კიბო (სიმსივნე) - რა არის ის და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?

26/11/2024

კიბო იგივე სიმსივნე

 

დაავადებებს შორის კიბო ლეტალობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, 2020 წელს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ონკოლოგიურმა დაავადებებმა იმსხვერპლა. 

 

საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, დღეს უკვე ვიცით, რომ კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის, რადგან პრევენციული ღონისძიებებით, ადრეული დიაგნოსტიკითა და ეფექტური მკურნალობით, მისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია და მისგან განკურნებაც. ამასთან ერთად, სწრაფი ტემპით ვითარდება სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებები, რაც მკვეთრად ზრდის კიბოსგან განკურნების შანსებს. კიბოსგან გამოწვეული ლეტალობის მიზეზი კი, უმეტესად დაგვიანებული დიაგნოსტიკა ან მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობის არქონაა. 

 

იმისათვის, რომ კიბოსთან გამკლავება შევძლოთ, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ დაავადებაზე. სწორედ ამიტომ, ბლოგში ონკოლოგიური დაავადებების შესახებ დეტალურად მოგიყვებით და გაგაცნობთ მათი პრევენციის გზებს. 

 

🏥 კტ კვლევა და გადაღება - რა უნდა იცოდეთ კვლევის ერთ-ერთ მოწინავე მეთოდზე

 

 

რა არის კიბო?

 

კიბო ზოგადი ტერმინია, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს აღნიშნავს. მის ნაცვლად ხშირად იყენებენ ტერმინებს ავთვისებიან სიმსივნესა და ნეოპლაზმებს. 

 

კიბო უჯრედების უკონტროლო და პათოლოგიური ზრდის დროს ვითარდება. უჯრედი კი არის ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურული და ფუნქციური უმარტივესი ერთეული, რომლის საშუალებითაც სასიცოცხლო პროცესები ხორციელდება. როგორც წესი, ახალი უჯრედები გაყოფის შედეგად წარმოიქმნება, შემდეგ ისინი იზრდებიან და კვდებიან. ამ პროცესს დნმ-ში შემავალი გენები არეგულირებს. როდესაც სხვადასხვა ფაქტორთა გავლენით, გარკვეული გენები ზიანდება ან მუტაციას განიცდის, უჯრედების მაკონტროლირებელი მექანიზმიც ირღვევა, რაც უჯრედების უკონტროლო გამრავლებასა და სიმსივნის წარმოქმნას განაპირობებს. 

 

სიმსივნე შესაძლოა იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. კეთილთვისებიან სიმსივნეს არ ახასიათებს აგრესიულობა, არ ვრცელდება მიმდებარე ქსოვილებსა და ორგანოებზე. კეთილთვისებიან სიმსივნეს მიეკუთვნება, მაგალითად, ფიბროადენომა ძუძუში ან მიომა საშვილოსნოს ტანში, რომლებსაც შესაბამისი მართვა სჭირდება, თუმცა უმეტესად არ იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ პროცესებს. ავთვისებიან წარმონაქმნს კი სწრაფი ზრდა და აგრესიულობა ახასიათებს. ხშირია მისი მეტასტაზირებაც, რაც პირველადი კერიდან სიმსივნური უჯრედების შორეულ ორგანოებსა და ქსოვილებზე გავრცელებას გულისხმობს. 

 

გასათვალისწინებელია, რომ ახალწარმონაქმნების უმეტესობა კეთილთვისებიანია, თუმცა ჯანმრთელობის გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერი მათგანის გამოკვლევა და შესწავლა აუცილებელია. 

 

👉 ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა - რა მოწინავე საშუალებებს გთავაზობთ თოდუას კლინიკა?

 

კიბოს გამომწვევი მიზეზები

 

კიბო მულტიფაქტორული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმეტესად მას არა ერთი, არამედ მრავალი ფაქტორის ერთობლიობა იწვევს. მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება:

 

  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი – მწეველობა, ალკოჰოლის რეგულარული და ჭარბი მოხმარება მთელი რიგი ონკოლოგიური დაავადების უმნიშვნელოვანესი მაპროვოცირებელი ფაქტორია. ამასთანავე, მათ განვითარებას ხელს უწყობს არასწორი კვება, მაგალითად, დამუშავებული საკვების, არაჯანსაღი ცხიმებისა თუ შაქრის ჭარბად მიღება. ასევე, ყოველდღიურ რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებობა ან არარსებობა. 
  • გარემო ფაქტორები – რადიაცია, როგორიცაა ულტრაიისფერი გამოსხივება კანის კიბოს ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. ასევე, ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებებთან ხშირი კონტაქტი. 

 

👉 მელანომა - როგორ ამოვიცნოთ კანის ყველაზე ვერაგი სიმსივნე?

 

  • გენეტიკა - საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ კიბო უმეტესად გენეტიკური წინასწარგანწყობით არის განპირობებული. ცხადია, არსებობს სიმსივნური პათოლოგიები, რომელთა განვითარებაშიც გენეტიკა მართლაც დიდ როლს ასრულებს, თუმცა მათი წილი მთელ ონკოპათოლოგიებში მხოლოდ 5-10%-ია. ასეთ ონკოლოგიურ დაავადებებს მიეკუთვნება საშვილოსნოს ტანის, ძუძუს,  საკვერცხის სიმსივნე და სხვა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამგვარი ოჯახური ანამნეზის დროს არსებობს სკრინინგის სპეციალური გაიდლაინები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ან მათი პრევენცია. 

 

🩺Check-up თოდუას კლინიკაში - ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები დაავადებების დროული დიაგნოსტირებისათვის

 

  • ინფექციები - ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთაგან განასხვავებენ ვირუსის მაღალ (ონკოგენურ) და დაბალ (არაონკოგენურ) რისკის ჯგუფებს. ამიტომ ინფექციის არსებობა ყოველთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების საშიშროებას არ მოასწავებს. გარდა ამისა, მისი პრევენცია დღეს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით მარტივადაა შესაძლებელი. სკრინინგული გამოკვლევა პაპ-ტესტით კი მისი ადრეული დიაგნოსტიკა და დაავადების დროული მკურნალობა ხდება. 

 

  • ღვიძლის კიბო შესაძლოა გამოწვეული იყოს B და C ჰეპატიტებით, ხოლო კუჭის კიბოს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ჰელიკობაქტერ პილორია. პაპილომა ვირუსის მსგავსად, მათი სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა დღეს სხვადასხვა კვლევითა და სამედიცინო ტესტითაა შესაძლებელი. 

 

👉 მრტ გადაღება - როდის ინიშნება კვლევა?

 

  • ასაკი - კიბოს განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. მეორე მხრივ, გლობალური სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ უკანასკნელ 30 წლის განმავლობაში, იმ პაციენტთა რიცხვი, რომელთაც ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოზი 40 წელზე ნაკლებ ასაკში დაესვათ, 80%-ით არის გაზრდილი. სიმსივნეების გაახალგაზრდავებას შესაძლოა გარემოს დაბინძურება, რადიაცია, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, სტრესი, ძილის ნაკლებობა და სხვა ფაქტორები განაპირობებდნენ. 
  • სუსტი იმუნური სისტემა - იმ ადამიანებში, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, გაზრდილია კიბოს განვითარების რისკი. 

 

👨‍⚕️ კიბოს მკურნალობა – გადადით ბმულზე და გაეცანით მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს

 

ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებები

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოყოფს ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს, რომელთა შორისაა:

 

იმავე სტატისტიკური მონაცემებით, სიკვდილიანობის გამომწვევ ონკოლოგიურ დაავადებათა შორისაა:

 

  • ფილტვის კიბო (1.80 მილიონი შემთხვევა)
  • მსხვილი და წვრილი ნაწლავის კიბო (916 ათასი შემთხვევა)
  • ღვიძლის კიბო (830 ათასი შემთხვევა)
  • კუჭის სიმსივნე (769 ათასი შემთხვევა)
  • ძუძუს სიმსივნე (685 ათასი შემთხვევა)

 

სიმსივნის პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა

 

კიბოს შემთხვევათა 30-50%-ის პრევენცია შესაძლებელია, მათი გამომწვევი რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებითა და დღეს ხელმისაწვდომი პრევენციული ღონისძიებებით, ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევებით, კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობით, ვაქცინაციითა და ა.შ. ადრეული დიაგნოსტიკა კი მკვეთრად ამცირებს მძიმე ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს და სიკვდილიანობის შემთხვევებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მკურნალობის მოწინავე საშუალებებზე ხელმისაწვდომობა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხელმისაწვდომია ძუძუს, პროსტატის, ნაწლავის, საშვილოსნოს ყელისა და ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგიც, რაც უსიმპტომო პაციენტებში კიბოს ადრეულ გამოვლენას უზრუნველყოფს.

 

🥼 სხივური თერაპიის სერვისი - რა უნდა იცოდეთ მასზე?

 

თოდუას კლინიკა ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისთვის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო სრულ სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში გთავაზობთ. სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია პროფილაქტიკური და მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება ადრეული დიაგნოსტირებისა თუ კიბოს სრულფასოვანი გამოკვლევისათვის. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს აქვე ჩაუტარდებათ სრულფასოვანი მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებითა და უახლესი მეთოდებით. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ონლაინ ან დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 57 57 57.

გაზიარება