კალიუმი - ნორმა და დარღვევები
კალიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაკრომინერალი და ელექტროლიტია. ის ორგანიზმის ყველა უჯრედში გვხვდება და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნებაში მონაწილეობს. სისხლში კალიუმის დონის როგორც შემცირება, ისე მატება შეიძლება ნერვული და კუნთოვანი ფუნქციის დარღვევას და გულის რიტმის ცვლილებებს უკავშირდებოდეს.
რა როლი აქვს ორგანიზმში კალიუმს?
კალიუმი ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ის საჭიროა ნერვული იმპულსების გადასაცემად, კუნთების მუშაობისთვის და გულის ნორმალური რიტმის შესანარჩუნებლად.
სისხლში მისი დონის ცვლილებამ შეიძლება კუნთების მუშაობასა და გულის რიტმზე იმოქმედოს.
ორგანიზმში კალიუმის რაოდენობის რეგულირებაში თირკმელებს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჯანმრთელი თირკმელები ზედმეტ კალიუმს შარდის საშუალებით გამოყოფს. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას ორგანიზმს მისი გამოდევნა შეიძლება გაუჭირდეს. ამის გამო კი სისხლში კალიუმის დონემ მოიმატოს.
აღსანიშნავია, რომ თირკმლის ფუნქციის შეფასებისას ექიმმა შეიძლება კრეატინინის დონეც შეამოწმოს. ამ კვლევის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ ბლოგით: კრეატინინი - რა არის და რამდენია ნორმა.
კალიუმის ნორმა სისხლში
კალიუმის ნორმა კონკრეტული ლაბორატორიის მიერ გამოყენებული მეთოდისა და საცნობარო დიაპაზონის მიხედვით შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.
კალიუმის ნორმა სისხლში და გადახრის ხარისხი
| კალიუმი სისხლში (mmol/L) | შეფასება |
|---|---|
| 2.5-ზე ნაკლები | მძიმე ჰიპოკალიემია |
| 2.5-2.9 | საშუალო ჰიპოკალიემია |
| 3.0-3.4 | მსუბუქი ჰიპოკალიემია |
| 3.5-5.0 | ნორმა (ზოგ ლაბორატორიაში ზედა ზღვარი 5.2-ია) |
| 5.5-5.9 | მსუბუქი ჰიპერკალიემია |
| 6.0-6.4 | საშუალო ჰიპერკალიემია |
| 6.5 და მეტი | მძიმე ჰიპერკალიემია |
მონაცემები ზრდასრულებს ეხება. 5.0-სა და 5.5-ს შორის შედეგს ექიმი იმ ლაბორატორიის საცნობარო დიაპაზონით აფასებს, სადაც ანალიზი ჩააბარეთ.
ნორმაზე დაბალი შედეგი ჰიპოკალიემიაზე მიუთითებს, ხოლო მაღალი - ჰიპერკალიემიაზე. ორივე მდგომარეობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ზოგჯერ მძიმე გართულებებიც გამოიწვიოს.
ხშირად ექიმი საჭიროდ თვლის, რომ კალიუმის დონესთან ერთად, ორგანიზმში სხვა ელექტროლიტების რაოდენობაც შემოწმდეს. შეიძლება შეფასდეს ნატრიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის დონე, ასევე გლუკოზა და თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები. კონკრეტული კვლევების ჩამონათვალს ექიმი პაციენტის მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს.
კალიუმის ნაკლებობა - მიზეზები და სიმპტომები
კალიუმის ნაკლებობა ყოველთვის საკვებიდან მისი არასაკმარისი მიღებით არ არის გამოწვეული. ზოგჯერ ორგანიზმი კალიუმს კარგავს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხანგრძლივი დიარეა, ღებინება ან ზოგიერთი შარდმდენი პრეპარატის მიღება. გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება იყოს თირკმლის გარკვეული პრობლემები და ჰორმონული დარღვევები.
კალიუმის ნაკლებობის დროს ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს:
- კუნთების სისუსტე;
- კრუნჩხვა;
- დაღლილობა;
- ყაბზობა;
- ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
- გულის რიტმის ცვლილება.
მსუბუქი ჰიპოკალიემია ზოგჯერ საერთოდ არ იწვევს სიმპტომებს. უფრო გამოხატული დეფიციტის დროს კი შეიძლება განვითარდეს გულის რიტმის დარღვევა და ძლიერი კუნთოვანი სისუსტე.
თუ მსგავსი ჩივილები გაქვთ, საჭიროა სისხლში კალიუმის დონის შემოწმება და ექიმთან ვიზიტი.
მაღალი კალიუმი სისხლში
მაღალი კალიუმი სისხლში ხშირად თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას უკავშირდება. მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი მედიკამენტი, კალიუმის შემცველი დანამატები ან სხვა მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფას აფერხებს.
ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ აქვს ჩივილები. შესაძლო სიმპტომებია: კუნთების სისუსტე, გულისრევა, დაბუჟება ან გულისცემის ცვლილება.
კალიუმის სწრაფი ან მკვეთრი მატება განსაკუთრებით საყურადღებოა. ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს გულის რიტმის მძიმე დარღვევა. თუ მაღალ კალიუმს თან ახლავს გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სისუსტე, გულისცემის მკვეთრი ცვლილება ან გონების დაკარგვა, საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო შეფასება. გულის რიტმის დარღვევასთან დაკავშირებული ჩივილების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგში: გულის არითმია.
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს კარდიოლოგიის განყოფილება მიიღებს, სადაც მდგომარეობას ექიმი შეაფასებს.
მაღალი კალიუმის მკურნალობა და კვება
როგორ დავწიოთ კალიუმი? - ბევრ პაციენტს ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებს. მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს. პირველ ეტაპზე სპეციალისტი აფასებს თირკმლის მუშაობას, მიღებულ მედიკამენტებს, დანამატებსა და სხვა შესაძლო მიზეზებს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა ამ ფაქტორების მიხედვით იცვლება.
კვების კორექცია მხოლოდ შესაბამის შემთხვევაში ინიშნება. დიეტა მაღალი კალიუმის დროს ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კალიუმით მდიდარი ზოგიერთი პროდუქტის რაოდენობის შემცირება ან საკვების მომზადების მეთოდის შეცვლა.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ექიმს უნდა უთხრათ ყველა მედიკამენტისა და დანამატის შესახებ, რომელსაც იღებთ. ზოგიერთი პრეპარატი სისხლში კალიუმის დონეს ზრდის. მათი თვითნებურად შეწყვეტა კი არ შეიძლება.
რომელ საკვებშია კალიუმი?
კალიუმის შემცველი პროდუქტები საკმაოდ მრავალფეროვანია. კალიუმით მდიდარ საკვებს შორისაა ბანანი, კარტოფილი, ლობიო, ოსპი, ჩირი, ავოკადო, ისპანახი და კაკლეული. კალიუმს ასევე შეიცავს რძე და რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი და სხვა ხილი და ბოსტნეული.
ჯანმრთელი თირკმელების მქონე ადამიანისთვის კალიუმით მდიდარი პროდუქტების მიღება ჯანსაღი კვების ნაწილია. მათი შეზღუდვა მხოლოდ იმიტომ, რომ კალიუმს შეიცავს, საჭირო არ არის. პირიქით, კალიუმი აუცილებელი საკვები ნივთიერებაა და მისი ძალიან მცირე რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს.
თუმცა მომატებული მაჩვენებლის დროს ან თირკმლის დაავადების შემთხვევაში, შესაძლოა საკვები რაციონი ინდივიდუალურად შეირჩეს. ზოგჯერ ექიმის რეკომენდაცია იმ პროდუქტების შეზღუდვაა, რომლებიც კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს.
კალიუმის შემცველი პრეპარატები
კალიუმის შემცველი პრეპარატები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა მიიღოთ. ისინი ინიშნება მაშინ, როდესაც კალიუმის დეფიციტი დადასტურებულია.
პრეპარატები თვითნებურად არ მიიღოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე თირკმლის დაავადების დროს და ისეთი მედიკამენტების მიღებისას, რომლებმაც შესაძლოა სისხლში კალიუმის დონე გაზარდოს. ზედმეტმა კალიუმმა შეიძლება ჰიპერკალიემია გამოიწვიოს.
კალიუმის ანალიზი - როგორ უნდა ჩააბაროთ?
კალიუმის ანალიზი ორგანიზმში ამ მნიშვნელოვანი ელექტროლიტის ოდენობას ადგენს. ამ კვლევისთვის განსაკუთრებული მომზადება არ გჭირდებათ. რასაკვირველია, თუ ექიმმა სხვა ანალიზების ჩატარებაც არ გირჩიათ.
თავად პროცედურის დროს თუ მუშტს ინტენსიურად შეკრავთ და შემდეგ ხელს გაშლით, კალიუმის მაჩვენებელმა შეიძლება დროებით მოიმატოს. მსგავსი ცრუ-მაღალი შედეგი შეიძლება მიიღოთ ნიმუშის ჰემოლიზის (სისხლის წითელი უჯრედების დაშლის) დროსაც. ამ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა კვლევის განმეორებით ჩატარება გირჩიოთ.
თოდუას კლინიკაში კალიუმის ანალიზის ჩატარება შესაძლებელია. კლინიკური ლაბორატორია ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ემსახურება.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
ექიმთან კონსულტაცია საჭიროა, თუ ანალიზში კალიუმის მაჩვენებელი ნორმას აცდენილია, გაქვთ კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვები. ასევე, თუ გაწუხებთ გულის რიტმის ცვლილება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმთან დროულად მიხვიდეთ, თუ მაღალი მაჩვენებლის ფონზე გულმკერდის ტკივილი, ქოშინი, ძლიერი სისუსტე, გონების დაკარგვა ან გულის რიტმის ცვლილება აღგენიშნებათ.
შესაბამისი სპეციალისტი კვლევებს დაგინიშნავთ. მათ შორის, შეიძლება იყოს სისხლის საერთო ანალიზი - ორგანიზმში მიმდინარე შესაძლო ცვლილებების უკეთ აღსაქმელად.
დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57, ჩააბარეთ კალიუმის ანალიზი თოდუას კლინიკაში და მიმართეთ ექიმს.
ჩვენი კლინიკური ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტებით მუშაობს. კვლევებს კი კვალიფიციური ექიმები ატარებენ. მომსახურების ზუსტი ფასის გასაგებად შეგიძლიათ Todua AI გამოიყენოთ.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ფასდება სისხლში კალიუმის მაჩვენებელი?
კალიუმის მაჩვენებლის შეფასებისას ექიმი, პირველ რიგში, იმ ლაბორატორიის საცნობარო დიაპაზონს ითვალისწინებს, სადაც ანალიზი ჩააბარეთ. ეს დიაპაზონი ლაბორატორიის მეთოდის მიხედვით შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს. თუ შედეგი ნორმას აცდენილია, ექიმი მას სხვა ანალიზებთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად აფასებს.
რა სიმპტომები ახასიათებს კალიუმის ნაკლებობას?
კალიუმის დეფიციტის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, დაღლილობა, ყაბზობა და გულისცემის ცვლილება. მსგავსი სიმპტომები სხვა მდგომარეობებსაც ახასიათებს. ამიტომ მხოლოდ ჩივილებით კალიუმის დეფიციტზე საუბარი შეუძლებელია. საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
რომელ საკვებშია კალიუმი?
კალიუმით მდიდარია ბანანი, კარტოფილი, ლობიო და სხვა პარკოსნები, ჩირი, ავოკადო, ისპანახი და კაკლეული. გარდა ამის, კალიუმს შეიცავს რძე და რძის პროდუქტები, ხორცი და თევზი.
