კლიმაქსი კაცებში
კლიმაქსი კაცებში ტესტოსტერონის დონის თანდათანობითი კლების პერიოდია. ამ დროს ზოგიერთ მამაკაცს შეიძლება აღენიშნებოდეს ლიბიდოს დაქვეითება, დაღლილობა, კუნთოვანი მასის შემცირება, ძილის დარღვევა ან განწყობის ცვლილება. თუმცა ეს სიმპტომები მხოლოდ ტესტოსტერონის დაქვეითებით არ აიხსნება და მათი მიზეზის დასადგენად ექიმთან კონსულტაციაა საჭირო.
ის, რაც უნდა იცოდეთ:
- ქალის მენოპაუზისგან განსხვავებით, მამაკაცებში ჰორმონის გამომუშავება უეცრად არ წყდება. ტესტოსტერონის დონე ასაკთან ერთად შეიძლება თანდათან შემცირდეს, თუმცა კლინიკური მდგომარეობა - ჰიპოგონადიზმი, მხოლოდ მაშინ დგინდება, როდესაც შესაბამის სიმპტომებთან ერთად ტესტოსტერონის დაბალი დონე სულ მცირე ორი ცალკეული დილის ანალიზით დასტურდება;
- კლიმაქსი ყველა მამაკაცს ერთსა და იმავე ასაკში არ ეწყება;
- ასაკთან ერთად ტესტოსტერონის დონე თანდათან მცირდება, თუმცა მხოლოდ ასაკი დიაგნოზის დასასმელად საკმარისი ფაქტორი არ არის;
- დაღლილობას, შფოთვას, ძილის დარღვევას ან სექსუალური ფუნქციის ცვლილებას ბევრი სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს;
- დიაგნოზი ლაბორატორიული ანალიზით დგინდება - ტესტოსტერონის თვითნებური მიღება ან თვითმკურნალობა ჯანმრთელობისთვის საშიშია.
რა არის კლიმაქსი კაცებში?
ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცის ორგანიზმში გარკვეული ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს. კლიმაქსი კაცებში არის ბუნებრივი ჰორმონული გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც სათესლე ჯირკვლებში ტესტოსტერონის სინთეზი თანდათან მცირდება.
მედიცინაში ამ მდგომარეობის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინები: ჰიპოგონადიზმი და შესაბამის შემთხვევაში, გვიან განვითარებული ჰიპოგონადიზმი.
სიმპტომური ჰიპოგონადიზმი მხოლოდ ასაკის შედეგი არ არის. მის ნაადრევ განვითარებაზე მოქმედებს სიმსუქნე, დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებებიც.
რა ასაკიდან იწყება კლიმაქსი კაცებში?
ამის კონკრეტული რიცხვით განსაზღვრა რთულია. ასაკის მატებასთან ერთად ტესტოსტერონის დონე თანდათან მცირდება, თუმცა ეს ცვლილება ყველა მამაკაცში ერთნაირი ტემპით არ მიმდინარეობს.
ზოგიერთ მამაკაცს ჰორმონული ცვლილებები 40 წლის შემდეგ ეწყება, ზოგს კი მოგვიანებით. სიმპტომებზე მოქმედებს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, სხეულის წონა, ძილის ხარისხი, ფიზიკური აქტივობის დონე, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება და ქრონიკული დაავადებები.
30-40 წლის შემდეგ ტესტოსტერონის თანდათანობითი კლება შეიძლება დაიწყოს, თუმცა ამ პროცესს ყოველთვის არ ახლავს შესამჩნევი ჩივილები. ასაკის მატებასთან ერთად ზოგიერთ მამაკაცს შეიძლება დაეწყოს ლიბიდოს დაქვეითება, ენერგიის შემცირება, კუნთოვანი მასის კლება ან ძილისა და განწყობის ცვლილებები.
კლიმაქსის სიმპტომები კაცებში
ჰორმონული ცვლილებები ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე აისახება. ზოგჯერ კლიმაქსის სიმპტომები იმდენად შეუმჩნევლად ვითარდება, რომ მამაკაცი მათ გადაღლილობას მიაწერს.
კაცებში კლიმაქსის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ფიზიკური ცვლილებები: ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, კუნთოვანი მასის შემცირება, ცხიმის დაგროვება მუცლის არეში, ძვლების სიმკვრივის შემცირება და პერიოდული ოფლიანობა;
- სექსუალური სფერო: ლიბიდოს (სქესობრივი ლტოლვის) დაქვეითება, ერექციის ხარისხის გაუარესება და დილის ერექციის სიხშირის შემცირება;
- ფსიქოემოციური ფონი: განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანებადობა, მოტივაციისა და კონცენტრაციის დაქვეითება;
- ძილის დარღვევა: ჩაძინების გაძნელება, ღამის გაღვიძებები და დილით დაღლილობის შეგრძნება.
ხშირად მამაკაცები ამ სიმპტომებს სტრესს ან გადაღლას უკავშირებენ. ამიტომ, ექიმთანაც არ მიდიან.
თვითშემოწმება
დაფიქრდი:
- ბოლო პერიოდში ლიბიდო საგრძნობლად დაგიქვეითდა?
- დილის ერექციები ნაკლებად ხშირად გაქვს?
- მუდმივად დაღლილი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გამოიძინე?
- შეამჩნიე კუნთოვანი მასის შემცირება?
- ძილი ან განწყობა შეგეცვალა?
- ეს ცვლილებები რამდენიმე თვეა გრძელდება?
რამდენიმე დადებითი პასუხი ექიმთან კონსულტაციის მიზეზია.
კლიმაქსი და შფოთვა - რატომ იცვლება განწყობა?
კლიმაქსი და შფოთვა შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ შფოთვა დაბალი ტესტოსტერონის სპეციფიკური ნიშანი არ არის. მისი დონის დაქვეითება მოქმედებს ნეიროტრანსმიტერების (მაგალითად, სეროტონინისა და დოფამინის) ბალანსზე, რაც ემოციურ ფონზე აისახება.
ამ პერიოდში კლიმაქსი და შფოთვა ხშირად ერთად ვლინდება. მამაკაცმა შეიძლება იგრძნოს შინაგანი შფოთვა, უმიზეზო ნერვიულობა და ემოციური არასტაბილურობა. როდესაც კლიმაქსი და ნერვოზი ვითარდება, ეს არ არის უბრალოდ „ხასიათის გაფუჭება“ - ეს ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური ცვლილებების შედეგია.
მნიშვნელოვანია სწორი დიფერენცირება: მსგავსი სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს დეპრესიას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას ან ქრონიკულ სტრესს.
კლიმაქსი და გული - გულის აჩქარება, არითმია და ტემპერატურა
აღსანიშნავია, რომ გულისცემის აჩქარებას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის სტრესი, კოფეინი, ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რითმის დარღვევები და სხვა მდგომარეობები.
ანალოგიურად, კლიმაქსი და არითმია. გულის რიტმის დარღვევა ცალკე სამედიცინო პრობლემაა და მისი მიზეზი შესაბამისი გამოკვლევით უნდა დადგინდეს.
მკვეთრი ტესტოსტერონის დეფიციტის დროს ზოგიერთ მამაკაცს შეიძლება აღენიშნებოდეს სიცხის მოზღვავება და ოფლიანობა, თუმცა ამ სიმპტომების შემთხვევაშიც სხვა შესაძლო მიზეზები უნდა გამოირიცხოს.
თუ გულის აჩქარებას ახლავს გულმკერდის ტკივილი, ქოშინი, გონების დაკარგვა ან წასვლის შეგრძნება, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო შეფასება.
ნაადრევი კლიმაქსი კაცებში
ზოგჯერ ჰორმონული ცვლილებები 40 წლამდე ასაკში იწყება. ამ მდგომარეობას ეწოდება ნაადრევი კლიმაქსი კაცებში.
ხელშემწყობი მიზეზები შეიძლება იყოს:
- სათესლე ჯირკვლების ტრავმა, ანთებითი დაავადებები და ქირურგიული ჩარევა;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტი;
- ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს);
- ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია ან ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივად მიღება;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და თამბაქო.
ნაადრევი ჰორმონული დეფიციტი ყურადღებას საჭიროებს, რადგან მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ძვლოვან ქსოვილზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
ჰიპოგონადიზმის დიაგნოზისთვის მხოლოდ სიმპტომები ან ტესტოსტერონის ერთჯერადად დაბალი მაჩვენებელი საკმარისი არ არის. საჭიროა შესაბამისი კლინიკური ნიშნების არსებობა და ტესტოსტერონის დაბალი დონის დადასტურება სულ მცირე ორი ცალკეული დილის ანალიზით.
როგორ დგინდება დიაგნოზი?
დიაგნოზის დასასმელად მხოლოდ სიმპტომების არსებობა საკმარისი არ არის. საჭიროა სისხლში ტესტოსტერონის დონის შემოწმებაც. ანალიზი, როგორც წესი, დილით ტარდება, ხოლო დაბალი შედეგის შემთხვევაში მისი განმეორება რეკომენდებულია.
ტესტოსტერონის დონის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას - ტესტოსტერონის ანალიზი და ნორმა.
ექიმმა შესაძლოა დამატებით განსაზღვროს LH-ისა (ლუტეინიზებელი ჰორმონი) და FSH-ის (ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი) დონე. ესენი ჰიპოფიზში გამომუშავებული ჰორმონებია, რომლებიც სათესლე ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს. მათი შემოწმება ექიმს ეხმარება დაადგინოს, დაბალი ტესტოსტერონი სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დარღვევას უკავშირდება თუ ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის მუშაობას. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი სხვა შესაძლო მიზეზებსაც შეაფასებს.
პირველ ეტაპზე სიმპტომების შეფასებასა და საჭირო კვლევების დაგეგმვაში ენდოკრინოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ. სექსუალური ფუნქციის ცვლილების შემთხვევაში შესაძლოა მკურნალობის პროცესში უროლოგი ჩაერთოს.
კლიმაქსის მკურნალობა კაცებში
მკურნალობის კურსი და მიდგომა ყოველთვის კომპლექსურია და პირველ რიგში ცხოვრების წესის კორექციით იწყება.
ცხოვრების წესის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია თითქმის ყველა შემთხვევაში. სასარგებლოა რეგულარული ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით ძალისმიერი ვარჯიში, ჯანსაღად კვება, საკმარისი ძილი, წონის კონტროლი და ალკოჰოლის შეზღუდვა. ასევე მნიშვნელოვანია იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც ტესტოსტერონის დონეზე ან ზოგად ჯანმრთელობაზე მოქმედებს.
ჰორმონული თერაპია მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ ტესტოსტერონის დეფიციტი შესაბამისი სიმპტომების ფონზე დადასტურებულია. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი აფასებს შესაძლო სარგებელს, რისკებს, თანმხლებ დაავადებებს და რეპროდუქციულ გეგმებს.
ტესტოსტერონის შემცველი პრეპარატების თვითნებუად მიღება კატეგორიულად დაუშვებელია! ამან შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა, პროსტატის პრობლემები და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებები. მკურნალობის კურსი ექიმმა უნდა განსაზღვროს.
როდის მივმართოთ ექიმს?
ექიმს უნდა მიმართოთ, თუ რამდენიმე თვეა გაწუხებთ უძილობა, ენერგიის ნაკლებობა ან გულისცემის გახშირება.
ჰორმონული ფონის შესაფასებლად შეგიძლიათ თოდუას კლინიკაში ჩაეწეროთ. ენდოკრინოლოგი ვერაზე ან ენდოკრინოლოგი დიღომში ზუსტი მიზეზების დადგენაში დაგეხმარებიან.
სექსუალური ფუნქციისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემების დროს შესაძლებელია მიმართოთ უროლოგს.
გულის აჩქარების, არარეგულარული გულისცემის ან სხვა კარდიოლოგიური ჩივილების შემთხვევაში სიმპტომების შეფასების პროცესში შესაძლოა კარდიოლოგი ჩაერთოს.
როდის უნდა გავიკეთო ტესტოსტერონის ანალიზი?
ტესტოსტერონის ანალიზი მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც პაციენტს ჰიპოგონადიზმის შესაბამისი სიმპტომები ან მისი განვითარების რისკის შემცველი მდგომარეობა აქვს. საერთო ტესტოსტერონი ჩვეულებრივ დილით, უზმოზე იზომება. დაბალი შედეგის შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი შეფასება.
შედეგები ექიმმა უნდა შეაფასოს სიმპტომების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მიღებული მედიკამენტებისა და სხვა კვლევების გათვალისწინებით.
არ დატოვოთ სიმპტომები უყურადღებოდ. ჩაეწერეთ ენდოკრინოლოგთან თოდუას კლინიკაში, შეამოწმეთ ტესტოსტერონის დონე და მიიღეთ ინდივიდუალური რეკომენდაცია. დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 57 57 57 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.
ხშირად დასმული კითხვები
რა ასაკიდან იწყება კლიმაქსი კაცებში?
კონკრეტული ასაკი არ არსებობს. ტესტოსტერონის დონე ასაკთან ერთად თანდათან მცირდება, თუმცა სიმპტომების გამოვლენის დრო ინდივიდუალურია. გამოხატული ჩივილების შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაბალი ტესტოსტერონისა და სხვა შესაძლო მიზეზების შეფასება.
რა სიმპტომები ახლავს კლიმაქსს კაცებში?
შესაძლო სიმპტომებია ლიბიდოს დაქვეითება, დილის ერექციების შემცირება, ერექციული პრობლემები, ენერგიისა და კუნთოვანი ძალის დაქვეითება, განწყობის ცვლილება, კონცენტრაციის გაძნელება და ძილის დარღვევა. თუმცა ეს ნიშნები მხოლოდ ტესტოსტერონის დეფიციტისთვის დამახასიათებელი არ არის.
შეიძლება თუ არა ტესტოსტერონის დეფიციტის მკურნალობა?
დიახ, დადასტურებული ჰიპოგონადიზმის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება განიხილოს შესაბამისი მკურნალობა.
