სარკომა ზოგადი ტერმინია იმ სიმსივნეების ჯგუფისთვის, რომლებიც რბილ და ძვლოვან ქსოვილებში წარმოიქმნება. ის შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე – კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილებში, სისხლძარღვებში, ლიმფურ ძარღვებში, ნერვებზე, მყესებზე, იოგებსა და სახსრებზე. ის სხვა სიმსივნეებთან შედარებით, იშვიათი დაავადებაა – სარკომაზე ონკოლოგიური დაავადებების დაახლოებით 1% მოდის. თუმცა ისევე, როგორც ნებისმიერი ტიპის კიბოს შემთხვევაში, მისი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სარჩევი
სარკომის ტიპები
რადგანაც სარკომა შეიძლება სხვადასხვა ქსოვილიდან წარმოიქმნას, განასხვავებენ მის სახეებს. ასევე, განარჩევენ რბილი ქსოვილებისა და ძვლის სარკომას. დაავადების ძირითადი ტიპებია:
- ლეიომიოსარკომა
- სინოვიალური სარკომა
- კაპოშის სარკომა
- ოსტეოსარკომა
- იუნგის სარკომა და სხვა.
👉 ონკოლოგია რა არის? – გაიგეთ მეტი სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე
დაავადების სიმპტომები
რბილი ქსოვილების სარკომა და ძვლის სარკომა ბევრი სიმპტომით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა აქვს განსხვავებული კლინიკური ნიშნებიც. სიმპტომები, აგრეთვე, დამოკიდებულია სიმსივნის ლოკაციაზე, ზომასა და სტადიაზე.
რბილქსოვილოვანი სარკომის სიმპტომები:
- გამობერილობა და შეშუპება – ის შეიგრძნობა ხელით გასინჯვისას.
- ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა – სარკომას ტკივილი არ ახასიათებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წარმონაქმნი ნერვს ან კუნთს აწვება. ტკივილმა შეიძლება იჩინოს თავი მაშინაც, თუ სიმსივნე გავრცელებულია დიდ უბანზე ან ჩაზრდილია მიმდებარე ქსოვილებში.
- მოძრაობის შეზღუდვა – სიმსივნის ლოკაციიდან გამომდინარე, მან შეიძლება გავლენა იქონიოს სახსრების მოძრაობაზე ან გამოიწვიოს დისკომფორტი.
- დაღლილობა – სხვა სიმსივნეების მსგავსად, ზოგადი დაღლილობა და სისუსტე ახასიათებს სარკომასაც.
- უმიზეზო წონის კლება – მრავალი დაავადების, მათ შორის, სარკომის ერთ-ერთი ნიშანი წონაში უმიზეზო კლებაა.
- ცხელება – იმ შემთხვევაში, თუ წარმონაქმნში განვითარდა ინფექცია, შეიძლება თავი იჩინოს ცხელებამ. ეს სიმპტომი შედარებით იშვიათია.
ძვლის სარკომის სიმპტომები
- ძვლების ტკივილი – ახასიათებს მუდმივი ტკივილი, რომელიც შეიძლება გამწვავდეს ღამით ან ფიზიკური აქტივობის დროს.
- გასინჯვადი და მკვრივი წარმონაქმნი – ის თავს იჩენს იმ ძვალზე, რომელზეც სარკომა არის განვითარებული.
- მოტეხილობა – სარკომამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს და დაასუსტოს ძვალი. ამიტომ მოტეხილობას ხშირად მსუბუქი ტრავმაც კი იწვევს.
- დაღლილობა – რბილქსოვილოვანი სარკომის მსგავსად, დაღლილობა და ზოგადი სისუსტე ძვლის სარკომასაც ახასიათებს.
- ცხელება – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს სიმპტომი იშვიათად ვლინდება და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული უბანი ინფიცირებულია.
გაითვალისწინეთ, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები, შესაძლოა, კეთილთვისებიან წარმონაქმნსაც ახასიათებდეს. ამიტომ თუ რომელიმე ნიშანი გეცნოთ, ნურც წინასწარ შეშინდებით და ნურც უყურადღებობას გამოიჩენთ. დროულად მიმართეთ სპეციალისტს და ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები. კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ, დაგვირეკეთ ან დაჯავშნეთ ვიზიტი ექიმთან ონლაინ, სულ რამდენიმე წუთში.
დაავადების დიაგნოსტიკა
სარკომის დიაგნოზი სპეციალისტმა მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ უნდა დასვას. არსებითია დაავადების ტიპისა და სტადიის სწორად განსაზღვრაც, რათა დაინიშნოს ეფექტური მკურნალობა.
საეჭვო წარმონაქმნი თავიდან ხელით გასინჯვისას ფასდება. ხშირად სპეციალისტი მარტივად ხვდება, ის ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანი. დიაგნოსტიკის პირველ ეტაპზევე ინიშნება ბიოფსია, რათა მოხდეს წარმონაქმნის ავთვისებიანობის დადასტურება ან გამორიცხვა. იმ შემთხვევაში თუ სიმსივნე ღრმადაა ქსოვილებში ჩაზრდილი, შესაძლოა, საჭირო გახდეს დამიზნებითი ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით.
სარკომის დიაგნოსტიკის შემდგომი ეტაპი ულტრაბგერითი გამოკვლევაა. საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ინიშნება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია და სხვა. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა ინსტრუმენტული კვლევა თოდუას კლინიკაში ულტრათანამედროვე აპარატურით ტარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია აქ ჯერ კიდევ 1991 წელს დაინერგა, მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის კვლევა არათუ საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებშიც არ იყო ხელმისაწვდომი. მას შემდეგ, ეს მიმართულება კლინიკაში მუდმივად ვითარდება, რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. არანაკლები წარმატებით ხდება მრტ-ს გადაღება თოდუაში, რისთვისაც ულტრათანამედროვე Siemens-ის ფირმის აპარატურას ვიყენებთ. ამასთან ერთად, ჩვენთან მუშაობენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები. მათ შორისაა რადიოლოგი შარიქაძე ბადრი, რომელიც დიდი ნდობით სარგებლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ პაციენტებში.
სარკომის მკურნალობა
სარკომის მკურნალობის წამყვანი მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა, რა დროსაც ამოიკვეთება წარმონაქმნი და მიმდებარე ქსოვილები. ონკოლოგმა, ასევე, შეიძლება დანიშნოს ნეოადიუვანტური ან ადიუვანტური სხივური თერაპია ან/და ქიმიოთერაპია. პირველი ინიშნება ქირურგიულ ჩარევამდე, სიმსივნის ზომაში შემცირების მიზნით, ხოლო მეორე – ოპერაციის შემდგომ, კონტროლის მიზნით, უმცირესი სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად.
ეფექტური სხივური თერაპია ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებულია, მათ შორის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა აპარატურით სრულდება პროცედურა. თოდუას კლინიკაში ხელმისაწვდომია VARIAN-ის ფირმის უახლესი თაობის ხაზოვანი ამაჩქარებელი Truebeam, რომელიც საშუალებას იძლევა დაზიანებული უბანი უფრო სწრაფად, მეტი სიზუსტითა და ჯანმრთელი ორგანოების და ქსოვილების მაქსიმალური დაცვით დასხივდეს.
მკურნალობის პროცესში შეიძლება წამყვანი იყოს სხივური თერაპია ან/და ქიმიოთერაპია, უმეტესად იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია მოუხერხებელი ადგილმდებარეობის ან დაავადების გართულებული ფორმების გამო. საჭიროების შემთხვევაში, ონკოლოგმა შეიძლება აგრეთვე დანიშნოს ტარგეტული თერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ.
დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები და მისი პრევენცია
სარკომის განვითარების რისკ-ფაქტორებში მოიაზრება:
- რადიაციული თერაპია – სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ გამოყენებული რადიაციული თერაპია, შესაძლოა, წლების შემდეგ სარკომის განვითარების რისკ-ფაქტორად იქცეს. თუმცა უმეტესად იმ შემთხვევაში, თუ ის დიდი დოზებით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოიყენეს.
- გენების მუტაციით განპირობებული ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადება – ნეიროფიბრომატოზი, გარდნერის სინდრომი, ლი-ფრაუმენის სინდრომი, რეტინობლასტომა – ამ და სხვა დაავადებების დიაგნოზის შემთხვევაში, სარკომის განვითარების რისკი მატულობს.
- ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლა – სარკომა შეიძლება განპირობებული იყოს ვინილქლორიდით, ჰერბიციდებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლითა და მათთან ხშირი კონტაქტით.
- ასაკი – სარკომა შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა არსებობს დაავადების გარკვეული ტიპები, რომლებიც უმეტესად გარკვეულ ასაკში წარმოიქმნება. მაგალითად, ოსტეოსარკომა და იუნგის სარკომა უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში, მაშინ, როდესაც, სხვა სახეობის სარკომები უფრო მეტად ზრდასრულებში გვხდება.
- ლიმფურის სისტემის დაზიანება, ლიმფედემა.
ცხადია, იმისათვის რომ სარკომის განვითარების რისკები შემცირდეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, შეძლებისდაგვარად, ავირიდოთ თავიდან მაპროვოცირებელი ფაქტორები. ამასთანავე, სპეციალისტები მოგვიწოდებენ 6 თვეში ერთხელ მივმართოთ ხელით თვითგასინჯვას, რათა დროულად მოხდეს ახალი საეჭვო წარმონაქმნის აღმოჩენა. არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგულარული ჩექაფი, ანუ იმ პროფილაქტიკური გამოკვლევების გარკვეული პერიოდულობით ჩატარება, რომლებიც საშუალებას იძლევა დაავადების დიაგნოზი საწყის ეტაპზევე დაისვას. მუდამ გახსოვდეთ, რომ დროულად აღმოჩენილი ონკოპათოლოგია, გაცილებით ეფექტურ და მარტივ გამოსავალს ნიშნავს.